„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ – ანდრო ვეკუა ციურიხში


გააზიარე სტატია


8 ივნისს ციურიხის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეში ანდრო ვეკუას პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ამ დროისთვის ეს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი არტისტის ყველაზე მასშტაბური  გამოფენაა, სადაც მისი ძველი და ასევე სრულიად ახალი ნამუშევრებია წარმოდგენილი.

არავინ იცის ფრაზა: „ომსა და სიყვარულში ყველა გზა ამართლებს“, სერვანტესის მეოცნებე გმირის, მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტის პასაჟიდან გადაიქცა ანდაზად თუ ესპანელმა მწერალმა მოიხმო ინგლისელი ხალხის სიბრძნე, მაგრამ ანდრო ვეკუას გამოფენის სახელწოდება  „ოცნებასა და ომში ყველაფერი სამართლიანია“, პირდაპირ all is fair in love and war-ის ასოციაციებს ბადებს.

 

გამოფენაზე წარმოდგენილია სკულპტურული ნამუშევრები, კოლაჟები, ფერწერა. შედგა ფილმის, all is fair in dream and war-ის პრემიერა. ვეკუას ხელოვნება გულგრილს არავის ტოვებს, – გვამცნობს გამოფენის კურატორი. ის გაუხარჯავი და ინტენსიურია, ასხივებს მასალის, ფორმის  ღრმა ცოდნას. ქმნის ძლიერ ხატებებს, რომლებიც გამოკვეთილად ატარებენ ცდუნებისა და უარყოფის მკვეთრ შეგრძნებას. რეზულტატი კი მოგონებების აღმძვრელი და ზებუნებრივი სივრცეების შექმნაა. ეს არის ადგილები მანამდე და მერეს შორის, რომლებიც აწმყოს შესალოცადაა გამოყენებული, სადაც, როგორც ჩანს, თავად დრო  იცდის.”

გამოფენას ციურიხში დიდი წარმატება ხვდა წილად. მას ციურიხში მცხოვრები კიდევ  ერთი ქართველი, „ბალენსიაგას“ სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაც დაესწრო.

 width=

საინტერესოა, რომ ეს ორივე არტისტი სოხუმში დაიბადა და მათ საომარი მოქმედებების გამო დატოვეს აფხაზეთი.  

სულ ახლახან ანდრო ვეკუას გამოფენა, სახელწოდებით „დელფინი აუზში“, მოსკოვში, დარია ჟუკოვას საგამოფენო ცენტრ  „გარაჟში“ გაიმართა. ექსპოზიციის ძირითადი ხაზი მოგონებები იყო. ინსტალაციების ვიდეორიგები ზღვისპირა ქალაქის, სავარაუდოდ სოხუმის კადრებით იყო აწყობილი. გამოფენას საერთო მოგონებებით შეკრულთა საიდუმლო შეხვედრის შეგრძნება გასდევდა.

წარსული და მოგონებები, დრო, მისი სწრაფი თუ მდორე დინება, მის სარკეში არეკლილი მოგონებების ხატებები, ციურიხის ექსპოზიციისთვისაც არ იყო უცხო.

აღსანიშნავია, რომ მალე ციურიხის კუნსტჰალეში საქართველოსადმი მიძღვნილი კიდევ ერთი გამოფენა გაიმართება. გამოფენა „ქართული მოდერნიზმი – „ფანტასტიკური დუქანი“ 25 აგვისტოს გაიხსნება.   


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.