გააზიარე სტატია

ცნობადობა, ნარცისიზმი და ფსიქოდრამა

ორი დიდი ძალა ამოძრავებს თანამედროვე სამყაროს: ცნობადობა და ნარცისიზმი.

ინდივიდუალიზაციის ეპოქაში ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ საკუთარი თავის წარმოჩენა და გაყიდვა ხდება. არა თუ ჩვენ, არამედ ბრენდებიც კი უზარმაზარ რისკებზე მიდიან სარეკლამო კამპანიების, კომუნიკაციების სტრატეგიების, ახალი იდენტობების შექმნის სახით. ჩვენ მსგავსად, ყველა ბრენდის მესიჯიც იგივეა, ისინი მხოლოდ საკუთარი თავისკენ მოგვიწოდებენ.

ეს ორი ძლიერი სოციალური მოვლენა ჩვენთანაც უკვე აქტიურად იკიდებს ფეხს. 2000-იანი წლებიდან ჩვენ ნელ-ნელა ვხდებით სოციალური ქსელების მომხმარებლები. დღეს კი უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ვინ ხართ: დიზაინერი, მზარეული თუ ოფისმენეჯერი, თქვენი უპირველესი და მთავარი ამოცანა თქვენი ვირტუალური ორეულის დამზადება, თქვენი ციფრული ტყუპისცალის შექმნაა.

საინტერესოა ვიცოდეთ ცოტა რამ ციფრული ორეულის შესახებ. პირველად, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, რომაელი მეცნიერი და ფილოსოფოსი ციცერონი ხმარობს ტერმინს – “ალტერ ეგო” (სხვა მე). ის ალტერ ეგოს ადამიანის მიერ გამოგონილ და შექმნილ იდენტობას უწოდებს, რომელიც მისთვის “კარგი მეგობარივით” ან “სანდო ადამიანივითაა”. გაივლის დრო და ფსიქოანალიზი ხელახლა წამოსწევს წინ ალტერ ეგოს საკითხს, როგორც პიროვნული ნარატივის აგების საშუალებას. ალტერ ეგო ჩვენი გამოგონილია პერსონაჟია, რომელიც ოცნების, წარმოსახვის, ფანტაზიის გზით ხდება ისეთი, როგორიც გვინდა, რომ ვიყოთ, მაგრამ არ ვართ. მეორე მხრივ, ალტერ ეგო შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილი იყოს, როგორც კეთილის და ბოროტის დაპირისპირება.

რა საერთო აქვს ამ ყველაფერს ციფრულ ორეულთან? ციფრული ორეულიც ალტერ ეგოს ფორმაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ის ჩვენი ზუსტი ასლია. თვითგამოხატვის ტრადიციული ფორმები, რეალობაში ჩართვისკენ გვიბიძგებდნენ, ისინი მოითხოვდნენ ჩვენგან გარისკვას და მოქმედებას, სწორედ ამ გზით იცვლებოდა ადამიანი, რაც იყო კიდეც ჩვენი ნარატივიც და თავგადასავალიც. ეს ყველაფერი წარსული ხდება. დღეს საკმარისია უნიკალური ვირტუალური იდენტობის შექმნა. ჩვენი ფსიქოდრამაც ჩვენივე ორეულებად ქცევა, მათთან ყველანაირი ზღვრის მოშლაა. ამ მდგომარეობას კარგად აღწერს იაპონური ანიმე Perfect Blue, რომელშიც ახალგაზრდა გოგონას მთელი ანიმაციის განმავლობაში, საკუთარი თავისგან შექმნილი უნიკალური მედიაორეული, მოსაკლავად დასდევს.

