fbpx

პირველი სკულპტურა დედამიწის ფარგლებს მიღმა


გააზიარე სტატია

1971 წელს, „აპოლო 15-ის“ ეკიპაჟმა, კოსმოსური მისიების დროს დაღუპული ასტრონავტების უკვდავსაყოფად სპეციალურად დამზადებული სკულპტურა და მემორიალური დაფა მთვარის ზედაპირზე აიტანა. ეს იყო პირველი ხელოვნების ნიმუში, რომელიც ჩვენი პლანეტის ფარგლებს გასცდა.

სკულპტურა, სახელად „დაცემული ასტრონავტი“, 8,5 სმ სიგრძის, სკაფანდრში ჩაცმული ასტრონავტის ალუმინის ფიგურაა. ქანდაკებისა და მისი დიზაინის ავტორი, ბელგიელი მხატვარი პოლ ვან ჰეიდონკია. სკულპტურა კენედის კონცხზე „აპოლო 15-ის“ ეკიპაჟთან შეხვედრის შემდეგ შეიქმნა.

სკულპტურის შექმნის იდეა რესტორან „Cocoa Beach-ში“ (დღეს უკვე „La Quinta-ში“) შეხვედრისას გაჩნდა, როდესაც ჰეიდონკი მთვარის მოდულის პილოტებს – დევის სკოტსა და ჯიმ ირვინს გააცნეს. სადილის დროს სკოტმა და ჰეიდონკმა აღმოაჩინეს საერთო ინტერესები – კერძოდ, არქეოლოგია და მაიას მითოლოგია.

მას შემდეგ, რაც ჰეიდონკმა ასტრონავტები შუასაუკუნეების რაინდებს შეადარა
(„წმინდა გრაალის ასტრონავტები“), სკოტმა, რომელიც მის შემოქმედებას იცნობდა, ჰეიდონკს ქანდაკების იდეა და მისი მთვარეზე დადგმა შესთავაზა. იდეით აღფრთოვანებული ჰეიდონკი ბელგიაში დაბრუნდა და მუშაობას შეუდგა.

ჟურნალ “Slate-თან“ ინტერვიუში, ჰეიდონკმა ქანდაკების სპეციფიკა ახსნა: „სკოტმა გამაფრთხილა, რომ ის უნდა ყოფილიყო პატარა ზომის და  სქესობრივი თუ რასობრივი კუთვნილების გარეშე. აგრეთვე,  სკულპტურას  უნდა გაეძლო ძლიერი სიცხისა და სიცივისათვის.“

სკულპტურა, რომელიც მთვარეზე მიემგზავრებოდა, ჰეიდონკმა ალუმინისგან საკუთარი ხელით გააკეთა. ალუმინი, მისი მსუბუქი წონის გამო შეარჩიეს. ამ იდეის და ქანდაკების შესახებ არავინ იცოდა, თვით „ნასამაც“ კი.

„აპოლო 15-ის“   გამგზავრებისათვის თითქმის ყველაფერი მზად იყო და ხომალდის გაშვების დღეც ახლოვდებოდა. დევიდ სკოტს  ერთ-ერთი მთავარი ბოლო გამოწვევა რჩებოდა: პატარა ქანდაკების ყველასაგან ფარულად, ჯიბეში დამალვა. შეიძლება ითქვას, რომ პირველ სკულპტურასთან ერთად, ეს ასევე იყო კოსმოსში მისიით წაღებული პირველი (მაგრამ არა ერთადერთი) კონტრაბანდული ტვირთი.

მოდული მთვარეზე 1971 წლის 30 ივლისს ჰედლი-აპენინის რეგიონში, ღარტაფსა და ციცაბო მთებს შორის დაეშვა.

