გააზიარე სტატია

Palais Bulle

455 მილიონ დოლარად შეფასებული პიერ კარდენის სახლი – „Palais Bulle“ ანუ ბუშტების სასახლე – 70-იანი წლებიში ფრანგი მეწარმის, პიერ ბერნარდის მიერ დაკვეთით, უნგრელი არქიტექტორის, ანტი ლოვაგის მიერაა დაპროექტებული. სამწუხაროდ, ბერნარდი სახლის დასრულებას ვერ მოესწრო, თუმცა ამ განსხვავებულმა შენობამ 1991 წელს ცნობილი ფრანგი დიზაინერის, პიერ კარდენის ყურადღება მიიპყრო და მალევე კარდენი სასახლის მფლობელი გახდა.  

„Palais Bulle“ ლოვაგის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია; შენობა საუკეთესოდ გამოხატავს არქიტექტორის იდეოლოგიას –  არქიტექტურა უნდა იყოს სპონტანური, სახალისო და სიურპრიზებით სავსე. მისი აზრით, სწორხაზოვანი არქიტექტურა „აგრესიულია ბუნების მიმართ“, რადგან ბუნებაში უმეტესად წრიული ფორმები გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ლოვაგის უნიკალურ სტილს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, არქიტექტორს არცთუ ისე გრძელი კლიენტების სია აქვს. ამის მიზეზი კი ალბათ მისივე პირობებია – „არ ვიცი როგორი იქნება, არ ვიცი როდის დამთავრდება, არ ვიცი რა დაჯდება.“

ქალაქ კანის მახლობლად მდებარე „Palais Bulle“ ვულკანური აგებულების ესტრელის მასივზეა განლაგებული და ხმელთაშუა ზღვას გადმოჰყურებს. შენობის სტრუქტურა, რომელიც 13 000 კვადრატულ ფუტზეა გაშლილი,  28 სფეროსებრი ოთახისგან შედგება (მათ შორისაა 10 საძინებელი) და მოიცავს სამ აუზს, რამდენიმე ბაღს და 500-კაციან ამფითეატრს.”Palais Bulle”-ს ტერასიდან და ფართო აუზიდან ზღვის 180-გრადუსიანი ხედი იშლება. ყველა საძინებელი ინდივიდუალურადაა მორთული თანამედროვე არტისტების, მათ შორის პატრის ბრეტეუსა და ჯერომ ტისერანდის მიერ.  

კარდენის მფლობელობის პერიოდში “Palais Bulle“ ბევრი სამახსოვრო ღონისძიების მომსწრე გახდა, რომელთა შორისაა დიორის 2016 წლის კოლექციის ჩვენება და ჯეიმს ბონდის 40 წლის იუბილეს აღნიშვნა.

ავტორი: კატო სუპატაშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.