გააზიარე სტატია

ივან პუიგის ჩაძირული სკულპტურები

ივან პუიგი დაიბადა 1975 წელს მექსიკაში – ხალისკოს შტატის ქალაქ გვადალახარაში. არტისტი თანამედროვე ხელოვნების დარგს მიჰყვება და მაყურებელს განსხვავებულსა და უცნაურ ნამუშევრებს სთავაზობს. პუიგი სახელგანთქმულია თავისი ჩაძირული სკულპტურების ინსტალაციებით, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილია „ხელოვნური ზრდა“ და Fed Up.
ინსტალაციების აგების დროს პუიგი ხშირად იყენებს მარტივ, უბრალო ნივთებს, რომლებიც ცალ-ცალკე, არაფრით გამოირჩევიან, თუმცა ერთ ინსტალაციაში შეერთებულნი, უკვე დიდი აზრისა და ფილოსოფიის მქონე ხელოვნების ნიმუშები ხდებიან. ერთობ კომიკურ და სასაცილო ინსტალაციებში რეალურად დიდი ფილოსოფიური აზრი დევს, რომელიც ბევრ მაყურებელს დააფიქრებს. არტისტი იყენებს თავის ნამუშევრებს, რომ მოგვითხროს დღევანდელ სამყაროში დასადგურებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რასაც პუიგი თავისი შემოქმედებით განიხილავს, განათლებაა. არტისტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სტრუქტურას, რომელზეც დაფუძნებულია განათლების სისტემა და რომელზედაც დიდი გავლენა აქვს კონფლიქტებსა და განხეთქილებებს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში. მაგალითად მოვიყვან პუიგის მიწაში ჩაძირული სკამების ინსტალაციას, რომლის კონცეპტუალურ საფუძველს წარმოადგენს განათლება და მისი „ხელოვნური“, მცდარი მხარე ცოდნის მიღების დროს – ის არასწორი ინფორმაცია, რომელსაც მასწავლებელი თავისდაუნებურად აწვდის მოსწავლეს და რომლის ”ჭეშმარიტების” შესახებ ისინი მხოლოდ რამდენიმე წელიწადში იგებენ.მისი შემოქმედების ერთ-ერთი სერია, თავისი ფორმებითა და ვიზუალით, მოგვითხრობს დღევანდელობაში დასადგურებულ სხვადასხვა მნიშვნელობისა და მასშტაბის მქონე პრობლემების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მის ნამუშევრებს ძალიან ხშირად განსხვავებული შინაარსი და მნიშვნელობა აქვს, ყველა მათგანს აერთიანებს არტისტის მთავარი ჩანაფიქრი – ადამიანებს სხვა თვალით დაანახვოს სამყარო დღევანდელობის რთული და მწარე რეალობის შესაცნობად.

პუიგის შემოქმედება ნათლად ასახავს ხელოვნების გარდამავალ, ცვალებად ბუნებას. არტისტს თავადვე სწამს, რომ ხელოვნებას გააჩნია ძალა, ადამიანი დააფიქროს წუთისოფლის შესახებ და ეჭვქვეშ დააყენოს საკუთარი ცოდნა. დახვეწილი, რთული აგებულების და სრულიად გენიალური ნამუშევრები, რომლებიც ერთი შეხედვით ფარული და ამოუცნობია, ნამდვილ სათქმელს უმეტესად სათაურებში მალავენ.
როგორც პუიგი აღნიშნავს, მისთვის მთავარია, რომ მისმა შემოქმედებამ მნახველი გააჩეროს, დააფიქროს და ეჭვი აღუძრას საკუთარი ცოდნის შესახებ. თურმე არტისტის ყველაზე საყვარელი მომენტია, ფიქრებში გართულ, დადუმებულ მაყურებელთა სახეებს საბოლოოდ ღიმილი რომ მოიცავს – როდესაც მათ გონებაში იფეთქებს მისი ინსტალაციის აღქმა… როდესაც ისინი მიაგნებენ ამა თუ იმ ნამუშევრის ნამდვილ მნიშვნელობას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.