fbpx

ლეილა შელიას აბსტრაქტული დღიურები


გააზიარე სტატია

ავტორი: კოტე ბოლქვაძე

 

ლეილა შელიას ხელწერაში გამიჯნული, შეუქცევადი  თუ ირაციონალური მკაფიოდ იკითხება, რომლის პირველწყარო მასკულინურ-ტრადიციულ,  ქართულ ხელოვნებასთან  ანტიპოზიციაში მყოფი ძლიერი ფემინური შტრიხებია, არა აგრესიული, არამედ ტრანსგრესიული.  მისი მთავარი სათქმელი არის ფემინური მგრძნობელობით თუ ინტუიტიური იმპულსებით შექმნილი უსასრულო დღიური, რომლის ფურცლები ფერწერული ტილოებია, ხოლო ამ დღიურის გვერდები წარმოადგენს ერთგვარ დანასკვს, თუ როგორაა შესაძლო  ქართულ მასკულინურ არტ სცენის მონოლითისგან თავი დააღწიო და აწარმოო საკუთარი ქრონიკა, რომელიც უმთავრესად ეფუძნება ფერწერის, სიცოცხლის და შინაგანი ამოძახილის თავისთავად არსებულ ნებელობას. ლეილას ფერწერა გაცლილია  სიმყარისგან, იგი არ ზემოქმედებს პირდაპირი სათქმელებით, უბრალოდ გიტოვებს საშუალებას  ფერწერულ-კულტურული ნორმების  გადადინებით სუსტი წერტილები თუ ღიობები გიპოვოს და რასაკვირველია, ეს ყველაფერი უნდა შეამჩნიო არა ტილოების ზედაპირზე, არამედ მათ ნაპრალებში.

ქართული სახელოვნებო სივრცე 1980-90-იან წლებში, საკუთრივ ფერწერა ახერხებს  განთავისუფლებას სოცრეალიზმის და დათბობის პერიოდიოსთვის დამახასიათებელი რეალისტური ტრადიციებისგან. საბჭოთა კავშირის იზოლაციონისტური პოლიტიკის, ე.წ. „რკინის ფარდის“ მსხვერპლს საქართველოც მიეკუთვნება, რის შედეგადაც 1960-70-80-იანი წლების მხატვრები დასავლეთიდან  მწირი ინფორმაციის შემოდინებით თუ ინტუიტიური ძიებების შედეგად  იწყებენ დაგვიანებულად აბსტრაქტული ფერწერის განვითარებას. ინფორმელი, ტაშიზმი (ევროპასა) და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი (აშში) ვითარდება  1940 წლიდან 1960 წლამდე, შესაბამისად საქართველოში სრულიად განსხვავებული კონტექსტით, ოცი წლის შემდეგ იკიდებს ფეხს. შურა ბანძელაძე, ედმონდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუნდაძე და გურამ ქუთათელაძე 1970-იან წლებამდე ინტენსიურად ავითარებენ ქართულ აბსტრაქტულ  ფერწერას, ხოლო 1980-90-იან წლებში კვლავ კაცი მხატვრებით ფორმირდება აბსტრაქტული ფერწერა, ესენია: გია ეძგვერაძე, ირაკლი ფარჯიანი, ლევან ლაღიძე. რასაკვირველია, ჩამონათვალი არაა სრული, თუმცა ის ფაქტი, რომ 1960 წლიდან  1980-იანებამდე ჩამონათვალში ძირითადად კაცი მხატვრები ფიგურირებენ, ცალსახად მიუთითებს  ქართული არტ სცენის მასკულინურ მონოლითზე. 1940-იანი, 1960-იანი წლების დასავლურ სახელოვნებო სივრცეშიც აბსტრაქტული ფერწერა მსგავსად ქართულისა უმთავრესად კაცი მხატვრებით შემოიფარგლებოდა. 1990-იანების ქართულ არტ სცენზე ფერწერა  ფიგურატიულ ტენდენდენციებს უბრუნდება და ხდება უფრო მულტიმედიური და პლურალისტური, თუმცა სურათი კვლავ იდენტურია და არტისტთა ახალი თაობა მასკულინური ჩაკეტილი წრის იერს იძენს. რა თქმა უნდა, ლეილა შელიას არსებობა, განვითარება, მოძრაობა ქართულ სახელოვნებო სივრცეში თავისი ცვალებადი ერთეულებით მხატვრის ინდივიდუალზმსა და თვითმყოყოფად ფორმირებაზე მეტყველებს.

