გააზიარე სტატია

კით ჰარინგის Pop-Shop

1986 წელს ნიუიორკელმა არტისტმა კით ჰარინგმა მანჰეტენზე, ლაფაიეტის ქუჩაზე საკუთარი ნამუშევრების მაღაზია გახსნა, სახელწოდებით Pop-Shop, სადაც ხელოვანის მიერ შექმნილი მაისურები, აქსესუარები, ტანსაცმელი და პატარა ნივთები იყიდებოდა. ჰარინგს სურდა, რომ მაღაზიაში არსებული პროდუქტი ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. კიტის ნამუშევრებთან ერთად იყიდებოდა ჟან-მიშელ ბასკიასა და კენი შარფის შექმნილი ნივთებიც.

ეს მაღაზია კიდევ ერთი ნაბიჯი იყო არტისტის მხრიდან ხელოვნების ყველა სოციალური ფენის ადამიანთან ინტეგრირებისთვის.

კიტი თვლიდა, რომ მისი ხელოვნება ხელმისაწვდომი და გასაგები უნდა ყოფილიყო ყველასთვის, სწორედ ამიტომ, მისი სახელოვნებო გამოხატულების ფორმა პრიმიტიული, თუმც მნიშვნელოვანი მესიჯებით იყო დატვირთული და ძირითად შემთხვევებში იხატებოდა ყველაზე სოციალურ ადგილებში, მეტროებსა და ქუჩაში.

“რომ გამეგრძელებინა ისეთი სახის კომუნიკაცია, რომელსაც მეტროებში ვამყარებდი ადამიანებთან, ამისათვის მინდოდა შემექმნა ისეთი სივრცე, სადაც არა მარტო კოლექციონერები, არამედ ბავშვებიც მოვიდოდნენ ბრონქსიდან.”

“ მე რომ მხოლოდ გალერეებში მქონოდა გამოფენები, ალბათ ფრუსტრირებული ვიქნებოდი.”

1987 წელს პოპ-შოპი ტოკიოშიც გაიხსნა, ორივე ქალაქის – ნიუ-იორკისა და ტოკიოს მაღაზიების სივრცეები კით ჰარინგის მიერ იყო მოხატული, შავ-თეთრი საღებავებით, მაღაზიების ინტერიერები მთლიანად არტისტისთვის დამახასიათებელ ესთეტიკაში იყო შესრულებული.

“კომერციულ პროექტებზე მუშაობამ საშუალება მომცა ჩემი ხელოვნება მილიონობით ადამიანამდე მიმეტანა, რასაც ვერ შევძლებდი იმ შემთხვევაში, თუკი უცნობ არტისტად დავრჩებოდი. ხელოვნების მთავარი მიზანი კომუნიკაცია და კულტურასთან კონტრიბუციაა.”

 

ტოკიოს პოპ-შოპი 1988 წელს დაიხურა, ხოლო ნიუ-იორკის მაღაზია 2005 წელს.

2006 წელს გაიმართა გამოფენა, სახელწოდებით “კით ჰარინგი: ხელოვნება და კომერცია“, რომლის მიზანიც იყო გამოეკვლია პოპ-შოპის ისტორია და მისი კონტექსტი, ხოლო 2009 წელს ტეიტ მოდერნმა კით ჰარინგის პოპ-შოპის ნაწილი წარმოადგინა ორიგინალ პოპ-შოპში ყოფნის გამოცდილების აღდგენის მიზნით. გამოფენის სახელწოდება იყო “პოპ-კულტურა: ხელოვნება მატერიალურ სამყაროში.”

პოპ-შოპის ორიგინალი ჭერი გადაეცა ნიუ-იორკის ისტორიულ საზოგადოებას და წარმოდგენილია შენობის შესასვლელში.

 

ავტორი: ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.