fbpx

რესტორანი პარიზში: Derièrre


გააზიარე სტატია

 

თუ პარიზში მოგზაურობას გეგმავთ და გინდათ არასტანდარტულ და ლამაზ რესტორანში ივახშმოთ, აუცილებლად ეწვიეთ რესტორან “დერიერს”.

“დერიერი” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რესტორანია პარიზში. სიტყვა “Derrière” ფრანგულად “უკან მყოფს” ნიშნავს. შესაბამისად, რესტორანი ფრანგული საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოშია, ზაფხულში შეგიძლიათ ეზოშიც დასხდეთ. რესტორანი საინტერესო ინტერიერითაა გამორჩეული, ორ სართულზე განაწილებული სივრცე ძალიან მრავალფეროვანია, აქ ნახავთ საწოლს, რომელიც სკამის ფუნქციას ითავსებს, მაგიდის ჩოგბურთს და მაგიდის ფეხბურთს, კარადას, საიდანაც მოსაწევ სივრცეში მოხვდებით (მწეველებისთვის ეს ოთახი ძალიან დიდი კომფორტია – პარიზში იშვიათად შეხვდებით ადგილს, სადაც შიდა სივრცეში მოწევა შეიძლება), კუთხეს დიდი ბიბლიოთეკით და სივრცეს, სადაც ფილმის ყურებას შეძლებთ.

კერძები ძალიან გემრიელია, თუმცა არც ისე იაფი. ვახშამი ერთ ადამიანზე, დაახლოებით 50-დან 70 ევრომდე ღირს. გირჩევთ გასინჯოთ ხბოს ხორცი ღვინის სოუსში, რომელსაც დიდი თუჯის ქვაბით მოგართმევენ, გარნირად კი ალიგო შეუკვეთეთ, რომელიც მთელ პარიზში ერთ-ერთი საუკეთესოა.

“დერიერი”, ასევე ცნობილია განსაკუთრებული კოქტეილებით. ყველანაირი კოქტეილი აქ 15 ევრო ღირს. გირჩევთ მიირთვათ Moscow Mule, Aperol Spritz ან ფრანგული შამპანური ჟოლოთი და მაყვლით; თუმცა ფრანგული, იშვიათი სახეობის ღვინოებიც ძალიან კარგია, განსაკუთრებით Chablis (შაბლი), რომელიც შეგიძლიათ ერთი ჭიქა შეუკვეთოთ და სულ 12 ევრო დაგიჯდებათ.

გაითვალისწინეთ: რესტორანში ადგილი ერთი დღით ადრე უნდა დაჯავშნოთ, თუ შაბათ-კვირას გსურთ მისვლა – 2-3 დღით ადრე.

ვახშმის შემდეგ მარეში გასეირნებაც ძალიან გესიამოვნებათ.

Derièrre – რესტორანი პარიზში
მისამართი: 69, Rue des Gravilliers 75003 Paris France


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.