fbpx

Scroll x AT ახალგაზრდობა: ფირის ფოტოგრაფია – სამყარო, სადაც დრო ჩერდება


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ:

ავტორი: ქეთევან ჯულუხაძე


 

“ფოტოგრაფია სიტყვა სიტყვით სინათლით ხატვის ტექნოლოგიაა, ის ამბავს მოგვითხრობს, მათ ახალ სიტყვებში “გადაწერს”, საბოლოოდ კი ჩრდილებსა და შუქებში ცოცხლდება”.

ობიექტივი ეს ალტერნატივათა მრავალფეროვნებაა.

მახსოვს კარადის ბოლო თაროზე შემოდებული ყუთი. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ყოველთვის, როდესაც დედა ყუთს ჩამოიღებდა, პატარა მრგვალ კოლოფებს ვიღებდი და ყველას სათითაოდ ვხსნიდი. ეს უმნიშვნელო, მაგრამ, ამავდროულად, ჯადოსნური მომენტი იყო, ვუყურებდი ყავისფერ ლენტებს, რომელშიც მხოლოდ სილუეტებს ვარჩევდი.

ნეგატივები…

მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო ეს და ჩემთვის ყველაზე რთული გამოცანა ჩანდა  პროცესი, რომლის შედეგადაც ისინი ფოტოებად იქცეოდნენ.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ნეგატივების თვალიერება კი ფოტოგრაფიის მიმართ დიდ სიყვარულში გადაიზარდა და ყოველი გამოფენის, ფესტივალისა და ახლად გამოსული უზარმაზარი ციფრული აპარატების შემხედვარეს, თვალწინ მხოლოდ ერთი კადრი მიდგებოდა: ამოუცნობი სილუეტები “ლენტაზე”.

წლების წინ წარმოუდგენლად ჩავთვლიდი ბნელ ოთახს, ფირებს, კოდაკის აპარატებსა და ნეგატივების სკანირებას, მაგრამ ეს ყველაფერი დაბრუნდა და თანამედროვე ფოტოხელოვნების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ჩემთვის ეს ყველაფერი  მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სოციალურ ქსელში შევამჩნიე აპარატი, როგორიც სახლში წლებია მიდევს და ფუნქციას ვერასდროს ვუბრუნებდი. სოციალურ ქსელებში ისევ გამოჩნდა კოდაკის აპარატები, ფირები, ძველი პოლაროიდები და 21-ე საუკუნის 10-20-იან წლებში მე-20  საუკუნის სულმა გაიღვიძა.

ამაში  კი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს ადამიანებმა, რომელთაც ეს ყველაფერი ჩემზე მეტად ენატრებოდათ, ვისაც ამ ყველაფრის მნიშვნელობა და ღირებულება ჩემზე უკეთ ესმოდა…

ბევრმა ქართველმა, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა ფოტოგრაფმა  ციფრული აპარატები თაროზე შემოდო –  მათ ფირების გამჟღავნება დაიწყეს. ბევრს არ ესმის – რატომ ფირი და არა ციფრული აპარატი, რომელიც მეტ თავისუფლებასა და, როგორც მინიმუმ, შეცდომის დაშვების საშუალებას გაძლევს.

რატომ ფირის ფოტოგრაფია,  როდესაც 21-ე საუკუნე ალტერნატივათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა?

გიორგი ყოლბაია

პროექტის სპეციფიკაზეა დამოკიდებული, გადასაღებად ციფრულ კამერას გამოვიყენებ თუ ანალოგურს. თუკი არჩევანს ფირზე ვაკეთებ, ეს, ძირითადად, ორი ფაქტორითაა განპირობებული: პირველი  ტექნიკურია – ფირის შემთხვევაში შესაძლებლობა მეძლევა ბევრად უფრო დიდი ნეგატივით ვიმუშაო, რასაც თვალსაჩინო ვიზუალური ეფექტი აქვს; მეორე და, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ისაა, რომ საშუალო და დიდი ფორმატით მუშაობისას პროცესი საგრძნობლად ნელდება. ყველაზე მეტად პორტრეტზე მუშაობა მაინტერესებს და შენელებული, დამიწებული ფოტოკამერა სუბიექტთან ინტიმური კომუნიკაციის საშუალებას იძლევა.

