გააზიარე სტატია

Cerro Pelon Ranch

ტადაო ანდო

იაპონელი ტადაო ანდო ერთადერთი არქიტექტორია, რომელსაც თავის სფეროში ოთხი ყველაზე პრესტიჟული პრიზი აქვს აღებული. ის განთქმულია თავისი შესაძლებლობით კრეატიულად გამოიყენოს და შეუთავსოს ბუნებრივი განათება თავის ნამუშევრებს. მის მიერ დაპროექტებული ნაგებობები ორგანულად ერწყმის ლანდშაფტს. ანდოს ესთეტიკური ხელწერა უნიკალურია. ანდომ პროექტის, Cerro Pelon Ranch-ის სურათი თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის, Ando, Completed Works 1975-2012 ყდაზე გამოიყენა.

ტადაო ანდოს ცნობილ ნამუშევრებს შორისაა: ფორტ ვორტის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ტეხასი, ამერიკა; არმანის თეატრი, მილანი, იტალია; the Ground Zero Project at Memorial Park, ნიუ-იორკი, აშშ; და Awaji Yumebutai Resort Complex, იაპონია.

Cerro Pelon Ranch და ტომ ფორდი

ეს არ არის ჩვეულებრივი, უბრალო რანჩო. ვსაუბრობთ საკუთრებაზე, სადაც არის თავლა, რომელიც იტევს რვა ცხენს, ორ საჯირითო მოედანს და ნამდვილ კინოსტუდიას დასავლური ქალაქის სტილში, სადაც გადაღებულია ისეთი ფილმები, როგორებიცაა 3:10 to Yuma და Thor: The Dark Worl.

არც არის გასაკვირი, რომ ეს საოცარი ადგილი, რომელიც Cerro Pelon Ranch-ის სახელითაა ცნობილი, ეკუთვნის არც მეტი, არც ნაკლები – დიზაინერ ტომ ფორდს.
ფორდი დაიბადა ტეხასში, მაგრამ მისმა ოჯახმა მალევე გადაინაცვლა სანტა ფეში, რის შემდეგაც დიზაინერს მჭიდრო კავშირი აქვს ამ ადგილთან. ეს ფორდის ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო, რომელიც 2004 წელს Gucci და Yves Saint Laurent-ის მმართველობის შემდგომ წამოიწყო. იმ დროს, ის სანტა ფეს მახლობლად, ბებიამისის კუთვნილ სახლში ცხოვრობდა.

ფორდმა ჯერ კიდევ 2004 წელს გაუმხილა ჟურნალ W-ს, რომ მას დიდი ძალის დახარჯვა მოუწია ტადაოს დასათანხმებლად, მაგრამ თურმე როგორც კი არქიტექტორმა მშენებლობის ადგილი მოინახულა და ყველაფერი თავისი თვალით ნახა, ის მაშინვე დათანხმდა ფორდის შეთავაზებას.

„ანდო დიდ ყურადღებას აქცევს განათებასა და მოცულობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნიუ-მექსიკოსთვის,“- თქვა ფორდმა. „ისტორიას რომ გადავხედოთ, ესპანური არქიტექტურა მექსიკაში, უმეტესად შედგებოდა ციხესიმაგრის მსგავსი, თიხის კედლების მქონე ნათელი სახლებისაგან. სინათლე და განათება ძალიან საყურადღებოა ჩემთვის, ამიტომაც მე მინდოდა ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც გაიგებდა ამის მნიშვნელობას.“

ტადაო ანდომ მფლობელებთან ერთად ამოარჩია და დააპროექტა ორი კერძო ნაგებობა. ანდოს მთავარი რეზიდენცია და თავლა მსოფლიოში სახელგანთქმული არქიტექტორისა და დიზაინერის, მარმოლ რაძინერის ზედამხედველობით აშენდა.

მთავარი რეზიდენცია ამრეკლავი აუზის პირასაა განლაგებული და ეკვრის რვასადგომიან თავლას. შიდა და გარე საჯირითო მოედნების წრიული ფორმა ხაზს უსვამს საცხოვრებელი შენობის სწორხაზოვან, წრფივ არქიტექტურას.
რანჩოზე ასევე არის მომსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი ოთხი ნაგებობა და ორი კერძო სასტუმრო სახლი, რომლებიც დააპროექტა და ააშენა მარმოლ რაძინერმა. რანჩოს ყველაზე მაღალ ადგილზე იგეგმება კიდევ ერთი სენსაციური საცხოვრებელი შენობის აგება, რომელიც ასევე ტადაო ანდოს მიერაა დაპროექტებული. მენეჯერის საცხოვრებელი, რომელიც მარმოლ რაძინერის მიერაა დაპროექტებული და აშენებული, ბუნებრივად უერთდება ანდოს სტილს. ის შედგება დახვეწილი დიზაინის მქონე საცხოვრებელი სახლის, პროფესიული საოფისე შენობისა და რამდენიმე დამხმარე ნაგებობისაგან, რომლებიც ცხენებისათვისაა განკუთვნილი.

ტერიტორიაზე განლაგებულია დამატებითი საცხოვრებლები მომსახურე პერსონალისთვის და დამხმარე ნაგებობები, სადაც ინახება რანჩოს აღჭურვილობა. რანჩო ასევე უზრუნველყოფილია ასაფრენი ბილიკითა და თვითმფრინავის ანგარით.

Silverado Town

ამასთან ერთად, ტერიტორიაზე განთავსებულია Silverado Town-ის სახელით ცნობილი კინოსტუდია (რომელიც ამ ტერიტორიაზე 1985 წელს გადაღებული ფილმის პატივსაცემად დაერქვა). აქ გადაღებულ ფილმებს შორისაა Lonesome Dove, All The Pretty Horses, Cowboys & Aliens, The Missingand Wild, Wild West. ეს ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწის ნაკვეთია ნიუ-მექსიკოში. საცხოვრებელი სახლი საკმაოდ მოშორებულია კინოსტუდიისგან, ამდენად, მესაკუთრეს არც შეაწუხებს ფილმის გადაღებები.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.