კარლო კაჭარავა დღეს


გააზიარე სტატია

ირინა პოპიაშვილის კურატორობით, 20 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით, საქართველოს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში კარლო კაჭარავას პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს.

კარლო კაჭარავამ პირველმა დაიწყო დასავლური ხელოვნების და მასთან მიმართებაში ქართული ხელოვნების შესწავლა და კვლევა. მანვე განსაზღვრა თანამედროვე ქართული ხელოვნების ორიენტაციაც. კარლო კაჭარავა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული მხატვარი იყო, რომელსაც ყველასგან განსხვავებული ხელწერა და თემატიკა ჰქონდა. როგორც თავად მხატვარი აღნიშნავდა, მის მხატვრობაზე გავლენა გერმანელმა ექსპრესიონისტებმა მოახდინეს.

ირინა პოპიაშვილი:

კარლო კაჭარავას გამოფენის მოწყობისას ორი მთავარი მიზეზი მქონდა: უპირველესად ის, რომ კარლოს შემოქმედება დამეკავშირებინა დღევანდელობასთან, და მეორე – ზოგმა იცის, რომ კარლო პოეტია, ზოგი კი მას კრიტიკოსად მიიჩნევს და ამიტომაც მინდოდა, რომ მისი შემოქმედების სხვადასხვა მხარე გამეერთიანებინა და რამდენადაც ეს ვიზუალურად შესაძლებელი იყო, ყველაფერი ერთად წარმომეჩინა.

სპეციალურად არ მინდოდა გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა, რადგან, როგორც წესი, კარლოს გრაფიკაში ბევრი ტექსტია ხოლმე, ამიტომაც გადავწყვიტე, მხოლოდ ფერწერა გამომეფინა. თუმცა, ფერწერაშიც ხშირად გვხვდება მაგალითად, ალან გინსბერგის ციტატები. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ გამოფენაში თანამედროვე მხატვრებიც ჩავრთე, რადგან როდესაც კარლოს ტექსტებს კითხულობ, იქნება ეს ხელოვნების ისტორიის ამბები, კრიტიკული ესსეები თუ პოეზია – ყველაფერი ძალიან თანამედროვეა და ახალგაზრდა თაობაც ამ ტექსტებით ახდენს მასთან იდენტიფიცირებას და გრძნობს გარკვეულ სიახლოვეს, და შემოქმედის სიყვარულიც აქედან იწყება.

ვიზუალურად კი, მას ძალიან უყვარდა გერმანული ექსპრესიონიზმი და ეს კარგად ჩანს, როდესაც ნახულობენ ამ გამოფენას. ხშირად ამბობენ, რომ კარლოს ნამუშევრები არ ჰგავს ქართველი მხატვრების ნამუშევრებს. თუნდაც გვერდით დარბაზში შესანიშნავი ქართველი მხატვრის, გივი თოიძის გამოფენაა, გივი თოიძე მაშინ ასწავლიდა სამხატვრო აკადემიაში, როდესაც კარლო სწავლობდა. ვიზუალურად თუ შევადარებთ, ამ ორი მხატვრის ნამუშევრებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

რადგან გამოფენას მე ვკურირებ, გადავწყვიტე, კარლოსთან ერთად სამი თანამედროვე ხელოვანი წარმომედგინა. ამით გამოვხატე ჩემი პოზიცია. ალბათ ბევრი სხვა მხატვარიც შეიძლება ყოფილიყო ამ გამოფენაში, მაგრამ კონკრეტულად ეს სამი ხელოვანი შევარჩიე. პირველ რიგში მათი შემოქმედება კარგად ვიცი, მეორე ის, რომ არ მინდოდა ყველა ფერმწერი ყოფილიყო, ამ სამი ხელოვანისგან ფერწერაზე მხოლოდ ლევან ჭელიძე მუშაობს.

