ნაპოვნია ლეგენდარული საქსოფონისტის – ჯონ კოლტრეინის 1963 წლის დაკარგული ალბომი


გააზიარე სტატია
ახლად ნაპოვნი საგანძური … ჯონ კოლტრეინის „ერთდროულად ორივე მიმართულებით: დაკარგული ალბომი“ 29 ივნისს გამოიცემა. ფოტო: ჩაკ სტიუარტ

 

ორიოდე დღის წინ გავრცელდა მუსიკის და განსაკუთრებით – ჯაზის მოყვარულებისთვის სასწაულის ტოლფასი ინფორმაცია: ჩაწერიდან 55 წლის შემდეგ აღმოაჩინეს ლეგენდარული ჯაზ-საქსოფონისტის – ჯონ კოლტრეინის აქამდე უცნობი ალბომი.

ალბომი, რომელიც 29 ივნისს გამოქვეყნდება სახელით – „ერთდროულად ორივე მიმართულებით: დაკარგული ალბომი“ – 1963 წლის 6 მარტის სესიაზე ნიუ-ჯერსიში, ვან გელდერის სტუდიაში ჩაწერეს. კვარტეტში, რომელსაც, ასევე, კლასიკური ალბომები: „უზენაესი სიყვარული“, „კოლტრეინი“ და „ბალადები“ ეკუთვნის, კოლტრეინთან ერთად უკრავენ ჯიმი გარისონი კონტრაბასზე, ელვინ ჯოუნსი დრამზე და მაკკოი ტაინერი პიანინოზე.

სესიის შემდეგ სტუდიაში არსებული მთავარი ჩანაწერი დაიკარგა და სავარაუდოა, რომ 70-იანი წლების დასაწყისში განადგურდა, როდესაც ლეიბლი Impulse! მატერიალების შენახვის ხარჯების შემცირებას ცდილობდა. თუმცა, კოლტრეინმა ჩანაწერის საკუთარი ასლი თავის ცოლს, ნაიმას გადასცა, მიუხედავად იმ პერიოდში მათ შორის არსებული არამყარი ურთიერთობისა (წყვილი ერთმანეთს 1966 წელს დაშორდა). ჩანაწერიც მას შემდეგ ნაიმას ოჯახში ინახებოდა.

სონი როლინზმა, კოლტრეინის თანამედროვემ და მის მსგავსად ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზ-საქსოფონისტად აღიარებულმა შემსრულებელმა, აღნიშნა, რომ ალბომის პოვნა „დიდ პირამიდაში ახალი ოთახის აღმოჩენის ტოლფასია“.

შვიდ ნაწარმოებს შორის ორი სრულიად უცნობი კომპოზიციაა, სახელად „უსათაურო ორიგინალი 11383“ და „უსათაურო ორიგინალი 11386“. ორივე მათგანი სოპრანო-საქსოფონზეა შესრულებული. რაც შეეხება ნაწარმოებს, სახელად „ერთი ზემოთ, ერთი ქვემოთ“, აქამდე ის მხოლოდ „ბერდლენდის“ ჯაზ-კლუბში გაკეთებული არაოფიციალური ჩანაწერის სახით არსებობდა. მის სტუდიურ ვერსიას მსმენელი პირველად მოისმენს.

სესიები, რომელთა შედეგადაც ახლად აღმოჩენილი ალბომი შეიქმნა, მაშინ გაიმართა, როდესაც კოლტრეინი თავის კარიერაში მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე იმყოფებოდა. ეს მოხდა ორი წლით ადრე, ვიდრე მისი სხვა ალბომი „ამაღლება“ მზის შუქს იხილავდა, სადაც მან საკუთარი კვარტეტი ექსპერიმენტალურ, სპირიტუალურად მოაზროვნე დიდ ბენდად გარდაქმნა. თუმცა, იმ დროისათვისაც იგი უკვე იხრებოდა „თავისუფალი ჯაზის“ ჟღერადობისკენ.

ჯონ კოლტრეინის კვარტეტი… მარცხნიდან მარჯვნივ: ჯონ კოლტრეინი, ელვინ ჯოუნსი, ჯიმი გარისონი, მაკკოი ტაინერი. ფოტო: ჯიმ მარშალ



„შთაბეჭდილებები“ (1963), რომელიც წინა ორი წლის განმავლობაში ჩაწერეს, შეიცავს თავისუფალი სტილით შესრულებულ სოლო პარტიებს, რომლებიც საკმაოდ განსხვავდება წინარე ბიბოპ ეპოქისგან. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მელოდიური მუსიკა კოლტრეინს ჯერ კიდევ უყვარდა: „ბალადები“, რომელიც იმავე პერიოდშია ჩაწერილი და 1963 წელსვეა გამოქვეყნებული, მის ზოგიერთ ყველაზე იოლად აღსაქმელ კომპოზიციას შეიცავს.

