fbpx

ორბელიანის მოედანზე Window Project-ის საჯარო სახელოვნებო ვიტრინებში ახალი ინსტალაციები გამოიფინა


გააზიარე სტატია

 

Window Project-ი წარმოგიდგენთ სალომე მაჩაიძის, უტა ბექაიას და თამუნა ქარუმიძის ინსტალაციებს ორბელიანის მოედანზე მდებარე საჯარო  სახელოვნებო  ვიტრინებში. 

სამივე ნამუშევარი ერთგვარი გამოძახილია მსოფლიოში შექმნილ დღევანდელ ვითარებაზე.

ეს არის მცდელობა მხატვრების სულიერი მდგომარეობის ფიზიკური ფორმებით გადმოცემისა. 

 

 

სალომე მაჩაიძე

“ჩვენ ვიმარჯვებთ” 

2021

დღეს როცა მთელი მსოფლიო ჩიხში შევიდა, ძველი ისტორიული კავშირები ნივთებსა თუ ადამიანებს შორის ირღვევა. მათ ახალი კავშირები უნდა იპოვონ და შექმნან ახალი ისტორია.

სახე და მოტოციკლისტი, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ ალუზია, ამ ჩიხში, დაშლილ სამყაროში ახალი გზების ძიების ნიშანია. 

შესაძლოა, როგორც „მერანში“, დღესვე არ მოხერხდეს საბოლოო მიზნის მიღწევა, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს სულის ნება, რომელმაც ახალი ძალით, ახალი დინამიკით უნდა შეძლოს დაშლილი, ჩიხში შესული კულტურისა და ადამიანის რეკონსტრუქცია.

ცივილიზაციის ვაკუუმში ახალი იდეის შექმნის სურვილმა უნდა გაიმარჯვოს სიცარიელეზე. 

 

 

უტა პ. ბექია 

ჰიბრონაცია/ დამცავი საბანი

2021

როცა პატარა ვიყავი, როდესაც რამის შემეშინდებოდა, ღამით, როცა გარეთ სიცივე იყო, ჩემ საყვარელ საბანში დამალული წარმოვიდგენდი, რომ დიდი თოვლის ქვეშ ვწევარ, ჩემს პატარა, თბილ და მყუდრო ბუნაგში, სადაც მთელი ზამთარი შემეძლო საბანში გახვეულს, უშიშრად მძინებოდა და ფერად და რეალურ სიზმრებში მეცხოვრა, პარალელურ გარემოცვაში. 

ახლაც, როდესაც შიშს ვგრძნობ, ისევ ვუკავშირდები იმ დამფრთხალ ბაჭიას, რომელმაც დამალვა მასწავლა, რომლისგანაც ვისწავლე, როგორ უნდა დავმალულიყავი, ჩქარა გავქცეულიყავი სხვა სამყაროში. ეს საბანი და მასზე გამოხატული ბაჭია იმ საკრალური და რიტუალური ნივთების და ქმნილებების  სიმულაციაა, ბავშვობიდან ასე მკაფიოდ რომ მახსოვს.

 

 

თამუნა ქარუმიძე

“Tamra” 

“გონებრივი ობიექტები”

როგორც ყოველთვის, თამუნა ქარუმიძის ნამუშევრები აერთიანებს მულტიმედიურ მიმართულებებს: მოდას, საუნდ-დიზაინს, მუსიკის გრაფიკულ დიზაინს და სხვა. 

Window Project-ის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი ეფუძნება ისლამური ჩადრისა და თანამედროვე ყოველდღიური სტილის შერწყმას. ნამუშევრის იდეა არის  ჩვენი მომავლის მარტივი ხედვა პოსტპანდემიურ სივრცეში, სადაც ჩვენმა სახეებმა და იდენტობებმა დაკარგეს ღირებულება, ხოლო სამოსმა, რომელიც ჩვენს სხეულს ფარავს, მიიღო ძალაუფლების მნიშვნელობა.

 

 

თამუნა ქარუმიძე არის მულტიმედია არტისტი, რომელიც დაიბადა და მუშაობს თბილისში. მისი სახელი მოდის დიზაინის სამყაროში ცნობილია ლეიბლით „თამრა“. მისი კვლევა ფოკუსირებულია მარგინალიზებული ურბანული ტომების უნიკალური სამოსზე, რომელთაც თამრა საკუთარ ვიდეონამუშევრებში ასახავს და სხვადასხვა  საერთაშორისო კინოფესტივალებზე, არტ ფორუმებსა და გამოფენებზე აჩვენებს. ზოგიერთი ვიდეონამუშევარი შექმნილია “ვოგთან” თანამშრომლობით.  

ორბელიანზე ახალი ვიტრინების პროექტის განხორციელების უფლებისთვის Window Project მადლობას უხდის  თბილისის მერიას.

 

1,328 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.