fbpx

გადაწყვეტილება ონლაინ გაყიდვების აკრძალვის შესახებ შესაძლოა გადაიხედოს


გააზიარე სტატია

 

Covid 19-ის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით,  საქართველოში 31 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდა და კარანტინი გამოცხადდა.

ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიღებული მთავრობის 30 მარტის 204-ე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად აიკრძალა ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობა, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი გამონაკლისებისა:

  • სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;
  • წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;
  • კომერციული ბანკების საქმიანობისა;
  • იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
  • საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;
  • ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;
  • საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;
  • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
  • მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;
  • საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
  • კერძო დაცვითი საქმიანობისა;
  • საადვოკატო საქმიანობისა;
  • ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;
  • პრესის ჯიხურებისა.


ჩამონათვალში არაფერია ნათქვამი ონლაინ ვაჭრობის შესახებ, თუმცა კომპანიების ნაწილმა მთვარობის გადაწყვეტილების მიხედვით საქმიანობის შეჩერების შესახებ განცხადებები საკუთარ ფეისბუკის გვერდებზე გაავრცელეს. 

ინფორმაცია საკვების გარდა ყველა სახის ონლაინ ვაჭრობის შეზღუდვის შესახებ “ტაბულასა” და “რადიო თავისუფლებას” მთავრობის პრესსამსახურში  დაუდასტურეს

მარკეტერს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, რომ უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ცვლილებები დოკუმენტში, სადაც დაზუსტებით იქნება ჩამოთვლილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში ნებადართული საქმიანობები.

მთავრობის 30 მარტის 204-ე დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალში ცვლილებებს ითვალისწინებს:

2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს იმ ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

3. ამ  მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობას წარმოუდგენენ საქართველოს სამინისტროები ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით.

 

ონლაინ გაყიდვების შეზღუდვაზე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში კომენტარი გააკეთა პრემიერმა გიორგი გახარიამაც: “ჩვენი ძირითადი პრინციპი გახლავთ მინიმალური ზიანი ეკონომიკას. მაგრამ რამოდენიმეჯერ ვთქვით, რომ ეს არის ის შეზღუდვები, რომელიც არის საჭირო დღეს და არის დროებითი.” პრემიერს არ დაუზუსტებია შეზღუდვების მოქმედების შესაძლო ვადები. გახარიას განცხადებით, დაწესებული ახალი შეზღუდვები განპირობებულია იმით, რომ ონლაინ მომსახურების სფერო გულისხმობს ადამიანების კონტაქტს, როგორც ბიზნესების ოფისების შიგნით, ასევე მათ კონტაქტს ბევრ მომხმარებელთან.

 

1,135 total views, 3 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.