გააზიარე სტატია

მხატვრული არქეოლოგია

თქვენს ნამუშევრებში, რომლებიც აბსტრაქტული სიუჟეტებით, პერსონალური ინტიმური ნარატივებითა და მსუბუქი, მოქნილი იუმორით გამოირჩევა, ხშირად ფიგურირებს კრიტიკა პატრიარქალური კულტურის მიმართ, რას ნიშნავს თქვენთვის  მუშაობდეთ როგორც ქალი ხელოვანი? არის რაიმე არსებითი სხვაობა ამ ნიშნით თქვენს დასავლურ გამოცდილებასა და ლოკალურ სივრცეს შორის?

პრინციპულად, როგორც ქალი მხატვრისთვის, საქართველოსა და დასავლეთში მუშაობას შორის  არსებით სხვაობას ვერ ვხედავ.

დღეს, მე მგონი, ყველგან ძალიან თვალშისაცემია პატრიარქალური სტრუქტურის მორყევის ნიშნები – ის ყველგან და ყველა დონეზე ვიბრირებს,  თითქოს ამ სისტემამ თავისი თავი ამოწურა. ქალის დისკურსმა   წყალი შეუყენა ნაცნობ ფალიკურ სტრუქტურას და ახალი, მომავლის სივრცის გახსნის განცდა გააჩინა.  შეიძლება ამიტომაა ყველაფერი ასე ექსტრემალურად კონტრასტული და დაძაბული აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც…

დღევანდელ ფემინიზმს გაცილებით უფრო დიდი მისია აქვს, ვიდრე გენდერული თანასწორობაა.  პირველ რიგში ეს “კაცური” ერთპიროვნული და ფუნდამენტური მიდგომის დესტაბილიზაცია და დეკონსტრუქციაა. ასე მგონია, რომ ქალის ნარატივი დღეს ადამიანის ცნობიერების აქამდე ნაცნობ (პატრიარქალურ) სისტემასა და ჯერ კიდევ ამოუცნობ მომავალ ცნობიერებას შორის გადებული ხიდია.  ქალისთვის, კაცისგან განსხვავებით,  შედარებით უფრო იოლი და ბუნებრივია დიდაქტიკისა და ყველანაირი იდეოლოგიისგან თავის დაღწევა და შემოქმედებითი პროცესის არა პროგნოზირებადი, უცნაური ტრაექტორიებით წაყვანა, რის შედეგადაც მეტი მოულოდნელი კომბინაციები და შინაარსი შეიძლება გამოჩნდეს. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოა, დღეს იყო ქალი მხატვარი – როცა ნამდვილად გაქვს შანსი  ინტუიციაზე და არა იდეოლოგიაზე დაყრდნობით ეძებო საკუთარი ავთენტური ენა და მიუერთდე ახალი დისკურსის შექმნის პროცესს.

გამოფენაზე Tongue exercises for speechless peaches  ნამუშევრები Project-Artbeat-ის სივრცეში წარმოადგინეთ, ექსპოზიცია თქვენს შემოქმედებას რამდენიმე ეტაპად ჰყოფდა, სადაც მკაფიოდ იგრძნობოდა თითოეულ ნაწილში ასახული პრობლემატიკა თუ ფენომენი, რომლის გარშემოც ვიზუალურად აზროვნებთ როგორც მხატვარი, მათგან ერთ-ერთი ემიგრაციის თემას  ეთმობა, გვესაუბრეთ გამოცდილებაზე, რომელიც ემიგრაციამ შეგძინათ, როგორც პოსტსაბჭოთა სივრციდან დასავლურ კულტურაში ჩამოყალიბებულ მხატვარს?

ემიგრაცია დასავლეთში, სადაც საბჭოთა რეალობიდან სრულიად მოუმზადებელი მოვხვდი, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის.  პირველ რიგში შემერყა სტატიკური ფასეულობების და მცნებების მთელი სისტემა, რომელიც თანდათან აბსოლუტურად ჩამოიშალა. სრულიად დაცარიელებულმა დავიწყე საკუთარი თავის და გარემოს კვლევა.   შემოქმედება და ვიზუალური ენის დამუშავება აღმოჩნდა ორიენტირების და რეფლექსიის მთავარი საშუალება ამ პროცესში. ასეთ რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეებში ცხოვრების გამოცდილებამ და “აუტსაიდერობამ” ძალაუნებურად მეტი დისტანცირების საშუალება მომცა.   მეტაფორულად კი “ემიგრანტი,” ისევე როგორც “ტურისტი,” არ მიეკუთვნება არცერთ ტერიტორიას და ყველგან დროებითი ვიზიტორის, დამთვალიერებლის როლშია და სწორედ ამიტომ, ორივე სტატუსი ყოველთვის მაინტერესებდა და ხშირად გამომიყენებია ნამუშევრებშიც.

როგორია პროცესი იდეის დაბადებიდან მის ფორმირებამდე?

ჩემთვის მუშაობის პროცესი თითქოს “არქეოლოგიური გათხრებია”, რის შედეგადაც ამოღებული არტეფაქტების გადახარისხების და ახლებური გააზრების შანსი შეიძლება გაჩნდეს.

შემოქმედებითი მუხტი იბადება ქვეშეცნეულში და თითქმის პარალელურად ფიზიკურად იხატება პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც.  ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მიზიდავს ნახატი, როგორც ენა, არის ის სპონტანურობა, რასაც არ სჭირდება წინასწარი მომზადება – არც ფიზიკური და არც იდეური;  ეს არის იმპულსური ჩანახატი, ნაკაწრი, ნაწერი, რაც ძალიან სწრაფად და უბრალოდ შეიძლება დააფიქსირო ნებისმიერ დროს და ნებისმიერ გარემოში. უკვე შემდგომი პროცესი კი ამ ქაოსური ფრაგმენტებისგან სხვადასხვა მასშტაბის ტექსტისა და სხეულის  კონსტრუირებაა.

