კომედიური ჟანრის Top სერიალები ნიკა კოჩაროვისგან


გააზიარე სტატია

AT_  განაგრძობს რუბრიკას „ტოპები“, რომელშიც პერიოდულად გიზიარებთ სელებრითების საყვარელ მუსიკას, ქუბებს, ფილმებსა და სხვა თავშესაქცევი ფორმატების ჩამონათვალს.

დღეს „ტოპებში“ ცნობილი ქართველი მუსიკოსისა და შემსრულებელის,  ნიკა კოჩაროვის შერჩეულ, ყველა დროის საუკეთესო ათ კომედიურ სერიალსა და მათ მოკლე აღწერას გთავაზობთ.

 

შეფერხებული განვითარება

მას შედმეგ, რაც ჯორჯ ბლუთ უფროსს ფინანსური დარღვევებისთვის ციხეში ჩასვამენ, მაიკლ ბლუთი იძულებული ხდება დარჩეს ორენჯ ქაუნთიში და ოჯახური ბიზნესის მართვა ჩაიბაროს. იგი ცდილობს მოერგოს მისი განებივრებული ოჯახის მოთხოვნებს და ამავდროულად იყოს სამაგალითო მამა თინეიჯერი შვილისთვის

 

მოთოკე შენი ენთუზიაზმი

საინფილდის თანაშემქმნელი ლარი დევიდი იმპროვიზებულ სერიალში საკუთარი თავის როლს ასრულებს. მას გამუდმებით ხვდება ცხოვრებაში პატარ-პატარა პრობლემები, რომლებიც დევიდის ხასიათიდან გამომდინარე მალე დიდ პრობლემად იქცევა  ხოლმე.

 

ფილადელფიაში ყოველთვის დარია

რამდენიმე მეგობარი ფილადელფიაში პატარა ბარს, პედის პაბს ფლობს. მეგობრები ცდილობენ იპოვონ თავიანთი ადგილი სამსახურისა და ურთიერთობების რთულ სამყაროში. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ისინი ყველაფერს ვერ უმკლავდებიან, რის გამოც  ხშირად არაკომფორტულ სიტუაციებში ხვდებიან, რომლებიც მოგვარებამდე ხშირად კიდევ უფრო რთულ ფორმას იღებს. სამეგობრო შედგება ძმების – დენისის და ტკბილი დი რეინოლდის და მათი დიდი ხნის მეგობრების, ჩარლი კელისა და რონალდ “მაკ” მაკდონალდსისგან. ჩარლი ფრენკთან, დენისის და დის მამასთან ერთად ცხოვრობს. ფრენკმა ლუდომანი და მატყუარა ცოლი რეპუტაციის გამოსწორების მიზნით მიატოვა.  

 

ძლიერი ბუში

“ძლიერი ბუში” ბრიტანული კომედიაა, რომელშიც კომიკოსები ჯულიან ბარატი და ნოელ ფილდინგი თამაშობენ. სერიალი სამ სპექტაკლსა და 6-ეპიზოდიან  რადიოსერიალზეა დაფუძნებული, და მთლიანობაში 20 სატელევიზიო სერიისგან შედგება; ისინი 2003-2007 წლებში აჩვენეს. აგრეთვე ჩატარდა ორი ლაივ-ტურნე ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირველი ნაწილის მოქმედების ადგილია ზოოპარკი, რომელსაც ბობ ფოსილი მართავს, მეორე ნაწილის  ბინაა, ხოლო მესამე ნაწილი მეორადი ნივთების მაღაზია-ბუტიკში ვითარდება, რომელიც დალსტონში მდებარეობს.

 

პიპ შოუ

კოლეჯის მეგობრები მარკი და ჯერემი ქროიდენში ერთად ცხოვრობენ. უფრო სწორად, უმუშევარ ჯერემის მარკის სახლში აქვს ბინა დადებული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან, მათ ერთი და იგივე  პრობლემების გადაჭრა უწევთ. მეგობრები ცდილობენ საუნივერსიტეტო ცხოვრების შემდეგ ჩვეულებრივ, ზრდასრულ ცხოვრებას მოერგონ. მარკი ფინანსურად უზრუნველყოფილია, თუმცა ხალხთან ურთიერთობა უჭირს. ჯერემი, მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, უფრო თავდაჯერებულია და მეტი წარმატებით სარგებლობს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში.  

