fbpx

თანამედროვე ქართველი ხელოვანების “შემოქმედებითი რეაქცია” პოლიტიკურ და სოციო-კულტურულ მოვლენებზე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანი ქისტაური

 

„ჩვენ ვცხოვრობთ არასრულყოფილ სამყაროში და ყველას, საზოგადოებას, მის თითოეულ წევრს თავისი წილი ბევრი ცოდვა, განსხვავებული დანაშაული აქვს ამ არასრულყოფილებაში…” 

კარლო კაჭარავა


ხელოვნება საზრდოობს იმ იდეებითა და აზრებით, იმ პოლიტიკური და კულტურული მოვლენებით, რომლებიც ეპოქებს, ისტორიას ქმნიან. ფრანგი ფილოსოფოსისა და ესთეტიკოსის, იპოლიტ ტენის მიხედვით, ხელოვნების ნაწარმოები არ უნდა განიხილებოდეს განცალკევებულად, რადგანაც მას ავთენტურობასა და ინდივიდუალიზმს  დამოუკიდებელი არსებობა კი არა, ის მთლიანობა სძენს, რომლის ნაწილსაც იგი თავად წარმოადგენს. 

ჩვენს დროში  ხელოვნების ფუნქცია არა ხელოვნების საზღვრების გაფართოება, არამედ სრულიად ახალი მსოფლმხედველობის, ახალი მიმართულების შექმნა გახდა. თანამედროვე ხელოვნება სოციო-კულტურულ  სივრცეს უნდა შეეჯახოს და ეპოქის გამოწვევებს შემოქმედებითი პასუხი  გასცეს. 

სტატიაში თქვენ ნახავთ, ქართველი არტისტების ვიზუალიზებულ რეაქციებს  თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 


CHANGE part 2

CHANGE part 2 – 2019 წლის ოქტომბერში  ზუსტად 7 წელი შეუსრულდა მოვლენას, რომელიც  თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ფრანგული სიტყვით “კოჰაბიტაცია” (Cohabitation) დამკვიდრდა. ოპოზიციაში დარჩენილ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის “მშვიდობიანი თანაარსებობა”   იმდროინდელი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო.

კონცეპტუალისტმა  ხელოვანმა კოკა რამიშვილმა  ხელისუფლების გადაბარების ცერემონიას   ვიდეოინსტალაცია მიუძღვნა. CHANGE part 2 დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში გრძელდება. პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრა, ხელის ჩამორთმევა ყოფილი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის,  თითქოს ამერიკულ ბლოკბასტერად იქცა, მშრალი დოკუმენტური მასალა კი ვიდეოარტის ნაწილი გახდა. შავ-თეთრ, შენელებულ კადრებს აფორმებს პატრიკ დოილის კომპოზიცია რუსულად გახმოვანებული ამერიკული ფილმიდან “გამომძიებელი”.  ვიდეო, რომელიც 2012 წელს გამოჩნდა, 7 წლის შემდეგაც კი აღძრავს  მნახველში სხვადასხვა ემოციას და თითქოს გვიბიძგებს კიდეც, დავსვათ შეკითხვა – ვინ ვართ ჩვენ – ისინი, ვინც თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებში ცხადად  ვმონაწილეობთ, თუ უბრალოდ, დამკვირვებლები, რომლებიც ვიდეოში გამოჩენილი ოპერატორის მსგავსად, ხან ვეწევით ქართულ პოლიტიკურ ავანგარდს, ხან – ვერ. 

 

“ომი ჩემი ფანჯრიდან” 

კოკა რამიშვილის  “ომი ჩემი ფანჯრიდან”  წარმოადგენს თბილისის ომის ამსახველ ფოტოპროექტს, რომელიც 1991-1992 წლებში შეიქმნა. უზნაძის ქუჩიდან, ერთი და იმავე რაკურსით გადაღებულ ფოტოებზე არ არის აღბეჭდილი ჩამოშლილ შენობათა მწკრივი, ვერც სამხედრო ტექნიკასა და დაზაფრულსახიან ხალხს დავინახავთ, თუმცა ქალაქის თავზე შემობურული კვამლი, ერთი შეხედვით, მშვიდი და შედედებული კადრები  მნახველში ტრაგიკულ ემოციებს აღძრავს. 

ეს ის შემთხვევაა, როცა ხელოვანი ბატალური სცენის აღბეჭდვის გარეშე ახერხებს დამთვალიერებელში გამოიწვიოს ზუსტად ისეთივე მძლავრი შთაბეჭდილება, როგორიც შიშველი,  დოკუმენტური კადრის ხილვისას ხდება.

 

ზღვაში მოგზაურობა.

2016 წლის სექტემბერში უჩვეულო სანახაობის მომსწრე გავხდით: ციხისძირელმა მაგნოლიებმა, ტიტებმა, კედრებმა და ევკალიპტებმა  ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მოსახვედრად ყველა შესაძლო სივრცითი განზომილება გამოიყენეს, შთაგონების წყარო ქართველი ხელოვანის, გვანცა ჯიშკარიანისთვის კი  ასწლოვანი ხის, ტიტას ზღვაში მოგზაურობა გახდა.

