გააზიარე სტატია

პიტერ ციმერმანი: „ფრაიბურგის სკოლა“

Museum für Neue Kunst ცნობილმა არტისტმა პიტერ ციმერმანმა ცოტა ხნით მაგიურ, ფერად სამყაროდ გადააქცია. პიტერ ციმერმანი საერთაშორისოდ აღიარებული კონცეპტუალური ხელოვნების გამოჩენილი არტისტია. ის ცნობილია თავისი უნიკალური სტილით, რომელიც ციფრული და ტრადიციული ფერწერის საზღვრებს მიღმა ლამობს გაჭრას. არტისტი ხელოვნების პოტენციალით და მისი დაუსრულებელი შესაძლებლობებით ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული დაინტერესდა. ციმერმანის ბევრმა ცდამ და ძიებამ საბოლოოდ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო; არტისტმა თავისთვის დამახასიათებელი, ნიშანდობრივი სტილი შეიმუშავა. ის იღებს ციფრულ ფოტოებსა და დიაგრამებს, რომლებსაც კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით შეუცნობლად ცვლის, შლის და შემდგომ მათ თავისი შემოქმედების ბაზისად იყენებს. შემდგომ თავის ამ ნამუშევრებში ის ებოქსიდის წებოსს იყენებს, რაც მათ ნამდვილად მაგიურ ბუნებას სძენს.

არტისტს პირველი სოლო გამოფენა ჰქონდა მშობლიურ ქალაქ ფრაიბურგში. ციმერმანმა ხელოვნება და შოუ სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა თავისი გამოფენით, სადაც ფერწერმა მუზეუმის იატაკი ტილოდ აქცია. ვარდისფერი, ცისფერი, ატმისფერი მასალა, ერთმანეთს ფერების კორიანტელში ერწყმის და მუზეუმის დამთვალიერებლების ფეხებქვეშ მაგიურ, ნათელ სამყაროს ქმნის. კომპოზიცია ისე იყო განლაგებული, რომ იატაკზე გადაჭიმული ნაშრომი, ციმერმანის ზეთოვან ტილოებს ირეკლავდა და მათ აბსტრაქტულ და სივრცულ ეფექტს სძენდა. ზეთის ნახატები, როგორც ციმერმანის ბევრი სხვა ნამუშევარი, მრავალფენოვანია და ციფრული მედიის მოტივზეა დაფუძნებული. ფერებისა და გამოფენის ასეთი მანიპულაცია ქმნის აბსტრაქტულ, მოძრავ ფორმებს, რომელიც ძლიერ ვიზუალურ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე. გამოფენა ნამდვილ წარმოდგენად იქცევა, როდესაც თვით მუზეუმის დამთვალიერებლებიც კი ინსტალაციის ნაწილად იქცევიან.

ციმერმანმა თავის შემოქმედებას „ფრაიბურგის სკოლა“ დაარქვა არა მარტო მუზეუმის წარსულის გამო, არამედ თავისი შინაგანი ფიქრების გამოსახატავად განათლებისა და ვიზუალური კომუნიკაციის შესახებ დღევანდელ ციფრულ სამყაროში.

 

ავტორი: კატო სუპატაშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.