გააზიარე სტატია

Hear Her | Newa

2017 წელს  გახდი პირველი ელექტრონავტის მფლობელი ქალი, რაც ძალიან დიდი წარმატებაა, რამდენად  მნიშვნელოვანია არტისტისთვის მსგავსი დაჯილდოებების არსებობა ლოკალურ სივრცეში?

ელექტრონავტის დაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანია სცენის განვითარებისთვის და როდესაც საკუთარი ხალხისგან გრძნობ მხარდაჭერას, ამ შეგრძნებას  არაფერი ჯობია.

თავდაპირველად გარდა მუსიკისა სხვადასხვა სფეროებში მუშაობდი, როგორ მიხვედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ  მთელი ენერგია მუსიკისკენ მიგემართა?

რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია. დიდი სამუშაო გამოცდილება მაქვს ბევრი მიმართულებით – იქნება ეს სოციოლოგიური კვლევები, ტურისტული სააგენტო თუ სახელმწიფო სამსახურები. აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოში ვერ ვიცხოვრებდი მხოლოდ მუსიკის კეთებით და დაკვრით.  შესაბამისად, სხვა სამსახურებშიც ვმუშაობდი, იმისთვის რომ ისევ ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა. 2017 წლის დასაწყისში ისე მოხდა, რომ ჩემი მუსიკალური კარიერა წინ წავიდა, გაჩნდა ივენთები საზღვარგარეთ, რელიზები, პირველ რიგში KLOCKWORKS-ზე LA CHINERIE-ზე და ჩემ მიმართ ინტერესიც გაიზარდა.  გავხდი RADIATE BOOKING სააგენტოს წევრი და მუსიკალურ კარიერას ისე შევხედე, როგორც საქმეს და იმედი მაქვს მომავალშიც გავაგრძელებ ამ ტემპით წინსვლას.

ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კლუბ “ბერგჰაინში” დაუკარი, გვესაუბრე ამ გამოცდილებაზე?

მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კლუბ “ბერგჰაინში” დავუკარი ნოემბერში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დაკვრის დროს პირველად ვიგრძენი თავი როგორც სახლში  და ეს იყო ბერლინში, “ბერგჰაინში”, სადაც გვერდში Klockworks-ის ოჯახის გარდა, მთელი მსოფლიოდან შეკრებილი ჩემი მეგობრები მედგნენ და ჩემთვის უმნიშვნელოვანეს ღამეს სრულიად ბედნიერი ვიყავი, იმისდა მიუხედავად, რომ მთელი ექვსი თვე, რაც  ამ ივენთის შესახებ გავიგე, განუწყვეტლივ ვნერვიულობდი. ყველაფერმა იმაზე ათასჯერ უფრო კარგად ჩაიარა, ვიდრე ველოდი.

როგორია მუსიკის წერის  შემოქმედებითი პროცესი?

საინტერესო. ზოგადად კომპიუტერთან თუ დივაისებთან დაჯდომამდე ბევრი რამ ხდება ჩემში. ყველაფერი, რაც ჩემ ირგვლივ არის, ვცდილობ მუსიკაში გადავიტანო. ჩვეულებრივ დღეებში ბიბლიოთეკარი და მკვლევარი ვარ სამყაროსი. ვაგროვებ ხმებს, ემოციებს, გამოცდილებებს, ინფორმაციას სხვადასხა თემებზე, ვუსმენ საინტერესო მუსიკას. ეს ყველაფერი ილექება ჩემს აზროვნებაში და შემდეგ ვაცოცხლებ მუსიკაში.

მუსიკალური სტილი.

ტექნო, ამბიენტი და ხანდახან ჩემთვის ვაკეთებ ექსპერიმენტალს, ან ელექტროს.

არტისტები, რომლებმაც  გარდამტეხი გავლენა მოახდინეს შენი  შემოქმედების განვითარებაზე?

ძალიან ბევრნი არიან, ალბათ ვერასდროს მოვრჩები მათ ჩამოთვლას, იმიტომ რომ ბავშვობიდან უნდა დავიწყო და ყველა ჩამოვთვალო. შემიძლია გითხრათ ბოლოს ვინ მოახდინა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა, შეიძლება გარდამტეხი არა, მაგრამ ძალიან მომეწონა  Atom™ & Lisokot-ის ‎2017 წელს Raster-Noton-ის შვილობილ ლეიბლ RASTER-ზე გამოშვებული ალბომი Walzerzyklus, რომელიც ექსპერიმენტული, გლიჩ-ამბიენტ ელექტროჟანრს წარმოადგენს.

გაქვს რამე განსაკუთრებული “რიტუალი“  ან ტრადიცია, რომელსაც დაკვრის წინ ასრულებ?

კარგად დასვენება და საინტერესო ხასიათზე ყოფნა.

რა რჩევას მისცემდი დამწყებ მუსიკოსებს?

დამწყებ მუსიკოსებს ვურჩევდი, რომ თავის გულს მიენდონ და არ დაისახონ მიზნად პოპულარობა, იმიტომ რომ, როდესაც მხოლოდ პოპულარობაა შენი მიზანი, მას ვერ მიაღწევ. აუცილებელია ბევრი მუშაობა და ბევრი მუსიკის მოსმენა და საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა. ასევე უმნიშვნელოა,  აქვს თუ არა სტუდია მუსიკოსს ან რა აპარატურაზე მუშაობს, მთავარია გულით უყვარდეს ის, რასაც აკეთებს. აპარატურა და სტუდია, რა თქმა უნდა, გიმარტივებს საქმეს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მნიშვნელოვანი.

 

ფოტოგრაფი: ნატა სოფრომაძე

ავტორი: ნინა პატარიძე

გაეცანით Newa-ს მუსიკას : https://soundcloud.com/newa

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.