“საქართველოს (გაუმარ)-ჯოს, ჯოს, ჯოს”

გვანცა ჯიშკარიანმა გობელენზე ამოქარგული მესიჯებით გამოხატა ის უძრაობა და შემოქმედებითი კრიზისი, რომლებიც თავს იჩენს თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. სლოგანი – “საქართველოს (გაუმარ)-ჯოს, ჯოს, ჯოს” – არა მხოლოდ  ქართული სუფრის, არამედ ბოლო ათეული წლების განმავლობაში, აქციების განუყოფელი ნაწილიც გახდა. თითქოს დაბერილი ძარღვებით და მაგრად შეკრული მუშტებით გაჟღერებული პათეტიკური სადღეგრძელოები სუფრებსა და აქციებზე სამშობლოსადმი სიყვარულს უფრო დამაჯერებელს ხდიდეს. 

“800 თეთრი კორპუსი”

 “800 თეთრი კორპუსი” – “მეგაპოლისის გზაზე დამდგარ ქალაქში, ჯერჯერობით შენარჩუნებული, დაკონსერვებული და თვითდინებაზე მიშვებული ეს რეკრეაციული ზონა ქვეყნის არაოფიციალური მმართველის, ოლიგარქის საკუთრებაა. არავინ იცის, თუ რა ბედი ეწევა მას უახლოეს მომავალში.” – ორნელა ფრანკეტო, მილანის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი.

2018 წლის მარტში იპოდრომზე კოტე ჯინჭარაძისა და ვახო ბუღაძის არტ-ინსტალაცია “800 თეთრი კორპუსი” გაიხსნა. ტრიბუნებზე თეთრი ფერის კუბებით მაყურებელთა ადგილები ჩანაცვლდა. ეს იყო ხელოვანთა მხრიდან შემოქმედებითი რეაქცია, ერთი მხრივ, გამქრალ საჯარო სივრცეებზე, ხოლო მეორე მხრივ კი  ქალაქში არსებულ ქაოსურ მშენებლობებზე.

 

“2 მოკლული მოსწავლე + 1 დაუსჯელი მკვლელი = 3 უსამართლობა”

ის, ვინც უკვე რამდენიმე წელია, ცდილობს, ჩვენს ქალაქში ყველაშეცვალოს, გაგვიზიაროს   საკუთარი შემოქმედებითი რეაქცია სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე, კონცეპტუალური სტრიტ არტისტი გიორგი გაგოშიძეა.

2 მოკლული მოსწავლე + 1 დაუსჯელი მკვლელი = 3 უსამართლობა”
2018 წლის ივნისში ხორავას ქუჩის ამბები გაგოშას სოციალურ კედელზეც აისახა. ნამუშევარი მათემატიკური სიზუსტით აღწერდა   ბრძოლას უსამართლობასთან, რომელიც 2 წლის განმავლობაში გაგრძელდა.

 

“გავრილოვის ღამე” 

გაგოშას სტენსილი 2019 წლის ივლისში რუსთაველის გამზირზეც გამოჩნდა, რომელზედაც გამოსახულ ქართლის დედას ცალ თვალზე ხელი ჰქონდა აფარებული.  თვალზე აფარებული ხელი პროტესტის სიმბოლოდ იქცა 20 ივნისის შემდეგ, როცა აქციის დარბევისას რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა. “გავრილოვის ღამე”  სირცხვილი იყო “ქართლის დედისთვისაც”.



“გახლეჩილი”

„გახლეჩილი“ – საპატრიარქოსთან ანონიმური არტისტის ინსტალაცია მოეწყო

⭕️„გახლეჩილი“ – საქართველოს საპატრიარქოსთან მდებარე სკვერში ანონიმური არტისტის – BIIMO-ს ინსტალაცია მოეწყო.ავტორის თქმით, ინსტალაცია გამოხატვს საზოგადოების განცდებს მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე.

Gepostet von პუბლიკა • Publika am Montag, 4. November 2019

 

2019 წლის 5 ნოემბერს ანონიმმა არტისტმა BIIMO-მ  მდუმარე პერფორმანსი – “გახლეჩილი” მოაწყო. უცნობმა ხელოვანმა  საპატრიარქოსთან, სკვერში თეთრი ფერის, ჩვილის თაბაშირის თავები, რომელთაც სისხლი სდით,  წრეზე დაალაგა. ინსტალაცია გამოხატავს საზოგადოების რეაქციებსა და განცდებს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.  მეორე ვერსიის თანახმად, პერფორმანსი ეკლესიაში შესაძლო პედოფილიას უკავშირდება.

თანამედროვე  ხელოვნების ნაწარმოების ფუნქცია აღარ შემოიფარგლება მხოლოდ  ესთეტიკური ტკბობით და აღარც ნამუშევარია მაყურებლისგან დისტანცირებული.  პირიქით, შემოქმედი და მხატვრული ნაწარმოების აღმქმელი ერთად ქმნიან საბოლოო პროდუქტს – ფიქრს თანამედროვე, ადგილობრივი  პრობლემების შესახებ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.