 

რატომ მოხვდა ლევან ჭელიძე ამ გამოფენაში? რადგან ის ქმნის ასევე განსხვავებულ პორტრეტებს. ის სახეები, ტიპაჟები, ფენოტიპი, რომელიც შექმნა კარლომ, ძალიან ადვილად საცნობია, როგორც უორჰოლის Campbell Soup არ აგერევა არაფერში, ისევე კარლოს პორტრეტი არ აგერევა სხვა მხატვრის პორტრეტში, იმდენად ნაცნობია უკვე ეს სახე. ლევან ჭელიძეც დაახლოებით ასეთივე, თავისი სტილის სახეებს ქმნის, მაგრამ თან ამავე დროს მასაც აქვს ის ემოციური პირდაპირობა და აღტაცება, რაც კარლოს ნამუშევრებში ხშირად იგრძნობა. ვფიქრობ, ეს მათი საერთო ხაზია.

გიორგი ხანიაშვილი არის მოქანდაკე, რომელიც მუშაობს ქანდაკებაზე და ხეზე, აკეთებს რელიეფებს. ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კარლოს ჯვარცმა მეჩვენებინა სხვა პერიოდის ხელოვანთან ერთად, კონტრასტული ყოფილიყო პერიოდებს შორის განსხვავება. მაშინ, როდესაც კარლო ხატავდა ბასკიას სტილის ჯვარცმას, ამას მხატვრისთვის შეიძლება პრობლემა შეექმნა. დღეს კი, შეიცვალა დამოკიდებულება რელიგიასთან და იმასთან, თუ ვინ ხატავს რელიგიურ ნახატს, ცალკე გამოჩნდა ცენზურა ეკლესიის მხრიდან. ამიტომ, ვფიქრობ, გიორგის ეს ორი რელიეფი, აღდგომა და შიმშილი, კონცეპტუალურად მოუხდა გამოფენას.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქ ნინო ქვრივიშვილის ნამუშევრების გამოფენაც, მისი შემოქმედება თითქოს წარმოაჩენს იმას, რასაც კარლო წერდა, რომ “მდიდრებს და ღარიბებს განსხვავებული ღმერთები ჰყავთ”. ეს ჩანს იმ დახურულ ქარხნებში, რომლებიც 90-იან წლებში გაუქმდა და ბევრი დღემდე ელოდება მათ გახსნას. ნინო ის თაობაა, რომლის ბებიამ და მისმა მეგობრებმაც ამ პერიოდში დატოვეს საქართველო და უკან მოიტოვეს ის ნივთებიც, რაც წარმოდგენილია გამოფენაზე, ნინო ქვრივიშვილის ვიტრინაში. ასევე ვიზუალურად მნიშვნელოვანი იყო სამგანზომილებიანი ექსპონატის წარმოდგენა ამ გამოფენაზე.

გამოფენის ერთ-ერთი მთავარი შტრიხია კედელზე დატანილი კარლოს ტექსტები. როდესაც ამ გამოფენის მოწყობაზე ვფიქრობდი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მისი ტექსტებიდან ციტატების წარმოდგენაც. ტექსტების დაბეჭდვა და ამ ზომით კედელზე გადატანა რთული იყო. და ვფიქრობდი გამოსავალზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თბილისში ბევრი საინტერესო სტრიტ არტისტია, ერთხელ მიწისქვეშა გადასასვლელში დავინახე გაგოშას ტექსტი, ძალიან მომეწონა და სწორედ მას დავუკავშირდი.

აღმოჩნდა, რომ ის ამ დროს სტენსილზე მუშაობდა, მაჩვენა კიდეც ვიზუალი, გაგოშა და კარლო ღვინის ჭიქებით, ფონად კი კარლოს ლექსი – მე ახლა ამაზე ვმუშაობო. გაგოშა არის ახალგაზრდა სტრიტ არტისტი, რომელიც ძალიან განათლებული ადამიანია, ზეპირად იცის კარლოს ლექსები და ამ ტექსტში მოტანილი ჟან პოლ რიხტერი და დიუბლინიც წაკითხული აქვს, რაც ჩემთვის ძალიან გასახარია, და ასევე გაეხარდებოდა კარლოსაც – თითქოს მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. გაგოშას ტექსტს მინდოდა დინამიკა შემოეტანა, ეს ექსპოზიციისთვის მნიშვნელოვანი იყო.

 


რეკომენდებული სტატიები
არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან
ხელოვანის წიგნი (Artists' books) შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტის მიერ შექმნილი ნებისმიერი შინაარსის წიგნის ფორმის მქონე ნამუშევარი.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.