fbpx

ავტოფარეხების ადაპტაციის და ტრანსფორმაციის გზები


გააზიარე სტატია

ურბანული ექსპერიმენტების ჯგუფი ქალაქისთვის კრეატიული პროექტების შესამუშავებლად შექმნილი მულტიდისციპლინარული გაერთიანებაა, რომელიც ამ ეტაპზე თბილისში არსებული ავტოფარეხების ადაპტაციისა და ტრანსფორმაციის გზებზე მუშაობს სტუდენტებთან ერთად.

 

თქვენი ჯგუფი ვისგან შედგება და როგორია ის პროექტი, რომელზეც სტუდენტებთან ერთად მუშაობთ?

2015 წელს ჯგუფი „ურბანული ექსპერიმენტები” სამმა არქიტექტორმა – ნუცა კანდელაკმა, შოთა საგანელიძემ და ნუცა ნადარეიშვილმა ჩამოვაყალიბეთ. მაგისტრატურის კურსი სამივემ უცხოეთში დავამთავრეთ და თბილისში დაბრუნებულებმა გადავწყვიტეთ ჯგუფის შექმნა, რომლის მეშვეობითაც უცხოეთში ურბანულ თუ არქიტექტურულ სფეროში სწავლისა და მუშაობის შედეგად მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას ქართველ სტუდენტებს გავუზიარებდით.

„ურბანული ექსპერიმენტები“  მულტიდისციპლინარული ჯგუფია, რომლის მთავარი მიმართულება კვლევასა და დიზაინში  bottom up (ქვევიდან ზევით) და hands on (უშუალოდ ხელჩართულ) მიდგომას ეფუძნება, რაც ანალიზის, კვლევისა და დაგეგმარების დროს ადგილობრივ მცხოვრებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას, მათი აზრებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას გულისხმობს; ამგვარი პრაქტიკა  ხელს უწყობს არქიტექტორებს, ურბანისტებსა და მოსახლეობას შორის ნდობის ჩამოყალიბებას.


თბილისში 1965-70-იანი წლებიდან, მანქანების დაცვის მიზნით, ე.წ  გარაჟებით საზოგადოებრივი სივრცის მიტაცება-დანაწევრებამ მასობრივი ხასიათი მიიღო.
დღესაც ქალაქში არსებული ეზოების დიდი ნაწილი ქაოსურად განთავსებულ გარაჟებს უჭირავს და უბნის ეს პოტენციური თავშეყრის სივრცე გადაქცეულია მანქანის დასაყენებელ ადგილად. შედეგად, ხშირ შემთხვევაში დაკარგულია სათამაშო სპორტული მოედნები, შეხვედრისა და ინტერაქციის ადგილები, რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცეები.

Image may contain: tree, table and outdoor
წყარო: Urban Experiments Group

სასურველია ეს პრობლემა გამოვიყენოთ შესაძლებლობად, რისთვისაც აუცილებელი იქნება ამ სივრცეების გადააზრება და მათი პოტენციალის აღმოჩენა.

კვლევის პროცესში დავადგენთ, თუ რა როლს თამაშობს მსგავსი სივრცეები ქალაქის, სამეზობლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა პოტენციალი აქვს მას და  როგორ შეიძლება მათი ტრანსფორმაცია და ადაპტაცია დღევანდელ გამოწვევებთან.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპის უმთავრესი მიზანია სტუდენტებისათვის შემეცნების დონის ამაღლება, მათთვის დიზაინისა და კვლევის იმ სპეციფიკური მეთოდის გაცნობა, რომელსაც დასავლეთში Bottom up Approach ჰქვია და მოსახლეობისა და არქიტექტორ-ურბანისტების მჭიდრო ურთიერთობაზეა დამყარებული.

ამასთანავე, ვორკშოპის მიზანია  ერთგვარი გზამკვლევის შექმნა, რომელშიც მოცემული იქნება ავტოფარეხებით დაკავებული საზოგადოებრივ სივრცეთა განვითარების სხვადასხვა სცენარი;  ვორკშოპის მონაწილეები შეეცდებიან განსხვავებული სცენარით დაანახვონ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ არსებულ სივრცეებს გააჩნია პოტენციალი იყოს კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, კომერციული, რეკრეაციული ან სხვა ფუნქციის მქონე.

Image may contain: tree, plant, sky, outdoor and nature
წყარო: Urban Experiments Group

რა არის თქვენთვის გარაჟები – პოტენციური საჯარო სივრცე თუ დაკარგული ადგილი, რომელიც ამორფული სტრუქტურებისგან შედგება?

სემინარის სათაურიდან გამომდინარე – „გარაჟი – პოტენციური საჯარო სივრცე“  გვჯერა, რომ ეს სივრცეები პერსპექტივაში შესაძლებელია კომპლექსურ საჯარო სივრცედ გადაიქცეს. ამისათვის კი აუცილებელია კვლევის საფუძველზე მათი გადააზრება და პოტენციალის აღმოჩენა.

მოსახლეობის გამოკითხვამ და ადგილზე მუშაობის პროცესმა გვიჩვენა, რომ დღეს ავტოფარეხების დიდმა ნაწილმა ახალი ფუნქცია შეიძინა, მაგალითად,  ტანსაცმლისა თუ სურსათის მაღაზია, თონე, საამქრო, საშენი მასალების საწყობი, ზოგიერთ შემთხვევაში ბოსტანიც კი; ავტოფარეხების ეს ტრანფორმაცია სამეზობლოს მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.