ციფრულისგან განსხვავებით, რომლის შემთხვევაშიც კამერა ჩემსა და ობიექტს შორის რთულად გადასალახ ბარიერს ქმნის, დიდი ფორმატის კამერით მუშაობისას შემიძლია  ამ ორი აქტორის მიღმა დავდგე და დამკვირვებლის როლი მოვირგო. ფირით მუშაობისას დრო განსხვავებულად მოქმედებს. თუკი ციფრულით გადაღებისას მე და სუბიექტი დაუსრულებლად ვცდილობთ ერთმანეთს დავეწიოთ, ფირის შემთხვევაში დროის მიღმა ვმოძრაობთ და საბოლოოდ, ერთ წერტილში ვხვდებით ერთმანეთს.

სოფი მდივნიშვილი

თუკი ჩემს ფოტოგრაფიას ერთი სიტყვით შევაფასებდი, ალბათ ,,ამაღელვებელს” გამოვიყენებდი. ყოველ ჯერზე ახალ, უცხო ადამიანებთან შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ამ პროცესის. ფირზე გადაღება კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. გადაღების შემდგომ ელოდები იმ კადრებს, რომელიც დიდი დაკვირვების შედეგად გადაიღე. ფირი საშუალებას გაძლევს გადაღების პროცესში ბევრი პატარა დეტალი შეამჩნიო, კადრების შეზღუდული რაოდენობის გამო უფრო მეტ დროს ატარებ თითოეულზე ფიქრში.

გადაღების შემდეგ არ გჭირდება  რაიმე შეცვალო  ფოტოში –  ფირის სწორად შერჩევა და საკუთარი კამერის ტექნიკურად კარგად ცოდნა სასურველ შედეგს აუცილებლად გაძლევს. ჩემი გადაღებული თითოეული ფოტო უნიკალურია, ანუ არსებობს მხოლოდ ერთი ასეთი კადრი ფირზე. ვიტყოდი, რომ ფირზე გადაღება გასწავლის ფიქრს, გაძლევს ბევრად ცხოვრებისეულ ფერებს, ფოტოებს აქვს მეტი სიღრმე, რის გამოც ისინი ძალიან ბუნებრივია.

მერი ბიჭაშვილი

ფირის აპარატთან ბავშვობიდანვე მქონდა შეხება. ბაბუაც და მამაც იღებდნენ ფოტოებს, ძირითადად – “ზენიტით”, რომელიც ჩემი პირველი აპარატი იყო. მამაჩემი აბაზანაში ამჟღავნებდა და ეს პროცესი შორიდან ძალიან მიმზიდველი ჩანდა. რაღაც ეტაპზე გადავედი ციფრულ ფორმატზე, თუმცა ფირი ჩემთვის მაინც შეუცვლელი დარჩა. ორივე კამერას თავისი დადებითი მხარე აქვს. ფირში მომწონს ტონები, სიმკვეთრე, გადაღების პროცესი, როცა  ბოლოს შედეგს ხედავ და ეს ერთგვარი თავგადასავალია.

ყველა ფირს თავისი ფერი აქვს. არ მომწონს,  რომ ფირით გადაღება ტენდენციად იქცა და ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს  დაზიანებული, ობიანი, გაკაწრული ფოტოებია, რაც რეალურად ცუდი გამჟღავნების, ძველი ფირის ან სკანერის ბრალია. კარგად გადაღებული ფირის ფოტო შეიძლება ციფრულისგან ვერც კი გაარჩიო სისუფთავით.

 

ლუიზა ჩალათაშვილი

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ხშირად მიწევს. თუმცა, ამომწურავად ალბათ ვერასდროს ვპასუხობ, რადგან პასუხი ტექნიკური უნდა იყოს – რითი  ჯობია  ფირი ციფრულს, რა შეუძლია მას ისეთი, რაც არ შეუძლია ციფრულს და შესაბამისად,  ამ კონტექსტში ვსაუბრობ ხოლმე. ეს კი არ არის საკმარისი. ჩემთვის  ფირის მიმართ სიყვარული ემოციებისა და შეგრძნებების დონემდე მიდის, რაც  რთულად ასახსნელია.  მიუხედავად იმისა, რომ მისი ფერთა გამა და სიღრმე, გამოსახულება უფრო მიზიდავს, ის ისედაც უფრო ახლოსაა ჩემთან, თითქოს ჩემი ნაწილია და  ჩემს პიროვნებას უფრო უხდება. ის ყოველთვის მეხმარება, ისე გადმოვცე ჩემი სათქმელი, როგორც ვხედავ.

