გააზიარე სტატია

ნენ გოლდინის ცხოვრება

ზოგიერთ ლიტერატურულ ნაწარმოებს შეუძლია შეცვალოს ჩვენი აღქმა, მათ შორის ენისა თუ ფორმის თვალსაზრისითაც. ასევე არსებობს წიგნები, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულ წარმოდგენას გვიქმნის ფოტოხელოვნებაზე. 1972-1992 წლებში ფონდმა “აპერტური” ფოტოგრაფთა სამი მნიშვნელოვანი წიგნი გამოსცა, სამივე ქალების ავტორობით.
წიგნი “დიანა არბუსი” 1972 წელს გამოქვეყნდა, ფოტოგრაფის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში. ხელოვანის ფოტოებში ასახულია აქამდე უცნობი პიროვნებების დოკუმენტური ყოფა – საკარნავალოდ კოსტიუმირებული ადამიანები და ადამიანები ყოველდღიურად, რომლებიც თითქოს ბუნებრივი და ზებუნებრივი სამყაროს გასაყარზე ცხოვრობდნენ.
სალი მანის “ახლო ნათესავები” (immediate family) (1992) – ფოტოსერია, სადაც მანის შვილების ბავშვობაა აღბეჭდილი. ამ წიგნის გამოცემა დაემთხვა პერიოდს, როდესაც ფოტოგრაფ რობერტ მეპელტორფის გამოფენის “საუკეთესო მომენტის” (the perfect moment) ირგვლივ ჯერ კიდევ ხმაური იყო. რეტროსპექტივამ განაახლა რიტორიკული შეკითხვა – სად გადის ზღვარი, როდესაც საქმე ეხება ხელოვნების ნიმუშს, აღქმულს, როგორც ემოციური პორნოგრაფია.

“აპერტურის” ამ ორ პროექტთან ერთად იყო ნენ გოლდინის ნამუშევარი “ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე” (The Ballad of Sexual Dependency 1986). “ბალადა” გოლდინის პირველი და ყველაზე წარმატებული წიგნია. იმ ფოტოგრაფთა ეტალონია, რომლებსაც ნენისავით სწამთ ამბის თხრობის – საკუთარ თავზე, პირადულ და საზოგადო თემებზე, იმ ყველაფერზე, რასაც ჩვენ “ყოფიერებას” ვუწოდებთ.

ფოტოსერია 127 კადრისგან შედგება, სადაც ასახულია ურთიერთობები ქალებსა და მამაკაცებს შორის, ან ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის. “ბალადაში” ადამიანები პოზირებენ საძინებელში, ბარებში, პანსიონატებში, ბორდელებში, ავტომობილებსა თუ სანაპიროზე პროვინსთაუნში, ბოსტონში, ნიუ-იორკში, ბერლინსა თუ მექსიკაში. იმ ადგილებში, სადაც გოლდინი ცხოვრობდა 14 წლიდან, ოჯახის მიტოვების შემდეგ. ის აღბეჭდავდა თავის და თავისი გარემოცვის ცხოვრების მომენტებს. ნენის შემოქმედება არ ჰგავს არბუსის ნაშრომს – სამყაროს ძიება შავ-თეთრ ფერებში, არც მანის შედევრებს – კადრისთვის მარჯვედ შერჩეული კომპოზიცია. გოლდინის ხედვა სხვაგვარია, მას ხიბლავს სექსის, ოცნებების, ვნებების და განშორების სამყაროში თვითნებური ჟესტიკულაციები და ფერები – ელექტრული წითელი, ვარდისფერი, მძიმე შავი და ლურჯი. ეს ყველაფერი ქმნის “ბალადას”.

1996 წლის ინტერვიუში გოლდინი ფოტოხელოვნებაზე საუბრობს: “ადამიანები ფოტოებს სამახსოვროდ იღებენ, რათა დააფიქსირონ ერთმანეთი, დრო და ადგილი. ისინი ფოტოფირებზე ქმნიან ისტორიას. სწორედ ესაა ჩემი შემოქმედებაც.”
არბუსისა და მანისგან გოლდინი კიდევ ერთი ნიშნით განსხვავდებოდა, ეს იყო მისი შინაგანი “მე”. მიუხედავად იმისა, რომ არბუსი ჰარმონიაში იყო ფოტოობიექტში მოხვედრილ ადამიანებთან, მისი ყოველდღიურობა რადიკალურად განსხვავდებოდა ამ პერსონაჟების ცხოვრებისგან. გოლდინი კი თავისი გმირების სოციუმის ნაწილი იყო. რაც შეეხება მანს, ის სისხლით გახლდათ დაკავშირებული ფოტოსუბიექტებთან, შესაბამისად, მათი განუყოფელი ნაწილი იყო. გოლდინს თავად მოუწია “ოჯახის” არჩევა. მისი შემოქმედების პათოსი გაცნობიერებული გრძნობებია, რომლებსაც ადამიანები ოჯახის მიტოვების შემდეგ განიცდიან – იმედი, იმედგაცრუება და სიყვარულის დანაკლისი.

