fbpx

“Less is more” – ლუდვიგ მის ვან დერ როეს ისტორია


გააზიარე სტატია

“არქიტექტურა არის მცდელობა იმის, რომ ეპოქა სივრცეში გადმოთარგმნო”.

ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა ჩიკაგოს ჰორიზონტი არქიტექტორ ლუდვიგ მის ვან დერ როეს გარეშე. თავისი 60-წლიანი კარიერის მანძილზე მან შექმნა უნიკალური დიზაინის ენა, რამაც შემდგომ განსაზღვრა შუა საუკუნეების გავლენა თანამედროვე არქიტექტურაში (Mid-Century Modern Architecture). მის ვან დერ როეს შემოქმედების ამომავალი წერტილი კონკრეტული სტილი არასდროს ყოფილა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ფილოსოფია შენობის მიღმა. თუ როგორ გამოიყურებოდა შენობა, მხოლოდ მისი ეპოქისა და მასალების გამოხატულება იყო.

 

 

“მე არ ვარ დაინტერესებული ცივილიზაციის ისტორიით, მე მაინტერესებს ახლანდელი ცივილიზაცია, ჩვენ აქ ვცხოვრობთ. ბევრი მუშაობის, დაკვირვების და არქიტექტურის შესწავლის შემდეგ, მე მჯერა, რომ ეს პრაქტიკა მხოლოდ იმ ცივილიზაციას გამოხატავს რომელშიც ვცხოვრობთ და არაფერს სხვას”, – ამბობდა გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი არქიტექტორი.

 

 

ლუდვიგ მის ვან დერ როე, რომლის თავდაპირველი სახელი მარია ლუდვიგ მაიკლ მისი იყო, 1886 წლის 27 მარტს დაიბადა აახენში, გერმანიაში. მან მოგვიანებით დაიმატა დედამისის გვარიც, ვან დერ როე და მსოფლიო მას მის ვან დერ როეს სახელით იცნობს. მის ოჯახს ქვის პატარა მაღაზია-სახელოსნო ჰქონდა, სადაც ის ადრეული ასაკიდან ეხმარებოდა მამას სხვადასხვა სამშენებლო ობიექტზე. 15 წლის ასაკში აახენის რამდენიმე არქიტექტორის შეგირდი იყო და მათთვის არქიტექტურული ორნამენტების სკეჩებს აკეთებდა, რისგანაც შემდეგ უკვე შენობების დეკორაციებს ამზადებდნენ. ამ პროცესში დაეუფლა მის ვან დერ როე ხაზვას და სკეჩების ხატვას.

 

 

1905 წელს, 19 წლის ასაკში, იგი ბერლინში წავიდა ერთ-ერთ არქიტექტორთან სამუშაოდ. მალევე ავეჯის წამყვან დიზაინერთან – ბრუნო პოლთან მოხვდა, რომელიც იმ პერიოდის არტ-ნუვოს სტილში მუშაობდა. ორი წლის შემდეგ, მან პირველი დაკვეთა მიიღო – ტრადიციული საგარეუბნო სახლი. მისმა სრულყოფილმა შესრულებამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პიტერ ბერენსზე, იმდროინდელ წამყვან გერმანელ არქიტექტორზე, რომ მან 21 წლის მისს თავის ოფისში შესთავაზა სამსახური, სადაც ასევე იმავე პერიოდში დაიწყეს მუშაობა ვალტერ გროფიუსმა და ლე კორბუზიემ.

ბერენსი იყო Deutscher Werkbund-ის წამყვანი წევრი და მისი მეშვეობით მისმა  კავშირები დაამყარა მხატვრებისა და ხელოსნების ამ ასოციაციასთან, რომლებიც მხარს უჭერდნენ ხელოვნებასა და ახალი ტექნოლოგიების კავშირს, Werkbund-ის წევრები წარმოადგენდნენ დიზაინის ახალ ტენდენციას, ყოველდღიურ, დანადგარების მიერ შექმნილ ნივთებს აძლევდნენ ფორმასა და მნიშვნელობას. ეს იყო “ფუნქციური” დიზაინი, რომელიც წარმოშობდა ახალ, უნივერსალურ კულტურას, ასეთმა იდეებმა განაპირობა შემდგომ მიმდინარეობა “მოდერნის” ჩამოყალიბებაც. 