 

სტატისტები

ენდი მილმენი ბრიტანელი ახალგაზრდაა, რომელმაც კინოინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად სამსახური მიატოვა. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ნამდვილ მსახიობებს ყოველთვის უფრო “უმართლებთ,” ენდი ვერ ახერხებს იმ როლებზე მოხვედრას, რომლის თამაშიც მას სურს, ამიტომაც იგი ნელ-ნელა სტატისტის როლს ირგებს. შედეგად, თავისი მოგზაურობების დროს ენდი კინოინდუსტრიის არაერთ კინოვარსკვლავს ხვდება.

 

გასაოცარი მისის მაიზელ

მოქმედება 50-იანი წლების ბოლოს ხდება. მირიამ მაიზელს ყველაფერი აქვს, რაზეც ოდესმე უოცნებია – იდეალური მეუღლე, ორი შვილი და ელეგანტური ბინა ნიუ-იორკის აფერ ვესთ საიდში. მისი იდილიური ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც იგი სტენდაფ-კომედის კეთების ფარულ ნიჭს აღმოაჩენს. ეს აღმოჩენა სამუდამოდ ცვლის მის ცხოვრებას. მირიამ მაიზელი თავის კომფორტულ ცხოვრებას ტოვებს და  გზას იკვლევს გრინვიჩის პატარა ბარებსა და კაფეებში, რაც საბოლო ჯამში “ღამის შოუში” ადგილის დამკვიდრებით სრულდება. სერიალის ავტორია ემი შერმან-პალადინო (გილმორის გოგონები).

 

სხვა დრო

სხვების გამოჩენამდე ამერიკაში იყო ერთი ოჯახი, რომელიც გარყვნილების და უმსგავსობის ეტალონად ითვლებოდა. ბელაკურები როდ აილედის მოოქრული ხანის პირველი ოჯახი იყო. არაადეკვატურ დებოშიორებს ნათესავებზე მეტი მოსამსახურე ჰყავდათ, ხოლო დღეებს ფულის ფლანგვაში, სექსსა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებაში ატარებდნენ. საზოგადოებისთვის არანაირი სარგებლის მომტანი ბელაკურები მხოლოდ თავიანთ გარეგნობაზე და წვეულებებზე ზრუნავენ, ხოლო დები – ლილიანი და ბეატრისი განსაკუთრებით ცდილობენ პოპულარობის მოპოვებას. ლილიანის და ბეატრისის როლებს პროდიუსერები – ნატაშა ლეჟერო და რიკი ლინჰომი ასრულებენ.

 

ეპიზოდები

მეთ ლებლანკი სერიალში თავისი თავის, მეთ ლებლანკის როლს ასრულებს. “მეგობრების” ყოფილი ვარსკვლავი მსახიობის როლს თამაშობს, რომელსაც როლზე საზღვარგარეთ პოპულარულ ბრიტანულ კომედიაში დაამტკიცებენ. თუმცა ლებლანკი შოუს საშინელ კლიშედ გადააქცევს, რაც მონაწილეების უკმაყოფილებას იწვევს.

უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე

2022 წელს დედამიწას ბუნებრივი კატაკლიზმები დაატყდება თავს. ბანკის ყოფილი თანამშრომელი და მეოჯახე ფილ მილერი ერთადერთია, ვინც ამ მოვლენას გადაურჩება. მარტოდ დარჩენილი ფილი ამერიკაში, კანადასა და მექსიკაში დაიარება და სხვა გადარჩენილებს ეძებს. ფილი ცდილობს არ დაკარგოს იმედი და სხვებთან შეხვედრამდე ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად სასიკეთოდ გამოიყენოს. საბედნიეროდ, გადარჩენილთა შორის ფილი ერთ ქალბატონს აღმოაჩენს, თუმცა ნელ-ნელა კიდევ არაერთი გადარჩენილი ჩნდება, ფილი კი ხვდება, რომ მათთან ერთად თანაცხოვრება უჭირს.


რეკომენდირებული სტატიები
სცენარისტ ქეთი დევდარიანის 11 რჩეული coub

სცენარისტ ქეთი დევდარიანის 11 რჩეული coub

სცენარისტ ქეთი დევდარიანის 11 რჩეული coub
Coub საქართველოში ერთ-ერთი ფავორიტი ვიდეო-ლუპების საიტია, სადაც ქართულ ყოველდღიურობასთან დაკავშირებული კომიკური 10-წამიანი ვიდეომონტაჟის უამრავი შედევრის ნახვა შეიძლება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.