პარტიები, რომლებიც აღარ გვახსოვს


გააზიარე სტატია

ქართული პოლიტიკურ ლანდშაფტში ბოლო  წლებია რამდენიმე პარტია დომინირებს, ახალი ძალები და სახეები იშვიათად ჩნდებიან და ძირითადი პოლიტიკური მოვლენები ბიპოლარული დაპირისპირებების ფორმატში განიხილება.

რა გზა გამოვიარეთ ამ რეალობამდე?

რა პარტიები ჩნდებოდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში?

რამდენად შეესაბამებოდნენ ისინი იმდროინდელ რეალობას და სად გაქრნენ შემდეგ?

გთავაზობთ მოკლე მოგზაურობას უახლოეს ისტორიაში, სადაც ადვილად შესაძლებელია  ნაცნობი იდეოლოგიები, ადამიანები და დევიზები აღმოაჩინოთ:

 

1992 წელს შეიქმნა იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული “ლასკარი”, რომლის ლიდერიც იყო სერგი საჯაია. 1992 წლიდან 1999 წლამდე პარტია არ მონაწილეობდა არჩევნებში, ვინაიდან  არსებულ ხელისუფლებას არაკანონიერ სახელმწიფო სტრუქტურად თვლიდა.

 

1995 წელს ნუგზარ წერეთელმა შექმნა “საქართველოს ლექტორთა კავშირი”, რომლის დევიზიც იყო: „ღმერთო, შეაყვარე ქართველს საქართველო!“.  ამ გაერთიანების წევრები პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნენ იმის გამო, რომ თვლიდნენ – საჭირო იყო საქართველოში მიმდინარე პროცესების მეცნიერული ანალიზი და შესაბამისი პარადიგმების აღდგენა. 1999 წელს მათ საარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ “ასობით ცნობილი და მაღალკვალიფიციური ლექტორის უპირველესი ამოცანაა ცოცხალი სიტყვის საშუალებით ხალხისათვის სიმართლის თქმა, მწვავე ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხის გაცემა, წარმოქმნილი ინფორმაციული ვაკუუმის შევსება.”

 

1995 წელს კიდევ ერთი საინტერესო პარტია შეიქმნა –  “თანხმობისა და სამართლიანობის კავშირი”, რომლის დევიზიც იყო: “თანხმობა გადაარჩენს საქართველოს”. ამ პარტიის წევრები თვლიდნენ, რომ საჭირო იყო მოსახლეობისათვის იმის ახსნა, თუ რა პოზიტიური ძვრები შეიძლება მოიტანოს უფრო მეტმა პოლიტიკურმა კონტაქტებმა სახელმწიფოებთან, რომელთაც მსგავსი განვითარების გზა გაიარეს.

 

1995 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს ინტელექტუალთა ლიგაც, რომლის დევიზიც იყო „ინტელექტუალური აზროვნება გადაარჩენს საქართველოს.“ მათი წინასაარჩევნო პროგრამა მიზნად ისახავდა სულიერებისა და ზნეობის დამკვიდრებას ქვეყანაში, ერის გამთლიანებას და მაფიოზურ კლანებთან ბრძოლას.

 

1996 წელს როინ მეტრეველმა დააარსა დავით აღმაშენებლის პარტია, რომლის დევიზიც იყო:  “ბედნიერება ყველა ადამიანს”. პარტია საგარეო პოლიტიკაში დავით აღმაშენებლის პოლიტიკით ხელმძღვანელობდა. ამ პარტიას საქართველო კონსტიტუციურ მონარქიად წარმოედგინა.

 

1997 წელს კარლო თაბუკაშვილმა საქართველოს ინტელიგენციის კავშირი შექმნა გაერთიანებული შემდეგი დევიზით:   „პროფესიონალიზმი ყველაფერში, კანონის უზენაესობა ყველასათვის, ზნეობრიობა ყველგან.“ ინტელიგენტები ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნებისმიერი საშუალებით.

 

1998 წელს თამაზ ნადარეიშვილმა შექმნა “აფხაზეთის განთავისუფლების პარტია”, რომლის საპროგრამო პრიორიტეტებშიც იყო ნატოში გაწევრიანება, ლიბერალური საგადასახადო სისტემა და კეთილმეზობლური პარტნიორული ურთიერთობა ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან. პარტიას  ჰქონდა საკუთარი პერიოდული გამოცემა “ოქროს საწმისი”.

1999 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს ტრანსპორტელთა პარტიაც,  რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული  საქართველოში სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესება და გაფართოება და საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად ჩამოყალიბება.

 

1999 წელს მალხაზ ცისკარიშვილმა ჩამოაყალიბა ეკონომიკურად და სოციალურად დაზარალებულთა პარტია, რომლის დევიზიც იყო:  „სამართლიანობა და კანონიერება გადაარჩენს საქართველოს“. პარტია საშუალო ფენის აღდგენას გეგმავდა. ამ პარტიის დამფუძნებელმა მალხაზ ცისკარიშვილმა ცოტა ხნის წინ ბედი სცადა როგორც სტარტაპერმა და “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ვერტიკალური პარკინგის სისტემა შეიმუშავა.

ვიდეო: ვერტიკალური პარკინგი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.