გააზიარე სტატია

ოლაფურ ელიასონის სადავო შემოქმედება

2003 წელს, დღისით, ოლაფურ ელიასონის ტელეფონმა დარეკა. ეს მისი დიდი ხნის მეგობარი, გალერისტი – ტიმ ნოიგერი იყო, რომელიც იმ მომენტში “ტეიტ მოდერნის” “ტურბინის ჰოლში”  ოლაფურის ფენომენალურ წარმოდგენაზე – “ამინდის პროექტზე” (the wethear project) იმყოფებოდა. გრანდიოზული ჰოლის ერთ ნაწილში გიგანტური მზე იყო დაკიდებული, ჭერი სარკით მოპირკეთებული. ტიმი აკვირდებოდა ვიზიტორთა რეაქციებს, აღფრთოვანებისგან როგორ მკაფიოდ გამოთქვამდნენ – “Fuck Bush”… ტიმი მის მეგობარს, ინსტალაციის ავტორს ტელეფონით დაუკავშირდა, რათა მისთვის გაეზიარებინა დამთვალიერებელთა ოვაციები და აპლოდისმენტები, ემოციები, რომლებმაც იქაურობა მოიცვა.

მსგავსი მხიარული მომენტები არ არის უჩვეულო ოლაფურ ელიასონის შემოქმედებისთვის. შეეცადეთ და არ გაიღიმოთ, როდესაც ნიუ-იორკის “მომას” მუზეუმში ხელოვანის ნიმუშს – “ვენტილატორს” შეხვდებით. ნიუ-იორკში, მანჰეტენსა და ბრუკლინს შორის, “ისტ რივერის” გაყოლებაზე ელიასონმა ააშენა გრანდიოზული ჩანჩქერები. დამთვალიერებლები მონუსხა ოლაფურის ნამუშევარმა. ჩანჩქერების შექმნაზე მუშაობის პროცესი დასრულებული არ იყო, რომ ინტერნეტსივრცე აჭრელდა სხვადასხვა ფოტომასალით. 

ოლაფურ ელიასონი: “ჩემი შემოქმედება ინტერაქციაშია დამთვალიერებელთან. ეს ორმხრივი პროცესია, ნამუშევრები დამოკიდებულია ხალხზე, მათ რეაქციაზე. ჩემი მიზანი არ არის მხოლოდ საზოგადოების მიზიდვა, მსურს, ჩემი ობიექტები ადამიანთა შეხვედრის ადგილად იქცეს. ეს საოცრად მომაჯადოებელი პროცესია. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუ ხალხმა არ იცის და არც ადარდებს, რა აზრი დევს ინსტალაციაში, რა დანიშნულების, არსის თუ თეორიის მატარებელია. ზოგადად, ვფიქრობ, ხელოვნების სამყარომ ზედმეტად გაათამამა ისინი, ამის შესანიშნავი მაგალითია: აუდიო გიდ-ტურები მუზეუმებში. მე უფრო მეტად მომწონს, როდესაც ადამიანები ხელოვნების შედევრებს თავისი გადმოსახედიდან განჭვრეტენ, ყოველგვარი ინსტრუქციების გარეშე.”

ოლაფურის შემოქმედებას სხვადასხვაგვარად აფასებენ. ადამიანთა შეხედულებები  შეუსაბამოა იმასთან, რასაც საუბრობენ და რასაც წერენ. მაგალითად, ხელოვნებათმცოდნე ჯონათან კრერი 2004 წელს გამოცემულ წიგნში “Olafur Eliasson: Minding the World” წერს: ელიასონის ნამუშევრების ბუნდოვანება არ ემსახურება პრე-ოიდიპოსის ფაზის გავლენას ან სუბიექტივიზმის იდეალის გამოწვევას. მაშინაც კი, თუ მისი ხელოვნების არსი ამ იდუმალებაშია, ის წარმოდგენილია, როგორც გარდაუვალი მომენტი სხვა (ნაკლებად შთამბეჭდავი) მოვლენის წარმოსაჩენად. კრიტიკა საგულისხმოა, თუმცა ინსტალაციის დამთვალიერებელთა ოვაციები გასათვალისწინებელი.

