ალერგიის გამომწვევი 8 გავრცელებული საკვები და მისი საწინააღმდეგო დიეტა


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

 

ალბათ ბევრი ჩვენგანი თავის ტკივილებს, ენერგიის ნაკლებობას, უძილობას, ატოპიურ დერმატიტს, ასთმას, გამონაყარს, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს და სხვა უამრავ ქრონიკულ სიმპტომს საკვებს ვერასოდეს დაუკავშირებს. არადა საკვები პროდუქტებით გამოწვეული ალერგიები პლანეტის მოსახლეობის 10%-ს აწუხებს და ეს რიცხვი დღითი დღე მატულობს. ამის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა თანამედროვე ინდუსტრიული წესებით მოყვანილი საჭმლის მდარე ხარისხი და ადამიანის საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყოს.

ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ნამდვილი და ფსევდოალერგია (საკვების აუტანლობა). ფსევდოალერგიული რეაქცია იმუნური სისტემის ჩართულობას არ მოითხოვს. საკვები პროდუქტებით გამოწვეული ნამდვილი ალერგიული რეაქციის დროს კი იმუნური სისტემა თავს ესხმის საკვებში არსებულ ცილებს. მაშასადამე, ნამდვილი ალერგია მხოლოდ ცილით გამოწვეული რეაქციაა.

ცილა თავისი მთლიანი ფორმით სისხლის მიმოქცევაში არ უნდა ხვდებოდეს. ის საკვების მომნელებელი სისტემის დახმარებით ამინომჟავებად უნდა დაქუცმაცდეს. მაგრამ, თუ საკვების მომნელებელი სისტემის ფუნქცია მოშლილია, ცილები ახერხებენ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრას. იმუნური სისტემისთვის ეს ცილები უცხოა და ამიტომაც მათ გასანადგურებლად გამოიყოფა სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის – ანტისხეულები (IgE) და ჰისტამინი. ნორმალურ ვითარებაში IgE-ს რაოდენობა სისხლში უმნიშვნელოა. ალერგიების შემთხვევაში კი მათი რიცხვი მატულობს. ასე იწყება ანთებით პროცესები. ქრონიკული ანთებითი პროცესები თავის კვალს ტოვებს კანზე, სახსრებზე, ორგანოებზე, სისტემებზე და შესაძლებელია საფუძვლად დაედოს სხვა ქრონიკულ კონდიციას.

თუ ადამიანს საკვების მიმართ ნამდვილად აქვს ალერგია, ამ საკვების მიკროსკოპული რაოდენობაც კი გამოიწვევს რეაქციას, რომელიც სხვადასხვა სახით გამოიხატება. არსებობს უცაბედი სიმპტომები, როგორიცაა შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, ქავილი, ცემინება, ხველება, გამონაყარი, სუნთქვის გაუარესება, თავბრუს ხვევა და მუცლის ტკივილი. მაგრამ საკვებით გამოწვეული რეაქციები შესაძლებელია სხვადასხვა ქრონიკული სიმპტომებითაც გამოიხატოს – თავის ტკივილები, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა, გამონაყარი, ქრონიკული სურდო, თვალის ალერგიები, დაღლილობა, დაბინდული გონება, სახსრების ტკივილები, შებერილობა, გაზები, ყაბზობა, ქრონიკული დიარეა და სხვა კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

არსებობს 170-ზე მეტი ალერგიის გამომწვევი საკვები პროდუქტი, მათგან 8 ყველაზე გავრცელებულია.

ვინაიდან ალერგიის გამომწვევი ცილები ორგანიზმში საკვების მომნელებელი სისტემის საშუალებით ხვდება, მკურნალობა კუჭ-ნაწლავით უნდა დავიწყოთ. ამ პროცესში რეკომენდებულია ალერგიული საკვები პროდუქტების დროებით ამოღება. თუ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში კვების რაციონიდან ამოიღეთ: კვერცხი, ხორბალი და ყველა გლუტეინის შემცველი მარცვლეული, სიმინდი, რძე და რძის ნაწარმი, სოია და მისგან დამზადებული პროდუქტები, არაქისი, მოლუსკები  და თხილეული. თუ საკვები მოთავსებულია ყუთებში, აუცილებლად წაიკითხეთ მისი შემადგენელი ინგრედიენტები.

მიირთვით ბიოლოგიურად სუფთა ხილი და ბოსტნეული, სალათის ფოთლები, მწვანილი, ბოსტნეულის წვენები, სმუზები და წვნიანები, კურკუმა, გოგრა, ბარდა, ლობიო, მუხუდო, ქინოა, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, ჯანსაღი ხორცი და ცხიმები (ზეითუნის და ქოქოსის ზეთი). დალიეთ მეტი წყალი, წყალს დაუმატეთ ლიმონის წვენი. ანტიალერგიულ დიეტასთან ერთად კუჭ-ნაწლავის ფუნქციის აღსადგენად მიიღეთ პრიალა თელა, პაპაიას ფერმენტი და პრობიოტიკები.

იმუნური სისტემა პირდაპირ არის დაკავშირებული ნერვულ სისტემასთან, ამიტომ აუცილებლად უნდა იზრუნოთ სტრესის განმუხტვაზეც – ადრე დაიძინეთ, მეტი დრო გაატარეთ ჰაერზე და მზეზე, ეწვიეთ საუნას, ივარჯიშეთ.

საკვები ალერგიის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ჩაიტაროთ ტესტი ანტისხეულებზე – IgE (იმუნოგლობულინი E).

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.