წასვლა


გააზიარე სტატია

ავტორი: სანდრო ნავერიანი

ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ერთადერთი სპორტია, რომლის თამაშიც მიყვარს და ყურებაც. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ფეხბურთი, ასე თუ ისე, მესმის – ვიცი როდის უნდა ვიყო კმაყოფილი ესთეტიკით და როდის – შედეგით. ვიცი ვინ არის კარგი ნახევარმცველი და ვინ – ბინძური. ვიცი ვისგან რას უნდა ველოდო და რას – არა. ერთი სიტყვით, თითქმის ოცდაათი წელია ფეხბურთს ვუყურებ და ვთამაშობ და როცა ფეხბურთზე ვსაუბრობ, განსაკუთრებით ფრთხილი ვარ, რადგან ჩემი ცხოვრების  მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი, ყველაზე ემოციური თუ არა, არის დასასრული. წასვლა. მაყურებლისთვის რთულია სრულად გაიზიაროს ის ემოცია, რომელიც ფეხბურთელს ბოლო მატჩის შემდგომ იპყრობს. მაგრამ არის მომენტები, როცა მას მთლიანად იზიარებ: როცა უყურებ ფეხბურთელს, რომელიც გიყვარს, რომლის თამაშიც სიამოვნებას განიჭებს, აღგაფრთოვანებს, პირს დაგაღებინებს და ტაშს დაგაკვრევინებს მაშინაც, როცა მარტო ხარ ოთახში ჩართულ ტელევიზორთან და უცებ ხვდები, რომ მის თამაშს ვეღარ ნახავ. ის იქნება შენს ცხოვრებაში, ვიდეო ჩანაწერებში, იუთუბიზე, პირად კოლექციაში, თაროზე ვინტაჟური მაისურის სახით, კომენტატორად ან მესვეტედ რომელიმე ტაბლოიდში, მწვრთნელად, მაგრამ ის ვეღარასოდეს იქნება ისეთი, რისთვისაც შენ გიყვარდა. ეს ბოლო წუთები ძალიან მძიმეა, თითქმის სიკვდილის ტოლფასია. ის, რაც გიყვარდა, აღარ იარსებებს. ჯოჯოხეთია, აბა რა არის!

ასეთი წასვლებით სავსეა ფეხბურთი. ყოველ წელს ვიღაც დიდი მიდის და ვიღაც სადღაც ტირის. ასეთების სახელი ლეგიონია. არც ღირს ჩამოთვლა. უბრალოდ მე ჩემსას გავიხსენებ, რომელმაც აბსოლუტურად სულ სხვა კუთხით დამანახვა ფეხბურთი და ზოგადად მისი მნიშვნელობა.

იმ დღეს 2006 წლის 9 ივლისი იყო. მუნდიალის ფინალი. საფრანგეთი – იტალია. ზიდანის ბენეფისი და ყველაზე დიდი “ნივიჟუ” ფეხბურთის ისტორიაში. ზუსტად მაშინ, როცა ზიდანმა მსოფლიო თასს ისე ჩაუარა, რომ ერთხელაც არ შეხედა მას, მივხვდი, რომ ფეხბურთშიც არსებობს რაღაც, რაც თასზე მნიშვნელოვანია. იმ მომენტში, ალბათ მთელმა მსოფლიომ ირწმუნა, რომ მატერაცი იმსახურებდა იმას, რაც მოხვდა. ზიდანის თავს. თავს, რომელმაც 1998 წელს ორი გოლი შეუგდო ბრაზილიას, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში პოულობდა გამოსავალს თავისი გუნდებისთვის.

იმ დღეს მე არ ვიცოდი, რომ ზიდანის ბოლო თამაშს ვუყურებდი. იმ დღის მერე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გამეგო, თუ რა მოხდა მოედანზე. რა უთხრა მატერაციმ ისეთი, რაც ზიდანმა ვერ გადაყლაპა თავისი ქვეყნისთვის. ქვეყნისთვის, რომლისთვისაც რვა წლით ადრე, ფინალში ორი გოლი შეაგდო და საფრანგეთის გერბს ათასჯერ აკოცა.

