მოგონებები მაისზე


გააზიარე სტატია

ავტორები: რეზი ხუნწელია, ოთარ ბურკიაშვილი

 

„დაკვრის დროს ჩემთან ერთი გოგო მოვიდა და მითხრა, რომ რეიდი დაიწყო. თან შეეცადა ფრთხილად ენიშნებინა, რომ ამ ყველაფერში იარაღიც იყო ჩართული. გასასვლელისკენ როგორც კი წავედი, იატაკზე სიგარეტის ნამწვავები ეყარა და ცარცით იყო მონიშნული, რომელიც თითქოს დანაშაულის სცენაზე მიანიშნებდა“ – მაშინ, როდესაც BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე სპეცრაზმი შევარდა, Sa Pa უკრავდა. იმ წუთას Giegling-თან ასოცირებულ არტისტს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სეტის გაგრძელება საქართველოს პარლამენტის წინ, ბევრად მეტი ადამიანის გარემოცვაში მოუწევდა.

მაისის ცნობილი მოვლენებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა და შეიძლება ითქვას, რომ მაშინ დასმული საკითხების მომავალი ყოველდღე უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება – წარსულის ყველა მომენტი კი ბევრად უფრო ნათელი და მკაფიო. მოვლენათა ჯაჭვის აღდგენისას ბევრი მნიშვნელოვანი რგოლი ჯერ კიდევ არ ჩანს, თუმცა გარკვეულ დონეზე პროცესების ანალიზი ამ პირობებშიც შესაძლებელია. მართალია, ქართული საკლუბო კულტურის ისტორიისთვის „საკრალური“ დღის რეალური საკრალიზაცია საქართველოს საპატრიარქომ უფრო წარმატებით მოახერხა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოაცხადა, მაგრამ 12 მაისი ბევრისთვის სხვა ასოციაციებსაც იწვევს და ძალიან სეკულარულ პრობლემებთანაც ასოცირდება.

მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენისთვის სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვი, რომ შეიარაღებული სპეცოპერაცია ამ თარიღამდე ბევრად უფრო ადრე, მიზანმიმართული სა(დეზ)ინფორმაციო ომით დაიწყო. კიდევ უფრო ძველი ამბავია ის, რომ ნარკოტიკების ჩადების მანკიერი პრაქტიკა წლების მანძილზე მოქალაქეთა დევნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მექანიზმია. ამის კარგი ილუსტრაცია იყო ე.წ. “ბირჟა მაფიის” საქმე, როდესაც ახალგაზრდა არტისტების დაჭერის რეალური მიზეზი მათ მიერ გავრცელებული მუსიკალური ვიდეო გახდა, რომელშიც პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მსახიობი ყელსაბამზე იყო გამობმული. რის შემდეგაც რეპერები ერთდროულად, თბილისის სხვადასხვა ადგილებში დააკავეს და ორივეს ნარკოტიკული საშუალება “აღმოუჩინეს”.

საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებების ამ უხეშ დარღვევაზე გამოვლენილი სამოქალაქო პროტესტის ორგანიზებაში უდიდესი როლი სწორედ იმ ადამიანებმა ითამაშეს, რომლებიც თბილისის კლუბებთან პირდაპირ ასოცირდებოდნენ. შესაბამისად, მრავალრიცხოვანი მსვლელობის მოწყობა პოლიტიკურ აქტივში სწორედ საკლუბო სცენას ჩაეწერა.

ამ გარემოებამაც ნათლად აჩვენა, რომ საზოგადოების ახალგაზრდა ფენის ფართო მხარდაჭერის ხარჯზე საკლუბო სცენას მკაფიო მიზნები და მათ მისაღწევად საჭირო სოციალური კაპიტალიც გააჩნდა. თუმცა, ეს ვითარება პოლიტიკური ინტერესების მატარებელმა ჯგუფება ყველაზე ადრე გაანალიზეს და სათანადო ნაბიჯებიც გადადგეს.

