გააზიარე სტატია

ვივიენ ვესტვუდი: პანკი, ახალი რომანტიკა და არა მხოლოდ

ვივიენ ვესტვუდი, მალკოლმ მაკლარენთან ერთად, ყოველთვის იქნება ცნობილი პანკის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის. იმის მიუხედავად, რომ ვესტვუდისა და  მისი პარტნიორის, მალკოლმ მაკლარენის გზები 30 წლის წინ გაიყარა, მან შექმნა საკუთარი, ინდივიდუალური, მეამბოხე ესთეტიკა. პროვოკაციულობისა და ტრადიციისადმი პატივისცემის შერწყმა ვესტვუდის ხელწერაა, რომელიც თვალსაჩინოდ ჩანს მისი კოლექციის საკვანძო ნაწილებში: მაისურებზე პროვოკაციული, თავხედური წარწერებიდან დაწყებული, მდიდრული, ელეგანტური სამეჯლისო კაბებით დასრულებული.

„ვცდილობდი ადამიანებში ახლებური, დამოუკიდებელი აზროვნების სურვილი გამომეწვია,  შებოჭილობისა და შეზღუდულობისგან თავის დასაღწევად,“ – ამბობს ვივიენ ვესტვუდი.

პანკის წლები

ვივიენ ვესტვუდი დაიბადა 1941 წელს დერბშირის საგრაფოს სოფელში, ქარხნის მუშისა და მკერავის ოჯახში. თინეიჯერობის პერიოდში ის ოჯახთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაწყებითი სკოლის პედაგოგის პროფესიას ეუფლებოდა. პირველ ქმართან განშორების შემდეგ, იგი შეხვდა მხატვარ სტუდენტს, მალკოლმ მაკლარენს, რომელიც დაეხმარა ვივიენს მისი იდეალისტური ნატურის გამოხატვასა და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებაში.

ვესტვუდმა და მაკლარენმა  უარყვეს 60-იანი წლების ბოლოს მოდური ჰიპური ეთოსი და შექმნეს სამოსი, რომელიც უკავშირდებოდა ახალგაზრდული კულტურის უახლეს წარსულს. ჩელსიში, ქინგს როუდის 430-ში, მათ გახსნეს თავიანთი პირველი მაღაზია, სადაც   ყიდდნენ “როკენროლურ” ტანსაცმელს. 1974 წელს მაღაზიამ, სახელის ცვლილებასთან ერთად, სკანდალური და ცნობილი რეპუტაციაც შეიძინა: ბუტიკს ეწოდა SEX. ვესტვუდი და მაკლარენი ქმნიდნენ ფეტიშისტურ სამოსს, რომელსაც ძირითადად სექს-მუშაკები, არასტანდარტული სექსუალური გემოვნების ადამიანები და ახალგაზრდა პროტო-პანკები იძენდნენ. ეს ხალხი საკმარისად თამამი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ასე გამომწვევად ჩაცმულს ქუჩაში ევლო. წყვილს მოსწონდა ხალხის შოკირება და ის  ამზადებდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, რომელიც მიანიშნებდა არასტანდარტულ სექსუალურ პრაქტიკაზე. მათ შორის, ლატექსის კაბებსა და წვეტიანი რკინებით შემკულ ქუსლიან ფეხსაცმელს.

1976 წელს ბუტიკის კონცეფცია და სახელი შიცვალა – Seditonaries: Clothes for Heroes.  ახალი კოლექცია ისეთივე რისკიანი და პროვოკაციული იყო, როგორც SEX-ის დროს გამოშვებული სამოსი. კოლექციაში შედიოდა ბონდაჟიანი შარვლები, სამხედრო ატრიბუტიკა. მოტოციკლისტების ტყავის სამოსი და ფეტიშისტური ტანსაცმელი. კოლექცია შეიცავდა შემდეგ ელემენტებსაც: ელვა-შესაკრავებს შარვალზე, Bum Flap-ს და Hobble ქამრებს. ყველა დეტალი გამოხატავდა მოდის ახალ, „დახეულ “ და “იაფფასიან”  მიმდინარეობას. ისინი იყენებდნენ დავარდნილ ქსოვილს, მოჰერის ჯემპრებს, „დახეულ“ კაბებს და „ზედა“ სამოსს, შემკულს რკინის ჯაჭვებითა და ინგლისური ქინძისთავებით.