მიუხედავად იმისა, რომ ლეილა შელია მკვეთრად გამიჯნული, თვითნაბადი  და დამოუკიდებელი მხატვარია, მაინც მებადება გარკვეული კითხვები- თუ რატომ აირჩია აბსტრაქტული მიმდინარეობა მუდმივი თვითგამოხატვის ფორმად? საიდან წარმოიშვა შთაგონება ან ვის ზეგავლენას განიცდიდა? და რატომ უკუაგდებდა რეალისტურ სახვითობას? ან რატომ მიდიოდა განზოგადებისკენ 1990-იან წლებში? იმ დროს, როცა ქვეყანაში დამძიმებული პოლიტიკური ვითარება იყო… ინტერვიუში მხატვარი ამბობს, რომ იგი ბავშვობიდან ამჟღავნებდა აბსტრაქტულ ხატვის მანერას, შთაგონებას იღებდა აფხაზეთში გატარებული ბავშვობის წლებით, ბუნება თავად იყო უსასრულო, განზოგადებული ფორმა, საკუთრივ ტყეზე, ზღვაზე, მცანერეებსა და ციურ სხეულებზე დაკვირვებით გამოიმუშავა აბსტრაქტული აზროვნება, რაც ფერწერაში იღებდა  ახალ სხეულებრიობას, საგნობრიობას. ამავდროულად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პოსტსოვიეტურ ქართულ მხატვრობაში 1980-90-იან წლებში მხატვრები რამდენადმე გაურბიან რეალისტურ მანერას, ზოგი ისტორიულ წარსულს იაზრებს, ზოგი რელიგიურ-მითოლოგიურს, ხოლო ლეილა შელია უმთავრესად აბსტრაქტული მანერით უკუაგდებს რეალისტურ თუ ფიგურატიულ მხატვრობას. მოცემული თაობის თვითგამორკვევის ფორმა და  რეალობისგან თავის არიდება, უდავოდ უკავშირდება  მძიმე სიციო-პოლიტიკურ ფონს, რადგანაც ქვეყნის რეალობას სამოქალაქო დაპირისპირება და მძიმე ომები ებმის….. ჩემს ვარაუდს ცხდაყოფს აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ამერიკასა და ევროპაშიც აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი იყო იმედგაცრუებული მხატვრების ერთგავარი რეალობიდან გაცლის საშუალება. აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი წარმოადგენდა ვიზუალურ თეზას და უკუგებას ტრაგიკული, პლიტიკური ძვრების მიმართ, რაც განაპირობა- პირველმა და მეორე მსოფლიო ომმა, ნაციზმმა, კომუნიზმმა და დასავლური ფსევდოღირებულებების სიმყიფემ. საქართველოშიც აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი და ლეილა შელიას  ამ მიმდინარეობისკენ სწრაფვა ებმის მსგავს ისტორიულ-კულტურულ კანონზომიერებას.