გოლდინის მშობლები – ხაიმანი და ლილიანი სიღარიბეში გაიზარდნენ. როგორც ნენი იხსენებს, ისინი ინტელექტუალი ებრაელები იყვნენ. მათთვის ფული ნაკლებად მნიშვნელოვანი გახლდათ. “მამას ერთადერთი მიზანი ჰარვარდში მოხვედრა იყო. გაუმართლა კიდეც, ებრაელთათვის მცირე კვოტა გამოცხადდა და მან შეძლო ჰარვადში ჩაბარება. ეს იყო ყველაზე დიდი მიღწევა მის ცხოვრებაში.” ხაიმანი და ლილიანი ბოსტონში შეხვდნენ ერთმანეთს, 1939 წლის 1 სექტემბერს დაქორწინდნენ, იმ დღეს, როცა გერმანია პოლონეთში შეიჭრა. ჰაიმანი ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ეკონომიკის განყოფილებაში მუშაობდა.

ნენსი (ნენი) გოლდინების ოჯახის უმცროსი წევრი იყო, მეოთხე შვილი. ის 1953 წელს დაიბადა, გაიზარდა მერილენდის გარეუბანში (Silver Spring), მშვიდ და მყუდრო ადგილას. იქაურ მკვიდრებს ცნობისმოყვარეობა და საკუთარი თავის წარმოჩენა მაინცდამაინც არ ახასიათებდათ, პირიქით, ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. როგორც გოლდინი იხსენებს, მისი ბავშვობის ოცნებაც ეს იყო, გაეგო რა ხდებოდა დაკეტილ კარებს მიღმა. სურდა, გაჰქცეოდა მერილენდის რეალობას, წეს-ჩვეულებებსა და ჩარჩოებში მოქცეულ სტანდარტებს.
ამის შესახებ გოლდინი ბრუკლინის მაღალჭერიან ბინაში მესაუბრა. აქ ის თავისუფლია, აქ მან შეძლო 80-იანი წლების მანკიერი ცხოვრების გადმოტანა.

გაზაფხულის თბილი დღე იყო. ტიპური ბრუკლინური სახლის ბოლო სართულზე, გოლდინის ბინაში, ფანჯრები ღია იყო. სუსტ ნიავს აკვირტებული ხეების სურნელი შემოჰქონდა და სიგარეტის გამონაბოლქვს შთანთქავდა. ბინის ინტერიერი სრულებით განსხვავდებოდა “ბალადაში” ასახული დეკორისგან, გაცილებით დახვეწილი იყო. ნივთები უწესო სათამაშო მოედნის ატმოსფეროს ქმნიდნენ. ავეჯით სავსე ოთახის კუთხეში მაძღარი კოიოტი იღრინებოდა, სახელად ლარი. ოთახის ერთ-ერთ კედელზე არბუსის ფოტო ეკიდა – მსუქანი ქალი პატარა ძაღლთან ერთად. მეორე კედელზე კი – კინოკადრი რენე ჟან ფალკონეტის ფილმიდან – ჟანა დარკის წამება. წითელთმიანი, ხუჭუჭა ნენი ჩემ წინ იჯდა, შავ პერანგსა და შარვალში ჩაცმული, ეს მისი უნიფორმა იყო. ტუჩები მკვეთრ წითლად შეეღება, სიგარეტს ეწეოდა, პარალელურად ყველს ან შოკოლადს მიირთმევდა, და იხსენებდა ბავშვობას. მისი უფროსი ძმა, სტივენი ფსიქიატრია, ამჟამად შვედეთში ცხოვრობს. ის ნენის პირველი დამცველი იყო, სანამ უფროსი და – ბარბარა ყველას ემოციურ ყურადღებას მიიპყრობდა. “მამაჩემი და დედაჩემი ხშირად ჩხუბობდნენ. მახსოვს, ვოცნებობდი მათ დაშორებაზე. დედა მესაკუთრე ბუნების იყო, ხასიათის ამ თვისებას განსაკუთრებით მამასთან ავლენდა, მამა კი მეტად ორიენტირებული იყო ჩემ ძმებზე. ამის გამო ბარბარას გაუჩნდა არასრულფასოვნების კომპლექსი, თავს ზედმეტად და არააღიარებულად გრძნობდა.” (ნენ გოლდინმა თავისი წიგნი “ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე” და ასევე 1996 წლის რეტროსპექტივა “მე ვიქნები შენი სარკე” (Nan Goldin: I’ll Be Your Mirror) თავის უფროს დას – ბარბარას მიუძღვნა.) როგორც ნენის ძმა – სტივენ გოლდინი იხსენებს, ბარბარა საკუთარ ნერვულ აშლილობას ვერ უმკლავდებოდა, ხშირად განრისხებულად იქცეოდა, ლეწავდა ფანჯრებს და ისვრიდა დანებს. 6 წლის განმავლობაში მშობლებს სხვადასხვა ფსიქიატრულ კლინიკებში დაჰყავდათ სამკურნალოდ.

