გააზიარე სტატია

საქართველოს სსრ სახალხო მიღწევათა საგამოფენო კომპლექსი – VDNKH

დიდუბის საგამოფენო კომპლექსის, ანუ VDNKH-ას მშენებლობა 60-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა საგამოფენო კომპლექსი (დღევანდელი ექსპო ჯორჯია) 1961 წელს გაიხსნა. მისი დანიშნულება მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების დემონსტრირება იყო. კომპლექსის მთავარი არქიტექტორი ლევან მამალაძეა. ლევან მამალაძემ ამ პროექტზე სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა და ყველა გადაწყვეტილების მიღება თუ მშენებლობის წამოწყება მისი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა.

VDNKH – როგორც ყველა არქიტექტურული ნიმუში, კარგად ასახავს საკუთარი პერიოდის სიმბოლიკას, რადგან არქიტექტურაში ყოველთვის მკაფიოდ გამოიხატება ეპოქისთვის დამახასიათებელი ნიშნები.

საბჭოთა კავშირის დაარსებიდან გასულია 40-45 წელიწადი, ამ პერიოდში საბჭოთა კავშირმა უკვე გამოკვეთა ოთხი სხვადასხვა არქიტექტურული სტილი, ლენინის დროინდელი კონსტრუქტივიზმი, რომელიც 30-იანი წლების ბოლოს აიკრძალა და ჩანაცვლდა სტალინური ამპირით, რომელიც აქტუალურად 50-იანი წლების ბოლომდე რჩებოდა, თუმცა სტალინის გარდაცვალების შემდეგ ეს ტენდეციაც ნელ-ნელა გაქრა. გარდა ამისა გამოჩნდა საბჭოთა კავშირის ახალი მმართველი – ხრუშჩოვი, რომელსაც თავისი იდეები და ხედვა გააჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო არქიტექტურა.

VDNKH-ას არქიტექტურა საბჭოთა მოდერნიზმისა და 60-იანი წლების არქიტექტურის სინთეზია, სხვაობა მკაფიოა მის პირველ და დანარჩენ პავილიონებს შორის. 60-იან წლებში აშენებული პავილიონები შედარებით გათავისუფლებულია სიმეტრიისა და იმპერიული ატრიბუტებისაგან, გამოირჩევა მინის გამჭირვალე ფასადებით, სადაც ზღვარი გარე და შიდა სივრცეებს შორის თითქმის წაშლილია. კომპლექსის გენგეგმა მკაფიოდ ასახავს დამკვიდრებული არქიტექტურული ტენდენციიდან დისტანცირების მცდელობასა და სიმეტრიისგან გათავისუფლებას, მისი შედარებით უფრო თავისუფალი ფორმებით ჩანაცვლებას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ პავილიონში მკაფიოა სტალინისტური არქიტექტურის ნიშნები, ხოლო შემდეგი პავილიონები – ორანჟერეა, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პავილიონების გადაწყვეტა სადა და თანამედროვეა, მეორე, მესამე, მეშვიდე,მერვე და მეცხრე პავილიონები ერთ სტილისტიკაშია შესრულებული და მარტივი ფორმებით აკმაყოფილებს საგამოფენო სივრცეების მოთხოვნებს.

ქართულ არქიტექტურაში VDNKH სტალინისტური დეკორისგან განთავისუფლების ერთ- ერთი პირველი მაგალითია, თუმცა საგამოფენო კომპლექსში მრავლად გვხდება დეკორატიული პანოები, რაც საბჭოთა არქიტექტურის მკვეთრი მახასიათებელია, აქვე უნდა აღინიშნოს ის ლოკაცია, სადაც თავად პავილიონებია განლაგებული, ამ ტერიტორიაზე მრავალი გამწვანებაა და დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან სარეკრეაციო პუნქტად რჩება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.