გააზიარე სტატია

იოშიტომო ნარას სკულპტურები

იოშიტომო ნარა იაპონელი ხელოვანია, რომელიც ტოკიოში ცხოვრობს და მუშაობს.  1984 წლიდან ავტორია 40-მდე სოლო გამოფენის, ნარა მუშაობს სხვადასხვა თანამედროვე სახელოვნებო მედიუმებში, იქნება ეს ფერწერა, სკულპტურა, ინსტალაცია, პატარა ობიექტები თუ ილუსტრაცია. მისი ნამუშევრები იფინება ისეთ მნიშვნელოვან მუზეუმებში, როგორებიცაა MoMa – ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ასევე MOCA – ლოს-ანჟელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.

ნარას ხელწერის ამოცნობა მარტივია, თუ მის შემოქმედებას ცოტაოდენი ყურადღებით გადავავლებთ თვალს, ხელოვანი ცნობილია პატარა, გოგონების ნახატების სერიით, რომლებიც მულტფილმების პერსონაჟებს მოგვაგონებენ, თუმც ამავდროულად გამოირჩევიან ბრაზიანი, უკმაყოფილო გამომეტყველებით და “მავნე ჩვევებით”, ვიზუალურად კი იქმნება კონტრასტი ნაივურ პერსონაჟებსა და მათ ინდივიდუალურ მახასიათებლებს შორის, ამასთან იოშიტომო ნარას პერსონაჟების ძირითადი მახასიათებელი – ძალიან დიდი თვალები და იაპონური ესთეტიკაა.

ხელოვანის სკულპტურები გამოირჩევა მასშტაბურობით, პრიალა ზედაპირებით და თეთრი ფერის დომინაციით, მისი პერსონაჟები მითიურ არსებებს მოგვაგონებენ, კომაინუებს, ანუ მცველებს, რომლებიც იაპონურ კულტურაში ლომის მსგავსი ქმნილებანი არიან და წმინდა ადგილებს მფარველობენ, თუმც ნარას სკულპტურები თანამედროვე სახეცვლილი, ინფანტილური იერსახეებით გვევლინებიან, ამავდროულად კი – მისტიკურ ხასიათს ინარჩუნებენ. იოშიტომო ნარა ხშირად ქმნის ძაღლების დიდ სკულპტურებსაც, რომლებსაც სპეციფიკური ვიზუალი და დასამახსოვრებელი ხასიათი აქვთ.

ავტორი: ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.