„აპოლო 15“  იყო პირველი ექსპედიცია, რომლის  დროსაც მთვარეზე გადასაადგილებელი მანქანა გამოიყენეს. 1 აგვისტოს, ზედაპირზე მუშაობის დასრულების შემდეგ, სკოტმა მანქანა ჰედლის არხთან  გააჩერა და მცირე ცერემონია ჩაატარა დაცემულ ასტრონავტთა პატივსაცემად:

„მინდოდა, დამეყენებინა კამერა მოდულის აფრენის დასაფიქსირებლად, დამედგა ქანდაკება, მემორიალური დაფა და გადამეღო სურათი. „აპოლო 15-ის“ ფარგლებში, ჩვენ 1100-ზე  მეტი სურათი გადავიღეთ მთვარის ზედაპირზე, მანძილმზომისა და ფოტოექსპონომეტრის გარეშე. „დაცემული ასტრონავტის“ დადგმისას ძალიან მნიშვნელოვანი იყო კარგი სურათის გადაღება, რადგან არავინ იცოდა ამ  სკულპტურის არსებობის შესახებ“ – თქვა სკოტმა ჟურნალ “Slate-თან“ ინტერვიუში.

 

სკულპტურა დააწვინეს (მიუხედავად იმისა, რომ შემქმნელის ჩანაფიქრით, ის ფეხზე უნდა მდგარიყო) მემორიალური დაფის პირდაპირ, რომელზეც გამოსახულია 14 დაცემული ამერიკელი და საბჭოთა ასტრონავტის სახელი.

სამწუხაროდ, დაცემული ასტრონავტების სახელების უკვდავყოფის ნაცვლად, ეს ამბავი სკანდალში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც ეკიპაჟი უკან წარმატებით დაბრუნდა და საჯაროდ განაცხადა სკულპტურის შესახებ, NASA-მ ავტორს ქანდაკების ასლი (რეპლიკანტი) მოსთხოვა.

აღმოჩნდა, რომ ჰეიდონკმა შეთანხმება სხვაგვარად გაიგო: ის შეეცადა სკულპტურის 1000 ასლის გაყიდვას, თუმცა ეს იდეა ეწინააღმდეგება NASA-ს მკაცრ პოლიტიკას, რომელიც კრძალავს აშშ-ს კოსმოსური პროგრამის პირადი მოგებისთვის გამოყენებას.

სკოტსა და ჰეიდონკს შეთანხმების პირობები სხვადასხვაგვარად ახსოვდათ:  სკოტი ამბობდა, რომ მისი სურვილი იყო პატივი მიეგო დაცემული ასტრონავტებისათვის და  სწორედ ამიტომ შეიქმნა მემორიალური დაფა 14 ადამიანის სახელით. სკოტი ამტკიცებდა, რომ  ჰეიდონკთან შეთანხმების მიხედვით, ამ უკანასკნელის სახელი არ გამჟღავნდებოდა კოსმოსური პროგრამის ექსპლუატაციის წესების გამო.

ვან ჰეიდონკი კი თვლიდა, რომ სკულპტურა იქნებოდა კაცობრიობის მიერ კოსმოსის ათვისების სურვილის სიმბოლო. ამის ნაცვლად, ის გამოიყენეს როგორც მემორიალი. მან აგრეთვე განაცხადა, რომ  ქანდაკებისათვის „დაცემული ასტრონავტის“ სახელი არ უწოდებია. ჰეიდონკს ასევე ეგონა, რომ მისი, როგორც სკულპტურის ავტორის  სახელი უნდა გასაჯაროვებულიყო.

ასლების არარსებობის პირობებში, პირველმა კოსმოსურმა სკულპტურამ საყოველთაო აღიარება ვერ მოიპოვა და თითქმის დავიწყებასაც მიეცა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა არ გაიხსენეს ეს ამბავი და არაერთი წერილი თუ სტატია მიუძღვნეს მას.

P.S.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, “დაცემული ასტრონავტის” სკულპტურა არ იყო ერთადერთი კონტრაბანდა, რომელიც “აპოლო 15-ის” ეკიპაჟმა მთვარეზე გაიყოლა. მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს მოგითხრობთ…

წყარო: thevintagenews.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.