გააზიარე სტატია

PLAY! ნატალია ჯუღელი

ინტერვიუ ახალგაზრდა მსახიობ ნატალია ჯუღელთან.

მოგვიყევი შენს შესახებ, სად მიიღე განათლება. 

ყოველთვის ვიცოდი რა პროფესია უნდა ამერჩია, ალბათ ზუსტად ამიტომ, პატარა ასაკიდან სულ სხვადასხვა სფეროებს ვეხებოდი, ვეხებოდი არა ზედაპირულად, არამედ დიდ კვლევას ვატარებდი იმ საკითხზე, რომელსაც ავიჩემებდი. მშობლებს სად არ ვთხოვდი ჩემს მიყვანას. ზოგი ”სფერო” დღემდე ჩემი ცხოვრების ნაწილია, ზოგიც კი ბავშვობის გატაცებად დარჩა.

ალბათ გაურკვევლად ჟღერს, რატომ ვეძებდი რაღაცას სხვა სფეროში, თუ ყოველთვის ვიცოდი საბოლოოდ რას გავაკეთებდი. ჩემთვის ეს ადვილად გასაგებია,მაგრამ არ ვიცი ორ წინადადებაში, რამდენად გაიგებს სხვა. ბევრი ფაქტორი იყო, აუცილებელი იყო სხვა საყრდენი მეპოვნა და იმ საფუძველს გავცდენოდი, რაც თავიდანვე, ანბანის სწავლასავით იდო სადღაც.

დავამთავრე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. დღეს, ვამბობ, რომ მსახიობი ვარ, მაგრამ არა იმიტომ,რომ ეს უნივერსიტეტი დავამთავრე. როგორც აღვნიშნე, უცნაური გზა გავიარე, სანამ ჩემს თავს მსახიობი დავუძახე. კონკრეტულად განათლება თუ გაინტერესებთ, ვიტყვი,რომ ყოველთვის მიმართლებდა. გამიმართლა სკოლაში, გამიმართლა მუსიკალურ სკოლაში, გამიმართლა ”თეატრალურშიც” და გამიმართლა, ლონდონის მუსიკისა და დრამის აკადემიაში (LAMDA), სადაც შარშან ვსწავლობდი. ამ დაწესებულებებში, შემხვდნენ ადამიანები, ვინც ცნობიერად,თუ არაცნობიერად განაპირობეს ჩემი შემდგომი ნაბიჯები. მოკლედ,რომ ვთქვა. მაგალითად, რომ არა გიზო ჟორდანია, მე თეატრალურს არ დავამთავრებდი და ასე შემდეგ.

რა არის შენთვის თანამედროვე თეატრი? როგორი უნდა იყოს ის? 

რა არის თანამედროვე თეატრი? საერთოდ, რა არის სიტყვა თანამედროვე?  ყველა, დღეს არსებული თეატრი თანამედროვეა, არა? თუ, ზოგი მაინც წარსულს ებღაუჭება?

რაც, არ უნდა საინტერესო, მოკლე წინადადებით შემოვიფარგლო, გავალ თუ არა სხვა ოთახში, ვიფიქრებ, კიდევ რა უნდა მეთქვა თეატრზე და მჯერა, თითქმის ყველა ასე აკეთებს. ამომწურავად, ვერასოდეს ვერ იტყვი რა არის თეატრი. შეიძლება,ვიტყუები, ძალიან ზუსტი, მიახლოებული ფრაზებიც გამიგია და მომწონებია, მიფიქრია და მითქვამს კიდევაც,
მაგრამ მაინც, 1 წინადადებიან, კონკრეტულ ახსნას ვერ მიუსადაგებ.

თეატრი შეიძლება იყოს ყველაფერი, ვისთვის რა.
თეატრში გამოხატვის ფორმების რაოდენობა უსასრულოა!

თან თეატრი ჩემთვის სხვაა,როგორც მაყურებლისთვის და სხვა,როგორც მსახიობისთვის. რაიმე კონკრეტულ გამოცდილებაზე, თუ ვიმსჯელებ, შეიძლება თეატრის დეფინიციამ სახე იცვალოს, ჩემსავე წარმოსახვაში.

რაც შეეხება დღევანდელი სპექტაკლების ფორმასა და სტილს, ამაზეც უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო.