ეს ტანსაცმელი  ცნობილი იყო გამომწვევი გრაფიკითაც.  „ნახმარ“ მაისურებსა და მუსლინის ბლუზებზე  გამოსახული იყო პროვოკაციული გამოსახულებები,  მათ შორის, სვასტიკა, დედოფალი ინგლისური ქინძისთავით ტუჩზე, მაისურზე  დაბეჭდილი შიშველი მკერდი, „პორნო-კოვბოები“ და ა.შ.

ბრენდის შემდგომი მაისურები ვესტვუდის გემოვნების  შესაბამისად ვითარდებოდა. გამჭვირვალე მაისურები, როდესაც შემოსილი სხეული „გახდილი“ რჩებოდა, უფრო თავხედური იყო, ვიდრე აგრესიული. ბრენდის თითქმის მთლიანი პროდუქცია  ეცვათ პანკ ჯგუფ Sex Pistols-ის წევრებს, რომელიც შექმნა მაკლარენმა, როდესაც იგრძნო ახალგაზრდული კულტურის მზადყოფნა პროტესტზე დაფუძნებული მუსიკისთვის.

ახალი აუტსაიდერები

Sex Pistol-ის დაშლამ და პანკის სუბკულტურიდან მასობრივ ასპარეზზე გადასვლამ ცუდი გავლენა იქონია ვესტვუდზე. მე-40 იუბილეს მოახლოებასთან ერთად, ვესტვუდი დაინტერესდა „მაღალი კულტურით“ და დამკვიდრებული ტენდენციების შესაცვლელად უფრო დახვეწილ ხერხებს მიმართა. ვესტვუდი  და მაკლარენი პოდიუმზე პირველად წარდგნენ კოლექციით, სახელად Pirate, (შემოდგომა/ზამთარი 1981). ამ სამოსმა მოდის სამყაროში შექმნა მეკობრეების, ყაჩაღებისა და დენდების სტილის ეპოქა. კოლექციის სახელი შეირჩა წარსულში აქტუალური ფერებისა და იდეების „მოპარვით“. კოლექციაში შედიოდა აფრიკული შაბლონით დამზადებული ჟაკეტები და ლენტები, „თავისუფალი“, ზოლიანი მეკობრის შარვლები და ფართხუნა მაისურები შემოხვეული ლენტით. ვესტვუდის ინტერესმა მე-17–18 საუკუნის მხატვრობის სილუეტებისა და პორტრეტების მიმართ, ნაწილობრივ, საფუძველი  ჩაუყარა „ახალი რომანტიკის“ ჩაცმულობის სტილს, რომელიც ძალიან გავლენიანი და პოპულარული გახდა ამ ჟანრის ცნობილი მუსიკოსების დამსახურებით.

ახალ კოლექციებში მაკლარენის გავლენა მცირდებოდა, ხელწერა კი ქრებოდა. ვივიენი შთაგონების წყაროს ჟურნალ National Geogrphic- ში  წარმოდგენილ ეთნიკურ სახეებში პოულობდა. კოლექცია Buffalo Girls/Nostalgia of Mud (შემოდგომა/ზამთარი 1982) ყველაზე გავლენიანად ითვლება.  ეს ნამუშევარი ხაზს უსვამდა, რომ „ჩვენი კულტურის ფესვები უძველესი ცივილიზაციებიდან იღებს სათავეს“. კოლექცია შეიქმნა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის  ეთნიკური კულტურისა და ისტორიული სამოსის გავლენით. განსაკუთრებით, პერუელი ხალხის ტრადიციული გრძელი ქვედაბოლოებისა და თავსაბურავების შთაგონებით. ფორმალური სამოსის ერაში ვესტვუდის კოლექცია წარმოადგენდა მუქ,  ტალახისფერ ტანსაცმელს, ფაქიზი სილუეტით: დახეული ქვედაბოლოები, შალის კაბები მართი სახელოებით, ცხვრის ტყავისგან დამზადებული ჟაკეტები და ქუდები. ამავდროულად, ეს კოლექცია იყო პირველი, რომელმაც საცვალი ზედა სამოსად გამოიყენა – 50-იანების სტილის ატლასის ლიფებს მოდელები კაბაზე ზემოდან იცვამდნენ.