ქვეყანაში, რომელშიც ნარკოტიკების გავრცელება მისი უახლესი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა იყო, ამ ყველაფრის სათავედ 2014 წელს ჩამოყალიბებული საკლუბო სივრცეები შერაცხეს. აშკარა იყო, რომ კლუბების დემონიზებით და მათთან პოლიტიკური ფიგურების ასოცირებით კულისებს მიღმა ძალაუფლებისთვის გაჩაღებულ ბრძოლასთან გვქონდა საქმე.

ამ პროპაგანდისტული შეტევის კულმინაცია კლუბ “ბასიანის” ბიძინა ივანიშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირება იყო. ამას მოჰყვა ბერა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც მან გავრცელებული ინფორმაცია უარყო და სამართალდამცავებს კლუბებში არსებული ვითარების შესწავალა მოსთხოვა. ამ უპრეცედენტო შეტევის საპასუხოდ, პირადი წყენებით და არაადეკვატური ქმედებებით დანაწევრებული თბილისური საკლუბო სცენა გაერთიანდა და საგანგებო განცხადება გაავრცელა, თუმცა ამაოდ.

განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე დღეში მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა – კლუბი “ბასიანი” ავტომატური იარაღით შეიარაღებულმა 50-ზე მეტმა პოლიციელმა შტურმით აიღო.

მოვლენები მსგავსი სცენარით კაფე გალერიშიც განვითარდა. სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებისა და “თეთრი ხმაურის მოძრაობის” საგანგებო განცხადების შემდეგ, კლუბ “ბასიანთან” სამოქალაქო საზოგადოება შეიკრიბა. თბილისის სხვა კლუბების მენეჯერებმა სოლიდარობის ნიშნად თავიანთი ივენთები შეწყვიტეს და დინამოს სტადიონთან სპონტანურ საპროტრესტო აქციას შეუერთდნენ. რთული და შოკური მომენტებით დატვირთული ღამის შემდეგ, რომელსაც ათასნაირი ექსცესი და უამრავი ადამიანის დაკავება მოჰყვა, აქტივისტებმა მალევე დააანონსეს 12 მაისის  მასშტაბური აქცია და იქ შეკრებილ საზოგადოებას შუადღემდე დაშლისკენ მოუწოდეს.

აქცია სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის” პარლამენტის წინ განახლდა და ორი დღე გაგრძელდა. თავდაპირველად, რუსთაველზე შეკრებილებს და ორგანიზატორებს მკვეთრად ჩამოყალიბებული მოთხოვნები არ ჰქონდათ და საზოგადოება მხოლოდ პროტესტის გრძნობით გაერთიანდა.

სპონტანურად დაგეგმილ აქციაზე მკაფიო მიზნების არ არსებობის გამო, აქციის სულისკვეთება წინა ღამით განვითარებულ მოვლენებს გასცდა. სიტყვით გამომსვლელები ხშირად ისეთ საკითხებს ეხებოდნენ, რომლებიც დამოუკიდებლად მართებული პრობლემებია, მაგრამ კლუბების დარბევასთან არაფერ შუაში იყო. ქალთა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების შესახებ წარმოთქმულ მონოლოგს მკვეთრად მემარცხენე სოციალისტური რიტორიკა ანაცვლებდა, რაც დამსწრე საზოგადოებისთვის იქ ყოფნის მოტივების ჩამოყალიბებას ხელს უშლიდა.