“მე მიხარია ჩემი ნამუშევრების მუზეუმში წარმოდგენა. ვფიქრობ, სასიამოვნოა, როდესაც ადამიანები გრძნობენ მათთან სიახლოვეს. ხელოვნებისადმი ტრფობა ის იშვიათი მომენტია, როდესაც განსხვავებული შეხედულების ადამიანები ერთი ნიმუშის ირგვლივ იკრიბებიან და იზიარებენ მას  – შესაძლოა, არ ეთანხმებოდნენ კიდეც, ეს ნორმალურია. რაც შეეხება ჩემს პუბლიკაციებს, რომლებიც შეფასებულია როგორც ზედმეტად კომპეტენტური ნაშრომები… უნდა აღვნიშნო, რომ მათი უმეტესობა გათვლილია უფრო აკადემიურ აუდიტორიაზე, ვიდრე მუზეუმის ვიზიტორებია. სხვა ასპექტში რომ შევხედოთ, მუზეუმს აურაცხელი რაოდენობის ხალხი სტუმრობს, ბევრად ნაკლები – გალერეებს, ხელოვანის წიგნებს კი სულ ცოტა ადამიანი თუ გადაათვალიერებს. ეს იმას გულისხმობს, რომ აუდიტორია, რომელიც ჩემი ნამუშევრების ტექსტს კითხულობს,  ამ სფეროში განსწავლულია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, უარი ვთქვათ ენის გამარტივებასა და გაუფასურებაზე. სიტყვები ბევრად მეტია, ვიდრე კომუნიკაციის უნარი. ჩემს ნამუშევრებს უნდა მივუდგეთ პოეტურად და შესრულების ხარისხი შევაფასოთ.”

ოლაფურ ელიასონი 1967 წელს კოპენჰაგენში დაიბადა. მისი მშობლები წარმოშობით ისლანდიელები იყვნენ. 70-იანი წლების დასაწყისში ისინი ერთმანეთს გაშორდნენ, მამა დაბრუნდა სამშობლოში. სკოლის არდადეგებზე ოლაფური დროს მამასთან, ისლანდიაში ატარებდა. ელიასონი ხშირად უხერხულად გრძნობს თავს, როდესაც მწერლები ხელოვანის ბიოგრაფიას და წარმომავლობას მისი შემოქმედების არსის განმარტებისთვის იყენებენ. 2000-იან წლებში მან სახელი გაითქვა ხელოვნების სამყაროში. მაშინვე შეეცადა ერთმანეთისგან მკაფიოდ გაემიჯნა პირადი ცხოვრება და კარიერა. 2008 წლის “გარდიანთან” ინტერვიუში ელიასონი ამბობს: “ტრეისი ემინი სრულიად განსხვავებულია ჩემი პიროვნებისგან. ტრეისის ცხოვრებისა და შემოქმედების ერთიანობა მისი წარმატების გარანტიაა. მე არ მაქვს ის სოციალური უნარები, რაც მას აქვს. მე უფრო ჩვეულებრივი და მოსაწყენი ვარ.”

ჟურნალისტებისთვის ელიასონი ყოველთვის საინტერესო პერსონაა, ალბათ მისი თავშეკავებულობა კიდევ უფრო მიმზიდველია ინტერვიუერებისთვის. ისინი მუდამ იქექებიან არტისტის პირად ცხოვრებაში. 2004 წელს ჟურნალ  032C-თან ინტერვიუში ოლაფურმა თქვა, რომ მისი ხელოვნების პირველი ნიმუში “ბრეიქდანსია”. თინეიჯერობის პერიოდში ის ჯგუფ the Harlem Gun Collective-ის წევრი იყო, წარმოდგენებზე თეთრი ხელთათმანებითა და მზის სათვალით გამოდიოდა. თავის დროზე ტრიომ სკანდინავიის “ბრეიქდანსის” ჩემპიონატშიც კი გაიმარჯვა. ამ ინფორმაციას ყველგან ნახავთ ინტერნეტსივრცეში, ოლაფურის ვიკიპედიის გვერდზეც კი ერთ-ერთი პირველი ფაქტია, რასაც ხელოვანის შესახებ წააწყდებით.

“ჩემი “ბრეიქდანსის” წარსული უჩვეულოა ხალხისთვის. მახსოვს, თავიდან გამიჭირდა ცეკვის ამ სტილის ათვისება. ჩემი მეგობრის ძმა მეხმარებოდა. ჩვენ მაშინ ფერმაში ვცხოვრობდით, მე ვვარჯიშობდი ძროხებს და ცხენებს შორის. ვფიქრობ, ცეკვამ მასწავლა სამყაროს აღქმა მოძრაობებით და სხეულით, ფიზიკური ურთიერთობა გარემოსთან. სწორედ ეს თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჩემს შემოქმედებაში, შევუქმნა დამთვალიერებლებს ფიზიკური გამოცდილება. “ბრეიქდანსმა” მე შეპყრობილი გამხადა.” ერთხელ ელიასონმა ინტერვიუერთან საუბარში თქვა: “ძალიან მეშინოდა იმ დღის, როცა მე ჩემს შემოქმედებაზე წინ აღმოვჩნდებოდი. რასაც ვაკეთებ და ვფიქრობ, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მე.”