Buffalo Girls-ის შემდგომი კოლექცია  Punkature მსოფლიომ 1982 წლის შემოდგომაზე იხილა, სწორედ მაშინ, როდესაც მაკლარენისა და ვესტვუდის გზები გაიყარა. კოლექციაში გვხვდება „ღარიბი“, „დაუდევარი“, ამერიკული სოფლებისთვის დამახასიათებელი სტილის  სამოსი. ვესტვუდი ამ სამუშაო პროცესს გარდამტეხად აფასებს – პირველი გამოცდილება, როდესაც იგი საკუთარ თავს აღიქვამდა დიზაინერად და არა მალკოლმის იდეების შემსრულებლად. მათი უკანასკნელი კოლაბორაცია შედგა კოლექციით  Witches (შემოდგომა/ზამთარი 1983). ჰაიტელი ვუდუების გამოსახულებით შთაგონებულმა კოლექციამ ჯადოსნური, ეზოთერიკული ხელწერა შეიძინა ნიუორკელი გრაფიტის არტისტის, კეიტ ჰარინგის ნამუშევრების სამოსზე გადატანით. კოლექციაში აგრეთვე იყო ზედმეტად დიდი ზომის სამოსი.

მისი ახალი ბიზნეს პარტნიორის, იტალიელი მოდური პუბლიცისტის, კარლო დამარიოს მხარდაჭერით, ვესტვუდი თანდათან გათავისუფლდა მაკლარენთან მისთვის საზიანოდ ქცეული ბიზნეს ურთიერთობისგან და დამოუკიდებლად გააგრძელა კოლექციების შექმნა. ვესტვუდის რეპუტაციის ზრდა საერთაშორისო ასპარეზზე განამტკიცა მისმა შემდეგმა კოლექციამ – Hypnos (გაზაფხული/ზაფხული 1984). ეს კოლექცია სპორტული სამოსის ქსოვილით იყო შეკერილი და  ტოკიოში, ხუთ საუკეთესო მოდურ დაჯილდოვებაზე წარადგინეს. Hypnos-ის მთავარი ხელწერა Bodysuit იყო. პროფესიონალი ფეხბურთელების ფორმებზე დაფუძნებული პროვოკაციული „ფართო მაისური“ გახდა პოპულარული კლუბური სამოსი ლონდონელ ჰომოსექსუალებს შორის.

წარსულში დაბრუნება

Mini-Crini-ს კოლექციას (გაზაფხული/ზაფხული 1985) ვესტვუდი კარდინალურ ცვლილებად აფასებს. მან მიზანმიმართულად დასვა  აქცენტი ისტორიული იდეების გადაფასებაზე. კოლექციაში იყო წარმოდგენილი მოკლე, „ზარის ფორმის“ ქვედაბოლოები – მორიგი სექსუალური ტანსაცმელი, რომელიც აერთიანებდა ახალგაზრდულ კაბას ვიქტორიანული ეპოქის შემოკლებულ კრინოლინთან. 80-იანებში შექმნილი სხვა გავლენიანი ნამუშევრებიდან შეიძლება გამოიყოს კორსეტი, როგორც გარე/ზედა სამოსი და ჟაკეტები Harris Tweeted-დან. (შემოდგომა/ზამთარი 1987).

Time Machine-სთვის  ვესტუდმა საოცარი სიზუსტით აღადგინა ტრადიციული ინგლისური სამოსის, მაგალითად, Norfolk-ის კოსტიუმი. ამ კოლექციაში აგრეთვე იყო  ლითონით შექმნილი ჟაკეტები და კორსეტები, რომლებსაც სახელოები ეხსნებოდა. ეს სამოსი შუასაუკუნეების აბჯრით იყო შთაგონებული. 80-იანების ბოლო კოლექცია – Voyahe to Cythera ( შემოდგომა/ზამთარი 1989)  ნამდვილი საჩუქარი იყო ტაბლოიდური პრესისთვის – მოდელები ქვედაბოლოს გარეშე, სქელი თეთრი „კოლგოტებით“ პოზირებდნენ, რომლებზეც „სტრატეგიულ ადგილას“ ლეღვის ფოთოლი იყო გამოსახული.