გოლდინმა 2005 წლის წიგნში Soeurs, Saintes et Sibylles, რომელიც საფრანგეთში გამოიცა, გამოაქვეყნა თავისი დის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია. წიგნში ერთ-ერთი კლინიკის ჩანაწერს ციტირებს: “ბარბარას დედას სურდა, ჩვენ მისი ქალიშვილისთვის გვეთქვა, რომ ის არ იყო საკმარისად ჯანმრთელი გარე ცხოვრებისთვის. მაშინ როდესაც თავად მისის გოლდინი არ იყო მზად ბარბარასთან ურთიერთობისთვის.” ნენი იხსენებს: “ბარბარა მხოლოდ სახლში დაბრუნებას ნატრობდა. ის მაშინ 15 წლის იყო. დედა კი ამბობდა, თუ ბარბარა ოჯახს დაუბრუნდება, მე დავტოვებ აქაურობას. ამის გამო მამა უმოქმედოდ, თავჩაქინდრული იჯდა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული სცენაა.” პატარა ნენი ცდილობდა დისტანცია შეენარჩუნებინა ოჯახის წევრებთან, მშობლების ლმობიერ დამოკიდებულებას თავს არიდებდა, სწორედ დედ-მამის ყურადღებას ითხოვდა თავის მხრივ ბარბარა. გოლდინი თვლის, რომ დისტანცირებულმა ურთიერთობამ განაპირობა მისი გადარჩენა. “კიდევ ერთი მომენტი, რის გამოც გადავრჩი, არის ის, რომ 4 წლიდან ჩემი მეგობრები უფრო მნიშვნელოვანნი იყვნენ, ვიდრე ოჯახი.”

“ბალადის” წინასიტყვაობაში გოლდინი წერს:
“11 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა დამ თავი მოიკლა. ეს მოხდა 1965 წელს. მაშინ თინეიჯერთა სუიციდი საზოგადოებისთვის ტაბუდადებული თემა იყო. მე ძალიან ახლოს ვიყავი ჩემს დასთან, შესაბამისად ვიცი, რამ აიძულა თავის მოკვლა. მე ვხედავდი, როგორ ანადგურებდა მას მისი ჩახშობილი სექსუალური ბუნება… ასეთი პერიოდი იყო, ადრეული 60-იანები, როცა სექსუალურად მომწიფებულ ქალებს ეშინოდათ საზოგადოებაში დამკვიდრებული ქცევის ნორმების. მაშინ ბარბარა 18 წლის იყო და სიტუაციიდან თავის დასაღწევად ერთადერთი გამოსავლი იპოვა – ვაშინგტონიდან მოშორებით, გარეუბნის მატარებლის რელსებზე დაწოლა. ეს იყო მისი ნება.”

“გლოვის მომდევნო კვირაში, როცა განადგურებული ვიყავი, ჩემში სექსუალურმა ვნებებმა გაიღვიძა. ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, თუმცა მაინც შეპყრობილი ვიყავი ჩემი სურვილებით. მაშინ მე შემაცდინა ჩემზე გაცილებით უფროსმა მამაკაცმა, რომელიც ჩემი ნათესავი იყო.”
მამაკაცი გოლდინს ქორწინებას დაჰპირდა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ სინამდვილეში მისი და უყვარდა. მაშინ ნენი 13 წლის იყო, კითხულობდა ამერიკულ გაზეთს – The East Village Other, უსმენდა როკ-ჯგუფს Velvet Underground, სურდა “ჯურღმულების ქალღმერთი”, “ცუდი გოგო” გამხდარიყო, რომელიც ყველანაირი სოციალური ჩარჩოებისგან თავისუფალი იქნებოდა და გაექცეოდა ქალის ტრადიციულ როლს – შვილი, ცოლი და დედა. 14 წლის გოლდინი მარიხუანას მოხმარების გამო სკოლიდან გამოაგდეს. მაშინ მიატოვა ოჯახი და სახლიდან სამუდამოდ წამოვიდა. გარკვეული პერიოდი კომუნებში ან საოჯახო თავშესაფრებში ცხოვრობდა.
პირველად ის ცოლ-ქმარმა შეიკედლა. წყვილი ძალიან დაინტერესებული იყო ნენის ცხოვრებით, რადგან მას ფერადკანიანი შეყვარებული ჰყავდა. გოლდინის “შერეული ქორწინების” აღსანიშნავად სპეციალური წვეულებაც კი გამართეს – შავ-თეთრი ორცხობილები შავ-თეთრი წყვილისთვის. სამწუხაროდ, ნენს არ აქვს ამ უცნაური წვეულების ამსახველი ფოტომასალა.

