გააზიარე სტატია

პასტელური ფილტრი

სალომე დუმბაძე ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. ქმნის როგორც  ტრადიციულ ფერწერულ ნამუშევრებს, ასევე ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა მასალებით სხვადასხვა მედიუმებში.

მის ნამუშევრებში კონკრეტული ობიექტები ცარიელ სივრცეებშია წარმოდგენილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში  რითმული ხაზებით ან მთლიანი ტონალობებითაა დაფარული. სალომე დუმბაძე ასევე ქმნის კოლაბორაციულ ნამუშევრებს ქეუ მეფარიშვილთან ერთად, სახელწოდებით Shram, რომლის ფარგლებშიც არტისტები ინსტალაციებსა და  ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობენ.

წარმოგიდგენთ ინტერვიუს სალომე დუმბაძესთან:

შენი ნამუშევრები ძირითადად პასტელურ ფერებშია შესრულებული და აბსტრაქტულ სიუჟეტებში სხვადასხვა პერსონაჟებს წარმოგვიდგენს, სადაც დროს, სივრცესა და ფერებს მაგიური  ფანტაზიებისკენ მივყავართ, როგორია სიუჟეტებზე მუშაობის პროცესი?

კონკრეტული გამოსახულებები, დეტალები ამეკვიატება ხოლმე, როგორც მომაბეზრებელი მელოდიის მისამღერი, შემდგომ ეს კონკრეტული დეტალები ძირითად აქცენტებად იცვლება და თუ  დროულად არ შევქმენი ნამუშევარი, საშინლად მბეზრდება. ძირითადად სულ განუხორციელებელი ნამუშევრების გადააზრებაში ვარ და განვლილ ეტაპებად მაქვს ჩათვლილი ფიზიკური არსებობის გარეშე.

გაკეთებისას ამ ძირითად დეტალებზე დგას სამუშაო პროცესი, რომელიც ეიფორიას წააგავს; ეტყობა, ტვინი დამცავი მექანიზმივით ჩასაჭიდად კონკრეტულ გამოსახულებებს ტოვებს, ხოლო აბსტრაქტული სივრცეები უფრო ემოციურ რეფლექსებს წააგავს.

ჟელიბონში რომ წარმოიდგინო თავი, რომელიც მედიატორია ფიზიკურ და აბსტრაქტულ შეგრძნებებს და შენ შორის, Bug -ივით შემოაღწევს რამდენიმე კონკრეტული გამოსახულების ერთობლიობა და მანდ გადაღეჭვა იწყება ჟელიბონის, როგორც კომფორტის ზონის უწონადობაში.  

რაც შეეხება პასტელურ ფერებს,  საკუთარი თავის იდენტიფიცირებაა აქტუალურ პოპკულტურასთან  და ბავშვობიდან ჩარჩენილი ფილტრთან.

ცოტა ხნის წინ პატარა გალერეაში, ორგანიზაცია “პროპაგანდას” მხარდაჭერით გაკეთდა შენი პერსონალური გამოფენა “ქვიშაში მოთამაშეთა თვალთვალი,”  სადაც სხვადასხვა მედიუმებში შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინე, შეგიძლია გამოფენის კონცეფციაზე გვესაუბრო?

გამოფენის იდეა წამოვიდა ჩემი მეგობრის, სოფო ბუჯიაშვილის მიერ გადაღებული ფოტოდან, რომელზეც აღბეჭდილია ბათუმის სადგური. ფოტოზე მძაფრად იგრძნობა მარტოობა.

პირველივე ასოციაცია ფოტოდან რაც გამიჩნდა იყო ფიქრი იმაზე- თუ როგორი მნიშვნელოვანია სოციუმში ინტეგრირება. დაკვირვების ობიექტად ავიღე ქვიშაში მოთამაშე ბავშვები. მეთვითონ დამკვირვებელი გავხდი. ქვიშაში თამაში კრავს უხილავ გეომეტრიულ ფიგურას. ქვიშის ფაქტურა სასიამოვნოა, ტონალობა კი  ნდობას იწვევს. თანაც ქვიშაში თამაში დაუცველობით პირდაპირპროპორციულია მოთამაშე ობიექტების დაუცველობისა სოციუმში დამკვიდრებასთან.

გარდა ფერწერული ნამუშევრებისა, მუშაობ ინსტალაციებსა და ტანსაცმლის დიზაინზე, თუმც ამ მიმართულებებშიც მკაფიოა შენი ხელწერა, როგორია ამ მედიუმებში მუშაობის პროცესი?

ვფიქრობ, პირადად მე არ მყოფნის გამოხატვის თავისუფლება ტანსაცმლის დიზაინში და უბრალოდ პირად მოხმარებას ვჯერდები, რაც შეეხება ინსტალაციებს, აქ უფრო თამამად ვგრძნობ თავს და ვაპირებ ინტენსიურ მუშაობას, ახალი მასალებით ცდას. თუმცა ორივე შემთხვევაში კონკრეტულ ობიექტსა თუ ტანსაცმელზე მუშაობა  ერთმანეთს წააგავს.

