ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი დაიხურა


გააზიარე სტატია

20 ივნისს გაუქმდა მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი – ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს უწყობდნენ ადგილობრივ ლიტერატურულ პროცესებს და წარმატებით ეწეოდნენ ქართული მწერლობის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.

მწერალთა სახლის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის დირექტორადაც, რამდენიმე დღის წინ, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ირმა რატიანი დაინიშნა. მომხდარი ცვლილებების გამო მწერალთა სახლში გადაიდო ლიტერატურული პრემია “ლიტერას” დაჯილდოვების ცერემონია.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ძალისხმევით 2018 წელს წარმატებით შედგა ქართული პროექტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. მთლიანობაში, არსებობის 5 წლის მანძილზე, ცენტრმა ქართველი მწერლები მსოფლიოს ბევრ ახალ თარგმანში გააცნო.

მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიმდინარე წლის მაისში დააანონსა, რომელიც, ოფიციალური განცხადების მიხედვით, მიზნად ისახავდა “კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციების მოდერნიზაციის, მართვის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული პრიორიტეტების თანახმად, სამინისტროს სისტემაში არსებული მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებების გამსხვილებას და გაძლიერებას”.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.