ნათლად გამოჩნდა, რომ საცეკვაო მოედნიდან ამოსულებს საერთო ძალიან ცოტა ჰქონდათ. იმ პრაქტიკებს და ღირებულებებს, რომელიც სიბნელეში დამალულ საცეკვაო მოედანზე ადამიანებს აერთიანებდა, მზის შუქზე დიდი განსაცდელი დაუდგა. კარგად დავინახეთ, რომ საკლუბო კულტურა ჯერ კიდევ მკაცრად სუბკულტურული ფენომენი იყო და რუსთაველის მოედანი მისი ლეგიტიმაციის საზღვრებს მიღმა რჩებოდა. სწორედ ამ მიზეზით, 12 მაისის საღამოს, ყველაფრის და არაფრის მთქმელი სიტყვების მოსმენით გადაღლილ ათასობით ადამიანს იქ ყოფნის მთავარი არსი ისევ მუსიკით შეახსენეს – ადამიანები პარლამენტის წინ გამოსულ ორატორებზე უფრო მეტად ისევ მუსიკამ და რუსთაველის საცეკვაო მოედნად ქცევამ გააერთიანა.

აქციის ორგანიზატორების თავდაპირველი გადაწყვეტილებით, აქციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არც ერთ პოლიტიკოსს არ მიეცემოდა. “ჩვენი თავისუფლებისთვის” აპოლიტიკური მანიფესტაცია უნდა ყოფილიყო. თუმცა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროეტზე აქცენტის გაკეთების ნაცვლად, აქტივისტების მიერ გაჟღერებული მოთხოვნები ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაში ძირეულ ცვლილებებს გულისხმობდა. ამ ულტიმატუმების შინაარსიც და მათ ფონზე პოლიტიკოსების აქციაზე არ დაშვება აბსურდული გადაწყვეტილება იყო და მხოლოდ მთავრობის წისქვილზე ასხავდა წყალს. ამ ყველაფერმა იქ შეკრებილი ადამიანების პოლარიზაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. “მოწინააღმდეგე“ მხარეს კი იმის სიგნალი მისცა, რომ პროცესი არც თუ ისე თანმიმდევრული იყო და მისი ვექტორის შეცვლა უბრალოდ სწორი ტაქტიკური ნაბიჯით იყო შესაძლებელი.

ამის გამოძახილი იყო ისიც, რომ „საეჭვო“ წარმომავლობისა და დაფინანსების მქონე ორგანიზებულმა ნეო-ნაცისტურმა ჯგუფებმა რუსთაველზე კონტრაქცია დააანონსეს და როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე პოლიციის ცოცხალ ჯაჭვს დაუპირისპირდნენ.

ამ ტრიუკით ნეო-ნაცისტური ჯგუფი მთავარი მოწინააღმდეგის ამპლუაში მოგვევლინა და ხელისუფლებამ დაპირისპირების პოლუსებიდან თავი დაიძვრინა. ამ ტაქტიკურმა ნაბიჯმა ვითარება დრამატულად შეცვალა –  დღის წესრიგში უკვე ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება დადგა, ხოლო როგორც კი დაძაბულობასმ პიკს მიაღწია, აქციის მთავარი ადრესატი სახელმწიფო „მხსნელად“ მოგვევლინა.

დაძაბული ვითარების ფონზე შს მინისტრსა და აქციის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა აქტივისტებს უთხრა, რომ პარლამენტის წინ შეკრებილების დასაცავად ძალისმიერი მეთოდების გამოყენება იქნებოდა საჭირო და პასუხისმგებლობას მათ აკისრებდა. ამასთან, მან დადო ორი პოლიტიკური პირობა, რომ გამოიძიებდა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო ინციდენტებს და ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მისი უწყება საბოლოო დასკვნას დადებდა.

პოლიტიკურ თამაშებში გამოუცდელ აქტივისტებს პასუხსიმგებლობის აღება გაუჭირდათ და შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა გაჭიანურდა. სწორედ ამ დროს, აქციაზე შს მინისტრი გამოჩნდა, რომელსაც შეკრებილი საზოგადოება “ბოდიშის” სკანდირებით შეხვდა. რამდენიმე წამის შემდეგ, მიკროფონიდან “მოდი დავიწყოთ ბოდიშით…ბოდიში” გაისმა.

მინისტრის გამოსვლის შემდეგ, ლიდერებისა და სამოქმედო გეგმის გარეშე დარჩენილი დაბნეული ხალხი პარლამენტის შენობის თაღებისკენ გაემართა, საიდანაც ისინი წინასწარ მობილიზებული ყვითელი ავტობუსებით ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეების ევაკუაციას პირადად მინისტრი ხელმძღვანელობდა.