 

როდესაც მის ვან დერ როე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა 1938 წელს, ის უკვე საერთაშორისოდ ცნობილი და გავლენიანი იყო არქიტექტურის  სფეროში. უკვე აშენებული ჰქონდა  ცნობილი  – ბარსელონის პავილიონი (The Barcelona Pavilion), რომელიც გერმანიის მთავრობამ შეუკვეთა 1929 წელს ბარსელონის  საერთაშორისო გამოფენისთვის (მოიხსენიებენ  გერმანიის პავილიონადაც), მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად დღეს მაინც ეს პროექტი მოიაზრება.

 

 

ეს შენობა არის ბრწყინვალე მაგალითი არქიტექტორის ღია სივრცეზე ხაზგასმის. ტრავერტინის პლატფორმაზე, თხელი სახურავის ქვეშ, ფოლადისსვეტებიანი შენობის ინტერიერი და ექსტერიერი ერთიანია. ამ პროექტში ავეჯიც მის ვან დერ როეს შექმნილია, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ცნობილი ბარსელონის სკამები, რომლებიც მე-20 საუკუნის ავეჯის დიზაინის კლასიკად იქცა.

ამ წარმატებული ნამუშევრის შემდეგ, ის იყო ბაუჰაუსის, გერმანიის წამყვანი დიზაინის სკოლის დირექტორი. 1933 წელს მან სკოლის დახურვას მისცა ხმა და საბოლოოდ დატოვა მშობლიური ქვეყანა მზარდი ნაცისტური რეჟიმის მხრიდან ზეწოლის გამო. 1939 წლიდან 1958 წლამდე მის ვან დერ როე მუშაობდა IIT-ის არქიტექტურის განყოფილების უფროსად, სადაც მან არა მხოლოდ დეპარტამენტის სასწავლო გეგმა შეცვალა, არამედ უნივერსიტეტის კამპუსის დიზაინიც.

პოსტდეპრესიის პერიოდში შეერთებულ შტატებში მის ვან დერ როემ ისეთი იდეების განხორციელება შეძლო, რომელთა შესრულებაც გერმანიაში იმ დროს წარმოუდგენელი იყო, გერმანიაში ცხოვრების პერიოდის მისი კონცეფციები მხოლოდ ჩანახატებად დარჩა და დღეს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ინახება. მისი ერთ-ერთი პირველი კონცეფცია, სადაც თავისი “Skin and bones construction” პრინციპი გამოიყენა, ფოლადისა და მინის შენობაა – The Friedrichstrasse Office Building (1919), რომლის გამჭვირვალე ფასადიც ხაზს უსვამდა მის რკინის კონსტრუქციას.

 

 

იგივე იდეით შექმნა The Glass Skyscraper, მინის ცათამბჯენი, რომელიც ასევე გამოირჩეოდა სიმარტივით. მის კონცეფციებში ასევე იყო ბეტონის და აგურის კონსტრუქციებიც, სადაც ცნობილი ამერიკელი არქიტექტორის,  ფრენკ ლოიდ რაითის გავლენაც იგრძნობა.

 

 

ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საერთაშორისო გამოფენაზე გამოჩენამ არქიტექტორის სახელი ცნობილი გახადა, 1944 წელს კი იგი ამერიკის მოქალაქე გახდა. მალევე, 1948 წელს, შექმნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი – Lake Shore Drive. 

 

 

მის პროექტებში ინტერიერის და ექსტერიერის ზღვარი თითქმის წაშლილია, ასევე, მინიმალისტური დიზაინის მიუხედავად, იგრძნობა ამერიკული ურბანული გარემოს გავლენა, რისი კარგი მაგალითია მისი კიდევ ერთი საკულტო პროექტი – Farnsworth House – ილინოისის შტატში.

 

 

ჩიკაგოს ფედერალური კომპლექსი – The Chicago Federal Center, არქიტექტორის ერთ-ერთი მაგალითია იმ წარმოუდგენელი არქიტექტურული მემკვიდრეობისა, რაც არქიტექტორმა ჩიკაგოს დაუტოვა. 

 

 

Seagram Building ნიუ-იორკის ცენტრში, პარკის გამზირზე მდებარეობს. თანამედროვე ცათამბჯენის სტანდარტების 38-სართულიანი შენობა ერთ-ერთი პირველი მაღალი საოფისე ნაგებობაა, რომელიც მოდერნიზმის პრინციპებს განასახიერებს.

 

 

Neue Nationalgalerie – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ბერლინში, მისი ბოლო პროექტია და 1968 წელს აშენდა. არქიტექტორი შენობის ინაუგურაციიდან მალევე გარდაიცვალა, 1969 წლის 17 აგვისტოს. 

 

278 total views, 12 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.