გააზიარე სტატია

რიჩარდ სერა და საჯარო ხელოვნება

რიჩარდ სერა მე-20 საუკუნის ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია. მის შემოქმედებაში გაერთიანებულია “აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის” ტექნიკა და “პროცეს არტის” პროცედურული ინტენსივობა. ნამუშევრები მინიმალისტური მონუმენტებია, განსხვავებული და გამორჩეული მოცულობით და მასალით – სერას საყვარელი პატინით (დახვეული, ჟანგისფრად დაფერილი ლითონი). რიჩარდ სერას სკულპტურები გასული საუკუნის სანიმუშო ძეგლებადაა აღიარებული, მათ შორის 1996-97 წლის ნამუშევარი Torqued Ellipses დი:ბეკონის გალერეაში.

სერას მასიური ქანდაკებების წარმოსადგენად მსოფლიო მუზეუმებში გრანდიოზული სივრცეების საჭიროება გაჩნდა. ნიუ-იორკის “მომას” გაფართოებაზე მუშაობა 2006 წელს დასრულდა, იაპონელმა არქიტექტორმა იოშიო ტანიგუჩიმ გაითვალისწინა რიჩარდ სერას ნამუშევრების მასშტაბი და შესაბამისი სივრცე შექმნა. სან-ფრანცისკოს “მომას” დიზაინის განახლებაზე არქიტექტურულმა კომპანიამ სონეტმა იმუშავა და სერას 2006 წლის ნამუშევრისთვის – Sequence სპეციალური, ღია სივრცე გამოყო. ბილბაოს “გუგენჰაიმში” კი უზარმაზარი არეალი დაეთმო სერას რვა კოლოსალურ სკულპტურას, თითქოს ეს ნამუშევრები მუზეუმის არქიტექტორის, ფრენკ გერის შთაგონების წყარო ყოფილიყოს.

თავად სერა კი მუზეუმებს სამგლოვიარო დარბაზებს ამსგავსებდა. არქიტექტურული “გაფართოება” მან ჩვეულებრივ ამბად აღიქვა, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩვენ კი ასე დაჟინებით გვთხოვდა თავის ნამუშევრებში სივრცის ეფექტის გააზრებას.

ფოლადი

რიჩარდ სერა სან-ფრანცისკოში ევროპელ ემგრანტთა, მუშათა კლასის ოჯახში დაიბადა. ის კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში, ინგლისურ ლიტერატურას სწავლობდა და პარალელურად ფოლადის ქარხანაში მუშაობდა. ინდუსტრიულ სფეროში მუშაობის გამოცდილებამ მასზე დიდი გავლენა იქონია და როდესაც საცხოვრებლად სანტა ბარბარაში გადავიდა, ხელოვნების კურსებს დაეუფლა.

1961 წელს რიჩარდ სერა იელში ხელოვნების დარგში აკადემიური ხარისხის მისაღებად ჩავიდა. იქ ის შეუერთდა ახალგაზრდა არტისტთა ჯგუფს (სადაც გაიცნო მისი მომავალი მეუღლე ნენსი გრეივზი) და შეეჭიდა ისეთი ხელოვანების სამუშაო გამოწვევებს, როგორებიც იყვნენ ფილიპ გუსტონი, ედ რეინჰარდტი, რობერტ რაუშენბერგი, ფრანკ სტელა და ჩაკ კლოზე. ნიუ-ჰევენი და ნიუ-იორკი “აბსტრაქტულმა ექსპრესიონიზმმა” მოიცვა, რამაც  დიდი გავლენა იქონია სერას ადრეულ ნამუშევრებზე. მისი სიტყვებით, ეს იყო “პოლოკის და დე კუნინგის კვეთა”. იელის სტიპენდიით მან იმოგზაურა ფლორენციასა და პარიზში. 1966 წელს კი რიჩარდ სერა მანჰეტენში დაბინავდა, სადაც ლეგენდარულ ამერიკელ კომპოზიტორთან, ფილიპ გლასთან და სხვა გამოჩენილ არტისტებთან ერთად დააარსა ავეჯის გადაზიდვის კომპანია.

როდესაც სერამ სხვადასხვა მასალებზე დაიწყო მუშაობა, ის სკულპტურამ გაიტაცა. მან იპოვა თავისი შთაგონების წყარო – ორი რადიკალურად განსხვავებული ხელოვანის, ჯასპერ ჯონსის და ჯექსონ პოლოკის შემოქმედება. რიჩარდ სერამ ჯონსის კომპოზიციის სკულპტურული ასპექტები და პოლოკის ნახატების მოქმედება ერთმანეთთან შეაჯერა, და ქანდაკების ფორმა განსაზღვრა მასალით. 1968 წელს “კასტელის” გალერეაში წარმოდგენა გამართა (სერიიდან Splash) – იატაკსა და კედელს შორის ტყვია გაადნო, გაათხევადა, შემდეგ ტყვია გაშრა და გამაგრდა, ტექსტურიანი სკულპტურა მაშინვე აიღეს საგამოფენო სივრციდან.