“მე ნენი გავიცანი 14 წლის ასაკში. ის მაშინ მასაჩუსეტში საოჯახო თავშესაფარში ცხოვრობდა. მაგარი გოგო იყო.” – იხსენებს მსახიობი სუზან ფლეჩერი. ფლეჩერმა და გოლდინმა ერთმანეთი სატიას სკოლაში (the Satya Community School) სწავლისას გაიცნეს და დამეგობრდნენ. ეს იყო ბრიტანული სკოლის ფასეულობებზე დაფუძნებული სასწავლებელი, რომელიც ორიენტირებული იყო ბავშვზე. სანსკრიტულ ენაზე სატია სიმართლის ცოდნის არსებობას ნიშნავს, რაც გოლდინის აზრით, სკოლისგან საკმაოდ თამამი განაცხადი იყო. “სატიაში” ნენი დაუმეგობრდა დევიდ არმსტრონგს, ჰომოსექსუალ ახალგაზრდას, რომელიც ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. არმსტრონგი და ნენი თავიანთმა მსოფლმხედველობამ გააერთიანა და საუკეთესო მეგობრებად აქცია. სწორედ დევიდმა “მონათლა” ნენსი გოლდინი – ნენ გოლდინად. (დევიდ არმსტრონგი 2014 წელს ღვიძლის სიმსივნით გარდაიცვალა).
ნენ გოლდინი: “ჩვენ ვიყავით რადიკალური ბავშვები, ჩვენს მეგობრობას ვეპყრობოდით, როგორც ალტერნატიულ ოჯახს”. ისინი დადიოდნენ კინოში, გატაცებულნი იყვნენ ენდი უორჰოლის ქალებით, შეყვარებულები 30-იანი წლების ვარსკვლავებზე – ჟოან კროუფორდსა და ბეტ დევისზე. მათი მეგობრობა განუსაზღვრელი იყო დროსა და სივრცეში.

სწორედ “სატიას” სკოლაში გაიტაცა გოლდინი ფოტოხელოვნებამ და სკოლის ფოტოგრაფი გახდა. როგორც თავად ამბობს, საკუთარი თავის აღმოჩენაში კამერა და დევიდ არმსტრონგი დაეხმარა. დევიდმა მას იუმორის, როგორც გადარჩენის მექანიზმის, შეგრძნება დაუბრუნა. გოლდინმა დაიწყო სიცილი, ემოციების ღიად გამოხატვა. კამერამ კი ინტეგრირებული გახადა საზოგადოებაში. მსახიობი სუზან ფლეჩერი იხსენებს: “გოლდინს ყოველთვის აინტერესებდა დოკუმენტები, აგროვებდა სხვადასხვა ჟურნალებს. მოგვიანებით, ფოტოგრაფია გახდა მისი “ვიზუალური ჟურნალი”, დაიწყო ფირებზე თავისი მეგობრების ისტორიის შექმნა.” (თავად ფლეჩერი “ბალადის” ყველაზე დასამახსოვრებელი სუბიექტია – გამხდარი, დიდი თვალებით.)

შესაძლოა, გოლდინი თავისი მეგობრების ცხოვრების დოკუმენტურ ფოტომასალას საკუთარი მეხსიერებისთვის ქმნიდა. “ბალადის” წინასიტყვაობაში ის წერს: “მე სინამდვილეში არ მახსოვს ჩემი და – ბარბარა. როდესაც დავტოვე ოჯახი და დავიწყე ახალი ცხოვრება, დავკარგე მოგონებები. დამავიწყდა ჩემი დაც. მე მხოლოდ ჩემი წარმოსახვითი ბარბარა მახსოვს, ჩემს ფანტაზიებში რას ამბობდა და რას გრძნობდა. სინამდვილეში ვინ იყო ის, არ მახსოვს… როგორი იყო მისი თვალები, ხმა… მე აღარ მსურს, დავკარგო რეალური ადამიანები…”
სწორედ ეს არის გოლდინის ფოტოგრაფიის არსი – მომენტი რეალურ სამყაროში იკარგება, ფოტო კი მას სამუდამოდ აღბეჭდავს.

18 წლის გოლდინი საკმაოდ ასაკოვან მამაკაცთან ერთად ბოსტონში გადავიდა საცხოვრებლად (ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო “ბალადიდან” – “ნენი და დიკი ნიუ-ჯერსის მოტელში, 1980 წელი” – უსაცვლებო გოლდინი და მელოტი მამაკაცი). იქ ის ტრანსგენდერებს დაუმეგობრდა, მამაკაცებს, რომლებიც ქალის ტანისამოსში გამოწყობილები იკრიბებოდნენ ხოლმე ბარებში. ნენი მათ ფოტოებს უღებდა, ცდილობდა აღებეჭდა ისინი, როგორც “დედოფლები” ჟურნალ “ვოგიდან”. ის ეტრფოდა მათ ჩაცმულობას, ინდივიდუალიზმსა და სითამამეს.

