გააზიარე სტატია

ინტერვიუ გიორგი დობრევთან

პირველი შეხება ფოტოგრაფიასთან?

ზუსტად არ მახსოვს, სავარაუდოდ, დიდი ხნის წინ იყო. მაშინ არ მქონდა კონკრეტული მიზანი, უბრალოდ პროცესი მომწონდა. კინომცოდნეობის პირველ კურსზე ავირჩიე საგანი “ფოტოგრაფიის შესავალი,” რომელიც საშუალებას მაძლევდა გურამ წიბახაშვილის სახელოსნოში მესწავლა ფოტოკამერასთან მუშაობა.
თუმცა, ჩემი აზრით, ფოტოგრაფია ყოველთვის არ გულისხმობს დარგში სპეციალურ ფორმაციას, წარმატება უფრო მეტად პრაქტიკასთან არის დაკავშირებული.

რა არის მთავარი იმპულსი, რის გამოც ადამიანებს იღებ?

ამჟამად კინოს განხრით მაგისტრატურაზე ვსწავლობ და ძალიან დაინტერესებული ვარ ვიზუალური ხელოვნებით. კინოს სიყვარული ხანდახან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვხედავ სამყაროს. ადამიანებს როდესაც ვიცნობ და ვესაუბრები, გონებაში ყოველთვის ამა თუ იმ როლს ვუთავსებ.

ვცდილობ, ისინი რომელიმე ფილმის გმირებად წარმოვიდგინო, რომლებიც თავისი გამომეტყველებით რაღაც ემოციას გადმოსცემენ. მე არ ვთვლი თავს პროფესიონალ ფოტოგრაფად, ვინაიდან ჩემი გადაღების მანერა ყოველთვის სპონტანურია და არ გულისხმობს ბევრ ორგანიზებას. თუმცა, როდესაც ფოტოს ვიღებ, მინდა იგი რომელიმე ფილმიდან ამოღებულ კადრს ჰგავდეს.

აქვთ რაიმე საერთო იმ ადამიანებს, რომლებიც შენს ობიექტივში ხვდებიან?

ალბათ ის, რომ ყოველი მათგანისთვის მაქვს ფოტო გადაღებული.

გაქვს რაიმე კონკრეტული იდეა, რომლის გადაღებაზეც  მუდმივად ფიქრობ?

გონებაში ყოველთვის მაქვს წარმოდგენილი  გარკვეული ტიპის გარემო და ადამიანები, რომელთა გადაღებაც მინდა. ხანდახან ძალიან რთულია მოიპოვო ავტორიზაცია, რომ ზუსტად ამ ადგილებში გადაიღო ფოტოები, ან თუნდაც დაითანხმო ის ადამიანი გადასაღებად, რომელიც ვფიქრობ, რომ აუცილებლად შემატებს ფოტოს ღირებულებას.

ეს ყოველთვის მარტივი არ არის. მე არ ვარ დოკუმენტალისტი, ვისთვისაც არსებობს ნედლი მასალა და ყველგან შეუძლია ფოტოების გადაღება. ხშირად მესმის აზრი, რომ “კარგი” ფოტოგრაფი ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერი მასალით შეძლებს “კარგი” ფოტოს გადაღებას, თუმცა,  მიმაჩნია, რომ ფოტოგრაფიაში ბევრი კატეგორია არსებობს და ყველა ფოტოგრაფს ერთი და იგივე კრიტერიუმებით ვერ შეაფასებ.

დღევანდელ პირობებში ალბათ დიდი სისულელე იქნება არ ვაღიაროთ, რომ არსებობს ხელოვნების ერთგვარი “ელიტური” განზომილება, როცა არტისტის ავტორიტეტს და ცნობადობას  ბევრი რთული საკითხის მარტივად გადაჭრა შეუძლია, მაშინ, როდესაც შედარებით ნაკლებად ცნობილ არტისტს უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება უბრალო პროექტის განსახორციელებლად.

რომელი გარემო გაძლევს მეტ შემოქმედებით თავისუფლებას?

ნებისმიერი გარემო, სადაც ადამიანები ლაღები და თავისუფლები არიან. სადაც გრძნობ, რომ სხვა ადამიანებსაც შენნაირად უყვართ და აფასებენ ხელოვნებას. ეს კულტურული მეტაბოლიზმი უფრო მარტივს ხდის ახალგაზრდა ხელოვანის მუშაობას.

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს თანამედროვე ფოტოგრაფი?

ამ საკითხის ექსპერტი არ ვარ და არ ვიცი, რამდენად კომპეტენტური შეიძლება იყოს ჩემი აზრი. თუმცა, როგორც ცალკეული პროცესების დამკვირვებელი, შემიძლია ვთქვა, რომ თანამედროვე ფოტოგრაფია უფრო და უფრო ტენდენციური ხდება, რის გამოც ძალიან იშვიათია ინდივიდუალური ნამუშევრების აღმოჩენა.

ერთი მხრივ, არსებობს მაგნუმის სკოლა, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა მგონია, რომ იგი ერთ დიდ ქარხანას ემსგავსება, რომლის პროდუქტიც ერთი და იგივე შტამპით არის დაფასოებული. თითქოს იგრძნობა ფოტოგრაფის ინდივიდუალურობა, მაგრამ ხელწერა მაინც ერთია.

მეორე მხრივ, არის ძალიან დიდი ინტერესი ანდერგრაუნდის  მიმართ და თუ წლების წინ სულ რამდენიმე ფოტოგრაფი იღებდა და აშუქებდა “ქუჩის კულტურას”, დღეს ფოტოგრაფების უმრავლესობა ამ ჟანრზე მუშაობს. პირადად მე, ხანდახან ფოტოს ვიღებ ყველანაირი წესების დარღვევით, და ვიცი, რომ შედეგი არცთუ  პროფესიონალურია, თუმცა ეს პოზიცია გათვიცნობიერებული მაქვს.

ჩემი მიზანი არ არის ყველაფერი სრულყოფილად გადავიღო, არამედ გადავიღო ისე, როგორც ვხედავ. რამდენად პრიმიტიულადაც  უნდა გამოჩნდეს, ჩემთვის არტისტის ყველაზე დიდი ღირებულება გულწრფელობაა.

 

ავტორი: ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.