გააზიარე სტატია

ინტერვიუ ლია ბაგრატიონთან

როგორია კერამიკასთან მუშაობის პროცესი?

ჩემთვის თიხაზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი არტისტული იდეები, ძირითადად, თიხის თვისებებიდან მომდინარეობს. უკანასკნელი პერიოდის ნამუშევრებში თიხის ისეთ თვისებებს ვიყენებ, რომელიც სათანადო ამოცანის დასმისას “ავტორის” ფუნქციას ასრულებს და თავად წარმართავს შემოქმედებით პროცესებს, ისე რომ, ჩემგან დამოუკიდებლად, თვითონვე ხდება  საკუთარი თავის “შემოქმედი”. მასალის არსის მიმართ ასეთი მიდგომა ბევრი მუშაობის შედეგად ჩამომიყალიბდა. მანამდე კი, საწყის ეტაპზე, ჩემი შთაგონების წყარო არქაული პერიოდის ესთეტიკა და მითოლოგიური სიუჟეტები იყო. ამ თემების ჩემებურ ინტერპრეტაციას ერთგვარ “თამაშს” დავარმევდი, რომელსაც დღესაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ.

 “ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ, მაგრამ ჭურჭლის არსს მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის”.  ლაო- ძი. თქვენს გამოფენაზე, რომელიც არტისტერიუმის ფარგლებში არტარეას გალერეაში გაიმართა  ლაო-ძის ეს ციტატა მთელ კედელზე იყო წარმოდგენილი ნამუშევრებთან ერთად, შეგიძლიათ გვესაუბროთ ამ კონკრეტულ ციტატაზე თქვენს ნამუშევრებთან მიმართებაში და მოგვიყვეთ ინსტალაციაზე “შეშლილი ჩაის სმა”.

ლაო ძის  აზრი ქოთნის არსის შესახებ ღრმად ფილოსოფიური კონტექსტია და ამ თემის შემოჭრა  დღევანდელი ხელოვნებისთვის სრულიად რელევანტური მგონია.

დღეს ხელოვნება და ფილოსოფია  ერთად, წარმოსახვის სფეროში მოქმედებენ, მაგრამ განსხვავებული მოდუსებით.

როდესაც რადიოში შემთხვევით მოვისმინე ლაო ძის  აბსოლუტურად გენიალური აზრი ქოთნის არსისა და მის ირგვლივ აშენებული კედლის შესახებ, იმავე წამს გამიჩნდა იდეა, თუ როგორ უნდა გადამეთარგმნა მისი ფილოსოფიური მეტაფორა ვიზუალურ ენაზე.

ამისათვის ემულსიანარევი ბრინჯის თეთრი მასით  ავავსე ის, რასაც ჩვენ ტრადიციულად ვეძახით ქოთანს. შემდეგ ამ მასას ჩაქუჩით შემოვამტვრიე თიხის კედლები. ობიექტად გადაქცეული ბრინჯის  მასა, რომელიც ბუნებრივად ქოთნის შიდა სივრცეს იმეორებდა, იყო სწორედ ლაო ძის კონცეფციის მიხედვით ქოთანი. ასე რომ, გამოფენაზე შიშვლად მდგომი ბრინჯის ობიექტი  სიცარიელის “ხელშესახებ” მეტაფორად გადაიქცა,  იქვე დაყრილი ქოთნის ნატეხები, გალერეაში ჩატარებული პერფორმანსის მტკიცებულებად.      

2015 წელს გალერეა “არტარეაში” ნესტან აბდუშელიშვილის კურატორობით ჩატარდა ჩემი პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით “ზუსტად”. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ერთი ინსტალაცია  “ეს არის ქოთანი” შედგებოდა ობიექტების, ვიდეო და აუდიო ინსტალაციებისა და კედელზე თიხით დაწერილი ტექსტებისგან. კედელზე დაწერილი ფრაზა “ეს არ არის ქოთანი” მიუთითებდა იქ მდგომ ტრადიციულ თიხის ქოთანზე, რომელიც  რენე მაგრიტის, “ეს არ არის ჩიბუხი” და ლაო ძის კონცეფციის ალუზიების გადაკვეთის წერტილი იყო.

                                                               

მეორე ინსტალაცია “შეშლილი ჩაის სმა”  შედგებოდა ობიექტებისა და ტექსტისაგან.

