როგორ გახადა კანადამ მოსაწევი სუპერ მოსაწყენი


გააზიარე სტატია

ავტორი: სტივენ მარშე

მარიხუანას საერთაშორისო დღემ კანადაში წელს განსხვავებულად ჩაიარა. ეს იყო ამ დღის პირველი აღნიშვნა იმის მერე, რაც კანადამ მარიხუანა 2018 წლის ოქტომბერში ლეგალურად გამოაცხადა. პროჰიბიციის შემდეგ ძალიან ცოტა დროა გასული ლეგალიზაციის შედეგების შესაფასებლად, მაგრამ კანადის ექსპერიმენტმა ერთი რამ მტკივნეულად ცხადი გახადა – როცა მოსაწევს ალეგალურებ, ის სუპერ სუპერ მოსაწყენი ხდება.

“ნიუ იორკ ტაიმსის” 1986 წლის სტატიამ – “Worthwhile Canadian Initiative” – საფუძველი ჩაუყარა ცნობილ შეჯიბრს მსოფლიოს ყველაზე მოსაწყენი ახალი ამბის გამოსავლენად. და დღეს შეიძლება ითქვას, რომ კანადის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მარიხუანას ეს რეპუტაცია დაემსახურებინა. უშუალოდ ლეგალიზაციის შემდეგ სახლმწიფოს მიერ გაყიდული მარიხუანას დიდი ნაწილი ფოსტით მოდიოდა. ეს არ წარმოადგენდა რაიმე პრობლემას იქამდე, სანამ ფოსტის თანამშრომლები არ გაიფიცნენ. ამის შემდეგ, როცა სახელმწიფო მოსაწევი ფოსტით მოჰქონდათ, მისი კონტეინერები – გადატვირთული გამაფრთხილებელი ნიშნებითა და პლასტიკის შეფუთვით – ყველაზე მეტად კუჭის გამოსარეცხ საშუალებას წააგავდა.

აეროპორტში განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშნების გარდა, რომ კანადელებს შემთხვევით თავიანთი მარიხუანა სხვა ქვეყანაში არ “გაჰყოლოდათ”, რთული იყო სხვა მხრივ იმის შენიშვნა, რომ ლეგალიზაციამ რამე შეცვალა. ნახევრად ლეგალური მარიხუანას გამანაწილებელი დაწესებულებები ლეგალიზაციის შემდეგ თითქოს უნდა გამქრალიყო, მაგრამ ისინი მუშაობას განაგრძობდნენ. ერთადერთი, ისინი ბევრად გაკრიალებულები გახდნენ. ადგილი, სადაც მოსაწევს ვყიდულობ, ინტერიერის დიზაინის მაღაზიას წააგავს, რომელიც იმ დღეს ისეთი გადატვირთული იყო,  ბანკებსა და საავადმყოფოებში რომ რიგის ბილეთს იღებ ხოლმე, რაღაც მსგავსი მომცეს, რომ მცოდნოდა, როდის იქნებოდა მზად ჩემი შეკვეთა. ოცი წუთი ველოდე.

ფული ერთ-ერთია, რაც მოსაწევს მოსაწყენს ხდის. ცოტა ხნის წინ შამპანურისა და ცხარე ფრთების ფართიზე ვიყავი – შესანიშნავი იდეაა, სხვათა შორის – ტორონტოს მდიდრულ ნაწილში და დამსწრეების ნახევარი მაინც ამა თუ იმ ფორმით კანაფის ინდუსტრიაში იყო ჩართული. მათი დიდი ნაწილი საფონდო ბირჟიდან გადმოსული ხალხი ჩანდა. მარიხუანას აქციებმა გადაუხაზა უძრავი ქონების აქციებს ტორონტოს წვეულებების სალაპარაკო თემებში. და თქვენ ვერ იგრძნობთ რამდენად ბანალური შეიძლება იყოს მარიხუანა, სანამ შემთხვევით არ მოისმენთ, როგორ განიხილავს ბავშვების ცურვის გაკვეთილზე ორი მშობელი იმას, თუ როგორი ეფექტი აქვს ISO 9000 სერთიფიკატს კანაფის ზეთის მწარმოებელი კომპანიების აქციების მარკეტინგის საქმეში.

ლეგალიზაციიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი ხშირად ვფიქრობდი იმაზე, თუ რამდენად დამოკიდებულია მარიხუანასგან მიღებული სიამოვნება მის კანონგარეშე სტატუსზე. ჯოინთის გადაწოდებისას ადრე თქვენ სხვა ადამიანებთან პატარა უწესობის, პაწაწინა დაუმორჩილებლობის აქტი გაერთიანებდათ. დღეს, როცა ფართიზე ჯოინთს გადააწოდებთ, ეს პრინციპში ნიშნავს – “წავიდეთ, ცოტა ხნით რამეს მივაშტერდეთ”. როცა დღეს ქუჩაში პოლიციელებს ვხედავ, ჩემს საქციელში საერთოდ არაფერია, რამაც შეიძლება ისინი გააღიზიანოს. მე და ისინი აბსოლუტურად ერთ მხარეს ვართ. ეს საცოდაობაა.