რამდენადაც ტენდენციები მზის სინათლის სისწრაფით იცვლება,იმდენად ყველაფერი ბრუნავს და ხშირად ულტრა თანამედროვედ გადაწყვეტილ სპექტაკლში, რაღაც ძალიან ძველს ვხედავთ ხოლმე და თუ ის სწორ კონტექსტშია ჩასმული, სწორად ეს ტრადიციული და ძველი ხდება ინოვაციური. სხვებისთვის თვალსაჩინო მაგალითია ტანსაცმლის მოდა,ახლა ძალიან ბევრი ტენდენციური დეტალი სიანმდვილეში ”რეტროა”, მაგრამ ამავდროულად თანამედროვე.

მინახავს ძალიან სადად, ტრადიციულად დადგმული სპექტაკლები, რომლებიც მოცემულ სიტუაციაში, ძალიან თანამედროვე ყოფილა, ან  სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიითა, თუ ხერხით აღჭურვილი სპექტაკლი,რომელიც სულ არ ყოფილა თანამედროვე. ასევე მინახავს, პათოსით და ემოციით გადატვირთული სპექტაკლები, რომლებიც ძალიან ინერტული ყოფილა და ძალიან სადა, თითქოს ნეიტრალური სპექტალები, რომელსაც დიდი ემოციური შთაბეჭდილება მოუხდენია.

ბერძნული დრამატურგია, შექსპირი და ასე შემდეგ, არასოდეს არ გაცვდება, ამას ვფიქრობ თქმაც არ ჭირდება. მაგრამ რა ფორმას მისცემს რეჟისორი შექსპირს, მოცემულ სივრცესა და გარემოში…

როგორები არიან გმირები თანამედროვე სცენაზე, რა სოციალური, ან კულტურული ფონია ქვეყანაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას აქვს.

ხშირად მესმის სიტყვა ”სიახლე” და ძალიან მეცინება ხოლმე. რაც არ უნდა თანამედროვე ტექნიკა გამოიყენო დიდი შანსია შენი შემოთავაზებული სამყარო სიახლე არ იყოს. არასდროს არ უნდა იყოს რეჟისორის მთავარი ამოცანა ”სიახლის” შექმნა. ბანალურად ჟღერს ალბათ, მაგრამ რეჟისორის იდეებისა და დამოკიდებულების გულწრფელობა, ყოველთვის იგძნობა მაყურებლის დარბაზში.

როგორია დღევანდელი ქართული თეატრი?

ვერ ვიტყვი, რომ დღეს იდეალური სიტუაციაა საქართველოში, მაგრამ რამოდენიმე, ”ხაზგასმით თანამედროვე” თეატრში, ძალიან კარგი და საინტერესო პროცესებია, რაც ძალიან სასიხარულოა. ისევ, დამოკიდებულებებს დავუბრუნდები და ვიტყვი,რომ ყველაზე დიდ პრობლემას დამოკიდებულებებში ვხედავ და არა უშუალოდ, რეჟისორისა და მსახიობის უნარებში. აი, თუ რამე მოძველდა ჩემი აზრით თეატრებს შორის დამოკიდებულებაა. ეს მარტო ხელოვნებას არ ეხება, მგონი საქართველოში პროფესიული გადამზადება თითქმის ყველა რგოლს ჭირდება, არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვაწყდებით.

პირველი, რაც ახლა გამახსენდა, სამეფო უბნის თეატრის ”მოახლეებია”. ფაქტი,რომ სამეფო უბნის, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები ერთად მუშაობნენ, ძალიან მომწონს.  საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია და ასეთი გაცვლითი ხასიათის პროექტები უფრო ხშირი და ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ მაინც, ”საერთო” სისტემაში ბევრი პრობლემა და წინააღმდეგობაა.სხვა მაგალითებიც მახსენდება, მაგრამ მეშინია ისე შორს არ წავიდე,რომ ვეღარ გავჩერდე.

რომელი როლი იყო შენთვის ყველაზე ძვირფასი.

