fbpx

დაწესებულებები თბილისის მარცხენა სანაპიროზე, რომლებიც ოქროსუბანს შეცვლის


გააზიარე სტატია

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონი

 

დიდი ხანია არ გამიგია, მაგრამ სადღაც მაინც იქნება დარჩენილი იმ ქიშპის ნაშთი, რომელიც მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს მოსახლეებს შორის იყო. აქეთები ცოტა ზემოდან უყურებდნენ იქითებს, იქითები კი აქეთებს დასცინოდნენ, თავიანთი გადამეტებული კუდაბზიკობის გამო. 

ცოტა ხნის წინ გავიგე ერთი ახლობლისგან ფრაზა, ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას და უეცრად შეიცხადა, “ანგელოზივით გოგო ვაკიდან პლეხანოვზე რამ გაათხოვაო.” მსგავსი პაექრობები ქალაქს რაღაც საინტერესოს მატებს, თუ დაუკრეფავში არ გადადის, რა თქმა უნდა. ძალიან გამიხარდებოდა ფეხბურთის გუნდებს შორის რომ იყოს ასეთი ქიშპობა და დაუძინებელმტრობა, თუმცა “ს.კ. ამერის” შემდეგ, სამწუხაროდ, ნაღდი უბნური გუნდი არ გვყოლია. ამერს კიდევ როგორი მაგარი ფანობა ჰყავდა, კარგად მოეხსენება ნებისმიერ თბილისელ ფეხბურთის მოყვარულს. 

ბოლო რამდენიმე წელია, კულტურული და გასტრონომიული დაწესებულებების აქტიური გადადინება შეიმჩნევა მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე. ამას თავისი კანონზომიერება აქვს, განვითარებული და კომერციულად დატვირთული უბანი ყოველთვის ძვირდება, ის ბიზნესი კი, რომელსაც ერთგული მომხმარებელი ჰყავს, როგორც კი საკუთარ ძალებს ირწმუნებს, ახალ, იაფ ადგილას გადადის და მომხმარებელიც მიჰყვება. ამას ემატება ახალი, ძლიერი ობიექტები, რომლებსაც კარგი პროდუქტი აქვს და ამის გამო ნებისმიერ ადგილას მიაკითხავს ადამიანი. რაღაც კახური გამოთქმაც ხოა, “ხორცი იყოს და ბუზი ზაქათალიდან მოვაო”, აი მაგ პონტში. 

თუ თვალს გადავავლებთ მარცხენა სანაპიროს განვითარების ახალი ეტაპის ისტორიას, აღმოვაჩენთ, რომ პირველი მერცხალი მარცხენა სანაპიროზე რესტორანი “შავი ლომი” გახდა, რომელმაც სოლოლაკი დატოვა და ზურაბ ქვლივიძის ქუჩაზე გადავიდა, ოქროსუბანში. მერიკო გუბელაძის და გუგა კოტეტიშვილის ტანდემმა თბილისელ ყველაფრისმცოდნე სკეპტიკოსებს აჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად გექნება რესტორანი, მთავარია ხელებს ჯადოქრობა შეეძლოს.

შავი ლომი 

მნიშვნელოვნად გააძლიერა მარცხენა ფლანგი კლუბებმა – “მტკვარზე” და “ბასიანი”. ამ დაწესებულებების ხათრით, მრავალი თბილისელი გადმოეჩვია მარცხენა სანაპიროსკენ, თუმცა სპეციფიკური ადგილმდებარეობების გამო კლუბებმა თავიანთ გარშემო ეკოსისტემა ვერ განავითარეს და ერთეულ, თუმცა ძლიერ ოაზისებად დარჩნენ, რომლებიც კლუბ “ხიდთან” ერთად მაგიურ სამკუთხედს ქმნიან. 

არ არსებობს განვითარება გადახრების და შეცდომების გარეშე. სწორედ მათი არსებობა განაპირობებს სწორი ორგანიზმებისა და მიმართულების იდენტიფიცირებას პროცესში: ასეთი გაუგებარი და მკვდრადშობილი პროექტი იყო “ახალი აღმაშენებელი”, რომელსაც ძველი, გერმანული სახელით “ნეუ ტიფლისსაც” ეძახდნენ შემქმნელები გადაჭარბებული მონდომებისას. ახალმა აღმაშენებელმა აჩვენა, რომ სისულელეა მოაკოხტაო უბანი და მიანიჭო მას ტიტული “ტურისტული”. დღეს ახალი აღმაშენებლისგან დაგვრჩა გაუგებარი ფუნქციის ხელოვნური ადგილი, სადაც მხოლოდ ახლო აზიელი და რუსი ტურისტები სხედან უშნო ჩარდახებში და ნარგილეს ეწევიან. 