რა არის აქ და ახლა ხელოვანისთვის საინტერესო? რა ნიშნით გამოირჩევა ლოკალური სახელოვნებო სცენა? გვესაუბრეთ მის მახასიათებლებზე

ხელოვანისთვის ყველაზე საინტერესო “აქ” ის აბსოლუტურად კონტრასტული და ისტერიული დინამიკაა, რაც ძალიან დრამატულს ხდის ყველაფერს და ამ არასტაბილურობაში ყველანაირი გარღვევის შესაძლებლობის განცდას აჩენს. ადგილობრივ სახელოვნებო სცენას რაც შეეხება – ჯერ ალბათ მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესშია. ამ ბოლო დროს გავიცანი ბევრი ძალიან ახალგაზრდა მხატვარი, კურატორი, თეორეტიკოსი და კოლექციონერიც კი, რომელიც ბევრად უფრო ხალასად ხედავს და გრძნობს ხელოვნებას და თავის როლს, და იმედია, ამის შედეგად ცოცხალი, გულწრფელი, აქტუალური თანამედროვე დისკურსიც გაიშლება. რაც შეეხება უარყოფით მხარეს – ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა მენტალიტეტი დომინირებს.  არ არის ინდივიდუალური, დამოუკიდებელი აზროვნება კარგად გაფორმებული და ამის გამო ცოტა გაუგებარი ნიშნებით ხდება ხოლმე გადაჯგუფება თუ დაჯგუფება, სადაც “ტუსოვკის” მიმართ ლოიალურობა იდეის მიმართ ლოიალურობად არის ხოლმე მოთარგმნილი.

ხელოვან გია ეძგვერაძის მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის, Everything is Alright-ის  ერთ- ერთი წევრი იყავით, რა  გავლენა იქონია ამ ჯგუფში მიღებულმა გამოცდილებამ თქვენზე?

ძალიან დიდი.  პირველ რიგში, გიასთან და მის გარემოში ყოფნამ და მუშაობამ დამანახა, თუ რამდენად საინტერესო და სტიმულის მომცემი შეიძლება იყოს ურთიერთობები, რომელიც ნამდვილი შემოქმედებითი პროცესების და საერთო იდეალების გარშემო არის გაერთიანებული. გიას უსაზღვრო ენთუზიაზმი, იდეალიზმი, დაუსრულებელი კვლევის სურვილი და ენერგია ძალიან დამეხმარა საშიში “კომფორტის ზონიდან” გამოსვლაში და ჩემი საკუთარი ენის და სათქმელის ძიების პროცესის გამართვაში. რასაკვირველია, ამდენ საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებულ მხატვართან ინტენსიურმა კოლაბორაციამ და ურთიერთობამ ენობრივი დიაპაზონიც უფრო გააფართოვა.   

რით გამოირჩევა  გამომსახველობითი ფორმა, რომელშიც მუშაობთ? რა არის მასში თქვენთვის ყველაზე საინტერესო?

ყველაზე საინტერესო და შვების მომგვრელი თვითონ ეს ხატვის პროცესია და ამ პროცესში ღირებულებებისგან, ისტორიისგან, კულტურისგან, დიდაქტიკისა და პირობითი მორალური კოდებისგან დაცლის შედეგად გაჩენილი სულ სხვა, არარაციონალური და ალტერნატიული, უცნობი ტერიტორიის შეგრძნებაა, სადაც საკუთარ “მეს” დროებით მაინც კარგავ.

თქვენს შემოქმედებაში ხშირად გხვდება ნიშნები, რომლებიც პოპ-კულტურიდან  გონებაში კარგად დალექილ სახე-ხატებს გვახსენებენ, თქვენი აზრით, რა   მიმართებაშია თანამედროვე ხელოვნება პოპ-კულტურასთან, ან – პირიქით?

თანამედროვე ხელოვნება ყოველდღიურობას, რომელიც უსასრულოდ ილექება როგორც ჩვენს ცნობიერებაში, ასევე კულტურაში მითოლოგიის სახით, ახალ ვიტალურობას სძენს. ჩემი აზრით, ამ ხატების “ამოტივტივების”, გაცოცხლების და დეკონსტრუქციის გაუთავებელი მცდელობა მცნებების დესტაბილიზაციას იწვევს და ხაზს უსვამს მათ პირობითობას.  ამ დინამიკაში კი სრულიად უცნობი და მოულოდნელი ფორმები შეიძლება ამოიცნო. დღეს ეს ვიზუალური მცდელობები შემაცბუნებელი მრავალფეროვნებით იხატება. ტექნოლოგიური შესაძლებლობების პროგრესმა კი ეს ყველაფერი ენობრივად კიდევ უფრო გაახალისა და გაამდიდრა.   

გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე

ახლო მომავალში მინდა წიგნის ფორმატში შევკრიბო ბოლო წლების მასალა. საქართველოში დაბრუნებამ და რამდენიმე სოლო გამოფენამ თითქოს შეკრიბა და თავი მოუყარა აქამდე დაგროვილ ნიშნებს და ტექსტებს, რომელიც რაღაც მხრივ უკვე კონკრეტულ ენად გაფორმდა, მაგრამ პარალელურად ახალი ფორმების და ტექსტების შექმნის სტიმული და პოტენციაც გააჩინა. ზაფხულის მიწურულს მექნება სოლო გამოფენა ჩემთვის ძალიან საყვარელ მესტიის მუზეუმში.

 

ავტორი: ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.