აქ აქცენტი თიხის თვისებებზე გაკეთდა. უკლებლივ ყველა კერამიკოსმა იცის, რომ გამომშრალ თიხის ნაწარმს თუ არ გამოწვავ  და წყალს დაასხამ, ის აუცილებლად გატყდება და დაიშლება.

ტექსტში “შეშლილი ჩაის სმა”  ჩვენ ვხვდებით უაზრობათა მწყობრ რიგს, რომლის მიხედვითაც იქ გამართული ამბის ნამდვილობა ეჭვის ქვეშ დგება. ამ აბსურდის ვიზუალიზაცია მაგიდაზე დაწყობილი ჩაის ჭურჭლის  დეკონსტრუქციის მეშვეობით მოხდა. ჩვენ თვალწინ დაიშალა ჩაის ჭურჭელი და მით უფრო გამოვლინდა მასში დაფარული მატერიალური სახე.

როგორც ცნობილია, ხელოვნების ფენომენის ჩამოყალიბების შემდეგ მოხდა ფუნქციური საგნების დეფუნქციონალიზაცია, რის შემდეგაც ისინი გადაიქცნენ  ხელოვნების ნიმუშებად და მოხვდნენ მუზეუმებში. მეც ამ მოდუსში ვოპერირებდი.

ნამუშევარში “შეშლილი ჩაის სმა”  ჭურჭლის დეკონსტრუქციის მეშვეობით მოვახდინე მათი დეფუქციონალიზაცია და ისინიც უტილიტარული საგნებიდან  ტრანსფორმირდნენ არტეფაქტებად.

არსებობს რაიმე “დაუწერელი კანონი” რაც კერამიკოსს მუდმივად უნდა ახსოვდეს?

ვიდრე არ დაასრულებ ღუმლის გამოწვას, არ უნდა დალიო!  კერამიკოსისთვის სხვა დაუწერელ კანონს ვერ ვიხსენებ.

როგორ დაახასიათებდით თანამედროვე კერამიკას?

კერამიკა უხსოვარი დროიდან XX საუკუნის თითქმის შუა წლებამდე  მხოლოდ უტილიტარულ-დეკორატიულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. XVIII-XIX  საუკუნეების დროინდელი კერამიკული ნაწარმი სერიული სახით იქმნებოდა კერამიკულ  ქარხნებსა თუ მცირე საწარმოებში. 1925 წელს აშშ-ში გავლებულია სადემარკაციო ხაზი კერამიკულ რეწვასა და ხელოვნებას შორის. ამ დროს ყალიბდება ტერმინი თანამედროვე სტუდიური კერამიკა, რომელიც,  ქარხნულის საპირისპიროდ, გულისხმობდა კერამიკოსის მიერ სტუდიაში ინდივიდუალური ნაწარმის შექმნას. ეს იყო, კონცეფციიდან დაწყებული, ესთეტიკური ხაზის განვითარებით დამთავრებული, მთლიანად არტისტზე დამოკიდებული პროცესი.  ამავე პერიოდში კალიფორნიელმა კერამიკოსებმა პიტერ ვულკოსმა, ჯონ მეისონმა, კენ პრაისმა და სხვებმა, თიხა, როგორც მედიუმი, ახლებურად გაიაზრეს. მათ უარი თქვეს კერამიკაში ფუნქციურობის პრინციპზე, რის შედეგადაც სრულიად განთავისუფლდნენ “რეწვის” სტიგმისგან. თავიდან განსაზღვრეს კერამიკული ობიექტის ფუნქციურობა, როგორც წმინდად ესთეტიკური კატეგორია და დააშორეს ის საყოფაცხოვრებო ნივთების არსს მათი მონუმენტური ზომისა და მასის მეშვეობით.

დღეს კერამიკა, როგორც მედიუმი,  თანამედროვე ხელოვნების ასპარეზზე გამორჩეულ ადგილს იკავებს. აღარც ერთი სახელოვნებო ბიენალე თუ არტ ბაზრობა აღარ მოიაზრება კერამიკის გარეშე.