Fabrika

ფაბრიკა – უპირველესი, უზარმაზარი და ყველაზე მთავარი პროექტი, რომელმაც სრულიად ოქროსუბანს შთაბერა მეორე სიცოცხლე, გარშემო გააჩინა უამრავი მაღაზია, ბარი, კაფე, ჰოსტელი, შექმნა ხალხის უზარმაზარი “თრეფიქი” და უძრავ ქონებას მის გარშემო ფასი გაუორმაგა. ფაბრიკაში რომ შევდივარ, ვერ ვხვდები, სად დადიოდა მის გამოჩენამდე აქაური ახალგაზრდობა. ეს გიგანტური თანავარსკვლავედი გახდება მიზეზი ოქროსუბნისა და კუკიას გაპრენცლაუერბერგების და გაკროიცბერგების (ახალგაზრდული და სტუდენტური უბნები ბერლინში, გამორჩეული ბარების და კაფეების სიმრავლით და ახლო წარსულში ასევე  გამორჩეული სიღარიბით). 

Left Bank 

იმავე ფუნქციას იკისრებს უბნის განვითარებაში კლუბი Left Bank, რომელიც სანაპიროზე, ყოფილი თბოენერგოსადგურის ტერიტორიაზეა. ლეფტ ბანკის კლასტერშია “მუტანტ რადიო” და კლუბი “ტესი”, რომლის გახსნას უკვე ერთი წელია ველი და მგონი, მალე მასში შებიჯებაც მეღირსება. 

Tes

თბილისის რუკას თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ლეფტ ბენქი, ბასიანი და ფაბრიკაც მაგიურ სამკუთხედს ქმნიან, რომელშიც მუდმივად მოძრაობს ახალგაზრდა ადამიანთა კონცენტრირებული, მიმართული ნაკადი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს სამკუთხედი დაიხუნძლება საინტერესო გასტრონომიული და კულტურული ობიექტებით და შედეგად მივიღებთ განვითარებულ, დაქოქილ უბანს, სადაც პროპორციულად გაიზრდება ფასი უძრავ ქონებაზე. ეს თან კაია, თან ცუდია, მაგრამ უფრო კაია, რადგან პლეხანოვის მიმდებარე უბნები ლაქშერი ცხოვრებით განებივრებული არასოდეს ყოფილა და ნამდვილად არ აწყენთ ადგილობრივებს, თუ ცოტა მეტი ფული შეუვათ. 

Honore

მაგიური სამკუთხედის პრინციპით, ნინოშვილის ქუჩის ბოლოში უკვე გამოჩნდა რამდენიმე საინტერესო ადგილი: სასტუმრო “კომუნალი”, რესტორანი “ველერიც” იქვე გაიხსნა ცოტა ხნის წინ, გზის გადაღმა კი სამწვადე “ონორე”, რომელიც გაგანია პანდემიისას გაჩნდა და რომელმაც ადამიანების იმხელა ყურადღება მიიზიდა, რომ გახსნიდან 6 თვის შემდეგ მის მეზობლად კიდევ ორი ბარის გახსნის მიზეზი გახდა. 

მეობა 

ამ წუთისთვის შეგიძლიათ მწვადით გამოძღეთ მყუდრო და გემრიელ “ონორეში”, კოქტეილები დააყოლოთ გვერდზე ეზოში მდებარე “მეობაში” ან “აპრილში” და დესერტზე გადაბრძანდეთ “ველერში”. და ასე იმოძრაოთ დაუსრულებლად.

აპრილი 

ვფიქრობთ და ამის საფუძველი გვაქვს, რომ ხსენებულ დაწესებულებებში ერთხელ თუ მაინც მიხვალთ, მათი დიდი ხნით დატოვება გაგიჭირდებათ, ობიექტურად ძალიან გემრიელია ყველაფერი. 

WELLER

აი ასე ვითარდება ჯენტრიფიკაციის კანონზომიერი გზებით ჩუღურეთი და ოქროსუბანი, სრულიად მარცხენა სანაპირო, რომელმაც აქაურებისთვის დაღლილი ვერე და სოლოლაკი, გადაღლილი ვაკე და ლესელიძე უნდა ჩაანაცვლოს. ადგილობრივებს კი მიჰყვებიან ტურისტები და დროებით ჩამოსახლებულები და ფულს მიიტანენ. ხარობენ თბილისელი გერმანელების სულები. მთავარია, რომ “ახალი აღმაშენებლები” აღარ გაჩნდეს ქალაქში და მსგავსი ხელოვნური ჩარევის პრაქტიკაც ამოიძირკვოს. აბა ჰეთ. 

 

პ.ს 

ნინიას ბაღი

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.