fbpx

9 აპრილი გურამ დოჩანაშვილის თვალით – „ორნი აქა-იქ“


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მათე წიკლაური

 

მალე დასრულდა ჩემი ცხოვრება: შეუგნებელიც და შეგნებულიც,

მაგრამ სიცოცხლე ჯერ არასოდეს არ მდომებია ასე მტანჯველად.

ასე არასდროს მომნატრებია დედა და წყალი და ძველისძველი ჩემი საწოლი.

ოთარ ჭილაძე, „ადამიანი გაზეთის სვეტში“

 

XX საუკუნის ქართული ლიტერატურა გურამ დოჩანაშვილის გარეშე წარმოუდგენელია. მისი მოთხრობები და რომანები ამდენია წელია, რაც გამოქვეყნების წამიდან იპყრობს მკითხველის გულებს და არასოდეს კარგავს აქტუალურობას. „სამოსელი პირველი“, „ლოდი ნასაყდრალი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ და მისი სხვა ნებისმიერი ნაწარმოები სიკეთით, ავტორისეული გულწრფელობითა და ტკივილებითაა სავსე. საქართველოს ისტორიაში ბევრი ძალიან მძიმე ფაქტია, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის გარეშე ნამდვილად არ არსებობს ჩვენი ისტორია, რადგან ესაა დღე, როცა პატრიოტმა ქართველმა ხალხმა ირლანდიური საგის გმირ კუხულაინის მსგავსად, არ მოიდრიკა მუხლი მტრის წინაშე და სიცოცხლის ფასად დაიცვა საქართველო. 

ერთ-ერთ ინტერვიუში გურამ დოჩანაშვილი თავისი წერის სტილზე საუბრობს და განმარტავს, რომ კონკრეტული მოვლენიდან დიდი დრო უნდა გავიდეს და მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია წერის დაწყება, მაგრამ, გარდა ამისა, საუბრისას ქართველმა მწერალმა ძალიან საინტერესო რამ შენიშნა და გაიხსენა, რომ მხოლოდ 9 აპრილისადმი მიძღვნილი „ორნი აქა-იქ“ დაუწერია ცხელ გულზე, მოვლენიდან ძალიან მალე. გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა დოკუმენტური ელემენტების მხატვრულ ლიტერატურასთან შეზავების ერთ-ერთი კარგი ნიმუშია.  მწერალი 9 აპრილს მოკლული პატარა გოგოსა და ჯალათი სტასიკის ისტორიის ფონზე აცოცხლებს 1989 წლის უმძიმესი ღამის მოვლენებს და მკითხველის თვალწინ შემზარავ, სევდიან, ძალიან გრძელ ღამეს ხატავს.

მოთხრობა ეპიგრაფად წამძღვარებული შემდეგი სიტყვებით იწყება: „ესე ამბავი შესაძლოა ზოგან გამოგონილად მოეჩვენოს ვისმე, მაგრამ არა, არაა მთლად გამონაგონი.“ ის, რომ მოთხრობაში მოსალოდნელი სიუჟეტი, მართლაც განვითარდა, ნაწარმოების ბოლოს ხდება ცნობილი, მაგრამ დოჩანაშვილმა მოთხრობა ლამაზ მხარეში გოგონასადმი დასმული შეკითხვით დაიწყო: „ძალიან გეტკინა, შვილო?“ და მიგვანიშნა, რომ იმან, რაზეც უნდა გვიამბოს, დიდი ტკივილი წარმოშვა. მალევე ნაწარმოებში ყველაფერი ცხადი ხდება, – იმ საშინელ ღამეს „ერთ-ერთმა ბარიანმა“ სწორედ მასზე შემართა ბარიანი ხელი.“ 

