fbpx

ბუზღუნით და იუმორით ვირუსებზე – ანა მაყაშვილი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანა მაყაშვილი

 

გლობალური სამყაროს ნაწილად ისე სრულყოფილად ალბათ არასდროს ვგრძნობთ ხოლმე თავს, როგორც ტარანტინოს ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერისას, მორიგი ბოლო iPhone-ის გამოსვლისას და ადამიანისგან უმართავი რაიმე პლანეტარული მასშტაბის კატაკლიზმის შემთხვევაში. თორემ, აბა, მაგალითად, გლობალური ეკონომიკური კრიზისები (ან ბუმები) გვერდს გვივლის ხშირად და ჩვენი თვითნებური რიტმით ვუფასურდებით.  

ამიტომ, როცა At.ge-დან მომწერეს, იქნებ ბოლო პერიოდის ამბებზე რამე დაგვიწეროო, მთელ შინაგან მაზოხიზმს ამაოდ მოვუხმე, რომ ჩემი მსუბუქი სურდო კორონავირუსად განმეცადა და ერთგვარი გულდაწყვეტაც კი ვიგრძენი მსოფლიო მარაქაში გაურევლობის გამო. 

მართლაც, ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენს ეპოქაში იტალიას და ირანს რაღაც იმაზე უფრო მყარი საერთო გამოუჩნდებოდათ, ვიდრე მათი სახელების პირველი ასოა. 

თუმცა, ვირუსზე სწრაფად, კიდევ ერთი გლობალური მონსტრის – ინტერნეტის – მეშვეობით, აურაცხელი აზრი, უაზრობა და ხუმრობა ვრცელდება. ზოგი – სასაცილო და ზოგიც – გაცვეთილი. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მოსალოდნელი ხუმრობა (ჩემი ავტორობის ჩათვლით) ლუდ Corona-ზე იყო, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არცთუ უსაფუძვლო გამოდგა: როგორც CNN-ზე წავიკითხე, ლუდის მოყვარული 700-ზე მეტი ამერიკელის გამოკითხვის თანახმად, 38% კატეგორიულ უარზეა, ეს ლუდი დალიოს. 

ზოგ შემთხვევებში, ფაქტობრივი ვიდეოები თავისთავად საკმარისად ირონიულია, გაფორმება რომ სჭირდებოდეს ისევე, როგორც ახალი ამბების სათაურები. მაგალითად, ერთი-ორი დღის წინ Bloomberg-ს ეწერა, კონფერენცია კორონოვირუსის შესახებ  კორონოვარუსის გამო ჩაიშალაო, “რადიო თავისუფლებამ” კი ერთობ ორაზროვნად წაკითხვადი (ავტორის განზრახვაზე ვერაფერს გეტყვით) სათაური შემოგვთავაზა: “საპატრიარქო მზადაა ეკლესიებში დეზინფექცია ჩაატაროს.” 

კულტურული მახვილგონივრობის საშუალება მსოფლიოს მომხმარებლებს ლივერპულის აეროპორტთან, John Lennon Airport-თან დაკავშირებულმა ინფორმაციამაც მისცა – ყველამ, ვინც ამ აეროპორტში გაიარა, კარანტინში მოხვდნენო, და ლენონის სუპერ-პოპულარული (და, თავის მხრივ, გლობალისტური პათოსის მქონე) Imagine-ის ტექსტთან ალუზიებმაც არ დააყოვნა: Imagine All the People-ო, წერდნენ. სხვათა შორის, ამ აეროპორტს არასდროს აკლდა მსგავსი ალუზიები: აეროპორტის შესასვლელთან – აეროპორტის ფუნქციის გათვალისწინებით არანაკლებ მახვილგონივრულად – ზემოთ ხსენებული სიმღერიდან ეს ფრაზა წერია: Above Us Only Sky (,,ჩვენ ზემოთ მხოლოდ ცაა“); ჰოდა, ოდესღაც, საფეხბურთო კლუბ Liverpool-ის გულგატეხილ გულშემატკივარს ამ წარწერის ქვემოთ მიუჯღაბნია: Below Us Only Huddersfield Town (,,ჩვენ ქვემოთ მხოლოდ Huddersfield Town-ია“) – ერთობ უღიმღამო საფეხბურთო კლუბი იგულისხმა, რომელსაც მაშინდელ Liverpool-ზე ცუდი შედეგები ჰქონდა პრემიერლიგაში. ცხადია, იმ დროს Liverpool-ი ისეთივე წარმატებული არ იყო, როგორიც კორონავირუსის ხანაშია. 