ჩანაწერში, სახელად „11386“, კვარტეტი სწორედ ტრადიციულ სტილში უკრავს, რა დროსაც სოლო პარტიებს შორის მელოდიურ მისამღერს უბრუნდება. გარდა ამისა, ალბომში ვხვდებით კოლტრეინის მიერ შესრულებულ ნატ კინგ კოულის „ბუნების ბიჭის“ თავდაპირველ, აქამდე უცნობ ვერსიას. განსხვავებით უფრო თავისუფალი სტილის მქონე 1965 წლის ვერსიისა, ახალ ალბომში მოცემული ვარიანტი უწყვეტი სამწუთიანი შესრულებაა სოლო პარტიების გარეშე.

 

ბენ რათლიფი, “ნიუ-იორკ თაიმზის” ჯაზის მიმოხილველი და ავტორი წიგნისა, „კოლტრეინი: ხმის ისტორია“, “გარდიანთან” საუბარში აღნიშნავს: „საქმე გვაქვს ბოლო პერიოდში კოლტრეინის კვარტეტის სტაბილური და ავტორიტეტის მქონე ფაზისა, რა დროსაც ისინი რამდენიმე ერთი და იგივე მუსიკას უკრავდნენ ხოლმე. ამ ალბომში დიზაინი არ იგრძნობა. მაგრამ კოლტრეინი ახალ ბგერებს ცდის, უცნაურ ბლუზს და „შთაბეჭდილებების“ დახვეწილ ვერსიას ასრულებს – ეს კი ძალიან ბევრია.“

„ერთდროულად ორივე მიმართულებით“ კოლტრეინისა და მისი კვარტეტისთვის ძალიან ნაყოფიერ პერიოდშია ჩაწერილი: გარდა „ბალადებისა“ და „შთაბეჭდილებების“ შექმნისა, მას 1963 წელს დიუკ ელინგტონთან კოლაბორაციაც ჰქონდა. დაკარგული სესია „ბერდლენდში“ ორკვირიანი შოუს დროს ჩაიწერა – კოლტრეინი კლუბში პირდაპირ ხმის ჩამწერი სტუდიიდან მიდიოდა. მომდევნო დღეს კი, 7 მარტს, მან ჯაზის მომღერალთან ერთად კიდევ ერთი ალბომი „ჯონ კოლტრეინი და ჯონი ჰარტმანი“ ჩაწერა (მისი ტრეკლისტი სტუდიისკენ მიმავალ გზაზე შეიცვალა, მას შემდეგ, რაც მუსიკოსებმა რადიოში ნატ კინგ კოულის მიერ შესრულებული Lush Life მოისმინეს და გადაწყვიტეს, ალბომში სიმღერის საკუთარი ვერსიაც შეეტანათ).

საქსოფონისტი უეინ შორთერი, რომელსაც  ალბომის წინასიტყვაობისთვის მიმართეს, ამბობს, რომ სათაური – „ერთდროულად ორივე მიმართულებით“ – მას შემდეგ დაიბადა, რაც კოლტრეინმა მას კომპოზიციური რჩევა მისცა: “რომ წინადადება შუაში დაგვეწყო და შემდეგ დასაწყისისკენ და ბოლოსკენ ერთდროულად წავსულიყავით.“ “გარდიანის” ჯაზ-კრიტიკოსი ჯონ ფორდჰემი მასში კიდევ ერთ მნიშვნელობას პოულობს: „კოლტრეინი, ერთი მხრივ, უკან, ბიბოპისკენ – ვირტუოზულობა და მელოდიური რესურსები, რომლებიც მან თითქმის ბოლომდე ამოწურა – და ჯაზის სიმღერაზე დაფუძნებული ლირიზმისკენ იხედება, რომელიც მან ახლახან დიუკ ელინგტონთან ერთად გამოიკვლია, და სულ ცოტა ხანში იგივეს გაკეთებას ჯონი ჰარტმანთან ერთად აპირებს. მეორე მხრივ კი, მისი მზერა მომავლისკენაა მიპყრობილი, სადაც უფრო ინტენსიურ, მანტრას მსგავს, სპირიტუალურ მუსიკას ხედავს, რითაც 1964 წელს „უზენაესი სიყვარული“ შეიქმნა.“

ჯონ კოლტრეინის „ერთდროულად ორივე მიმართულებით: დაკარგული ალბომის“ ყდის დიზაინი. ფოტო: Impulse!

 

ბრიტანელმა ჯაზ-საქსოფონისტმა ევან პარკერმა გარდიანს განუცხადა: „ეს ალბომი განსაკუთრებით იმიტომაა საინტერესო, რომ კოლტრეინმა თავისი საუკეთესო ნამუშევრები „კლასიკური კვარტეტის“ პერიოდში შექმნა“. მან კოლტრეინისა და დრამერის, ელვინ ჯოუნსის მიერ წყვილში შესრულებული პარტია გამოარჩია და აღნიშნა, რომ ეს „მუსიკის გულია… რომელმაც ინტუიციური ურთიერთგაგების გასაოცარ სიღრმეებში ჩააღწია.“

რათლიფის აზრით კი, „ყველაზე უფრო, „ერთდროულად ორივე მიმართულებით“ არის იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად ძლიერი იყო მაშინ ბენდი და რამდენად მძლავრი იყო კოლტრეინში მიზანდასახულობა და კონცენტრაცია.“


ავტორი: ბენ ბომო-თომასი
წყარო: https://theguardian.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.