მიჭირს გამოყოფა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ალბათ, ანტიგონე, ჩემი პირველი როლი, იმის შემდეგ რაც გადავწყვიტე, ჩემი თავისთვის მსახიობი დამეძახა. ანტიგონე, ნანუკა ხუსკივაძის სადოქტორო სპექტაკლი იყო თეატრალურ უნივერსიტეტში და რადგან ამ დროს ჩემ ჯგუფს ასწავლიდა, ჩვენთან დადგა.

უდიდესი და მრავალმხრივი გამოცდილება იყო. პრინციპში, ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ, ირლანდიაში ფესტივალზე ვიყავი მიწვეული. ფესტივალის ერთერთი მთავარი მიზანია, მსახიობები გააცნოს ქასთინგ რეჟისორებს. ვიდეო რგოლს ვამზადებდი, სადაც კადრები 3 ფილმიდან და ანტიგონედან შევარჩიე. ანტიგონეს ამოღებას ვფიქრობდი, რადგან კინო ფესტივალია, ვიცი, რომ არ ჯდება ფორმატში, სპექტაკლის ვიდეოს ჩასმა.

გავრისკე და მივწერე აგენტს. ვკითხე, რას ფიქრობდა, უნდა ამომეღო ანტიგონეს ვიდეო, თუ დამეტოვებინა. რაზეც, გასაკვირი პასუხი მივიღე, რა თქმა უნდა დატოვეო. მე მაინც ვნერვიულობდი, მარტო ფილმები უნდა ყოფილიყო, რას დავუჯერეთქო.

პირველ შეხვედრაზე შევედი და სკამზე დაჯდომა ვერ მოვასწარი, ერთმა გერმანელმა ქალმა, ანტიგონე, რომ აღნიშნა. ძალიან გულისამაჩუყებელი მომენტი იყო, რადგან ფორმატის მიხედვით, იშვიათად,თუ დაიწყებდნენ ვიდეოს გარჩევას.ამ ქალის კომენტარმა, თითქოს იმ პირველ ნაბიჯებში დამაბრუნა, როცა პასუხისმგებლობისგან და ნერვიულობისგან, ლამის სადღაც გავქცეულიყავი და თურმე ტყუილად არ ყოფილა. მაინც სასიამოვნოა და უფრო საინტერესოა, აბსოლუტურად უცნობი ადამიანის აზრის მოსმენა.

LAMDA-ში ძალიან ინტენსიური და სასარგებლო გამოცდილება მივიღე. გატარებული სემესტრის მთავარი თემა შექსპირი იყო. ყველაზე მეტად მომწონდა, რომ მიზანმიმართულად არჩევდნენ განსხვავებულ რეჟისორებს მასტერკლასებისთვის და შიდა წარმოდგენებისთვის.  მათთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ფართო და განსხვავებული გამოცდილება მოგცენ და არა ერთი კონკრეტული, ჩარჩოში ჩასმული მეთოდი. სემესტრის ბოლო 1 თვე, მთლიანად დაეთმო შექსპირის შობის მეთორმეტე ღამეს.მე ოლივიას ვასრულებდი და ესეც უმნიშვნელოვანესი გამოცდილება იყო.

რეჟისორი რომელთანაც იმუშავებდი და რატომ? 

ახლა, ისეთი პერიოდი მაქვს, სიამოვნებით ვიმუშავებდი ჯონ კასავეტესთან, მაგრამ არაა ცოცხალი და თან ისე უხდება მის ფილმებს, მისივე ცოლი, დედა და სიდედრი, მეთვითონაც არ შევეცილებოდი მათ!

აქაც მრავალმნიშვნელოვანი პასუხი მაქვს…

ბევრ, თუნდაც ჩემთვის არა-მოსაწონ რეჟისორთან ვიმუშავებდი, თუ პროცესი საინტერესოდ მომეჩვენება.

როგორია შენი სამუშაო პროცესი? როგორ ემზადები როლისთვის?

ჩემი სამუშაო პროცესი დამოკიდებულია იმ ჯგუფზე და რეჟისორზე, რომელთანაც შეხება მიწევს. საბედნიეროდ, მცირე დროის განმავლობაში, ძალიან ბევრი და განსხვავებული ”სამუშაო პროცესის” მონაწილე ვიყავი.

უმეტესობა, საზოგადოებისთვის არც არის ცნობილი, მაგრამ, ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. მიყვარს ძიება და ერთი შეხედვით მიუღებელი პროცესიც, შეიძლება კარგ გამოცდილებად გადაიქცეს.