მოგვიყევი შენი და ქეუ მეფარიშვილის კოლაბორაციაზე Shram?

კოლაბორაცია Shram-ს საფუძველი CCA-ის დამთავრებისას ჩაეყარა, როცა მე და ქეუმ საერთო ნამუშევარი გავაკეთეთ ეკოლოგიის თემატიკაზე.

შევამჩნიეთ, რომ ჩვენი ხედვა სხვადასხვა თემატიკაზე ესთეტიკური თვალსაზრისით  იკვეთებოდა და ერთმანეთს ვავსებდით. მე პირადად ქეუსთან ერთად მუშაობამ თავდაჯერებულობა შემმატა. თან ბევრს ვერთობით, მაშინაც, როცა ჩვენთვის სენსიტიურ თემატიკაზე გვიმუშავია ან ემოციურად რთულ ეტაპზე ვყოფილვართ რომელიმე,  ერთმანეთისთვის ხან მცველების, ხან ნოვატორების როლებს ვცვლიდით, მოგვწონს სხვადასხვა მასალებით თამაში.

ძირითადი აქცენტი ერთად მუშაობის განმავლობაში გენდერის თემატიკაზე დაისვა. ჩვენ კოლაბორაციაში  ორივეს მიდრეკილება გვაქვს ფუტურისტული უტოპიური რომანტიზმისკენ, რაც გამოკვეთილად პროექტ 3016-ში გამოჩნდა.

მომწონს, რომ სრულიად თავისუფლების ფონზე ნამუშევრების შექმნისას საერთო პასუხისმგებლობა იქმნება ხოლმე ერთმანეთის მიმართ.

თბილისის გარდა, რამდენიმე თვით  მუშაობდი Salzburg Summer Academy-სა და  NDSM Treehouse Amsterdam Noord-ში. რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის რეზიდენციებში მიღებული გამოცდილება?

ვფიქრობ, ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეზიდენციებში მიღებული გამოცდილება, რადგან ახალი გარემო მას საშუალებას აძლევს დისტანცირდეს საკუთარ ლოკალურ სივრცეში მიღებული გამოცდილებიდან და იმ ნიშიდან, რომელიც მას იმ ადგილას ჩამოუყალიბდა, სადაც მუშაობს, უცხო სივრცეში მუშაობა კი  საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად დანახვასა და გადააზრებაში ეხმარება.

ქართულ თანამედროვე  სახელოვნებო სივრცეში ახლა საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, რადგან ის გარკვეულწილად, სწორედ ახლა იწყებს განვითარებას, შეგიძლია გვესაუბრო იმ სპეციფიკურ მახასიათებლებზე, რის გამოც ლოკალურ სივრცეში მუშაობა შენთვის სიანტერესოა?

 მრავალთაობიანი გაუგებრობის ფონზე ვითარდება იხვეწება, მომწონს, ერთიანი ცოცხალი ვირუსივით რომ მუსირებს და დიდ საპროტესტო კულტურულ ტალღად მოდის. თავისთავად ჩემთვის ძალიან საინტერესოა ასეთ ფართო დიაპაზონის მქონე კულტურულ-სოციალურ გარემოში მუშაობა, თუმც აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლოკალურ დონეზე მუშაობა და განვითარება საკმაოდ დიდ ენერგიასთან არის დაკავშირებული, ხშირად უცხო თვალით დანახული ეს გარემო გარომანტიკულებულია – რაც ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სივრცე საკუთარი სპეციფიკითა  და დინამიკით საინტერესო ინდივიდუალური მახასიათებლებით გამოირჩევა. ჯერ არ ამოწურულა სულ ახალი, ღირებული ნამუშევრები როგორც ვიზუალურ ხელოვნებაში, ისე მუსიკაში.

რა გაძლევს ყველაზე დიდ შემოქმედებით მუხტს?

დროის უქონლობის შიში. კიდევ სხვა ხელოვანების  ნამუშევრები, ძირითადად მუსიკა. საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ თითქოს მიზეზს ვეძებ ხოლმე რაღაც სიგნალებით გავამართლო საქმე,  რასაც ვაკეთებ, მაგალითად, შეიძლება რაიმე ბლოგბასტერის ყურებისას ჩამრჩეს წარმოთქმული ფრაზა, რომელიც სამომავლოდ მნიშვნელოვანი გახდეს ჩემთვის და ჩემებური ინტერპრეტაცია მიენიჭოს.

კიდევ ადამიანები, ვისთან შეხების წერტილებიც სულერთი არაა.

გვესაუბრე შენს სამომავლო გეგმებზე

მაისში თბილისში TAF იგეგმება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ლოკალური სახელოვნებო სივრცისთვის. TAF-ის  საჯარო პროგრამის ფარგლებში გამართულ ჯგუფურ გამოფენაში მივიღებ მონაწილეობას ლიზა ჟვანიას კურატორობით, რომლის თემატიკაც დროებითი მშვიდობაა, როგორც შემოქმედებითი მედიტაცია. ასევე  იგეგმება რამდენიმე პერსონალური პროექტი.

 

ავტორი: ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.