ოლაფურის ხელოვნება ბოლო ათწლეულში შეიცვალა. მანამდე იყო 1998 წლის პროექტი “პარტიზანული-არტ-ინტერვენცია” (guerrilla-art-intervention) – სტოკჰოლმის ერთ-ერთი მდინარის წყალთან არატოქსიკური ქიმიური ნივთიერების შერევა, რამაც მდინარე ღია მწვანედ გარდაქმნა. (წარმოდგენა ელიასონმა გერმანიაში, ნორვეგიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში გამართა.) პროექტის იდეა იყო, შეეცვალა მოსახლეობის დამოკიდებულება გარემოს მიმართ. შეეხსენებინა მათთვის, რომ დედაქალაქის ცენტრში ცოცხალი ორგანიზმია. წყლის “ფერიცვალება” მარტივი პროცესი აღმოჩნდა. ოლაფურმა ხიდიდან მდინარეში სათლით ჩაასხა ნივთიერება და მშვიდად გაეცალა იქაურობას, ისე რომ არავის შეუმჩნევია.

დღესდღეობით, ოლაფურ ელიასონის ნამუშევრების შექმნის პროცესი გაცილებით კომპლექსურია. მისი სახელოსნო 80 თანამშრომლისგან შედგება: არქივარიუსები, არქიტექტორები, ტექნიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, რეჟისორები და მზარეულები. იქ ასევე მუშაობენ მჭედლები, გეომეტრიკოსები და “დამგეგმარებლები”. სტუდია ბერლინში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ოლაფურის ოჯახი კოპენჰაგენში ცხოვრობს. “მე ჩემ სახელოსნოს აღვიქვამ, როგორც ქალაქის და მსოფლიოს ნაწილს. აქაურობა არ არის ხელოვანის უტოპიური სივრცე. ის ბერლინის ნაწილია, მისი გაგრძელება. როდესაც შემოდიხარ სტუდიაში, იგძნობა ამ ქალაქის გავლენა.” 

მაგრამ ზოგჯერ სახელოსნოს ნაწილი დროებით სხვა ლოკაციაზე გადადის. მაგალითად, 2003 წლის “ტეიტ მოდერნის” ბლოკბასტერისთვის აშენებული პავილიონი. ოლაფურმა და მისმა გუნდმა 40-ფუტიანი “ტურბინის ჰოლის” იმიტაცია შექმნა, სადაც პროექტის გეგმაზე იმუშავეს.  თავდაპირველად ელიასონს სურდა, “ამინდის პროექტის” ფარგლებში ტროპიკული თავსხმა წვიმის ინსცენირება, მაგრამ ტექნიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ, ნისლით დაკმაყოფილდა. ინსტალაციას “ამინდის პროექტი” (The weather project) საოცარი წარმატება მოჰყვა. ეს “ტურბინის ჰოლში”  მეოთხე “უნილევერის” ნაშრომი იყო, რომელმაც პირველად დაიპყრო საზოგადოების ცნობიერება. დაახლოებით ორმა მილიონმა ადამიანმა იხილა ის (ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი თანამედროვე ხელოვნების ნიმუში) და დღესაც “ტეიტ მოდერნის” ვებგვერდზე შეგვიძლია ვიხილოთ ფოტოებზე აღბეჭდილი გრანდიოზული, მწველი მზე. ხელოვნების კრიტიკოსმა ბრაიან ო’დოერტმა ინსტალაცია ასე შეაფასა: პირველად ვნახე განუსაზღვრელად დამთრგუნველი სივრცე – კუბო გიგანტისთვის – ეფექტურად წარმოდგენილი. ტომას დემანდი, რომელიც ოლაფურის სახელოსნოს შენობის მეორე ნაწილის მფლობელია, “ამინდის პროექტს” წარმოუდგენელ სიმამაცეს უწოდებს.