მსოფლიოში უამრავი კერამიკოსი მუშაობს და ქმნის თანამედროვე კერამიკული ხელოვნების ძალიან ღირებულ ნამუშევრებს. მიუხედავად ამისა, ზოგის ხელოვნების მოაზრება შეიძლება თანამედროვე ხელოვნების ასპარეზზე და ზოგიც რჩება წმინდად კერამიკული ხელოვნების საზღვრებში. ეს  არაა დამოკიდებული არც ფორმაზე და არც შინაარსზე. მაგალითად, ბრიტანელი გრეისონ პერრი, თანამედროვე ხელოვნების ვარსკვლავი, ტერნერის პრიზის გამარჯვებული, პროფესიონალი კერამიკოსია, რომელიც მხოლოდ ლარნაკებს აკეთებს. მეორე ბრიტანელი კერამიკოსი, ედმუნდ დე ვაალი, მხოლოდ ერთი ტიპის ფაიფურის ლარნაკებს აკეთებს და ერთნაირი სპეციფიკური ჭიქურით ფარავს მათ. დღეს მას თანამედროვე ხელოვნების ცნობილი გალერეები ფენენ. მაგალითისათვის მოვიყვან გაგოსიანის გალერეას. და კიდევ მრავალი “მექოთნეა”, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების არენაზე აქვს თავი დამკვიდრებული.

ბორის გროისის აზრით, თანამედროვე ხელოვნება  უსხლტება ყოველგვარ კრიტერიუმს და ამასთანავე, ეფარდება კიდეც მას.  ის რეალურად ფუნქციონირებს, ანუ არის ფაქტის ნორმატიული ძალა. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაც ფუნქციონირებს როგორც ხელოვნება, მაშინ იგი არის კიდევაც ხელოვნება. დაახლოებით  ასეთივე აზრს ავითარებს ამერიკელი ესსეისტი ჰაუსმანი. იგი ამბობს, რომ მან არ იცის ზუსტად რა არის პოეზია, მაგრამ როდესაც იგი ესმის, ის მას ცნობს. მეც ასე ვარ.

რა არის ყველაზე დიდი სირთულე კერამიკასთან მუშაობის პროცესში?

კერამიკა  იდუმალებით სავსე ხელოვნებაა. მისი  შექმნისას ოთხი სტიქია: მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი თანაბრად   მონაწილეობს და ყოველ მათგანს თავისი დრო აქვს, როდის ჩაერთოს ამ მაგიაში  და ან გამოეთიშოს მას. მუშაობის პერიოდში კერამიკოსი ცდილობს დაიმორჩილოს ოთხივე სტიქია.

როგორც ხელოვნების ამ დარგში მომუშავე ადამიანმა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ  თიხასთან დაკავშირებული შემოქმედებითი პროცესი შესაძლებელია ნებისმიერ ეტაპზე ჩვენგან აბსოლუტურად უკონტროლოდ   წარიმართოს. განსაკუთრებით კი, როცა ზუსტად არასოდეს იცი, რას მიიღებ გამოწვის მერე გაგრილებულ ღუმელს რომ გახსნი. განა ეს არაა იდუმალება?!

ხელოვნებაში ფორმები მუდმივად ცვალებადია, თქვენი ნამუშევრები  თითქოს არქაიკისა და თანამედროვეობის სინთეზია, რომლებიც ფორმებსა და შინაარსებზე რეფლექსირებენ, არის რაიმე კონცეფცია, რომელსაც ხშირად უბრუნდებით?

ყველაზე ხშირად ვუბრუნდები თიხის, როგორც მასალის რაობის კონცეფციას და მასთან დაკავშირებულ თვისებებს, მის შესაძლებლობებს.  ამ თვისებებს ვიყენებ ჩემს ნამუშევრებში. ზოგადად, მხოლოდ ეს არის ის, რასაც ვუბრუნდები.

შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ რამდენიმე კერამიკაში მომუშავე ხელოვანი, რომელმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა?

პირველი უდიდესი შთაბეჭდილება კერამიკაში მომუშავე ხელოვანებიდან ჩემზე მოახდინა დანიელმა კერამიკოსმა ნინა ჰოულმა, რომელიც ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. ასევე, იაპონელები ჯუნ კანეკო და შოჯი ჰამადა, ბრიტანელები გრეისონ პერრი, კლერ თვოუმი და ედმუნდ დე ვაალი, ჰოლანდიელები  ალექსანდრა ენგელფრიტი და მარკ მანდერსი, ჩინელი აი ვეი ვეი, ამერიკელები ბეტი ვუდმანი, ჯონ მეისონი, პეტერ ვულკოსი და კენ პრაისი. ბოლო დროის ჩემი გატაცებაა არგენტინელი არტისტი ადრიან ვილლა როხასი. აი, ეს არის არასრული სია, ვისი ხელოვნებითაც მე სხვადასხვა კუთხიდან მოხიბლული ვარ.