ეს ის პერიოდია, როდესაც გოლდინი საკუთარი “მეს” ძიებაშია. დევიდ არმსტრონგის 1971 წლის ფოტოში ჩვენ ვხედავთ ნენ გოლდინს, ბეტ მიდლერის ვარცხნილობით და სქლად ჩახატული წარბებით, რომელიც ტრანსგენდერ ქალს პოზირებს. ბოსტონში გოლდინმა რამდენიმე კურსი გაიარა ახალი ინგლისის ფოტოგრაფიის სკოლაში (the New England School of Photography), სადაც ლარი კლარკის შემოქმედებას ეზიარა. კლარკის ნამუშევრები 60-იანი წლების ტულასში თინეიჯერთა სექსუალურ კავშირს ასახავდა – ეს იყო არაკომერციული ფოტოსერია, სადაც აღბეჭდილი იყო უკანონო ბოჰემა. გოლდინი მისმა ინტიმურმა ფოტოებმა გაიტაცა და შთააგონა. 1974 წელს მან ბოსტონის სახვითი ხელოვნების სკოლაში ჩააბარა, სადაც სწავლობდნენ დევიდ არმსტრონგი, ფილიპ-ლორკა დიკორსია და მარკ მორისროე. იქ გოლდინმა “პენტექსის” კამერით, ფართო კუთხის ლინზებითა და “ფლეშით” გადაღება დაიწყო. მისი ხედვითი არეალი შეიცვალა, ნამუშევრებში გაჩნდა ახალი ფერები. ნენის რეტროსპექტივის – “მე ვიქნები შენი სარკე” – კურატორი, ელიზაბედ სუსმანი ერთ-ერთ სტატიაში წერს: “გოლდინმა თავისი ფერები განათებაში აღმოაჩინა. მაშინაც კი, როცა ის ფოტოებს ბუნებრივ შუქზე იღებდა, იყენებდა ხელოვნური განათების ეფექტს.”

1976 წლის ზაფხულში გოლდინი არმსტრონგთან და მის შეყვარებულთან ერთად პროვინსთაუნში გაემგზავრა, სადაც მსახიობსა და მწერალ კუკი მიულერს შეხვდა (ჯონ ვოტერსის ფილმების გმირს). 1991 წლის წიგნში “კუკი მიულერი” გოლდინი წერს: “მიულერი ყველაზე შთამბეჭდავი ქალია ჩემს ცხოვრებაში. იმ ზაფხულს მე ვხვდებოდი მას ბარებში, წვეულებებზე, ბარბექიუზე მის ოჯახთან ერთად – “გერლფრენდთან” – შერონთან, შვილთან – მაქსთან და მის ძაღლთან – “სილამაზესთან” ერთად. მე მას ვუღებდი მეტად ინტიმურ ფოტოებს, სწორედ ამან დაგვაახლოვა ერთმანეთთან.” გოლდინი და მიულერი არ იყვნენ სასიყვარულო ურთიერთობაში, თუმცა მათი ფოტოები რომანტიკულია. კადრებში მიულერი ისე გამოიყურება, როგორც ფილმის ვარსკვლავი. “ბალადაში” კუკი მიულერის, ერთი შეხედვით, თბილი და მხიარული ფოტოები გვხვდება, თუმცა ამ განწყობის უკან თითქოს მოჩვენება იმალება, ქალი, როგორიც ბარბარა გოლდინს სურდა ყოფილიყო. კუკიმ მოახერხა ქალიშვილობის სირთულეების გადალახვა და ჩამოყალიბება ასეთ ქალად. ბარბარამ ეს ვერ შეძლო. (კუკი მიულერი აივ ინფექციით 1989 წელს გარდაიცვალა).

პროვინსთაუნში გატარებული ზაფხულის ბოლოს გოლდინის ფოტოარქივს ახალი კადრები შეემატა – ნენი და მისი მეგობრები სიცოცხლის ტკბობაში, თითქოს ისინი ამ სამყაროს შექმნის დღიდან ცხოვრობდნენ. 1978 წელს გოლდინი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, “ლოფტის” სტილის ბინაში, ბაუერის (Bowery) ქუჩაზე. რეტროსპექტივის – “მე შენი სარკე ვიქნები” – კატალოგში დერილ პინკლი წერს: “ნენის “ბოუერის” ბინას არ ჰქონდა ფანჯარა. ამიტომ, იქაური წვეულებები უსაზღვროდ გრძელი, ხმაურიანი და ამავდროულად საშიში იყო. ადამიანები კარგავდნენ დროის შეგრძნებას. სტუმრები მხოლოდ მაშინ ტოვებდნენ გოლდინის წვეულებას, როცა მეტი თრობა აღარ შეეძლოთ. სრული ქაოსი იწყებოდა მომაკვდინებელი ბანანის “სმუსის” დალევის შემდეგ. ზოგჯერ გართობა კლუბში გრძელდებოდა… მე მახსოვს ჩემი პირველი სატელეფონო საუბარი ნენ გოლდინთან, მან მითხრა: “დღეს მეც სხვებივით დაკარგული ვარ” და გათიშა ტელეფონი.”