1966-67 წლებში სერამ შექმნა გარდამავალი ზმნების სია  (a to-do list), რომელიც გამოქვეყნდა გრეგორი მიულერის წიგნში “ახალი ავანგარდი: 70-იანი წლების ხელოვნების პრობლემები (1972 წელი)”. ამ სიტყვათა უმრავლესობა სერას ქანდაკებების დინამიკას აღწერს. მაგალითად, “აწევა” (to lift) – ასე ჰქვია 1967 წლის ნამუშევარს – რეზინი, რომლის ნაწილიც სწორედ ამ მოქმედების ეფექტს ასახავს. “გაძლიერება” (To prop) – ეს ჟესტი იმ პერიოდის, ფაქტობრივად, ყველა ნამუშევარში იგრძნობა, როგორებიცაა Prop (1968), “1-1-1-1” (1969), “მელნიკოვი” (1987). ისეთი ნიმუშები, რომლებსაც ნაკლებად აქვთ მოქმედების აღმნიშვნელი სათაური, მაგალითად, 2006 წლის შედევრი  “თასმა” (Band), ასახავს ამ სიიდან ბევრ ტერმინს: მოღუნვა (to bend), ათლა (to shave), დინება (to flow), დაკიდება (to suspend), მოგროვება (to gather).

ამ ნამუშევრების გარდაუვალი მიზიდულობა სერას შემოქმედების მთავარი გასაღებია. ბავშვობაში ის ოცნებობდა სან-ფრანცისკოს ყურეში გრანდიოზული გემების მიმოსვლაზე. შესაბამისად, მისი სკულპტურების აგრესიული ალტერ-ეგო, როგორიცაა 2010 წლის ნამუშევარი Blackdoor Pipeline – წარმოდგენილი “ადამიანი მინიმალიზმის” სტილში, შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც მოდერნიზმის სიმძიმეზე ტივტივი.  ნაცვლად იმისა, რომ დააკვირდეთ და დაათვალიეროთ რიჩარდ სერას ნამუშევრები, ის იძულებულს გხდით, ხელახლა გააცნობიეროთ თქვენი ხელოვნების ნიმუშთან ურთიერთობა. ამ პროცესში არა მხოლოდ ხელოვანის ჩართულობაა საჭირო, არამედ ინჟინერების, ფალსიფიკატორების, მშენებლების, კურატორებისა და მნახველების. როგორც სერა ამბობს: “საინტერესოა, ნამუშევარი როგორ ცვლის ადგილს, და არა ავტორი”.

“მოხრილი თაღი” 

თუ გადავხედავთ სერას შემოქმედებას და მის ურთიერთობას სივრცესთან, უნდა გავიხსენოთ ხელოვანის სენსაციური ნამუშევარი “მოხრილი თაღი” (Tilted Arc 1981), რომელმაც მე-20 საუკუნის ხელოვნების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დავა გამოიწვია. სკულპტურა – 12 ფუტი სიმაღლის და 120 ფუტი სიგრძის მოღუნული ფოლადის კედელი – მანჰეტენზე, ჯეკობ ჯევითსის ფედერალური შენობის გასწვრივ, მოედნის გაყოლებაზე განთავსა. ნამუშევრის ინსტალაციას მაშინვე მოჰყვა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან კრიტიკა.

საქმე იმაშია, რომ ქანდაკებამ მოედნის სივრცე ორ ნაწილად გაყო, შექმნა ერთგვარი ბარიერი ფეხით მოსიარულეთათვის. სწორედ ეს იყო რიჩარდის მიზანიც: “ნაბიჯ-ნაბიჯ, არა მხოლოდ სკულპტურის აღქმა, არამედ მთელი გარემოს ცვლილების გააზრება.” სერა იბრძოდა ობიექტის სანქცირების წინააღმდეგ. “ნამუშევრის დეკონსტრუქცია თავისთავად მის განადგურებას გულისხმობს. ის შექმნილია ამ ლოკაციისთვის, თუ კი შევუცვლით ადგილს, ის დაკარგავს ფუნქციას და აზრს, აღარაფერი იქნება, გარდა ფოლადის ნაჭრისა.”

სკულპტურის გარშემო დავა 1985 წლამდე გაგრძელდა, პრობლემის ირგვლივ იმართებოდა იურიდიული და ფილოსოფიური ღია მოსმენები. თუკი საზოგადოების წარმომადგენლები, როგორც გადასახდელების გადამხდელი, ამ ხელოვნების ნიმუშს “ფლობდნენ”, მაშინ რატომ არ უნდა მიეღოთ თავად გადაწყვეტილება, რა ექნათ სკულპტურისთვის? ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება გამოხატვის თავისუფლების შესახებ ეხებოდა თუ არა ხელოვნების ნიმუშს? საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ 180 ადამიანიდან 122-მა ღიად დააფიქსირა თავისი ხმა – შენარჩუნებულიყო სკულპტურა, ხელოვნების ეროვნული ფონდის ჟიურიმ გადაწყვიტა ქმნილების დეკონსტრუქცია. სერას ნამუშევარი “მოხრილი თაღი” (Tilted Arch) სამ ნაწილად დაჭრეს და გაგზავნეს ბრუკლინის სასაწყობე ეზოში.

საზოგადოებრივი ჩარევის პრაქტიკა ხელოვნებაში ხშირია,  მაგალითად, ჯოზეფ ბოისის “სოციალური სკულპტურა”, რომელიც აღწერს ხელოვნების ფართო კონცეპტს, ან უფრო მეტად სადავო – ვენეციის  56-ე ბიენალესთვის შექმნილი კრისტოფერ ბიუხელის “მეჩეთი” (THE MOSQUE 2015). დღეს საზოგადოებას სერას შემოქმედება უყვარს. მის 20-ტონიან, დახვეული ლითონის “ფურცლებსა” და ფილებს ეტრფიან, როგორც კრიტიკოსები და თეორეტიკოსები, ასევე მუზეუმის ყველაზე სკეპტიკური ვიზიტორებიც კი.

 

თარგმანი: გვანცა ფოცხვერია

წყარო: Artsy 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.