ფირი ძალიან მხატვრულია და თავად ქმნის ღრმა და “მსუყე” კადრებს, რომელსაც შემდეგ ხელის შევლებაც კი არ სჭირდება. ფირი ხომ ცოცხალი ორგანიზმია და სწორედ ამიტომ, ყოველი მასზე აღბეჭდილი კადრი ცოცხალი და ხელშესახებია.

 

მარიამ მუმლაძე

ფოტოგრაფიასთან ჩემი პირველი შეხება ფირის კამერა იყო და მიუხედავად იმისა, რომ ციფრული კამერითაც აქტიურად ვიღებ, ფირის ფოტოგრაფია მაინც განსხვავებულად მიყვარს. როცა იცი, რომ სულ 24 ან 36 კადრი გაქვს, ცდილობ, თითოეული კადრი საგულდაგულოდ შეარჩიო, აკვირდები დეტალებს, შუქჩრდილებს და გულში მაინც სამამდე ითვლი, სანამ კადრს დააფიქსირებ.

მე პირადად მოთმინება და ლოდინიც მასწავლა – როცა არ იცი, როდის რა გამოვა (ან, საერთოდ, თუ გამოვა გამჟღავნებული კადრი), მაგრამ რაღაცნაირად მაინც ენდობი შენს თავს და გარესამყაროს. თუ მკითხავენ, რა არის ჩემი საყვარელი ხმა, ერთ-ერთს კამერის ფარდის დახურვის ხმას დავასახელებდი, რომელსაც ყველაზე ხმაურიან გარემოშიც აუცილებლად გაიგებ.

წყარო:  Magnolia Film Lab

თბილისში ერთმანეთის მიყოლებით გაიხსნა ფირისა და კამერების მაღაზიები: Tbilisi camera shop, Analog, Laboratory 25 და ა.შ.

ჩემთვის კი ყველაზე გამორჩეულია Magnolia Film Lab. გალერეა FOTOGRAFIA დაახლოებით 3 წლის წინ გაიხსნა. პირველად მათ სივრცეს KOLGA Tbilisi photo festival-ის ფარგლებში გავეცანი – პატარა, ლამაზი და გამორჩეული გალერეა   ასევე  პატარა პოლაროდის კამერით გადაღებულ ფოტოებს “მასპინძლობდა”. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ამ გალერეამ ფოტოხელოვნებისთვის  უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე მხოლოდ მასპინძლობაა.

“FOTOGRAFIA იყო და არის პირველი ფოტოგალერეა, რომელიც ორიენტირებულია აქ მომუშავე ქართველ და უცხოელ ფოტოგრაფებზე, მათი პოპულარიზაციაზე… ამაში იგულისხმება  თუნდაც ის, რომ მათი ნამუშევრები მუდმივად გამოფენილია ჩვენს გალერეაში და იყიდება, როგორც შეზღუდული გამოშვების ანაბეჭდები”. – აღნიშნავს ელენე სიდამონიძე ინტერვიუში.

ინტერვიუ Magnolia Film Lab-ის წარმომადგენელ ელენე სიდამონიძესთან.

პირველ რიგში,  რატომ ფირის ფოტოგრაფია და რა გახდა Magnolia Film Lab-ის ინსპირაციის წყარო?

გალერეის გახსნის შემდეგ დავიწყეთ ფოტოგრაფების მოძიება, რომელთა ნამუშევრებსაც  გამოვფენდით და აღმოვაჩინეთ, რომ მათი უმრავლესობა  უკვე ფირზე იღებდა. ჩვენმა ამერიკელმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, რომ შეექმნა სივრცე, სადაც ისინი შეიძენდნენ ფირებს, გაამჟღავნებდნენ და მოკლედ რომ ვთქვათ, მათთვის ეს სერვისი ხელმისაწვდომი იქნებოდა. დაახლოებით ორი წლის წინ ნაკლებად ინტერესდებოდნენ –  კვირაში ალბათ ორი ფირი მოჰქონდათ ხოლმე, მაგრამ არ დავნებდით და განვაგრძეთ ამ კუთხით მუშაობა, ახლა კი იხსნება უფრო დიდი ლაბორატორია, რა თქმა უნდა, გალერეა FOTOGRAFIA-ის მხარდაჭერით.

ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე და რამ გამოიწვია ჩვენი სერვისის მიმართ ინტერესის  ასეთი გაზრდა… შეიძლება იმან, რომ ტრენდი გახდა, მსოფლიოშიც უკვე საკმაოდ აქტუალურია და, შეიძლება ითქვას, რომ ფირის ფოტოგრაფია დაბრუნდა. ჩვენც ფოტოგრაფებს შევთავაზეთ  ფირების უფრო მეტი არჩევანი, მეტი სერვისი და დავხვეწეთ გამჟღავნების ტექნოლოგია. გალერეის ტერიტორიაზე ლაბორატორია მეტად ვეღარ ვითარდება, რადგან გაჩნდა  სივრცის პრობლემა.  გარდა ამისა გვინდა, რომ ეს ორი ბრენდი გაიყოს, ერთმანეთს  ხელი რომ არ შეუშალონ…  როდესაც ჩვენთან ახალგაზრდა ფოტოგრაფები მოდიან. მუდამ ინტერესდებიან გალერეით, ათვალიერებენ  და მოსწონთ. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ დამწყებ ფოტოგრაფებს და მათ მეტი შთაგონება და ტექნიკური ცოდნა გადავცეთ. ახალი ლაბორატორია კი ძალიან დაგვეხმარება. ის იქნება დამოუკიდებელი სივრცე, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შესთავაზებს ფირების არჩევანს, მაღალი ხარისხის სერვისს და  ბიუჯეტურადაც ყველასთვის მისაწვდომი იქნება – როგორც დამწყები ფოტოგრაფებისთვის, ასევე  პროფესიონალებისთვის, რადგან ფირი ძალიან სპეციფიკურია და  გადაღების პროცესში ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

რატომ ფირის ფოტოგრაფია?

დიდი დისკუსიის თემაა –  რატომ ფირის ფოტოგრაფია.  ძალიან ბევრ აზრს მოისმენთ. ალბათ რამდენი ფოტოგრაფიცაა,  იმდენი განსხვავებული აზრია. ჩვენთვის, ვინც ლაბორატორიაში ვმუშაობთ, საინტერესოა თვითონ პროცესი, რადგან შედეგი ყოველთვის მოულოდნელია. შეიძლება გამოვიდეს ისეთი, როგორიც გინდოდა ან სრულიად განსხვავებული კადრები მიიღო –  ძალიან ბევრი დეტალია, რომლის  გაუთვლელადაც  შეიძლება ფირი საერთოდ ცარიელი აღმოჩნდეს.

მე მხოლოდ შორიდან ვუყურებ პროცესს და ვფიქრობ, რომ ფირის ფოტოგრაფია განსაკუთრებულ ესთეტიკასა და პროფესიონალიზმის ახალ დონეს ქმნის ფოტოხელოვნებაში, თქვენი კი უშუალოდ პროცესში ხართ ჩართულნი, როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს ქართულ ფოტოხელოვნებაზე?

Magnolia Film Lab იქნება ის ადგილი, სადაც  საფუძვლიანად თუ არა, საბაზისო ცოდნას მაინც მიიღებ  და გეცოდინება, როგორ უნდა იმოქმედო სწორად, როდესაც  ფირთან მუშაობას იწყებ. შედეგად კი ფირის ფოტოგრაფიის პოპულარიზაციასთან ერთად, უფრო მეტი ადამიანი გადაიღებს ფოტოებს და სწორედ ესაა ძალიან კარგი ფოტოხელოვნების განვითარებისთვის.  ზოგადად, რაც უფრო მეტი ადამიანი იღებს ფოტოებს და, აქვეყნებს, მით უფრო მეტი ხედვა ჩნდება და მეტი განსხვავებული მიდგომა იკვეთება.  ვფიქრობ, როდესაც ადამიანი იღებს სპონტანურად, ყოველგვარი  ცოდნის გარეშე, ის აუცილებლად გვაჩვენებს რაღაც ახალს და გამორჩეულს. სწორედ ეს უწყობს ხელს დარგის განვითარებას.

რას გეგმავთ მომავალში?