რამდენად მშვიდი და მარტივი ინსტალაციაც უნდა იყოს, ოლაფურის შემოქმედება ადამიანების შეგრძნებებს ემსახურება – რას ფიქრობენ დამთვალიერებლები, ვიზიტორები ან უბრალო გამვლელები კონკრეტულ დროსა და ადგილზე, როგორ რეაგირებენ ისინი სამყაროზე. ოლაფურ ელიასონი: “დღევანდელი მსოფლიო დამოკიდებულია ეკონომიკაზე, რომელიც ფოკუსირებულია, ჩვენი ცნობიერება კომერციაზე მიმართოს. ეკონომიკას და ხელოვნებას ბევრი საერთო თვისება აქვთ, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, იმუშაო საკუთარი თავის შეფასების ხარისხზე, რომელსაც ხელოვნება გვთავაზობს. საკუთარი თავის შეფასების უნარი გვაძლევს საშუალებას, ვიმოქმედოთ სამყაროზე, გარდავქმნათ ის და შევიცვალოთ ჩვენც.”

ოლაფურს სწამს, რომ ყოველთვის, როცა ადამიანი ცდილობს თვითგანვითარებას, ის იზრდება. ამ მიზნით მან იმუშავა არქიტექტურულ პროექტებზე – Serpentine Gallery Pavilion და ჰარპას საკონცერტო დარბაზის (Harpa concert hall) არაორდინალურ, გეომეტრიულ ფასადზე რეიკიავიკში. შემდეგი პროექტისთვის ის კვლავ გალერეას დაუბრუნდა. იმ ადგილს, სადაც ვარსკვლავად იქცა.

ოლაფურის ნამუშევარი –  Turner colour experiments  “ტეიტის” მუზეუმში ხელოვანთა შთაგონების წყაროა. ოლაფურმა ბრიტანელი მხატვრის, ვილიამ ტერნერის შემოქმედება შეისწავლა – მისი განათების გამოყენების ტექნიკა შვიდ აბსტრაქტულ ნახატში. “მე დიდხანს ვიყავი გატაცებული ტერნერის შემოქმედებით, განსაკუთრებით შთამაგონა მისმა ოსტატურად შექმნილმა სინათლის ფორმამ და სტრუქტურამ. ის იმ პერიოდის მხატვარია, როცა ხელოვნება საზოგადოებაში მარგინალურ სფეროდ ითვლებოდა. იმ დროისთვის ძალიან რადიკალური იყო ნამუშევრებში გამოყენებული ატმოსფერული ეფექტები. მე დიდხანს მინდოდა, შემექმნა ახალი, უტოპიური ფერის თეორია. 2009 წლიდან ვმუშაობდი პიგმენტების ანალიზზე, საღებავის წარმოებაზე და ფერების გამოყენებაზე. ასევე ქიმიკოსთან ერთად ვცდილობდი, საღებავის ზუსტ ფერზე შერევას თითოეული ხილვადი სპექტრის ნანომეტრისთვის. ამის შედეგია პროექტი – Turner colour experiments.”

ოლაფურ ელიასონი: “სილამაზე სიცოცხლის არსებითი ნაწილია. არ ვეთანხმები მათ, რომლებიც ამბობენ, რომ მშვენიერება პოპულისტური ხასიათისაა. აშკარაა, რომ ვაჭრობა და კომერცია სილამაზეს სათავისოდ იყენებს, იმისთვის რომ გაზარდოს მოგება. მე მინდა, რომ ჩვენ, ხელოვანებმა გავმიჯნოთ სილამაზე კომერციისგან.” თუმცა ის არ თვლის, რომ ხელოვნება ორიენტირებული უნდა იყოს მხოლოდ სილამაზეზე.

2012 წელს მან გამოუშვა “პატარა მზე” – little sun – მზის ენერგიაზე მომუშავე სანათი. სანათის შექმნაზე ელიასონთან ერთად ინჟინერმა ფედერიკ ოტსენმა იმუშავა. ხელსაწყო ასე შეაფასეს: “ხელოვნების ნიმუში, რომელიც ფუნქციურია ყოველდღიურ ცხოვრებაში”. 2009 წელს ოლაფურ ელიასონმა ბერლინის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით (UDK) დააარსა შემეცნებით-კვლევითი ინსტიტუტი – institut für Raumexperimente. ის ამ პროექტს დღესაც წარმატებით უძღვება. ოლაფური დიდხანს საუბრობდა ხელოვნების სახეცვალებად როლზე საზოგადოებაში, ახლა მას შეუძლია ეს თემა სტუდენტებთან განავრცოს. “ხელოვნება და შემოქმედება გვთავაზობს შესანიშნავ არეალს. მხოლოდ კარგი იდეა არ არის საკმარისი. ხელოვნება გულისხმობს გრძნობების, იდეებისა და ოცნებების რეალობად ქცევას.”

 

ავტორი: რობ ალდერსონი

თარგმანი: გვანცა ფოცხვერია

წყარო: itsnicethat.com

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.