fbpx

მეგანისა და ჰარის დრამის მიუხედავად, სამეფო ოჯახს კრიზისი სულ სხვა მხრიდან მოელის


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მარინა ჰაიდი

არსებობს მეცნიერების მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ედუარდ მერვემ მისის სიმპსონი სწორედ იმიტომ აირჩია, რომ მას არ სურდა უმთავრესი სამსახურის გაწევა. შესაბამისად, ზოგი ფიქრობს, რომ მეფემ ისეთი პარტნიორი შეარჩია, რომელიც მონარქიასთან შეუთავსებელი იქნებოდა, რათა საკუთარი თავისთვისაც გასაქცევი გზა გაეკვალა. გავა დრო და ხალხი მსგავს დიაგნოზს სავარაუდოდ, სასექსის პრინცსაც დაუსვამს. გარკვეულწილად, დაუკავშირა თუ არა ჰარიმ საკუთარი ცხოვრება ისეთ ქალს, რომელიც აუცილებელს გახდიდა მოცემული ინსტიტუციიდან მათ ერთობლივ გაქცევას?

ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი ექსპერიმენტიდან 83 წლის შემდეგ, მაინც რთულია იმის თქმა, თუ რამდენად მუშაობს ამერიკელ ქმარგაცილებულ ქალებთან ქორწინება უინძორების გვარისთვის. ეს ხუმრობით. ისე კი ნებისმიერ რამეს სჭირდება მინიმუმ სამჯერ გამეორება, სანამ ის ტრენდად გადაიქცევა. 

ამჯერად კი, როგორც ცნობილია, სასექსის პრინცი და პრინცესა თავიანთ დღეებს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გაანაწილებენ, და როგორც მათ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, “დათმობენ სამეფო ოჯახის “უფროსი” წევრების ადგილს”. ეს ყველაფერი საშუალო მენეჯმენტის ლაპარაკს წააგავს. რთულია ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენად სწორია საკუთარი თავის სამეფო ოჯახის “უფროს” წევრად დასახელება. ნებისმიერ შემთხვევაში, წყვილმა ვერ მოახერხა თავისი გადაწყვეტილების “თლა უფროსისთვის” (დედოფლისთვის) შეტყობინება, რომელიც, მოარული ხმების მიხედვით, “ძალიან იმედგაცრუებული” დარჩა.

ფოტო: უინძორები ტახტიდან გადადგომის შემდეგ / საფრანგეთი, 1937

ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმარჩიელოთ, მაგრამ ეს წააგავს იმ ორი ადამიანის საქციელს, რომლებმაც იციან, რომ თუ რჩევას იკითხავდნენ, ყველა მხოლოდ და მხოლოდ მათ გადარწმუნებას შეეცდებოდა. ან, როგორც ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი, “პრინცთან და პრინცესასთან განხილვები ადრეულ ფაზაშია. ჩვენ ვითვალისწინებთ მათი მხრიდან განსხვავებული მიდგომის სურვილს, თუმცა აღნიშნული საკითხები რთულია და მოსაგვარებლად გარკვეულ დროს საჭიროებს.” იქნებ შესაძლებელი იყოს კანადიდან სასექსში სკაიპით ჩართვა?

ნებისმიერ შემთხვევაში დიდი დრამა ტრიალებს. შოკირებული სამეფო კომენტატორები მომხდარს 1936 წლის ტახტიდან გადადგომის კრიზისს ამსგავსებენ, მაშინ როცა წყვილის მხარდამჭერი სელებრითების თქმით, ეს დაახლოებით იგივე იქნება, როგორც ბეკჰემების ოჯახის ლოს-ანჟელესში გადასვლა. თავად სასექსები კი, სავარაუდოდ, თავიანთ შემდგომ ცხოვრებისეულ ფაზას დაახლოებით ობამების თეთრის სახლის შემდგომი პერიოდის სტილში ხედავენ. დიდი ალბათობით ისინი, სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად შეძლებენ ნეტფლიქსთან შესაძლო პროდაქშენის თაობაზე შეთანხმების მიღწევას. 

ერთი, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ სამეფო ოჯახთან დაკავშირებით ხალხი ათას სიგიჟეს ლაპარაკობს. მაგალითად, ყოფილმა სავაჭრო საქმეთა მდივანმა ლაიამ ფოქსმა მეგანისა და ჰარის ქორწილის პერიოდში განაცხადა, რომ ეს კავშირი ძალიან შეუწყობდა ხელს აშშ – დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ურთიერთობებს. ახლა რაღა ვქნათ, ლაიამ? მოგვიწევს წყვილის ფასეულობის ნახევრის ჩრდილოეთ ამერიკისთვის დათმობა, მაგრამ გთხოვთ, ნუ განვიხილავთ ამას მოვლენას აშშ – ბრიტანეთის სავაჭრო შეთანხმებების რღვევის წინასწარმეტყველებად. 