ისეთ ვითარებაში დავიწყეთ ლაბორატორიაზე მუშაობა, რომ თავიდანვე ძალიან დიდი გეგმები დავისახეთ. ზაფხულში  მოწვეული გვყავდა უცხოელი ფირის ფოტოგრაფები, რომლებიც უნდა ჩამოსულიყვნენ და ადგილობრივ დამწყებ თუ პროფესიონალ ფოტოგრაფებთან ერთად უნდა ჩაეტარებინათ ფოტოტურები, ვორკშოპები გამჟღავნების, ასევე გადაღების და გავრცელების  შესახებ. ლაბორატორიის მშენებლობის იდეა ვითარდება თებერვლიდან და გახსნას გაზაფხულზე ვგეგმავდით, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა –  საკმაოდ დატვირთული ზაფხულის ნაცვლად,  როგორც ხედავთ, გახსნამაც კი შემოდგომამდე გადაიწია. ჩვენი გეგმები გეგმებად რჩება,  ისინი  სამომავლოდ გადაიდება, მაგრამ გახსნისთანავე ჩვენ დავიწყებთ განსხვავებულ ღონისძიებებს და ვუმასპინძლებთ ყველა დამწყებ თუ პროფესიონალ დაინტერესებულ ფოტოგრაფს. სამომავლოდ ვაპირებთ, რომ საერთაშორისო სტანდარტი შევქმნათ  და  არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ ფოტოგრაფებთანაც  ვიმუშაოთ. ამჟამადაც არსებობს დაინტერესება  უცხოელი ფოტოგრაფების მხრიდან, მაგრამ გვსურს, რომ უფრო დიდ მასშტაბზე გავიდეთ და ისეთ სერვისი შევთავაზოთ მომხმარებლებს, რომ ამით მსოფლიოში  ცნობილი ფოტოგრაფებიც დაინტერესდნენ, ანუ გვსურს საზღვრების გაფართოება. ამას  ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით არ ვაკეთებთ, უბრალოდ, ამ ყველაფერში და, ზოგადად, ჩვენ ირგვლივ, საზღვრებს გარეთ, ან თუნდაც ევროპაში დიდი და სასარგებლო  ცოდნაა დაგროვილი.  გვსურს, ამ ცოდნამ ჩვენთანაც ჩამოაღწიოს და მოვერგოთ იმ სტანდარტებს, რაც მსოფლიოში არსებობს. ეს  კი ძალიან წაადგებათ ადგილობრივ ფოტოგრაფებს და  განავითარებს ფირის ფოტოგრაფიას საქართველოში.

როგორ ხედავთ თქვენს როლს ფირის ფოტოგრაფიის განვითარების პროცესში?

როდესაც წელიწად-ნახევრის წინ ამ საქმეში ჩავერთე, ვერ ვიტყვი, რომ არ იყვნენ ფირის ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადამიანები, მაგრამ ახლა მათი რიცხვი სამჯერ ან ოთხჯერ გაიზარდა. მაშინ თუ იყო  1000, ახლა 4000-ია.  ყოველდღიურად მოდიან ჩვენთან დამწყები ფოტოგრაფები, თუნდაც ძველი საბჭოთა კამერებით ან მარტივი ნაჩუქარი აპარატებით და მგონია, რომ ამაში ჩვენი წვლილი ძალიან დიდია, რადგან ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფერზე  აქტიურად მუშაობა. რა თქმა უნდა, არსებობენ სხვა ლაბორატორიებიც, მაგრამ ამ ყველაფრის პოპულარიზაციაში  Magnolia Film Lab-ის  როლიც ძალიან დიდია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვემუშავა პირდაპირ ფირის მწარმოებლებთან, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ გარდა პროდუქტისა, ამ პროცესის გარშემო ძალიან დიდი ცოდნა დაგროვდეს და ძველი ახლებურად შევთავაზოთ, იმიტომ, რომ ფირის ფოტოგრაფია ძველთან ასოცირდება და სწორად ამიტომ ვცდილობთ შევქმნათ ახალი ტენდენცია, წავახალისოთ ჩვენი ფოტოგრაფები და ეს ყველაფერი უფრო ახლებური და მოდური გავხადოთ.

 


რეკომენდებული სტატიები
გასქროლე სფეისით - როგორ დავიბრუნოთ მგზავრობის ფული უკან?

გასქროლე სფეისით - როგორ დავიბრუნოთ მგზავრობის ფული უკან?

გასქროლე სფეისით - როგორ დავიბრუნოთ მგზავრობის ფული უკან?
რამდენიმე თვეა, თბილისში და ბათუმში ახალი ეკოლოგიური ტრანსპორტი - სქროლის ელექტრო სკუტერები გამოჩნდა და მალევე გახდა ახალგაზრდებისთვის და არა მარტო, მგზავრობის საყვარელი საშუალება. სწორედ ამიტომ, სფეისი, ვიზა და სქროლი დამეგობრდნენ და 19 ივნისიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, სქროლზე სფეისის ვიზა ბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის 30% მომენტალურად დაგიბრუნდებათ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.