გააზიარე სტატია

სკეიტბორდი საბჭოთა კავშირში

აღმოსავლეთ ევროპელი სკეიტბორდისტები  ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევიან როგორც სპორტული,  ისე მოდის თვალსაზრისით. თუმცა ხშირად როდესაც სპორტის ამ მიმდინარეობაზე საუბრობენ, ავიწყდებათ საბჭოთა მემკვიდრეობა.

საბჭოთა ქვეყნებში სკეიტბორდის სუბკულტურა 70-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. პირველი სკეიტ-დაფები ხელნაკეთი იყო. ჯერ კიდევ 1978 წელს თინეიჯერების საყვარელ ჟურნალში – “ახალგაზრდა ტექნიკოსში” (Юный Техник) გამოქვეყნდა სკეიტბორდის სახლის პირობებში დამზადების სქემა. სხვადასხვა მედიაგამოცემები დასავლეთიდან შემოსულ ტრენდულ სპორტზე სტატიებს წერდნენ. სკეიტბორდს იმდროინდელი მასმედია “გორგოლაჭიან სკუტერს” ან “ქვაფენილის სერფინგს” უწოდებდა.

მალე საბჭოთა ქარხნებმა სამხედრო ინვენტართან ერთად სკეიტბორდის წარმოებაც დაიწყეს. ესტონური “რულა”, ლატვიური “რიპა”, რუსული “სტარტი” და უკრაინული “ვირაჟი” – ამ სახელწოდებების მქონე სკეიტბორდები საბჭოთა სივრცეში ძალიან პოპულარული იყო, თუმცა იშვიათი და საკმაოდ ძვირად ღირებული. ამიტომ, დასავლეთში წარმოებული სკეიტ-დაფები საუკეთესო საჩუქრად ითვლებოდა სოციალისტური ქვეყნების მკვიდრთათვის.

“პერესტროიკის” შემდეგ სკეიტბორდი საბჭოთა პოპკულტურის ნაწილი გახდა. კინემატოგრაფებისთვის სპორტის ეს დარგი მიმზიდველი აღმოჩნდა. 1986 წელს გამოვიდა საბჭოთა ფილმი – “კურიერი”, სადაც მთავარი გმირი მეგობართან ერთად სკეიტბორდით მოსკოვის ქუჩებში დასეირნობს. ფილმისთვის “პრიმორსკის ბულვარი” სპეციალური კასტინგიც კი გაიმართა, საბჭოთა კავშირის ენთუზიასტ სკეიტბორდისტებს საშუალება მიეცათ თავიანთი შესაძლებლობები ეჩვენებინათ ფართო საზოგადოებისთვის. კომედიური ჟანრის ფილმი მაყურებელმა 1988 წელს იხილა.

საბჭოთა სკეიტ-კულტურაზე დიდი გავლენა იქონია უცხოურმა კინოხელოვნებამ. ახალგაზრდებისთვის საკულტო ფილმად იქცა 1989 წლის ამერიკული ბლოკბასტერი “შეუძლებლის მიღწევა” (Gleaming the Cube), სადაც მთავარ როლს კრისტიან სლეიტერი ასრულებს. ასევე, 1986 წლის ფილმი “შეტაკება” (Thrashin) ჯოშ ბროლინის მონაწილეობით.

ქუჩის სპორტი საცირკო წარმოდგენებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საბჭოთა შაპიტოებში ჯამბაზების და ველოსიპედით მოსიარულე დათვების გარდა, მაყურებლები ანატოლ კალინინის სკეიტ-ნომრის სანახავად დადიოდნენ, რომელიც დიდი ანშლაგით ტარდებოდა.

 

საცირკო წარმოდგენის პარალელურად სკეიტბორდისტი პიონერები ქუჩებში ცდილობდნენ სპორტული უნარების დახვეწას. მაშინ ყველაზე პოპულარული სასრიალო სტილი სლალომი იყო – სპეციალური სანიშნების ირგვლივ დამრეც ადგილას სრიალი. იმ პერიოდში მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ სხვადასხვა ილეთების შესასრულებლად შეეძლოთ საგზაო ობიექტების, ქუჩის სკამების, რელსების და კიბის საფეხურების გამოყენება.

minsk8.com-თან ინტერვიუში ლეგენდარული სკეიტბორდისტი ედიკ სედოი (ედიკ ჭაღარა) იხსენებს: “1979 წელს ჟურნალში Modelist – Engineer დაიბეჭდა სტატია, სადაც ნაჩვენები იყო სკეიტბორდის დამზადების ტექნიკა სახლის პირობებში. სულ მალე კი ქალაქის ქუჩებში სკეიტბორდისტები გამოჩნდნენ. მაშინ გადავწყვიტე ფულის შეგროვება და საკუთარი დაფის ყიდვა. დანარჩენი  ყველაფერი კი პრაქტიკასთან ერთად ვისწავლე – გამართულად დგომა, წონასწორობის დაცვა და მოძრაობა.”

80-იანი წლების დასაწყისში სპორტის ამ დარგმა მთელი საბჭოთა კავშირი მოიცვა. კამჩატკის, რიგის, კრიმის თუ ლენინგრადის ქუჩები, პარკები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები “სკეიტით” გატაცებული ახალგაზრდებით იყო სავსე. როგორც მოსკოველი სკეიტბორდისტები იხსენებენ, ხშირად ზამთარში ოლიმპიური სტადიონის სარდაფსაც კი სტუმრობდნენ და იქაურ სივრცეს ითვისებდნენ. 80-იანი წლების შუაში ესტონეთსა და ლატვიაში რამდენიმე შეჯიბრი ჩატარდა. 1991 წლის სექტემბერში, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში, სარატოვში სოციალისტურ ქვეყნებს შორის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობდა 130 სკეიტბორდისტი.  ტურნირი საკმაოდ შთამბეჭდავი და მასშტაბური იყო. სწორედ ამის მერე სარატოვი სსრკ-ს არაოფიციალური სასპორტო დედაქალაქი გახდა.

საბჭოთა სკეიტბორდს ხშირად შეუსაბამოს უწოდებენ თანამედროვე სკეიტ-კულტურასთან, განსხვავებული სასრიალო ტექნიკის გამო. ამჟამინდელი რუსი სკეიტბორდისტების სტილი უფრო მეტად მსგავსია კალიფორნიელი პიონერების სტილთან. თუმცა, როგორც ამ საქმის ოსტატთა ნაწილი ამბობს, ორივე მიმდინარეობის საფუძველი მნიშვნელოვანია.

გლებ ბეტსიოვსკი მინსკში სკეიტბორდის მაღაზიის –  “დამანგრევლის” (the Destoyer) მფლობელია. სულ ახლახან გადაწყვიტა მაღაზიასთან ერთად მუზეუმის მოწყობა, სადაც დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ საბჭოთა სკეიდბორდები. ექსპოზიცია ქვეყნის გარეთაც გააქვს. “დრო გადის და უფრო და უფრო იშვიათად თუ შეგხვდებათ საბჭოთა დაფები. მუზეუმის გაკეთების იდეა სულ ცოტა ხნის წინ გამიჩნდა. ვფიქრობ, სკეიტ-რეტროსპექტივა ყველა თაობისთვის საინტერესოა,” – ამბობს ბეტსიოვსკი.

 

 

ავტორი: საშა რასპონინა

თარგმანი:  გვანცა ფოცხვერია

წყარო: The Calvert Journal 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.