fbpx

OBSESSION – აუდიოდრამის პრემიერა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გურამ მაცხონაშვილი

 

პიესა Obsession დაიწერა და აუდიოდრამად იქცა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’თანასწორობის მოძრაობის’’ პროექტის – ‘’შემოქმედება თანასწორობისთვის’’ ფარგლებში, რომელიც ‘’შვეიცარიის საელჩოს საქართველოში’’ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ოთხ სხვადასხვა მედიუმში, ოთხი არტისტი ამზადებს ნამუშევარს. ერთ-ერთი მათგანი ლაშა შანიძეა.

ლაშა, მოგვიყევი პროექტზე და ამ პროექტის ფარგლებში შესრულებულ შენს ნამუშევარზე 

აუდიოდრამის იდეა თავიდან პანდემიური რეალობის გამო გამიჩნდა – ვიცოდი, რომ პიესის მაყურებლამდე მიტანა კლასიკური – პერფორმატიული ფორმით პრობლემური იქნებოდა. თან დიდი ხანია ვუტრიალებდი აუდიოკომპოზიციას – ‘’I am sitting in the room” და შეიძლება ითქვას, ჩემი ნამუშევარი პირდაპირი რეპლიკაა მის ავტორ ელვინ ლუსიესთან. 

შემდეგ სხვა მოტივაციებიც დამემატა: მხოლოდ ხმის მეშვეობით მსმენელთან კომუნიკაცია ერთგვარი ხაზგასმაცაა იმაზე, რომ ბევრი მოწყვლადი ჯგუფი საერთოდ გამქრალია ჩვენი ყოველდღიურობიდან და საჯარო სივრცეებიდან. და მესამე მიზეზი: აუდიოსპექტაკლები საქართველოში თითქმის არ კეთდება და ამ კუთხითაც ძალიან საინტერესო იყო ასეთი ფორმის გამოყენება. პიესა ეხება ბავშვობის ნაძალადევად დასრულებას და მთელ რიგ პრობლემებს, რასაც ამ დროს ადამიანი აწყდება – მიჯაჭვულობა, მოუმზადებლობა, არამეგობრული გარემო და პერსპექტივების არარსებობა.

თავად როგორ აღიქვამ შენს ნამუშევარს, არის ეს არტ-აქტივიზმი? და აქვე გკითხავ, ფორმისა და ჟანრის მიხედვით როგორ განსაზღვრავდი ამ მასალას?

არასდროს მქონია პრეტენზია აქტივიზმზე, თუმცა ეს თავისთავად მაინც ხდება. გვინდა თუ არა, ჩვენი პოზიციის დაფიქსირებით აქტივიზმში ვებმებით და თითქმის შეუძლებელი მგონია შემოქმედებითი საქმიანობით იყო დაკავებული და ეს შემოქმედება არ ირეკლავდეს იმ გარემოს, სადაც ის იქმნება. არც აქ მომხდარა რამე სხვანაირად და კი, ალბათ, არის ესეც გარკვეულწილად არტ-აქტივიზმი. 

ჟანრობრივი კლასიფიკაცია გამიჭირდება. მონო და დრამატული ტექსტია, თუმცა საერთოდ არ არის გამოგონილ რეალობაზე და ბევრ ისეთ საკითხს ეხება, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება აქ და ახლა. იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟანრობრივი კატეგორიზაცია მიჭირს და არც ერთი ცოცხალი და რეალური პროტოტიპი არ ჰყავს ტექსტს, მაინც არის ვერბატიმთან მსგავსება, იმდენად საყოველთაო  პრობლემებს ეხება, რაც აქ და ახლა, ამ ქვეყანაში ბევრ მოწყვლად ჯგუფს აქვს – განსაკუთრებით, სექსუალური იდენტობის გამო.

შენ გარდა ვინ იმუშავა აუდიოდრამაზე და რა თანმიმდევრობით იქმნებოდა საბოლოო მასალის კომპონენტები?

ყველაფერი იწყება ტექსტით, არც აქ ყოფილა რამე სხვანაირად. ტექსტზე მუშაობის შემდეგი ეტაპი იყო ამ ტექსტის ხმად ქცევა უკვე მსახიობთან ერთად. ამაზე გივიკო ბარათაშვილთან ერთად ვიმუშავე. და ბოლო ეტაპი იყო აუდიომონტაჟი და  მუსიკალური კომპოზიციების შერჩევა კომპოზიტორ მერი ბეროშვილთან ერთად. ყველა ეტაპი თანაბრად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ბოლო – მონტაჟის და მუსიკალური გაფორმების ეტაპი ალბათ, განსაკუთრებით – იმის გამო, რომ აუდიოპიესის ფორმატში არ გაქვს არაფერი, რითაც მსმენელს ‘’დაიჭერ’’ და საკონტაქტო მედიუმი როცა მხოლოდ ხმა არის, მსმენელისთვის რთულია კონცენტრირება.

იმის მიუხედავად, რომ შენივე დაწერილ აუდიოპიესაში მოქმედება სხვადასხვა ადგილზე ხდება, საბოლოო ნამუშევარში მხოლოდ ერთი გამოსახულება გამოიყენე… მაშინ, როცა პიესის ტრადიციული, სცენური დადგმისგან განსხვავებით, არ გაქვს ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი – გამოსახულება, რა ანაცვლებს მხატვრობას და როგორ იქმნება ატმოსფერო დეკორაციის, კოსტიუმებისა და რეკვიზიტის გარეშე? 

მუშაობის რაღაც ეტაპზე ეს იყო ჩემთვის მთავარი კითხვა – რა გვაქვს ხმის და სამსახიობო ოსტატობის გარდა. ამ შემთხვევაში, მგონია, რომ მუსიკა ასრულებს დეკორაციის როლს და სწორედ ამიტომ, ის მუდმივად იცვლება და ტექსტის ყველა ნაწილს გასდევს ფონად. ვიდეოგამოსახულება არ იცვლება და ესეც განზრახ – ტექსტი მიჯაჭვულობაზეა და ხშირად უბრალოდ პერსონაჟის ცნობიერების ნაკადია, იგივე ცნობიერის ვიზუალიზაციაა ვიდეოგამოსახულებაც. და ამ ცნობიერში არაფრისთვის არ არის ადგილი სახლის და დედის გარდა.

მოქმედების ერთ-ერთი ძირითადი ადგილი – ოთახი, არის თუ არა ერთგვარი რეპლიკა, მინიშნება იმ დღის წესრიგზე, რომელსაც პანდემია ქმნის?

ამაზე არ მიფიქრია, თუმცა ტექსტშიც არის მინიშნება პანდემიაზე და იმაზე, რომ საჯარო ტრანსპორტი არ მუშაობს. შესაბამისად… კი, გარკვეულწილად ეს მინიშნება არსებობს. გინდა თუ არ გინდა, შემოქმედებითი პროცესში გარე სამყაროზე რეფლექსირებ და რაღაცები შეიძლება გარემოდან ისე აირეკლოს, რომ არც გეგმავდე ამას.

300 total views, 5 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.