fbpx

ბერლინის კინოფესტივალი რუმინული ფილმის გამარჯვებით დასრულდა


გააზიარე სტატია

ავტორი: სკოტ როქსბორო

 

ბერლინის  71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმად რუმინული კომედია „Bad Luck Banging or Loony Porn“ (Babardeală cu bucluc sau porno balamuc) დასახელდა. რეჟისორ რადუ ჟუდეს მძაფრ სოციალურ სატირას, რომელიც კოვიდპანდემიის პირობებში შეიქმნა, ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს დათვი“ გადაეცა.

 

 

სექსის, სიცრუისა და ვიდეოჩანაწერების შესახებ არსებულ რუმინულ ფილმზე კინოკრიტიკოსთა შეხედულებები სხვადასხვაა, თუმცა „ოქროს დათვით“ მისი დაჯილდოება ბერლინალეს მორიგ მემარცხენე გადაწყვეტილებად შეფასდა.

აღნიშნული გამარჯვება რადუ ჟუდესთვის მეორე აღიარებაა ბერლინის კინოფესტივალზე – 2015 წელს იგი საუკეთესო რეჟისურაში „ვერცხლის დათვით“ დაჯილდოვდა შავ-თეთრი ისტორიული ჟანრის სოციალური დრამისთვის, სახელწოდებით  „აფერუმ!“ (Aferim!).

ბერლინის 2021 წლის კინოფესტივალზე რანგით მეორე ჯილდოთი – ჟიურის გრან-პრით – რიუსუკე ჰამაგუჩის იაპონური დრამატული ფილმი „ბედისა და ფანტაზიის ბორბალი“  დაჯილდოვდა.

 

 

საუკეთესო რეჟისურისთვის განკუთვნილი „ვერცხლის დათვი“ უნგრელმა რეჟისორმა დენეშ ნადმა მოიპოვა სადებიუტო საავტორო ფილმით „ბუნებრივი განათება“ (Természetes fény), რომელიც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა პარტიზანებზე მონადირე უნგრელ ჯარისკაცებზე მოგვითხრობს.

 

 

წლევანდელ ბერლინალეზე სპეციალური ჯილდო გერმანელი დოკუმენტალისტი ქალის, მარია შპეთის ფილმს გადაეცა. დოკუმენტური სურათი „ბატონი ბახმანი და მისი კლასი“ (Herr Bachmann und seine Klasse) გერმანელი მასწავლებლის უკანასკნელ წლებზე გვიამბობს, რომელიც მან ემიგრანტ ბავშვებს, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს დაუთმო.

 

 

ბერლინის კინოფესტივალის ისტორიაში პირველად, ქალი და მამაკაცი მსახიობებისთვის განკუთვნილი ჯილდოები გენდერულად აღარ დაყვეს და პრიზები მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შესრულებისთვის გასცეს: „ვერცხლის დათვი“ მთავარი როლისთვის გერმანელ  მსახიობ ქალს, მარენ ეგერტს ერგო, მარია შრედერის რომანტიკული საი-ფაი კომედიისთვის „მე შენი მამაკაცი ვარ“ (Ich bin dein Mensch), ხოლო საუკეთესო მეორეხარისხოვანი  როლისთვის   ჯილდო ლილა კიცლინგერმა მოიპოვა უნგრული დრამისთვის  „ტყე – მე ყველგან გხედავ“ (Rengeteg – mindenhol látlak).

 

 

დრამატურგიისთვის აღიარებული კორეელი სცენარისტი და რეჟისორი სან-სუ ჰონი დაჯილდოვდა. მისი სცენარი შავ-თეთრი დრამისთვის, სახელწოდებით „წარდგენა“, ბერლინალეს ჟიურიმ საუკეთესოდ ცნო.

 

 

რაც შეეხება საუკეთესო არტისტული სეგმენტის ჯილდოს, იგი მონტაჟიორმა იბრან ასუადმა მოიპოვა მექსიკური ფილმით „პოლიციელთა ფილმი“ (Una película de policías).

აღსანიშნავია, რომ ბერლინის წლევანდელი საერთაშორისო ფესტივალის ჟიური მთლიანად იმ კინოხელოვანებისგან შედგებოდა, რომლებიც ბერლინალეს წინა წლების ფესტივალებზე დაჯილდოვდნენ: ილდიკო ენიედი (უნგრელი სცენარისტი და რეჟისორი), ნადავ ლაპიდი (ისრაელელი სცენარისტი და რეჟისორი), ადინა პინტილე (რუმინელი სცენარისტი და რეჟისორი), მოჰამად რასულოფი (ირანელი სცენარისტი და რეჟისორი), იასმილა ჟბანიჩი (ბოსნიელი სცენარისტი და რეჟისორი) და ჯანფრანკო როზი (იტალიელი დოკუმენტალისტი).

 

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

413 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.