ჩემი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კორონავირუსმა კიდევ ერთი ,,საქმე“ გამიჩინა. როგორც ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, სხვა ლექტორებთან ერთად, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლის გამოწვევის წინაშე დავდექი. მაშინ, როცა საერთო მიმოწერაში კოლეგა-პროფესორები ენთუზიაზმით აზიარებენ ათას დაბალიუ დაბალიუ დაბალიუ დოტ ქომ პლატფორმას ამ საკითხის ეფექტურად წარსამართად, მე, ადგილობრივი განათლების დებილიუ დებილიუ დებილიუ შრეებზე შეფიქრიანებული, ონლაინ სწავლებას უფრო შორ მანძილზე მიმდინარე რომანტიკულ ურთიერთობას ვადარებ, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, მშვენიერი გასართობი მობილური თამაშია, ოღონდ ერთი თვის მერე დაწყევლილი ხდება წარუმატებლობისთვის. თუმცა, განათლების დებილიუ მხარეების მიუხედავად, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სტუდენტებმაც არანაკლები მახვილგონივრულობა გამოიჩინეს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით და ბადალი არ დაუდეს გლობალურ თანატოლებს ხუმრობებში. იუმორი მაინც საუკეთესო ანტიდოტად რჩება, როგორც ჩანს. 

მოკლედ, არ გამოდგა კორონავირუსი ცუდი გასართობი და კიდევ ერთხელ დამაფიქრა გლობალიზაციის თავშესაქცევ თავისებურებებზე. იმაზე, თუ როგორ იქცა საძაგელი მიკროორგანიზმი – ეს სრულიად ბიოლოგიური მოვლენა – სოციალურ და მასკულტურულ ფენომენად და როგორ იწყებს უკვე ეკონომიკაზე ასახვას. 

ისე, გლობალიზაციის სპეციფიკური გამოვლინება კი არის უდავოდ – არდადეგები, ფიზიკური მოგზაურობის ნაცვლად, მენტალურ მოგზაურობასა და ციფრულ Instagram-ში გამატარებინა. 

სანამ ადამიანებისგან თვალშისაცემად შეთხელებულ თბილისის ქუჩებზე ჩვენთან აღდგომა გაახსენდებათ, საერთაშორისო მედია კი იტყვის, ნეტავ გლობალურ დათბობასაც იგივე PR-ი ჰყავდეს, რაც კორონასო, მე ამ ჩემი მენტალური მოგზაურობისას, სხვა რამეებთან ერთად, ყველა ამერიკულ-აპოკალიპსურ ბლოკბასტერს ვიხსენებ პანდემიებზე. მათ შორის, ერთი 2011 წლის ფილმიც გამახსენდა, სახელად, “ინფიცირება.

ჯუდ ლო თამაშობს ერთ-ერთ გმირს. მსოფლიოს ეპიდემია იპყრობს, ბოლოს კი, შეთქმულების თეორიათა ჯინაზე, ირკვევა, როგორ ინფიცირდება “პაციენტი ერთი” (როგორც ადგილობრივი მედია იტყოდა): როგორ და ჩინეთში, სადაც ბულდოზერი ხეს ანადგურებს და ღამურებს აფრთხობს; ერთ-ერთი ღამურა საღორეს გადაუფრენს და იქ ბანანის ნაგლეჯს ჩააგდებს, ამ ნაგლეჯს კი ღორი შეჭამს. ღორს კლავენ, რომლისგანაც ერთი შეფმზარეული ამზადებს კერძს, ხოლო ეს შეფმზარეული ხელს ჩამოართმევს “პაციენტ ერთს” კაზინოში და ასე გადასდებს ვირუსს. 

ცხადია, ეს არ არის ჩემი კინო. ტარანტინო ბევრად მირჩევნია. თუ თქვენც მოგწონთ ტარანტინო, შეიძლება გახსოვდეთ, რომ ნათქვამი აქვს, ათზე მეტ ფილმს აღარ გადავიღებო. “ერთხელ ჰოლივუდში,” რომლის პრემიერაზეც 2019-ის ზაფხულში ვიყავით, მეცხრე ფილმი იყო!

არ მინდა, გლობალური სამყაროს ნაწილად არ ვიგრძნო თავი. 

თუმცა, არც ისაა დიდი პრობლემა, iPhone-ების იმედად თუ დავრჩით. წავალ ახლა, Instagram-ში შევიხედები.    


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.