რა თქმა უნდა, მარიხუანა შეიძლება საშიშროებებს შეიცავდეს. ჯანდაცვის მხრივ ლეგალიზაციის ეფექტები ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია. არავინ იცის გამოიწვევს თუ არა ლეგალიზაცია თინეიჯერების ფსიქიკური დაავადებების ზრდას ან საგზაო შემთხვევებს. მაგრამ დღეს უკვე წარმოუდგენელია, რომ მარიხუანა როდესმე შეიძლება ისევ აიკრძალოს. ლეგალიზაციიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგაც კი ნარკოტიკებთან ომის სიბრიყვე ისეთი ცხადია – როგორც არასდროს. მარიხუანა არაა პოლიციის ყურადღების ღირსი. ის რეალურად მაგარი ნარკოტიკიც კი არაა. ყოველ შემთხვევაში, მე მას ჩემს საუკეთესო ხუთეულში არ შევიტანდი.

ლეგალიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ ეს ნარკოტიკი უკვე შეიძლება თავისუფლად გამოიკვლიო. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ მოქმედებს ის და რა გავლენა აქვს ადამიანებზე. კლინიკური ცდები შეცვლის იმ ბუნდოვანი შიშებისა და სარეკლამო ფსევდომეცნიერებების კოლექციას, რომლებიც აქამდე მარიხუანასთან დაკავშირებულ დისკუსიებში დომინირებდა. ბოლოს და ბოლოს შესაძლებელი იქნება ცხადად დაფიქრება მარიხუანაზე. და რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად მოსაწყენი?

მოწყენილობის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ ის ბევრი ბოროტების წამალიცაა. კლიშეებს თუ დავუჯერებთ, ამერიკა ნარკოტიკებთან ომს აგებს, მაგრამ ეს განცხადება მთლად ზუსტი არაა. კოკაინი და ჰეროინი არასდროს ყოფილა ასეთი იაფი. ამერიკელების სიკვდილის შესაძლო მიზეზების სიაში ზედოზირების შემთხვევებმა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს გადააჭარბა. მაგრამ სამაგიეროდ ამერიკა იგებს ომს ლეგალური ნარკოტიკების სფეროში: თამბაქოს მოხმარება 1965 წლის შემდეგ 67%-ით შემცირდა, ხოლო სიმთვრალით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა 1991 წლიდან 47%-ით იკლო. რა თქმა უნდა, ამერიკამ ამ ნარკოტიკების მოხმარების შემცირება შეძლო არა იმით, რომ “ცუდი ბიჭები” მოკლა და მომხმარებლები დააპატიმრა, არამედ იმით, რომ ეს პრობლემები სოციალურ პრობლემებად აღიარა და კოლექტიური საშუალებებით გადაჭრა. ვამთქნარებ. ამისგან ნამდვილად არ გამოვა “ნარკოს” ახალი სეზონი.

კანადამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა მოწყენილობის პოლიტიკური ძალა: თუ გინდათ, რომ ნარკოტიკებს გლამურის ძალას გამოაცალოთ, ჩააბარეთ მისი მართვა მთავრობას.

ორიგინალი: https://www.newyorker.com


რეკომენდებული სტატიები
შავ-თეთრი ცისარტყელა
Play Video

შავ-თეთრი ცისარტყელა

შავ-თეთრი ცისარტყელა
“თვითგამოურკვეველ ქვეყანაში, რომლის დემოკრატია დემოკრატიის დემო ვერსიადაც კი არ გამოდგება, თავისუფლებათა გარშემო თავმოყრილი ჯგუფებისადმი კონფორმულობა გიწევს” - ანა მაყაშვილის სვეტი
საკულტო მოდელის გაუჩინარება - საუბარი ბენედეტა ბარძინისთან თბილისში

საკულტო მოდელის გაუჩინარება - საუბარი ბენედეტა ბარძინისთან თბილისში

საკულტო მოდელის გაუჩინარება - საუბარი ბენედეტა ბარძინისთან თბილისში
მოდის ლეგენდა ბენედეტა ბარძინი 50 წელზე მეტია ფეშენის სამყაროშია და მუდმივ კონფლიქტშია მოდელის პროფესიასთან. თუმცა, ის დღემდე ამ სამყაროს წარმოადგენს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.