გააზიარე სტატია

PLAY! სანდრო კალანდაძე

მოგვიყევი შენ შესახებ, სად მიიღე განათლება?  

მე ვარ სანდრო კალანდაძე, 27 წლის, პროფესიით მსახიობი და თეატრის რეჟისორი. განათლება მივიღე Royal Central School of Speech and Drama-ში Collaborative and Devised Theatre-ის ფაკულტეტზე. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან “სამსახიობო ხელოვნებას”, რომელსაც ლონდონში სხვა წამყვან დრამის სკოლებშიც კარგად ასწავლიან, ამ ფაკულტეტზე უფრო ფართოდ და შემოქმედებითად ვუდგებოდით.  ამჟამად ვარ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ერთ-ერთი რეჟისორი.

რომელი როლი იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ყველა პერსონაჟი, რომელზეც  მიმუშავია, მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩემში ცვლილება მოახდინა. თუ ოქრომჭედელს აქვს ხელსაწყოები და ძვირფასი მეტალი, რითაც ნამუშევარს ქმნის, რომელიც მისი სხეულის გარეთ რჩება, მსახიობს ასეთი გარე ფაქტორები არ გააჩნია. რა თქმა უნდა, მსახიობსაც აქვს “ხელსაწყოები და  მასალები” (ფიზიკური, ვოკალური, ფსიქოლოგიური და ა.შ), მაგრამ ეს მის შიგნით მუშავდება და ასე მგონია, რომ შიგნითვე რჩება.  ამიტომ, ჩემში ყველა როლმა რაღაც ახალი შექმნა ან უკეთეს შემთხვევაში, რაღაც ძველი მომაცილა.

ალბათ ყველაზე ძვირფასი მაინც რომეო იყო, ჩემი ერთ-ერთი მენტორის, შინეიდ რაშის დადგმაში. არასოდეს მიფიქრია, რომ რომეოს ვითამაშებდი და სიმართლე რომ გითხრათ, დიდი სურვილიც  არასოდეს მქონია. ამ შემთხვევაში კონკრეტულ პერსონაჟს ალბათ არც ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, უბრალოდ ძალიან კარგ რეჟისორთან მომიხდა მუშაობა.

შინეიდი ბიომექანიკას გენადი ბოგდანოვთან სწავლობდა და ამჟამად მიხაილ ჩეხოვის ტექნიკის სპეციალისტია. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ვიკვლიეთ ერთად, ძირითადად მიხაილ ჩეხოვის ტექნიკის შუქზე. რა გამოვიდა, არ ვიცი, სცენაზე განცდილს სიტყვით ვერ გადმოსცემ, ერთი შემიძლია ნამდვილად ვთქვა, რომ ჩვენი რომეო  სტერეოტიპისაგან ძალიან შორს იყო.

ვის ითამაშებდი? რომელი როლი არის შენთვის საოცნებო და რატომ?

ასე ერთი საოცნებო როლი არ მაქვს, ჩემი მდგომარეობის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს სურვილი. ამჟამად, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ჰამლეტს ვითამაშებდი დიდი სიამოვნებით, რადგან ახლახან ვარჩევდით ბატონ თემურ ჩხეიძესთან, და ესეც რომ არ იყოს, მართლაც ამოუწურავი და სამყაროსავით დიდი პერსონაჟია.

რეჟისორი, რომელთანაც ძალიან გინდა მუშაობა და რატომ?

აქაც მიჭირს პასუხის გაცემა. სია ძალიან გრძელია. ამჟამად ორ ადამიანს გამოვყოფ, ალბათ საიმონ მაკბურნის, მისი თეატრის კომპანია Complicite პარტნიორობდა ჩემს კურსთან და კარგად ვიცნობ მის შემოქმედებას, მისმა სპეკტაკლმა The Encounter-მა ჩემზე ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და  თემურ ჩხეიძეს, რადგან ამჟამად ვსწავლობ მასთან, როგორც რეჟისორი ვაკვირდები მის შემოქმედებით პროცესს და ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნებოდა ჩემთვის, მასთან ისე მემუშავა, როგორც მსახიობს. საერთოდ, რეჟისორი და მსახიობი ურთიერთ დამოკიდებულებულნი არიან პროფესიულად. რა თქმა უნდა, ესეც საკამათო და მოძველებული მოსაზრებაა და მე თვითონაც შემიძლია საწინააღმდეგო მაგალითების მოყვანა, მაგრამ ჩვენი ამჟამინდელი საუბრისათვის გამოდგება. თუ ეს ასეა, მაშინ პროცესის წარმატება მათ ურთიერთობაზე არის დამოკიდებული. შეიძლება ძალიან წარმატებულ და “მაგარ” რეჟისორთან იმუშაო, მაგრამ თუ ურთიერთობა, სულიერი კონტაქტი არ შედგა, ნამუშევარი მკვდარია.

