გააზიარე სტატია

დიზაინსტუდიო Rooms-ის ახალი კოლექცია

მილანის საერთაშორისო დიზაინის კვირეული პროდუქტის დიზაინის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი კოლექციების მიხედვით ისაზღვრება მთელი შემდეგი წლის მოდა და ტრენდი.

წელს ქართულმა დიზაინსტუდიო Rooms-მა დაარსებიდან 10 წელი, Rooms Hotels-ის და Stamba Hotel-ის დახმარებით, დიზაინის კვირეულში მონაწილეობით აღნიშნა. მილანში  57-ე დიზაინის კვირეულის – Salone del Mobile Milano-ს ფარგლებში გამართულ გამოფენაზე, სახელწოდებით Sculpting in Time, ნატა ჯანბერიძემ და ქეთი თოლარაიამ  ამ წლების განმავლობაში ყველაზე გამორჩეული ნამუშევრების რესტროსპექტივა, მათი ახალი კოლექცია – Life on Earth (ცხოვრება დედამიწაზე) და ხალიჩების კოლაბორაციული ნამუშევრები – The Night of a Hunter  წარმოადგინეს.

LIFE ON EARTH / 2018

ნატა ჯანბერიძე და ქეთი თოლორაია ახალი კოლექციის შესახებ:

ახალი კოლექციის სკულპტურულ ობიექტებს ერთი იდეა და სათაური “ცხოვრება დედამიწაზე” აერთიანებს. ახალი არაფერია, ეს არის მეტი დაკვირვება და კონცენტრირება მოცემულ რეალობაზე, რაც ხშირად გვიჭირს, რადგან ახლის ძიებაში, მომავლისკენ მივისწრაფვით. ვეცადეთ ეს კონცეფცია ობიექტებად გვექცია და დროში გაგვეყინა. გამოვიყენეთ ქვის მასალა, რაც თავისთავად მონუმენტურია. მარტივი, გეომეტრიული თუ ბუნებრივი ფორმები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება, მოხმარების საგნებად ვაქციეთ.

თითოეული ნივთი კონკრეტულ ამბავს გვიყვება, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიას უკავშირდება, თუმცა ამავდროულად ნაცნობი და გლობალურად ავთენტურია. ნამუშევრები ქართულ კომპანია “კამარა”-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, ხელნაკეთი ობიექტები კი დავით ნათიძესთან ერთად.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი გვქონდა ქვის სკამი, რომელიც მაქსიმე მაჩაიძესთან კოლაბორაციის ფარგლებში გაკეთდა. სკამი მაქსიმეს მიერ გრაფიტის, ქუჩის ხელოვნების სტილშია მოხატული.

10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქართული სუფრა გავმართეთ, სადაც სტუმრებს შატო მუხრანის ქართული ღვინით გავუმასპინძლდით. მოვიწვიეთ ქართველი მუსიკოსი კორძი, რომელმაც დაუკრა ჩვენს ღონისძიებაზე, საღამო კი იტალიელმა ბარნაბა ფორნატეზიმ დაასრულა.

THE NIGHT OF A HUNTER

ტიბეტელი ხელოსნების ნეპალში შექმნილი, ხელით ნაქსოვი ხალიჩების კოლექცია Rooms-ის და cc-Tapis კოლაბორაციაა.

ხალიჩების ინსპირაცია ქართული კულტურაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. კოლექცია იმ ძველი ქართული ხალიჩების ისტორიას ყვება, რომლებიც ხელით შექმნილია მაღალმთლიან სოფლებში, ადგილობრივი ქალების მიერ.

“ხალიჩა-ჯადოსნური ობიექტია, მაგრამ  ჩვენთვის ის ასევე კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლოა, რომელიც გვაძლევს საშუალებას გამოვიკვლიოთ ისტორია და სამყაროს ჯადოსნური ენერგია – ROOMS.”

ავტთენტური ქართული ხალიჩების მოტივების გადაწერით ქეთი  და ნატამ ისტორია და დიზაინი გააერთიანეს.

 

ავტორი: ნინი დარჩია; მარიამ ცეცხლაძე

ფოტო:  Mattia Lotti; გურამ კაპანაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.