გააზიარე სტატია

Casa Malaparte

სახლი, რომელიც მე მგავს“ – კურციო მალაპარტეს „Casa Malaparte“ – გასაოცარი ვილა, რომელიც კუნძულ კაპრიზე მდებარეობს,   ნებისმიერ სტუმარს აღტაცებულსა და აღფრთოვანებულს დატოვებს. ოცდათორმეტი მეტრის სიმაღლის კლდეზე განლაგებული, იზოლირებული ვილა სალერნოს ყურეს გადმოჰყურებს და მნახველს შესაძლებლობას აძლევს ულამაზესი ხედებით დატკბეს.

1938-1942 წლებში აშენებული წითელი ფერის, ინვერსიული პირამიდის სტრუქტურის მქონე კიბეებიანი  შენობა სრულიად მოწყვეტილია ცივილიზაციას და მასთან მისვლა მხოლოდ ფეხით ან ნავითაა შესაძლებელი. თავდაპირველად რაციონალისტი არქიტექტორის, ადალბერტო ლიბერას მიერ დაპროექტებული სახლის მშენებლობა ექსცენტრული ბუნების მქონე მწერალმა თავად დაასრულა, ადგილობრივი მოქანდაკის, ადოლფო ამიტრანოს დახმარებით.

 

გამორჩეული ხასიათის მქონე მწერალს ხშირად ქამელეონსაც ადარებდნენ თავისი ცვალებადი იდეების გამო. ნაციონალისტმა, რომელიც შემდგომში ფაშისტური და კომუნისტური იდეოლოგიით იყო დაინტერესებული, ცხოვრება კათოლიკედ დაამთავრა. პატიმრობიდან გამოსულმა, ყველას გასაკვირად, თავისუფლების მაგივრად განმარტოებულად ყოფნა არჩია, კრეატიულობისა და შემოქმედებითი ბუნების გასაღვივებლად.  სწორედ ამის გამო გადაწყვიტა Casa Malaparte-ს აშენება.

შენობა, როგორც კურციო ამბობდა, მისი სულის პორტრეტს წარმოადგენს და სრულიად შეესაბამება მის ექსცენტრულ ბუნებას. კლასიკისა და მოდერნის ჰიბრიდი, მონუმენტური ნაგებობა მოდერნისტულ, ფუნქციონალურ საცხოვრებელ სივრცესთან ერთად გარემოს კონტროლის შესაძლებლობას იძლევა.

მონუმენტალობითა და გეომეტრიული ფორმით გამორჩეული შენობა მაინც ახერხებს ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმას და არ არღვევს ბალანსს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის მშენებლობის დროს გამოყენებული მასალა, რომელიც თანამედროვე სახლებისგან განსხვავებით, ბეტონის მაგივრად,  იმ კლდის ქვითაა ნაშენები, რომელზეც თავადაა განლაგებული. შედეგად, იქმნება ილუზია, თითქოს სახლი კლდის გაგრძელებას, მის ნაწილს წარმოადგენს.

შიდა სივრცე სამი დონისგან შედგება. პირველ სართულზე განლაგებულია დამხმარე სათავსოები -სარდაფი და სამრეცხაო. მეორე სართულიდან იხსნება გასასვლელი სამხრეთ დასავლეთ ფასადზე და მოიცავს სამზარეულოს, საძინებელსა და ბიბლიოთეკას. მესამე,  ბოლო სართული, წარმოადგენდა მალაპარტეს პირად მოსასვენებელს. სივრცის ნახევარი უკავია ფართო სასტუმრო ოთახს, რომელიც ოთხი სხვადასხვა ფანჯრითაა გარშემორტყმული, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები. მეორე ნახევარში მოთავსებულია ორი ოთახი, რომელიც სახლის წინა ნაწილში მდებარე სტუდიოს უერთდება. შიდა სივრცე სწორხაზოვნადაა დაგეგმარებული, საიდანაც ჯვარედინად, სექციებად იხსნება ინტერიერი. ოთახები ჰორიზონტალური თანმიმდევრობითაა განლაგებული და ბოლო სართული  კედლებისა და ტიხრების გარეშეა, ისე რომ ყველა ოთახი ერთ სივრცეშია გაერთიანებული.

სახლის წინა ნაწილს ამშვენებს მონუმენტური, ტრაპეციული ფორმის კიბეები, რომლებიც სახურავ-ტერასაზე ადის, საიდანაც ულამაზესი ჰორიზონტი იშლება. სწორედ ეს კიბე, რომელსაც არც კედლები აქვს და არც მოაჯირი,  რომ მისი გეომეტრიული სრულყოფილება არ დაირღვეს, წარმოადგენს შენობის მთავარ, უნიკალურ მონუმენტურობას. კიბეებზე ასვლის რიტუალი სრულდება უმაღლესი წერტილიდან გადაშლილი გასაოცარი ხედებით.

სამწუხაროდ, ეს არქიტექტურული შედევრი 1957 წლიდან, კურციო მალაპარტეს გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე წელიწადი მიტოვებული იყო. სახლი ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში 1961 წელს, როდესაც ჟან-ლუკ გოდარმა ამ ადგილას გადაიღო ფილმი “Le Mépris”, ბრიჯიდ ბარდოსა და ჯეკ პელანსის მონაწილეობით. სახლის რეკონსტრუქციული სამუშაოები კი უკვე ოთხმოციანი წლების ბოლოსა და ოთხმოცდაათიანების პირველ ნახევარში დაიწყო და მას კურციოს შთამომავალი ნიკოლო როსიტანი ხელმძღვანელობდა. ბოლო რამდენიმე წელიწადია, შენობამ მოდის დიზაინის ყურადღება მიიპყრო – აქ მიმდინარეობდა გადაღებები ზენიას „უომოს“ პარფიუმისა და ჰუგო ბოსის 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისათვის. ამჟამად Casa Malaparte კერძო საკუთრებაშია და ამდენად, საზოგადოებისათვის არ არის გახსნილი როგორც მუზეუმი, რომ ნებისმიერმა მსურველმა იხილოს  მისი იდუმალება და სულიერება.

ავტორი: კატო სუპატაშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.