გროტოვსკის შევხვდებოდი დიდი სიამოვნებით, ცოცხალი რომ იყოს, მისმა კვლევამ თეატრში და მის მიღმა, შემაყვარა ეს პროფესია.

რომელი ემოციის თამაშია ყველაზე რთული

ემოციის “თამაში” შეუძლებელია, აი ყალბი ემოციის კი შესაძლებელი. მსახიობის მიზანი ემოცია არ უნდა იყოს, როგორც მიწათმოქმედი, მსახიობიც, ასე ვთქვათ, პერიფერიაზე მუშაობს და ელოდება, ნაყოფი წინასწარ დამუშავებულ მიწაზე თვითონ როდის ამოყოფს თავს.  თუ ფორმა მყარია (და ამ შემთხვევაში ფორმაში ვგულისხმობ ყველაფერს, რაზეც მსახიობს შეუძლია მუშაობა, ეს იქნება ტექსტის ანალიზი, ვოკალური, ფსიქოფიზიკური სავარჯიშოები და ა.შ) და მსახიობი შინაგანად, ასე ვთქვათ, “პასიურად ფხიზლობს,” სწორ დროს სწორი ემოცია დაიბადება და ეს ყველაფერი მსახიობის “თამაშის” გარეშე მოხდება.

ისე არ გამოვიდეს, თითქოს მე არ ვვარდები ყალბი ემოციის მახეში, არა, ეს მსახიობის მუდმივი ბრძოლაა.

როგორია შენი სამუშაო პროცესი? როგორ ემზადები როლისთვის?

კარგ შემთხვევაში, თუ არ ვიზარმაცე, ჩემი პროცესი ორგვარია და ერთმანეთის პარალელურად ვითარდება.

პირველი: ტექსტს ვკითხულობ რაც შეიძლება ბევრჯერ, გულდასმით ვარჩევ, მაქსიმალურად ვაგროვებ ინფორმაციას ურთიერთობებზე, ისტორიულ კონტექსტზე, პერსონაჟის ფინანსურ, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სულიერ მდგომარეობაზე, მის მიზნებზე, შიშებზე, სურვილებზე ა.შ. ვაკეთებ ანალიზს თითოეული სცენისას და ვქმნი, ასე ვთქვათ, ქმედით “ხაზს”; მეორე: ვმუშაობ საკუთარ თავზე. ეს ბევრად უფრო რთული პროცესია. ზუსტი ციტატა არ მახსოვს, მაგრამ გროტოვსკი წერს, რომ  მსახიობის ყველაზე დიდი წინაღობა, რომ მიიღოს სასურველი შედეგი, არის ის მიზეზი, თუ რატომაც გახდა მსახიობი. ერთი სიტყვით, მსახიობის მტერი თავისივე ეგოიზმი და თავის თავის წარმოჩენის სურვილია. თუ სცენაზე ბოლომდე ცარიელი არ ხარ, მინდობილი და ყურადღებიანი ხარ შენი პარტნიორის მიმართ, თუ ის არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შენ, მაშინ დარწმუნებული იყავი, რომ შენც დაიტანჯები და მაყურებელს კიდევ უფრო დატანჯავ.

ანიჭებ თუ არა უპირატესობას თეატრს ან კინოს?

კი, თეატრს. ვიცი, დღეს ძალიან ცოტა ახალგაზრდას უყვარს თეატრი და ეს გასაგებიც არის, საქართველოში კარგი სპექტაკლი ძალიან იშვიათია. ცუდ კინოს კიდევ აიტანს ადამიანი, მაგრამ ცუდი სპექტაკლი მართლაც ძალიან უხერხული და აუტანელია. ამის მიუხედავად, არის თეატრში რაღაც სულიერი, რაზეც ლაპარაკი ძალიან რთულია. ის აწმყოში იბადება, აწმყოში იფურჩქნება და აწმყოშივე კვდება, მისი განმეორება შეუძლებელია. თეატრი შეხვედრის ადგილია, სადაც ორი ადამიანი, ამ შემთხვევაში მსახიობი და მაყურებელი, თავისი ცხოვრების გარკვეულ მომენტში ერთმანეთს ცოცხლად ხვდება, სადაც არის შესაძლებლობა “რაღაც” დაიბადოს, რაღაც ძალიან მშვენიერი და მისტიკური.  

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე

ფოტოგრაფი: ნატა სოფრომაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.