რაც, შეეხება როლისთვის მომზადებას, აქაც, რაიმე ტრადიციას, ან რიტუალს ვერ ვიხსენებ. შეიძლება, მრავალი წლის შემდეგ, დავაფიქსირო, ის თვისება, ან ჩვევა, რასაც სამუშაო დროს ვიყენებ,მაგრამ ახლა არ მახსენდება.

მგონი, კვლევა და ძიება, არის ყველაზე სასიამოვნო და აქტიური ქმედება,რასაც შედეგის მიღწევამდე ვაკეთებ.

როგორ იკვლევ? კითხულობ ბევრს? როგორ ქმნი პერსონაჟს? 

თავისთავად,  პიესასთან, ან სცენართან დაკავშირებით, რაც კი ხელში მომხვდება ყველაფერს ვკითხულობ. მაგრამ, აქაც არის მომენტი,რის მერეც ჯობს არაფერი აღარ წაიკითხო და დინებას მიყვე. ვეცნობი დროს, კონტექსტს, მაგრამ უშუალოდ ნაწარმოების გარდა, ჩემ თავს, ჩემს არჩევანს,პარტნიორებისა და რეჟისორების არჩევანსაც ვიკვლევ. მართლა გამომძიებელივით მინდა ხოლმე, რაღაც უცხოს, ან ახლის აღმოჩენა, გადაწყვეტილების მიღებამდე.

პერსონაჟს არ ვერგები, პერსონაჟი, ან მერგება, ან არა, ჰაჰაჰა! ამას ვხუმრობ, მაგრამ ძალიან გულწრფელად შემიძლია ვთქვა, თუ რომელიმე როლი არ შემეფერება. მეტიც, როცა სცენა წამიკითხავს, მითქვამს, ეს საჩემო არ არის’ და ჩემს მაგივრად სხვა მსახიობი შემითავაზებია, რომელიც რეჟისორების თქმითაც, იდეალური აღმოჩენილა მოცემული პერსონაჟისთვის.

ვფიქრობ მსახიობი, კარგად უნდა დაფიქრდეს და ზუსტად შეარჩიოს  როლები. სერიოზულად მიუდგეს პატარა თუ დიდ პროექტებს. როგორც რეჟისორები სათუთად არჩევენ სცენარს, ისევე სათუთად უნდა ფიქრობდეს მსახიობიც.

კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ქართულ გამოთქმას:”მსახიობი ყველაფერს უნდა დათანხმდეს”. ხარისხი და ინტერესი, გაცილებით მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე რაოდენობა.მიუხედავად იმისა, რომ პატარა ასაკიდან ასე ვფიქრობ, მაინც გამპარვია და მონაწილეობა არა სასურველ პროექტებში მიმიღია. თუ პროცესით და ურთიერთობით დიდ სიამოვნებას არ იღებ, თუ არ გაინტერესებს ის რაც იქ ხდება  თუ შედეგიც არ მოგწონს და თუ სათქმელიც არაფერი გაქვს, საერთოდ არ მესმის რა აზრი აქვს ამ პროფესიას. დღეს სამწუხაროდ, სოციალური ფონი საშუალებას არ აძლევს მსახიოებს რაიმე ტიპის არჩევანი გააკეთონ, რაც წარმოების ხარისხზეც მოქმედებს. გავმეორდები და ვიტყვი, ყველა პროფესიულმა რგოლმა, ამ შემთხვევაში ოპერატორმა, დრამატურგმა, მსახიობმა,ტექნიკურმა რეჟისორმა ,თუ დამდგმელმა რეჟისორმა, პირველ რიგში გაცილებით მაღალი მოთხოვნა უნდა დაუყენონ საკუთარ თავს და დამნაშავის ძებნას შეეშვან , ამის შემდეგ ზოგადი ხარისხი ნამდვილად გაუმჯობესდება.

 

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე

რედაქტორი და არტ დირექტორი: გიორგი მაისურაძე

ფოტოგრაფი: ნატა სოფრომაძე

განსაკუთრებული მადლობა @MaterielTbilisi , @daloodtbilisi, Art Area Gallery


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.