იმ პერიოდში კურატორი, მარვინ ჰაიფერმანი ნიუ-იორკში Castelli Graphics-ში მუშაობდა. კომპანიაში, რომელსაც არტ-დილერის, ლეო კასტელის მეუღლე, ანტუანეტა ხელმძღვანელობდა. მაშინ როცა ლეო კასტელი ენდი უორჰოლთან, ჯასპერ ჯონსთან და რობერტ რაუშენბერგთან თანამშრომლობდა, ანტუანეტა ახალბედა გრაფიკოსებსა და ფოტოგრაფებს ეხმარებოდა წინსვლაში. ერთ დღესაც მარვინ ჰაიფერმანს ტელეფონით ახალგაზრდა ქალი დაუკავშირდა, დაჟინებით ითხოვდა მასთან შეხვედრას. ჰაიფერმანმა კულტურულად უპასუხა, რომ ის არ იყო ახალი კადრის ძიებაში. გოგონა არ მოეშვა და მარვინს ესტუმრა – ლურჯ, კოპლიან კაბაში, უცნაური ვარცხნილობით და ყუთით ხელში. ჰაიფერმანი იხსენებს: “ყუთში 20-25 ფოტო იყო – უჩვეულოდ მაგარი და მრავალფეროვანი, გამორჩეული ფერებით. მსგავსი კადრები არასოდეს მინახავს, ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ადამიანებს შორის.” ჰაიფერმანი გოლდინის შემოქმედებით დაინტერესდა. “რამდენიმე თვის შემდეგ ნენი ფოტოების მთელი დასტით მოვიდა. მე აღვფრთოვანდი, მომეწონა უკლებლივ ყველა ფოტო. მაგრამ მისის კასტელი თვლიდა, რომ ფოტოები არ იყო სრულყოფილი, გააღიზიანებდა საზოგადოებას და არ მოეწონებოდა თავად ელსვორს კელის.”

საბოლოოდ ჰაიფერმანმა მაინც შეძლო და ნენ გოლდინს ფოტოგამოფენა მოუწყო სხვა ხელოვანთა ჯგუფთან ერთად. ფოტოგრაფიაში და ზოგადად ხელოვნებაში არსებობს იდუმალი კანონი, ქალი არ უნდა იყოს ვუაიერისტი, ის თავად უნდა იყოს ვუაერისტთა შთაგონების წყარო. 1950 წელს კატერინ ან პორტერი წერდა: “მითის შემქნელებისთვის ქალური ბუნება განუზომელი, უკიდეგანო და იდუმალებით მოცულია. შესაბამისად, ქალი არის დედამიწა, მთვარე, ზღვა, პლანეტა ვენერა, ვარსკვლავი, ტბა, გამოქვაბული და ჭა.”
გოლდინის შემოქმედება არ ასახავდა ბუნებრივ სამყაროს, ის აღბეჭდავდა ცხოვრების რიტმს, სამყაროში არსებულ განსხვავებებს – როდესაც შენ შეგიძლია იყო ქალი, თუ ჩაიცვამ ქალურად. ან შეგიძლია ჩაიცვა შენი შეხედულებისამებრ, ან თუნდაც გამომწვევად, გახდე “ცუდი გოგო”, რომელიც იბრძვის დამკვიდრებული ეტიკეტების წინააღმდეგ, არღვევს ყველანაირ სოციალურ ნორმებს. გოლდინის ნამუშევრები დაკავშირებულია დროსა და ადგილთან, მაგრამ მაინც მასში განზოგადებული აზრი დევს. როგორც არბუსი ამბობდა: “რაც უფრო კონკრეტული ხარ, მით უფრო ზოგადია ნაშრომი.”

“ბალადა” ვითარდებოდა. 1980 წელს ნიუ-იორკის “ტაიმ სკვერზე” გოლდინმა პერსონალური ფოტოგამოფენა მოაწყო. მისი მეგობარი მუსიკოსის ინიციატივით და დახმარებით ყოველ “სლაიდს” თავისი “საუნდტრეკი” ჰქონდა. მას შემდეგ გოლდინმა თავად დაიწყო მუსიკის შექმნა ფოტოსლაიდებისთვის.
მარვინ ჰაიფერმანმა “ბალადას” ბრწყინვალე იდეა უწოდა: “ფოტოსერიაში ასახულია ყოველდღიური ყოფა, რა ხდებოდა მაშინ, იმ კონკრეტულ დროსა და მომენტში. ეს მანამდე არავის გაუკეთებია, მით უმეტეს – მუსიკის ფონზე.” 1981 წელს ჰაიფერმანმა ორგანიზაცია Castelli Graphics დატოვა და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. მისი მიზანი იყო, გოლდინის “ბალადა” ეჩვენებინა სხვადასხვა აუდიტორიებისთვის.