13 მაისს შექმნილი გაუგებრობა მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გამძაფრდა. არავინ იცოდა მინისტრის მიერ დადებული პირობები როდის უნდა შესრულებულიყო და მათი დარღვევის შემთხვევაში საჭირო სამოქმედო გეგმაც არ არსებობდა. კლუბები კვლავ დალუქული იყო და მათი ბედი ეჭვქვეშ იდგა. ერთადერთი გამოსავალი ისევ პარლამენტის წინ დაბრუნება იყო და აქტივისტებმა კიდევ ერთი აქცია დააანონსეს. თუმცა, 27 მაისს დაგეგმილი პროტესტის მთავარი მიზანი მხოლოდ “ბასიანის” გახსნა იყო. თავისუფლებისა და ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მებრძოლი საზოგადოება თვითგადარჩენის რეჟიმში აღმოჩნდა. 12-13 მაისს გაჟღერებული მოთხოვნები, რომლებიც მთავრობის შეცვლას გულისხმობდა, ერთი სივრცის დაბრუნებით ჩანაცვლდა. აშკარა იყო, რომ პროტესტს ერთიანი სულისკვეთება და კოორდინაცია აკლდა.

სიმბოლურია, რომ არც “ბრძოლა ბასიანისთვის” გაიმართა. 23 მაისს, კლუბის მფლობელებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ. აქედან რამდენიმე საათში კი დაანონსებული აქცია სოციალური ქსელებიდან გაურკვეველ ვითარებაში წაიშალა. აქციის ნაცვლად, 27 მაისს, “ბასიანმა” “ბოილერ რუმს” უმასპინძლა, სადაც ყველა ადგილობრივი კლუბი და ფესტივალი იყო წარმოდგენილი.

თუმცა, ერთი შეხედვით გაერთიანებული სცენა მეორე დღიდანვე კვლავ დანაწევრებული დარჩა. ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი კი პარლამენტის ბიუროკრატიაში სამუდამოდ გაიჭედა. „ბოილერ რუმის“ დაგეგმვა და პრობლემების ისევ საკუთარი სივრცის შიგნით მოგვარება იმის ინდიკატორი იყო, რომ სცენა საკუთარ სტატუს ქვოს აღდგენას უფრო ცდილობდა, ვიდრე საპროტესტო მუხტის რაიმე ღირებულ აქტად კონვერტაციას.

მაისში ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ერთი და მთავარი იყო ის, რომ იატაკქვეშეთს მიჩვეული ჯგუფი მზეზე გამოვიდა. თავისი კომფორტული ნიშიდან შორს, მეინსტრიმ სივრცეში აღმოჩენილი სოციუმი მიხვდა, რომ მარტო დარჩა. ის ლოკალური კულტურის მასაზე მეტად, რომელიც აქციის პერიოდში ტალახს ესროდა, ღირებულებით სიახლოვეს სხვასთან გრძნობდა. ამიტომ, გაერთიანება ისევ სუბკულტურული კაპიტალის ირგვლივ მოხდა, რაზეც „ბოილერ რუმის“ ეთერში ინგლისურ ენაზე წაკითხული მანიფესტიც მეტყველებდა.

მიწის ზემოთ კი მათ სასიკეთოდ თითქმის არაფერი შეცვლილა. უფრო მეტიც, სტატუს ქვოც კი ვერ აღდგა, რაშიც იმავე წლის აგვისტოში დავრწმუნდით. რუსეთში დასაკრავად წასვლის გაბედვის გამო მეინსტრიმმა იატაკქვეშეთი ისევ მზეზე ამოიყვანა და დეზინფექციისთვის მორალური პანიკის მდინარეში გადააგდო. მაშინ კლუბიც და არტისტებიც უბრალოდ რეაქციონერები აღმოჩნდნენ და პასუხი გასაცემი მხოლოდ ერთ კითხვაზე დარჩათ – წავლენ თუ არა მოსკოვში? ის კითხვები თუ რატომ მიდიან, რა მიზნები და ამოცანები აქვთ უბრალოდ არარელევანტური გახდა.