 

დღეს კი გაზეთების რეპორტაჟები სავსეა სასახლის სტაფის ანონიმური ციტატებით, რომლებისთვისაც სამეფო ოჯახის წევრების საქციელს არანაირი ახსნა არ აქვს. “ყველა მათ ემსახურებოდა. ქორწილიც ისეთი ჰქონდათ, როგორიც სურდათ, სახლიც, ოფისიც… ფული და მომსახურე პერსონალი. მოგზაურობა გინდა თუ ოჯახის მხარდაჭერა. მეტი რა გინდა, ადამიანო?” ან კიდევ: “ღალატის მასშტაბები იმდენად უსაზღვროა, რომ სამეფო სახლის ყველა წევრისთვის ეს ზურგში დანის დარტყმასავით იყო.” რა თქმა უნდა, თუ თქვენ სამეფო სასახლის პერსონალის რიგებში ხართ, ოთხშაბათის საღამოს ტელევიზორის ჩართვა თქვენთვის მაინცდამაინც სასიამოვნო არ იქნებოდა, როცა შეიტყობდით, რომ მალე სამსახურის გარეშე დარჩებით. 

საინტერესოა, ვინ წაიკითხავს იმ მილიარდ სტატიას, რომლებიც სამეფო ოჯახში მომხდარ ამ მისტიკურ მოვლენას დაეთმობა? იმ ადამიანების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვინც ტაბლოიდებს “ვერ იტანს”, შესაძლოა იყოს ძალიან სასიამოვნო ქალბატონი, რომელსაც უინძორში მეგანისა და ჰარის ქორწილამდე ერთი დღით ადრე შევხვდი. მას უკვე დადგმული ჰქონდა საკემპინგო სკამი. “ნამდვილი საშინელებაა, რაც პრესამ მეგანს დამართა”, მითხრა მან. და ამის მიუხედავად, მას იქვე მომარაგებული ჰქონდა – the Sun, the Daily Mail და the Mirror. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ისინი, ვინც სასტიკად ჰკიცხავს მედიას, მისი ყველაზე საფუძვლიანი მკვლევრები არიან. 

რაც შეეხება უშუალოდ მეგანსა და ჰარის, რეალისტურად რომ მივუდგეთ, წყვილი ვერასდროს გაექცევა პრესას და სამწუხაროდ, ამ ნაბიჯით მათ თავიანთი თავი კიდევ უფრო მოწყვლადი გახადეს. მაგრამ სელებრითების ბედი ასეთია. სწორედ გასულ კვირას ბრედ პიტი წუწუნებდა, რომ ტრეშ-ჟურნალებმა ის თავიანთ ყოველდღიურ ლუკმად აქციეს. 

მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს მაინც არ იქნება ტახტიდან გადადგომა. რა ფათერაკებითაც  უნდა იყოს აღსავსე ჰარისა და მეგანის ახალი გზა, ის ალბათ მაინც უკეთესი იქნება, ვიდრე ბულონის ტყის სახლში ცხოვრება და ადოლფ ჰიტლერთან ზრდილობიანი ვიზიტებია. მეორე მხრივ, საიუველირო კოლექცია დიდი ალბათობით მეჩხერი გახდება. 

შეიძლება ხალხმა თქვას, რომ ჰარისა და მეგანის ნაბიჯი სეისმურია. მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ის იმდენად იქნება საფრთხის შემცველი, რამდენადაც მას მონარქიის ჩარლზ მესამის პრობლემამდე მივყავართ. დიდ ბრიტანეთში დიდი ვნებათაღელვისა და გაწამაწიის დროა და დედოფალი, რომელიც ომისშემდგომი კონსენსუსის ერთ-ერთი მაკავშირებელია, უკვე 93 წლისაა. თავის წუთს ელოდება სიყვარულით გაუნებივრებელი და არცთუ მთლად საყვარელი მამაკაცი. და დღევანდელი  აურზაურის მიუხედავად, ნამდვილი მოსალოდნელი კრიზისი სამეფო ოჯახისთვის არა ტახტის მეექვსე, არამედ სწორედ პირველ მემკვიდრეშია.

 

 

ორიგინალი: https://www.theguardian.com/

448 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.