Image may contain: outdoor
წყარო: Urban Experiments Group

თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ის, რომ ავტოფარეხებს ჩამოერთვა პირველადი ფუნქცია  და შესაძლებელია თუ არა მათი ისევ ამ ფუნქციით დატვირთვა?
ავტოფარეხების მშენებლობა თბილისში 1965-70-იანი წლებიდან დაიწყო  და მასობრივი სახე 90-იანებში მიიღო. ამ დროისთვის ავტოფარეხების უმეტესი ნაწილი მანქანების დაცვის მიზნით შენდებოდა, ვინაიდან მანქანების მოპარვა იმ პერიოდში „ბუნებრივი“ მოვლენა იყო.

ბოლო 15 წელია ეს ტენდენცია საგრძნობლად შეიცვალა, მანქანის ავტოფარეხში დაყენების აუცილებლობა გაქრა, ამ ნაგებობამ პირვანდელი ფუნქცია ნელ-ნელა დაკარგა, ტრანსფორმაცია განიცადა და ბევრი ადამიანისთვის ალტერნატიული შემოსავლის წყაროც გახდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ავტოფარეხი როგორც არქეტიპი თუ არქიტექტურული ნაგებობა ხასიათდება ცვალებადი და ადაპტირებადი ფუნქციით, იგი ერგება დროს და მფლობელების თუ სამეზობლოს მოთხოვნილებებს.

ჩვენი აზრით, ავტოფარეხების პირველადი ფუნქციით დატვირთვა არის იმ რესურსის ხარჯვა, რომელიც  ამ ნაგებობას და არსებულ  საზოგადოებრივ სივრცეს პოტენციურად გააჩნია.

Image may contain: outdoor
წყარო: Urban Experiments Group

რა ტიპის ინოვაციებისა და ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა თქვენი აზრით თბილისში არსებული ავტოფარეხები? ვინ შეიძლება იმუშაოს მათ „გადააზრებაზე“ და რამდენად არის შესაძლებელი ერთგვარი სისტემური მიდგომა ამ ნაგებობების მიმართ? 


ამ ეტაპზე ჩვენი  პროექტები თბილისში სამ კონკრეტულ ადგილზე მუშავდება: ქალაქის ორი ბიპოლარული გარეუბანი: გლდანი და ვარკეთილი, და ასევე, ქალაქის ცენტრის მაგალითისათვის ბახტრიონის მიმდებარე ტერიტორია; პროექტი მოიაზრებს სამი ისეთი მაგალითის შექმნას, რომელიც მომავალში შესაძლებლობას მოგვცემს გამოვიყენოთ ის, როგორც შაბლონი სხვა ლოკაციებისთვისაც.

ერთი მხრივ, ვორკშოპის შედეგად სხვადასხვა ადგილებისა და მოცემულობების გათვალისწინებით შეიქმნება გარაჟების და მათ მიერ დანაწევრებული საზოგადოებრივი სივრცის განვითარების სცენარები,  და ამ სცენარებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება მსგავსი პრობლემების მეტ-ნაკლებად სტანდარტიზირება და ჩარჩოებში მოქცევა, რაც გააადვილებს შემდგომში ასეთივე ამოცანებზე მუშაობას;

მეორე  მხრივ, ვორკშოპში მონაწილეობით სტუდენტები შეიძენენ გამოცდილებას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი სივრცეების ანალიზს და სოციალურ კვლევაზე დაყრდნობით, კერძოდ, მოსახლეობასთან მჭიდრო მუშაობით და მათი აზრის  გათვალისწინებით ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენას და შემდგომ მათი გაუმჯობესების სცენარების შეთავაზებას.

ცოტა ხნის წინ თბილისის ახლად არჩეული მერი გარაჟების აღებას და მათ ადგილას გამწვანებული სკვერების გაშენებას დაგვპირდა. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება შეფასდეს მისი ეს ინიციატივა.  ეს ინიციატივა, განხორციელების შემთხვევაში, ურბანულ სხეულში უხეში ჩარევა და კერძო საკუთრების უფლების ჩამორთმევა იქნება თუ პირიქით, გააჩენს მეტი რეკრეაციული სივრცის შექმნის საშუალებას?

განცხადების მიხედვით, მერია თავის თავზე იღებს სკვერების, პარკების და საზოგადო- ებრივი სივრცეების მოწყობის ხარჯებს, თუკი მოსახლეობა თავად გადაწყვეტს მიმართოს მას და   შეთანხმდება ავტოფარეხების აღების საკითხზე.

ჩვენ მივესალმებით ყველა გადაწყვეტილებას მოსახლეობის ჩართულობით და მათი აზრების, მოთხოვნების და სურვილების გათვალისწინებით.

ჩვენი პროექტიც ზუსტად ამაზეა დაფუძნებული; როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამი მაგალითი, რომლის საფუძველზეც, თუკი მოსახლეობა თავისით გადაწყვეტს ავტოფარეხების მიერ დაკავებული სივრცის ტრანსფორმაციას,  მერიას ექნება შესაძლებლობა ალტერნატიულ სივრცედ არა მხოლოდ სკვერი ან პარკი შესთავაზოს მოსახლეობას, არამედ ბევრად უფრო მრავალფუნქციური და კომპლექსური გადაწყვეტა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.