მეინსტრიმ სივრცემ თავისით დაალაგა ყველაფერი და ანდერგრაუნდ კულტურის დღის წესრიგიც კი შექმნა.  ეს იყო წარმოუდგენელი და მოულოდნელი, მაისის მოვლენებისგან აუცილებლად სასწავლი გაკვეთილი. განსხვავებით წინარე პერიოდისგან, როდესაც მედია და მეინსტრიმ კულტურა საკლუბო სივრცით მხოლოდ ზედაპირულად ინტერესდებოდა, მაისის შემდეგ დრამატულად სხვა ვითარება მივიღეთ.

ეს იმას აჩვენებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საკლუბო სივრცე უფრო მეტად დაუცველი გახდა. იმისთვის, რომ უსაფრთხოების ელემენტალური გარანტიები შენარჩუნებულიყო, დროდადრო სცენიდან იმ შინაარსების განდევნა დაიწყო, რაც მანამდე ყველაფრის საყრდენ ბოძად მიიჩნეოდა. ცალკეულ სოცმედიის ჯგუფებში, რომელიც ახალი თაობის „ქლაბერებს“ აერთიანებს, დღეს კიდევ უფრო აქტიურად მიდის დისკუსია იმაზე, თუ რამდენად საჭიროა სცენისთვის პოლიტიკური ასპექტის დატოვება. იქნებ მხოლოდ გართობაც კი საკმარისია?!

ტაქტიკური თვალსაზრისით, ამ აზრის გაზიარება სცენისთვის წაგების აღიარებას ნიშნავს. ასეც რომ არ იყოს, დღეს კლუბები აქტივიზმისგან თითქმის სრულად დაცლილია, რაც ამ კუთხით მათ ღირებულებას მნიშვნელოვნად აქვეითებს. ამაზე თეთრი ხმაურის შემდეგ გაბატონებული თეთრი სიჩუმეც მიუთითებს.

აზრს მოკლებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ თბილისის სცენა მაისის მოვლენების შემდეგ ნაკლებად თამამი და მეტად კონფორმისტული გახდა. აქციის დღეებში მიპყრობილი ყურადღება ძირითადად კომერციული ბენეფიტის სახით შემორჩა. მაისის მოვლენების დამსახურებით, ლოკალურ და გლობალურ მასშტაბში გაზრდილი პოპულარობა ძირითადად იმაში იფლანგება, რომ სცენის პოტენციალის ათვისება აბსოლუტურად ქაოუტურად, არაფრის მომცემი, ხშირად დამაზიანებელი ივენთებით და ფესტივალებით ხდება. წყალს კი დაწმენდა სჭირდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთი წლის თავზე რაიმე მნიშვნელოვან გამარჯვებაზე საუბარი უბრალოდ არაკორექტულია. მაისის მოვლენების კომერციალიზაცია კი საკუთარი საფლავის გათხრის ტოლფასია. შეიძლება უცხოური მედიისთვის საჭირო სცენარის დახატვა მოვასწარით, მაგრამ თავს ვერ მოვიტყუებთ.

ბევრად მეტი სამუშაო დაგვიგროვდა და სულ ცოტა ის მაინც უნდა მოხერხდეს, რომ ის დღეები საცეკვაო მოედნის სწრაფი ცვლილების პირობებშიც კი ქართული საკლუბო კულტურის ქრესტომათიად დაცემენტდეს. სივრცე ისევ უნდა შეივსოს ღირებული შინაარსებით – გართობის გარდა კიდევ რამე უნდა შესთავაზოს ხალხს. მანამდე კი მაისის მოგონებები ზოგჯერ სიამაყის, ზოგჯერ კი თვითგვემისთვის გამოვიყენოთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.