ბოლო დროს თქვენ მიერ სოციალურ ქსელებში განთავსებულ ფოტოებს პერფორმაციული ხასიათი მიეცა, რომლებზეც ზუსტი დრო და თარიღია  აღნიშნული, როგორია თქვენი დამოკიდებულება თანამედროვე მედიუმების და ტექნოლოგიის მიმართ? როგორი შეიძლება იყოს ხელოვნების მომავალი გაციფრულებულ სამყაროში?

დიახ, ცოტა ხნის წინ  დავიწყე პროექტი, სახელწოდებით “ახლა”, რომლის  მოტტოა — “მუდმივი ქმნადობა დასასრულის გარეშე” .

ეს არის ალუზია ონ კავარას სერიაზე  “დღეს”.

ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, მობილურის ეკრანს “ვასქრინშოთებ” და ასე ვაფიქსირებ წამლის დალევის დროს, რომელიც, ვიდრე ცოცხალი ვარ,  რუტინულად უნდა მივიღო საუზმემდე ერთი საათით ადრე.

ესაა ინფორმაცია, რომელსაც  ვაგზავნი ყოველ დილით ციფრული პროდუქტის სახით ინსტაგრამის ციფრულ  გამოფენაზე და მერე ვაზიარებ სხვა სოციალურ მედიებშიც.

ჩვენ ვცხოვრობთ  სამყაროში, სადაც ყველაფერი ნიშანია და ყოველი ნიშანი ინფორმაციის მატარებელია. ჩემი დილის “სქრინშოთიც” ნიშანია. ეს “ნიშანი” არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო ან მერე იქნება.

ლოგიკის თანახმად, ეს პროექტი ავტორის სიკვდილის შემთხვევაში უნდა დასრულდეს.

პროექტი  “ახლა” დავიწყე 10:36, Saturday, January 20.  ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული. ამით იმის თქმა მინდა, რომ ახალი სამყაროს კვლევის დასაწყისში ვარ. მაინტერესებს, რა გადამეხსნება მომავალში.

გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.

25 ნოემბერს უკვე ჩანიშნულია თბილისის ისტორიის მუზეუმში ჩემი პერსონალური გამოფენის გახსნა მაგდა გურულის კურატორობით. იგი  განთავსდება მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების განყოფილების სამივე დარბაზში. ეს თბილისის ისტორიის მუზეუმის პროექტია და კულტურის სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი.  ჩემთვის ეს გამოფენა ძალიან საპასუხისმგებლოა. პირველ რიგში იმით, რომ ამ მასშტაბის გამოფენის მოწყობის საშუალება პირველად მომეცა და პირადად ლიკა მამაცაშვილს მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო. მეორეც, ამ მუზეუმში 2004 წელს უკვე მქონდა ერთი გამოფენა, სახელწოდებით “Terra-Aurum” და იგივე სივრცეში შესვლა ერთგვარ გამოწვევადაც მივიღე.

აგრეთვე 25 აგვისტოს  ციურიხის კუნსთჰალეში მოეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა ქართული მოდერნიზმის შესახებ. პროექტის მკვლევარია ნანა ყიფიანი და გამოფენა წარიმართება ციურიხის  კუნსტჰალეს კურატორობით. ამ გამოფენაზე ქართული მოდერნიზმი თანამედროვე საერთაშორისო ხელოვნებასთან იქნება ბმაში და იგი მონაწილეობას ვორქშოფების სახით მიიღებს, რომლის საბოლოო პროდუქტი გამოფენაზე დარჩება ობიექტების სახით. ამ გამოფენის ერთ-ერთი არტისტი ვარ მეც.გამოფენა დაიხურება 6 ნოემბერს და სავარაუდოდ,  გააგრძელებს ტურს ევროპის სხვადასხვა ქალაქში. 

მაისის ბოლოს იგეგმება ჩემი პერსონალური გამოფენა Dédicace Gallery- ში.

 

ავტორი: ნინა პატარიძე

ფოტოგრაფი: ნატა სოფრომაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.