ისლანდიის ნაკრების მცველი, რომელიც მარილის ქარხანაში მუშაობს და ავიადისპეტჩერობას აპირებს


გააზიარე სტატია


 

ისლანდიის საფეხბურთო ნაკრებმა, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდგომ,  ძალიან ბევრი გულშემატკივარი შეიძინა საკუთარი ქვეყნის ფარგლებს მიღმა, მათ შორის, საქართველოშიც.  განსაკუთრებულ აღფრთოვანებასა და გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ნაკრების წევრების ნაწილი მხოლოდ “შეთავსებით”  არის ფეხბურთელი და სპორტი მათთვის “მეორადი” პროფესიაა.

ცნობილია, რომ ისლანდიის ნაკრების მეკარე ჰანეს ჰალდორსონი კინორეჟისორია. მისი შექმნილია კლიპი ისლანდიიდან 2012 წლის ევროვიზიაზე და ასევე რამდენიმე  მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

მთავარი მწვრთნელი ჰეიმირ ჰალგრიმსონი სტომატოლოგია. ის მუშაობს კუნძულზე, რომლის ტერიტორიაც 13 კვადრატული კილომეტრია და სადაც 5 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ისლანდიის ნაკრების კიდევ ერთი წევრი – მცველი ბირკირ სევარსონი შვედეთისა და ნორვეგიის კლუბებში 9 წლის განმავლობაში თამაშობდა. 2018 წლის ზამთარში ის დაბრუნდა რეიკიავიკში და ერთთვიანი “სახლში ჯდომის” შემდგომ გადაწყვიტა, მარილის ქარხანაში დაეწყო მუშაობა. “უსაქმურობა ძალიან შემაწუხებელი რამაა. სწორედ ამიტომ მივმართე ჩემს მეგობარს, რომელიც მარილის ქარხნის მფლობელია და მას დასაქმება ვთხოვე. ჩემთვის ეს არც ჰობია  და არც შემოსავლის წყარო, რადგან როგორც ფეხბურთელს,  კარგი ხელფასი მაქვს.  მუშაობა – უბრალოდ ნორმალური ცხოვრების წესია. უსაქმურობა კი ადამიანს ვნებს”.

ფეხბურთის მიმართ მისი, და როგორც ჩანს, ნაკრების სხვა წევრების დამოკიდებულება აბსოლუტურად განსხვავებულია.  “ფეხბურთის თამაშისას წარმოვიდგენ ჩემს ოჯახს, მეგობრებს… ისლანდია ძალიან პატარა ქვეყანაა და ქალაქებში ხალხი ერთმანეთს იცნობს. ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანებს აუცილებლად შევხვდებით  კაფეში, მაღაზიაში… ძალიან არ გვინდა მათ იმედები გავუცრუოთ და ეს დიდი მოტივაციაა.

წარმოიდგინეთ, რომ დაიბადეთ ქალაქში, რომლის მოსახლეობა 400 ადამიანს მოიცავს.  მაგალითად, როგორც ჩვენი კაპიტნის, არონ გუნასრონის ქალაქია. ის არაჩვეულებრივი ადამიანია და ამპარტავნების ნასახი არ გააჩნია. არონი ესაუბრება ყველას და არასდროს ენანება თბილი სალამი. ჩვენს ნაკრებში აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია.  პატარა ქვეყანაში განსაკუთრებით სირცხვილია იყო ამპარტავანი”.

ბირკირ სევარსონი უკვე 33 წლისაა და ის ალბათ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ვეღარ მოხვდება.

“სამომავლო გეგმები უკვე მაქვს.  სწავლას ვაპირებ. მფრინავობაზე ოცნება –  ოცნებად დარჩა, თუმცა მინდა ავიადისპეტჩერის პროფესიას დავეუფლო”.

დღეს ისლანდიის ნაკრები ნიგერიის ნაკრებს დაუპირისპირდება. წარმატება ვუსურვოთ  მათ!


რეკომენდირებული სტატიები
სად ვუყუროთ ფეხბურთს?

სად ვუყუროთ ფეხბურთს?

სად ვუყუროთ ფეხბურთს?
გთავაზობთ თბილისში არსებულ რამდენიმე სივრცეს, სადაც სასიამოვნო გარემოში შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.