90-იანების დასაწყისში გამოვიდა კოლექცია Cut, Slash and Pull
(გაზაფხული/ზაფხული 1991), რომელიც ტუიდორების პორტრეტებით იყო შთაგონებული. კოლექციაში წარმოდგენილი იყო კაბები ვუალით, გათანამედროვებული აბრეშუმის შარვლები, შემკული ხელოვნური ბეწვით, რომელიც აცვიათ კორსაჟთან და გრძელ ხელთათმანებთან ერთად.

ვესტვუდს ხშირად აფასებდნენ, როგორც „არაკომერციულს“, თუმცა მას ეს არ ადარდებდა. მით უმეტეს, მის ოსტატობას  მოდის ინდუსტრია აღიარებდა. 1990 და 1991 წლებში მან ზედიზედ ორჯერ მიიღო ქალის ტანსაცმლის საუკეთესო დიზაინერის წოდება „ბრიტანეთის მოდის საბჭოსგან“. ვესტვუდის იდეები ხშირად მასობრივ კულტურაში რეალიზდებოდა, რის შედეგადაც, მან სოლიდური თანხის მოპოვება შეძლო არა მხოლოდ ლონდონის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. 1992 წელს მას მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი. 90-იან წლებში ვესტვუდი ერთდროულად გადასცემდა ცოდნას, ქმნიდა ახალ პროფესიულ ურთიერთობებს და თავის კოლექციებში  გამოხატავდა ელეგანტურობის ახალ ფორმას, რითაც გმობდა თანამედროვე მოდაში არსებულ „ბინძურ დაუდევრობას“.

ვესტვუდი კონცენტრირდა ჩაცმულობის ცვლილებაზე ისტორიულ პერსპექტივაში ლა-მანშის სრუტის  გასწვრივ. ის აერთიანებდა ინგლისურ სამკერვალო ტრადიციასა და მსუბუქ შარმს ფრანგული დიზაინის სოლიდურობასა და პროპორციულობასთან. 1993-99 წლებში მან შექმნა რამდენიმე შთამბეჭდავი წარსულის რეინტერპრეტაცია, მათ შორის, შოტლანდიური კუბოკრული გამოსახულებები Anglomania-ში  (შემოდგომა/ზამთარი 1993), ტურნურები Café Society-ში (გაზაფხული/ზაფხული 1994) და მასიური ბეწვის კაბები Les Femmes ne connaissant pas toute leur coquetterie-ში (გაზაფხული/ზაფხული 1996), რომლებიც შთაგონებული იყო ფრანგი, როკოკოს ეპოქის მხატვრის, ჟან-ანტუან ვატოს ნამუშევრებში გამოსახული სამოსით.

იმპერიის ეპოქა

ახალ ათასწლეულში ვესტვუდმა შექმნა უკიდეგანოდ პოპულარული ბრენდი, რომელსაც აქვს  მაღაზიების ქსელი მთელ მსოფლიოში. აგრეთვე, დამოუკიდებელი აქსესუარების, პარფიუმისა და მოდის ხაზი.

მსოფლიოს მთავარ მუზეუმებში არაერთხელ ჩატარებულა ვესტვუდის ნამუშევრების გამოფენები. იგი  სისტემატურად ქმნის კოლექციებს და ამასთან იგი აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო სექტორის საქმიანობაში – გლობალური დათბობის, სამოქალაქო თავისუფლებებისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე.  2016 წლის მარტში ვესტვუდმა გადასცა Gold Label-ის მართვის სადავეები მის მეუღლეს, ანდრეას კრონტჰალერს, ვისთან ერთადაც იგი წლების განმავლობაში მუშაობდა. ისინი აგრძელებენ ერთად კოლექციების შექმნას,  თუმცა Gold Label-ს დღეს ოფიციალურად ჰქვია „ანდრეას კრონტჰალერი ვივიენ ვესტვუდისთვის“. 2006 წელს მას დამის (Dame, ტიტული ბრიტანეთის სამეფო კარზე) ტიტული მიენიჭა.

 

თარგმანი: გიორგი ანდრონიკაშვილი

წყარო: V & A


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.