გარკვეული კითხვებისა და პასუხების  შემდეგ მინდა მივუბრუნდე ლეილას ფერწერას, რომელსაც რატომღაც  დღიურად აღვიქვამ; იგი კონკრეტულ სტადიებად თუ თავებად იყოფა. პირველი თავი აერთიანებს იმ ნამუშევრებს, რომლებიც ფიგურატიული ან კიდევ ნაწილობრივ რეალისტური ფიგურების  ფორმის რღვევასა და ფერის, ლაქების გაძლიერებას ეფუძნება. თავი მეორე განსაკუთრებულად მიყვარს, აქ მხატვარი რამდენიმე ფენის ერთმანეთზე გადადებით, ყოველგვარი კავშირების გარეშე სხვადასხვა გეომეტრულ-ორგანულ ფორმებს, როგორც ფერადოვან ლაქებს მიმოფანტავს და უმთავრესად კომპოზიციის ცენტრში წრიულ ლაქად ტოვებს პირველად ფენას. წრიული ლაქები რაღაც ირაციონალური სარკმლები თუ ნაპრალებია, ისინი აბსოლოუტურად ისეთ მიღმიერ სივრცეში აღებენ სარკმელს, როგორც რენესანსისის პერიოდის მხატვრობაში, როდესაც რელიგიურ-მითოლოგიური სცენები ანაქრონისტულად, ვიტყოდი „პოსტმოდერნისტულადაც“ კი მთლიანდებოდა მე-14, მე-15  საუკუნის  ევროპულ ყოფასთან. ყოფასთან, სადაც ადამიანები და კულტურული „ტიტანები“ ერთიან დროის სარტყელში მოექცნენ. ლეილას წრეები, ლაქები ირაციონალურის და რაციონალურის ზღრუბლია ან კიდევ დადაისტური კოლაჟები მახსენდება, როდესაც ზედაპირზე დამაგრებული სარკეები დამთვალიერებელს ისე ირეკლვს, თითქოს ხელოვნების ნიმუშები ამ ინტერაქტიულობის, ადამიანის ანარეკლის გარეშე ვერ მნიშვნელობს. მესამე თავში ერთიანდება მინიმალისტური, მონოქრომული ნამუშევრები და დისონასში მყოფი მულტიქრომული ზედაპრები, რომლებსაც გრავიტაცია დაკარგული აქვთ. მეოთხე თავში არათანმიმდევრულ თუ ატონალური მუსიკალ კომპოზიციებს ვუსმენთ. ნაკაწრებით, იეროგლიფებით, სწორკუთხა მოჩარჩოების მქონე ფერწერებით, ინტენსიური ფერადოვანი  ლაქების მიმოფანტვა-შეჯერებით იქმნება ერთიანი ჰარმონია, რომელსაც ფემინურ  მგრძნობელობა განაპირობებს. ჩამოთვლილი ქვეთავებს თავისი ჰარმონია გააჩნია „აუტანელი სიმსუბქის“ სათაურით. შესაძლოა კიდევ რაღაც თავები გამომრჩა, თუმცა ლეილას ხელწერაზე ჩემი დამოკიდებულება მეტნაკლებად იკითხება.

სურვილი მაქვს, რომ ამ დღიურს კიდევ შეემატოს ახალი მოძრავი ერთეულები, თავები, ქვეთავები. ჩემი აზრით ლეილა შელიას ფერწერა ნაკლებად ებმის იმ ტრადციებს და წარმოდგენებს, რაზეც დგას ტრადიციული გაგებით  აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი.  ამ შემთხვევაში მოძრავი ფერწერული ერთეულები სურათის, ნახატის თუ სახვითობის ღირებულებებს არა თუ არღვევს, არამედ ტრანსგრესიულად გადაედინება და იგი ხდება ფერწერა-ობიექტი, სივრცეს მორგებული, ცდილობს მოდერნისტული გამოცდილებების გადააზრებას. რამდენიმე იდეოლოგიის, ესთეტიკის თუ მრწამის გაერთიანება უდავოდ პოსტმოდერნისტულ-კოლაჟური აზროვნების  თუ თანადროული ხელოვნების საწყისებთან დგას. ლეილა შელიას თვითმითოლოგიური, განგრძობადი თხრობა ეფუძნება უმთავრესად ყოფიერების ფერწერულ-ცნებობრივ განზოგადებას და საკუთარი თავის, „დაკარგული დროის“ ძიებას აბსტრაქტულ სარტყელში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.