ავტორი მისთვის დამახასიათებელ პარალელური თხრობის სტილს იყენებს. ერთი ისტორია აქ ხდება, მეორე – იქ, ღვთისმშობელთან, რომელიც გოგონას გულში იკრავს და, ამავდროულად, საკუთარი შვილის წამებას იხსენებს. საბოლოოდ კი სხვადასხვაგან მომხდარი ორი ამბავი ერთმანეთთან იკვეთება და  ერთი უპრინციპო, მლიქვნელი ჯალათის, სტასიკის, სულიერ სიმახინჯეს წარმოაჩენს. მისი დაბადებაც ბინძურია, – ორი პორტვეინით, მჟავე კიტრით, პეჩენიითა და ორი ჭიქის მიჭახუნებით აღინიშნა, მსმელები დათვრნენ და დაიძახეს: „ეს სტასიკს გაუმარჯოს, მე მაგის დედა..!“  მოთხრობაში სტასტიკის გარშემო კიდევ რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი გვხვდება: ერთ-ერთ მათგანში პერსონაჟი მთელი გულით ნატრობს, იმდენი ჯილდო მიიღოს, რომ ყველას მისი შეშურდეს, – მალევე სულაც ვიგებთ, რომ სტასიკს უბრალოდ კარიერული წინსვლა კი არა, ბრეჟნევობა უნდა. 

დოჩანაშვილის მოთხრობის მთავარი ემოცია კონტრასტებიდან მომდინარეობს, – ლაპარაკობს რა მწერალი ჯალათადქცეულ სამხედროზე, მალევე იწყებს საუბარს გოგონას პატარა კაბაზე, პატარა ფეხსაცმელზე, მძივზე, საწერ-კალამზე და ყველა იმ ნივთზე, რომლებთან ერთადაც არსებობდა ახალგაზრდა, ლაღი, თავისუფლებაზე შეყვარებული გოგო, რომელსაც სტასიკმა ბარის დარტყმით მოუსწრაფა სიცოცხლე. 

საინტერესოა, რომ მოთხრობის მიმდინარეობისას გოგონას სული ზეცაში უფრო და უფრო აღრმავებს დიალოგებს წმინდა ნინოსთან და ღვთისმშობელთან, პარალელურად გურამ დოჩანაშვილი ჩვეული ოსტატობით წარმოგვიჩენს სტასიკის მონად ჩამოყალიბების პროცესს და მთელი თავისი სიცხადით ხატავს მას. სტასიკისთვის თავისი ქვეყანაც არაფერს ნიშნავს, ის ზნედაცემული, უპრინციპო და მონობისაკენ მიდრეკილი ადამიანია, ყოველივე ამის პარალელურად კი 9 აპრილს ქვეყნის მთავარ გამზირზე შეკრებილი ადამიანების მორალური უპირატესობა და კეთილშობილება ვლინდება. 

სტასიკი ტკივილისა და ბოროტების დანერგვის სიმბოლოა დედამიწაზე, თორემ იქ, ზეცაში, არავის არაფერი სტკივა: „მიიკრა გოგონას ჭრილობიანი თავი, თუმც იქ არავის არაფერი არა სტკიოდა.“ 

 

 

მამუკა ხერხეულიძე მოთხრობაში „მზე ამოდიოდა, ან ჩადიოდა, ვისთვის როგორ…“ ომის საშინელებებზე გვიამბობს და წერს: „ვირტუალური სიკვდილები დარბიან კივილით“ . დოჩანაშვილის თვალით დანახული 9 აპრილიც ასეთია, უბრალოდ ცელის მაგივრად სტასიკს და მისნაირებს ბარები ჩაუბღუჯავთ ხელში, არავის არ ინდობენ და ბოლოს, ზეცაში, პასუხისმგებლობასაც კი გაურბიან, საბოლოო სასამართლოზეც კი ცრუობენ. 

წაუკითხავ რასკოლნიკოვს გრძნობდა სტასიკიო, – ვკითხულობთ მოთხრობაში, მართლაც, პატარა გოგონას წინაშე მდგარი ჯალათი, ნაჯახით ან ბარით ხელში არ ერიდება ნიჩბის მოქნევას და სიტყვებს, რომელმაც მოთხრობის ძალიან მძიმე, მტკივნეული პათოსი ჩამოაყალიბა: „ვოტ ტებე…“ თავგაპობილ გოგონას თვითკმაყოფილი დაჰყურებს სტასიკი და ფიქრობს, რომ თავისუფლების იდეისკენ სწრაფვის სურვილი მოსპო ქართველებში. სტასიკის თანამზრახველებს მკვლელობა არანაირ სირთულედ არ მიაჩნიათ, რის დასადასტურებლადაც ავტორი აღწერს, თუ როგორ მადიანად ჭამს ჯალათი რუსთაველის გამზირზე კუთვნილ საკვებს გოგოს მოკვლიდან ძალიან მალე. 