სწორედ Perfect Blue-ს მაგალითზე ჩანს კარგად, თუ როგორ შეიძლება იქცეს ალტერ-ეგო ნარცისულ სტრატეგიად, ან უნებლიე დანაშაულად. ფრანგი სოციოლოგი, ჟან ბოდრიარი, აღნიშნავდა, რომ დაგეგმილი ნარცისიზმი, ზოგადად ნარცისიზმის ახალი ფორმაა. ასეთ დროს, ადამიანი წინასწარ ქმნის საკუთარ იმიჯს, ზრუნავს მასზე, როგორც ტყუპზე და მასთან ინცესტურ დამოკიდებულებაში იმყოფება. ეს არის ის, რაც სოციალური ქსელების უკან იმალება. ჩვენი ყოველდღიურობის მიღმა, ჩვენ ჩვენივე ტყუპებით ვართ გატაცებულები, ვაქცევთ მათ საკუთარი თავის უნიკალურ, ვირტუალურ ვერსიებად, და ვუთმობთ მას დიდ დროსა და ენერგიას, თან ისე, რომ ეს არც გვაწუხებს. იდენტობის გაყოფის ნაცვლად, ჩვენ ორი იდენტობის გაერთიანებას განვიცდით, ისინი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განუსხვავებლები ჩანან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ გავმიჯნავთ საკუთარ თავებს ჩვენივე ციფრული ორეულებისგან. ეს კი უკვე ჰიპერრეალური მდგომარეობაა – როდესაც ვირტუალური და რეალური განუსხვავებელი ხდება.

ეს მდგომარეობა სრულიად ახალ და საინტერესო ფსიქოდრამას აჩენს, რომელშიც ორმაგი თამაში გვიწევს. ერთი მხრივ, ყველანი ნარცისები ვხდებით, რადგან ვირტუალურ თვითრეპრეზენტაციას ალტერნატივა არ გააჩნია, მეორე მხრივ, ჩვენ ისევ სოციალურ არსებებად უნდა დავრჩეთ, შევხვდეთ ერთმანეთს, გავცვალოთ ინფორმაცია, გავიზიაროთ პასუხისმგებლობა, ვაშენოთ რეალობა, მაგრამ რისთვის? ყველა მოვლენის ციფრულ ორეულში რეინვესტირებისთვის? მათი ხელახალი “კოპირებისთვის”?

მწერალმა და დიზაინერმა ჩარლი მაგეემ ჩვენს ერას წარმოსახვის ერა უწოდა. ამავე სახელწოდების ესსეში მაგეე წერდა, რომ ჩვენი ცივილიზაციის წარმატება დამყარებული იყო ინფორმაციის ცოდნასა და შემოქმედებითად თარგმნაზე. მოგვიანებით ტერმინს დიდი პოპულარიზაცია გაუწია ფილოსოფოსმა და მწერალმა რიტა ჯეი კინგმა წიგნში „ახალი გლობალური კულტურის აღმოცენება წარმოსახვის ეპოქაში“. მართლაც, ის, რაც დღეს სახეზე გვაქვს, წარმოსახვის უპირატესობაა ყველა რეალობაზე, თავად ინფორმაციაზეც კი. როგორი იქნება წარმოსახვის ეპოქის სოციალური ფორმები? ეკუთვნის თუ არა მომავალი ჩვენს უკვდავ, ციფრულ ორეულებს? შექმნიან თუ არა ისინი სრულიად ახალი კომუნიკაციის ტიპს? და ბოლოს, რამდენად იქნება ასეთ სამყაროში ჩვენი ადგილი? ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემაც მომავალში მოგვიწევს, მანამდე კი ერთი რამ ნათელი ხდება, ციფრული ორეულის შენება შეუქცევადი და გარდაუვალი პროცესი ხდება, რაც სრულიად ახალი ცხოვრების ტიპის თანამონაწილეებს გვხდის. ეს არის არა ჩვენი, არამედ ჩვენი ორეულების ცხოვრება, ჩვენ კი ამ უცნაური მოვლენის დამკვირვებლები ვხდებით ტექნოლოგიების საშუალებით – ეკრანებსა და მონიტორებზე ვიწყებთ ჩვენივე ცხოვრებებისთვის თვალის მიდევნებას.

ავტორი: დათო კოროშინაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.