გოლდინი მანჰეტენზე ბარში Tin Pan Alley-ში მუშაობდა. სწორედ მაშინ შეხვდა ბრაიანს, ოფისმენეჯერს და საზღვაო ფლოტის ყოფილ მუშაკს, მანჰეტენელ ეულ კოვბოის. პირველივე პაემანზე გოლდინმა მას სთხოვა ჰეროინის შეძენაში დახმარება. ბრაიანი დაეხმარა. ნარკოტიკებმა და ფიზიკურმა ლტოლვამ ისინი დაახლოვა ერთმანეთთან. “ბალადაში” ერთ-ერთ ფოტოზე ბრაიანი გოლდინის საწოლთან ზის, სიგარეტს ეწევა და ვნებიანი თვალებით კამერაში იყურება. ამერიკელი ნოველისტი დერილ პინკნი გოლდინის შეყვარებულს ახასიათებს: “ბრაიანის ერთადერთი სიმდიდრე მისი მამაკაცობა იყო. თუმცა ეს ფიზიკური უპირატესობა გახლდათ, რომელიც მან გამოიყენა იარაღად, გამხდარიყო უფლებამოსილი “ქმარი”.”

გოლდინი 1984 წლის ბერლინს იხსენებს, სადაც ბრაიანთან ერთად გაემგზავრა. წყვილი ერთ-ერთ პანსიონატში დაბინავდა. “ბრაიანი ნარკოდამოკიდებულებამ ძალიან აგრესიული გახადა. სასტიკად მცემა, დამასისხლიანა, თვალში გამეტებით მირტყამდა… მთელი ჩემი ჟურნალები გაანადგურა, დაწვა, სარკეზე ტუჩსაცხით წარწერა გააკეთა – “ებრაელ-ამერიკელი პრინცესა”. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა ის, რომ ჩვენ გარშემო ხალხი იყო და არავინ დამხმარებია.” მოგვიანებით, გოლდინი ამერიკაში დაბრუნდა, მისი ბავშვობის მეგობარი, სუზან ფლეჩერი დაეხმარა თვალის რეაბილიტაციაში. მკურნალობის პროცესში ნენმა ავტოპორტრეტი გადაიღო – “ნაბეგვი ნენი 1 თვის შემდეგ, 1984 წელი”. ფოტოში მისი ჩალურჯებული თვალი და გასიებული ცხვირი ჩანს, ფოკუსში კი წითლად შეღებილი ტუჩებია. ეს კადრი ყველაზე შემაძრწუნებელია “ბალადიდან”.
სმას სმის შემდეგ გოლდინს მამაკაცთა მიმართ შიში გაუჩნდა. მისი ნარკოდამოკიდებულება კი უფრო და უფრო უკონტროლო გახდა.

the Aperture Foundation-ის რედაქტორმა, მარკ ჰოლბორნმა “ბალადა” პირველად 1985 წელს იხილა “ვიტნი ბიენალეზე”. პროექტმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მსგავსი აქამდე არაფერი ენახა. “გოლდინი სხვა იყო, ყველასგან განსხვავებული, მას ჰქონდა თავისი ვიზუალური ენა.” ჰოლბორნმა, ჰაიფერმანმა და გოლდინმა გადაწყვიტეს “ბალადა” წიგნად გამოეცათ. ფოტოების არჩევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ამ პროცესში ჩართული იყო სუზან ფლეჩერიც.
წიგნი 1986 წელს გამოვიდა. ენდი გრუნდბერგმა ის ასე შეაფასა: “50-იანი წლებისთვის რაც იყო რობერტ ფრანკის “ამერიკელები”, 80-იანი წლებისთვის ეს არის ნენ გოლდინის “ბალადა სექსუალურ დამუკიდებულებაზე”.”
ნენ გოლდინი: “ჩემთვის “ბალადა” სიკვდილის ზღურბლზე დგას. ეს არის ბოლო ცეკვა, სანამ აივ ინფექციამ შთანთქა მთელი სამყარო (გოლდინის 2003 წლის წიგნში “სატანის სათამაშო მოედანი” აღბეჭდილია “აივ ეპოქა”). ჩვენ გადავრჩით. ყველაფერი ჩვენი, გადარჩენილთა ბრალია. 1991 წელს მე დამნაშავედ ვიგრძენი თავი, როდესაც ტესტმა უარყოფითი აჩვენა. ძალიან განვიცადე, რომ არ ვიყავი ინფიცირებული, ჩემი განცდები ბევრმა ვერ გაიზიარა.”