გოგონას ერთი უფროსი ბიჭი უყვარდა, სახელად გოგიტა, რომლისთვისაც ვერ მოასწრო ეთქვა, მიყვარხარო და ზეცაშიღა შეხვდა. ამაზე სულ ბესიკ ხარანაულის შედევრიდან მახსენდება სტრიქონი: „გოგოვ, ბიჭი გიყვარდა, – თქმა ვერ მოასწარია…“. ზუსტად ასეთივე სიმძიმე და სიმძაფრეა, ბოროტების, ბარით შემართული ბოროტების მიერ მოკლული გრძნობა, რომელმაც ზეცაშიღა შეძლო გალაღება. მოთხრობაში სასიყვარულო ხაზის შემოტანით გურამ დოჩანაშვილს კეთილის ბოროტზე მარადიული გამარჯვების გამოხატვა სურს, რის მისაღწევადაც იგი სიკვდილის შემდეგ სტასიკსაც წარმოგვიდგენს, რომელიც თავისი სისასტიკით სიცოცხლეშივე მოკვდა, რომელსაც სამსჯავროზე მისული გოგონა აპატიებს დანაშაულს, მაგრამ სტასიკს იქაც კი არ შეუძლია სცადოს გაადამიანება, ის ღვთისმშობელს ამხანაგოთი მიმართავს, არ აღიარებს დანაშაულს და მხოლოდ ძლივს, მეასე მცდელობაზე ამოილუღლუღებს, რომ ვერ ხედავდა, რომ არ ეგონა პატარა ბავშვს თუ ურტყამდა,  – ამდენად, გურამ დოჩანაშვილის ჩანაფიქრი, გვიჩვენოს სულიერი გახრწნა პერსონაჟისა, სწორედ აქ ვლინდება. 

ეს მოთხრობა თავიდან ბოლომდე ემოციაა, პატარა ქვეყნის ისტორიიდან ერთი ფაქტი, რომელმაც სტასიკისა და მისთანების ბარებს თავი არ დაუხარა. ამიტომაცაა, რომ მწერალი ცდილობს დაგვანახოს არა გარდაცვლილი გოგონას მხატვრული სახე, არამედ ზეცაში გალაღებულის, ლამაზისა და კეთილშობილის. ავტორს არ სჯერა გოგონას სიკვდილისა, მისთვის სტასიკია მკვდარი, სტასიკი, რომელმაც თავისუფლების იდეას მოუქნია ბარი, მაგრამ ვერაფერი დააკლო. 

რამდენჯერაც  უნდა წაიკითხო მოთხრობის ის სცენა, როდესაც სტასიკი ბარს ურტყამს პატარა გოგოს, ყოველთვის ბრაზი იღვიძებს შენში, მაგრამ ამ ბრაზს სიამაყეც მოჰყვება, ის სიამაყე, რომელიც მშვიდობიანი, სამშობლოს დასაცავად შეკრებილი ქართველებისგან ასხივებს და შენშიც იჭრება, წლების მერეც კი… აი, სწორედ ესაა გურამ დოჩანაშვილის ჩანაფიქრი, – მკითხველში ემოციათა მსგავსი წარმოშობა. „…ეგონა, მოსპო“ – წერია ჯალათზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ იქ გამარჯვებული ერთადერთია, ის პატარა გოგო, რომელმაც, ერთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი, კვლავ გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟის, მანუელოს მსგავსად გამარჯვებულმა შეხედა ჯალათს, ზუსტად ისე, როგორც ცალი თვალით დაბრმავებული მანუელო იყურებოდა: ,,ახლა კი შეგიძლია მეორე თვალიც ამომთხარო,- გააწყვეტინა სიტყვა მანუელომ, გამარჯვებული შესცქეროდა, თავი შემართა, – სუყველაფერი დავიმახსოვრე.” 

ამ მოთხრობას ყოველ 9 აპრილს ვუბრუნდები ხოლმე და განსაკუთრებული სევდით გოგონას საფლავის ქვაზე არსებული წარწერა მავსებს: „რამდენისა გამოდიოდა და, ცოტასი…“  ემოციური მოთხრობაა, ბევრი მძიმე ეპიზოდი და ფრაზაა, ისეთი, ბრაზით რომ დაგახრჩობს, მაგრამ სიამაყით ამოგახედებს ზევით, მანუელოსავით, გამარჯვებული რომ შესცქეროდა ჯალათს!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.