იყო ჭორები, რომ მატერაციმ ალჟირელი ტერორისტი ეძახა, ცოლ-შვილი აგინა, მისი ავადმყოფი და შეურაცხყო და ასე შემდეგ. ბოლოს ზიდანმა თქვა, რაც მოხდა. ბოდიშიც მოუხადა ყველა ბავშვს, ვინც ეს ინციდენტი ნახა და სთხოვა, რომ არცერთ შემთხვევაში მსგავსი რამ არ გაეკეთებინათ და ყველას დაგვემშვიდობა.

მხოლოდ ამის შემდეგ გავიგე, რომ ზიდანის ბოლო თამაში უკვე ვნახე. შოკში არ ჩავვარდნილვარ, ჯვარიც მწერია, მაგრამ ძალიან განვიცადე, რომ არ ვიცოდი მუნდიალამდე ორი თვით ადრე დაანონსებული ზიდანის  წასვლა. ათას სისულელეს ფიქრობ ასეთ დროს, ნეტა მცოდნოდა, სხვანაირად ვუყურებდი, პაბში არ ვუყურებდი, სახლში ჩავუჯდებოდი, სხვა მაისურს ჩავიცვამდი, ორივე ფეხზე ავდგებოდი და ასე უსასრულოდ. ბავშვობა – ერთი სიტყვით. მაგრამ არაფერი შეიცვლებოდა, წინასწარმეტყველება, რომელსაც ინტუიციურად ვგრძნობდი, ეგეთი იყო. გააზრებული წინასწარმეტყველება არ არსებობს. ინტუიცია კი პიცის ყოფილი სამშობლოს მოგებას წინასწარმეტყველებდა.

მოკლედ, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი მას შემდეგ გავაცილე, რაც უკვე წასული იყო. არ იყო ეს ადვილი. იმის გააზრება, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი შედეგს, რასაც მისი თავ-ფეხი იძლეოდა მოედანზე, დიდხანს მაწუხებდა, მაგრამ სულ მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან მწვრთნელის ტექნიკურ ზონაშიც ვნახავდი ბოლომდე გამელოტებული თავით, ემოციურს, მაგრამ მაინც თავშეკავებულს, როგორც კახელებმა ასწავლეს მსოფლიოს, დაღვინებულს.



რწმენა კიდევ უფრო გამიმყარდა, რაც უჟმური, დესტრუქციული მოურინიოს გვერდით დავინახე, მერე კასტილია, ისა, ესა და, ბოლოს, დაწყევლილ ბენიტესს მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. ბევრი თასი, ბედნიერი ფანები, გუნდი, რომელსაც უბრალოდ არ სჯერა, რომ, რამეს ვერ მოიგებს და ისევ ბევრი კითხვის ნიშანი: როგორ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს? ეს კითხვა იყო მისი ფეხბურთელობის დროს და არის ახლაც – მისი მწვრთნელობის დროს. მაქვს რაღაც პასუხები, მაგრამ ამის წერა სხვა რამის გამო დავიწყე. ფეხბურთში ერთადერთი ყველაზე დიდი წასვლა მაქვს ნანახი და ის იყო 2006 წლის 9 ივლისს. და მეორე 2018 წლის 31 მაისს, ხუთი დღის შემდეგ, რაც ზიდანმა “რეალს” ზედიზედ მესამედ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა და გუნდიდან წავიდა.

სუფთა ქართულად რომ ვთქვა, ორივე “უდასტოინესი” წასვლა იყო. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამ ზიდანს კიდევ ვნახავთ, არავინ იცის როგორს, მაგრამ ვნახავთ და იმას – ვეღარასდროს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.