დრო გადიოდა და ცხოვრება იცვლებოდა. გოლდინის ნარკოტიკების მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად გაიზარდა. სახლს იშვიათად ტოვებდა, მხოლოდ ღამით. 1989 წელს გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ, ხელახლა ეცადა ცხოვრება და რეაბილიტაცია დაიწყო. სამყარომ მას ახალი შანსი მისცა. ნენმა სასიყვარულო ურთიერთობა აღადგინა ყოფილ საყვარელთან, სკულპტორთან, სიობხან ლიდელთან.
გოლდინმა პროექტი “ბალადა” რამდენიმე მუზეუმს მიჰყიდა, მათ შორის “ვიტნის” და “მომას”. ამ პერიოდში მისი ფოტოს ღირებულება 15 ათას დოლარს აღემატებოდა.

2016 წელს მან გამოსცა ახალი წიგნი: “ყვინთვა მარგალიტებისთვის” (Diving for Pearls), ფოტოსერია, რომელიც დაკავშირებულია მის წარსულ შემოქმედებასთან. წინასიტყვაობაში ის ხსნის სათაურის მნიშვნელობას: “პატარაობიდან დევიდ არმსტრონგი ფოტოგრაფიას “მარგალიტებისთვის ყვინთვას” უწოდებდა. თუკი გადაიღებ მილიონ ფოტოს და იქიდან ერთი ან ორი მაინც იქნება ღირებული, ესე იგი გაგიმართლა… ის “მარგალიტია”. მე არასოდეს მაინტერესბდა ფოტოგრაფიის ტექნიკური მხარე. მე ვუშვებდი შეცდომებს, თუმცა სწორედ ეს ტექნიკური შეცდომები ქმნიდა სასწაულს… სურათის ფსიქოლოგიურ კონტექსტზე არასდროს ვფიქრობდი. ეს იყო ჩემი ქვეცნობიერი, რომელიც ვიზუალურად ქმნიდა კადრის შინაარსს. 80-იანების დასაწყისში მე ვიმოგზაურე კუკისთან და მის ოჯახთან ერთად ახალ ორლეანში. ჩვენ ორი კვირა გავატარეთ ერთად, ყოველი დღე სავსე იყო თავგადასავლებით. ყველაფერი ფოტოფირებზე აღვბეჭდე. ნიუ-იორკში დაბრუნებულს, მე მქონდა 30 ფირი. ჩემი სიმდიდრე და ოქრო. გამჟღავნებისას აღმოვაჩინე, რომ ყველა კადრი ბნელი იყო, მიზეზი კი – გაურკვეველი. 1050 ფოტოდან მხოლოდ ერთადერთ კადრში გამიმართლა, ის იყო ჩემი “მარგალიტი” – სარკის ანარეკლში ჩანს კუკი, მის უკან კი კედელზე გაკეთებული წარწერა “ანგელოზი”. შეიძლება კი ციფრულ ფოტოგრაფიაზე ასეთი გავლენა იქონიოს “სასწაულმა”?”

“ფოტოხელოვნება გვიჩვენებს, რა აინტერესებს თავად ფოტოგრაფს, ამასთან, ის ასევე გვეუბნება, თუ რა არ აინტერესებს მას. “ბალადა” ასახავს ბოჰემურ ცხოვრებას, რომლის ნაწილი მეც ვიყავი. მახსოვს, ერთხელ დედაჩემს ჩემი მეგობრების ფოტოები ვაჩვენე, კადრები East Village ბარებიდან და წვეულებებიდან. მაშინ მან მითხრა: “შენ ეკუთვნი ამ საზოგადოებას”. მე მეწყინა. ნუთუ ვერ ხვდებოდა დედა, რომ მე მასაც ვეკუთვნოდი. 90-იანებში “ბალადის” თვალიერებისას ვიგრძენი დედისგან გაუცხოება. გოლდინის პერსონაჟებისგან ასაკის გარდა (7-8 წლით უმცროსი ვიყავი მათზე), უფრო ოჯახის კატეგორიით განვსხვავდებოდი. მისი გმირები “კარგი” ოჯახიშვილები იყვნენ, შესაძლოა ოჯახებს გამოეყვნენ, განუდგნენ, თუმცა გონიერ ადამიანს შეეძლო მათი უკან, სახლში დაბრუნება და გაერთიანება. “ბალადის” გამოცემიდან 30 წლის შემდეგ, მე ოჯახის მიმართ გაუცხოების შეგრძნება გამიქრა. მთელ ჩემს შემოქმედებაში ყველაზე მტკივნეული ფოტოკადრია, სადაც ჩემი ბიოლოგიური და, ბარბარაა აღბეჭდილი. ის ჩვენი ბავშვობის სახლის წინა კართან დგას, მისი მზერა უკიდეგანოდ შორს, სივრცეშია ჩაკარგული, იქ, სადაც ჩვენ თვალს ვერ მივაწვდენთ. ამ ფოტოში სიკვდილია და თან იმედი, იმედი იმისა, რომ სიყვარულს შეუძლია სამყაროს შეცვლა.”

ავტორი: ჰილტონ ალსი
თარგმანი: გვანცა ფოცხვერია
წყარო: New Yorker


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.