სად შევიძინოთ ხელნაკეთი კერამიკის ნივთები თბილისში?
სად შევიძინოთ ხელნაკეთი კერამიკის ჭურჭელი თბილისში?
კერამიკის გამოყენება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე უძველესმა ადამიანმა დაიწყო და თიხა პირველი მასალა იყო, რისგანაც ჭურჭელი მზადდებოდა. მას შემდეგ საუკუნეების მანძილზე განვითარდა, დაიხვეწა და დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
თბილისში ბევრი სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნაწარმის სტუდია და სახელოსნო არსებობს. მათ შორის – ხელნაკეთი კერამიკისაც, სადაც სხვადასხვაგვარ ნივთებს ქმნიან – იქნება ეს ჭურჭელი, საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები თუ მოხატული ნიჟარები.
გაგაცნობთ რამდენიმე თბილისურ სტუდიას, სადაც შეიძლება გამორჩეული, არა მასობრივი წარმოების, ხელნაკეთი კერამიკის ნივთების ნახვა და სახლისთვის ან სასაჩუქრედ შერჩევა.
კერამიკის სახელოსნო White Studio და კერამიკის გალერეა-სახელოსნო Workshop
ჯანაშიას ქ. 22/26
გაგვაცანით თქვენი სტუდია
ეს არის კერამიკის სახელოსნო White Studio და კერამიკის გალერეა-სახელოსნო Workshop, სადაც წარმოდგენილია:
- კერამიკული ხელნაკეთი უნიკალური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
- სასწავლო კურსები მოყვარულთათვის
- კერამიკის მასალებისა და დანადგარების ერთადერთი მაღაზია საქართველოში
White Studio-ს ბრენდის ნამუშევრებს ქმნიან პროფესიონალი მხატვრები. ჩვენი ინტერესი იყო აგვემაღლებინა გადაგვარების პირას მისული ქართული კერამიკის ხარისხი, ამიტომ საქართველოში დავნერგეთ მსოფლიოში გავრცელებული კერამიკის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები. ხელს ვუწყობთ ახალი კერამიკული სახელოსნოების შექმნას და ვცდილობთ უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ამ დარგით.
ვმუშაობთ ქართული სუვენირების ახალი ვერსიების დანერგვაზე და ვქმნით თანამედროვე ნამუშევრებს ქართული ტრადიციული ელემენტების, ფორმებისა და ორნამენტების გამოყენებით. ვატარებთ საერთაშორისო კერამიკის ფესტივალებს და სიმპოზიუმებს. ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებში. აღმოვაჩინეთ ქართული ფაიფური და ვიკვლევთ ადგილობრივ მასალებს.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს
უნიკალური ქართული ფაიფურის, ფაიანსისა და თეთრი თიხისაგან დამზადებულ მხატვრულ, საავტორო კერამიკულ ნამუშევრებს ინტერიერისა და ექსტერიერისათვის, ჭურჭელს და თანამედროვე კერამიკულ ნივთებს (ქართული თანამედროვე სუვენირები, მოხატული პირსაბანები, სანათები, ფილები, ჭურჭელი რესტორნებისა და სახლისთვის, ქანდაკებები და კორპორაციული საჩუქრები).
რითაა გამორჩეული თქვენი პროდუქცია
ხარისხით, პროფესიონალური შესრულებით და მრავალფეროვნებით.
საორიენტაციო ფასი – მაგალითად, ჭურჭლის კომპლექტი 6 ადამიანზე
გალერეაში ვცდილობთ, რომ ნებისმიერი თანხის ფარგლებში – ვთქვათ, 15-დან 500 ლარამდე – მყიდველმა შეძლოს შეიძინოს უნიკალური საავტორო ნამუშევარი, რომელიც არ განმეორდება. ასე რომ, ჩვენთვის პრიორიტეტულია ფასების დიდი დიაპაზონი.
კერამიკის სტუდია “ტერაკოტა” / Terracotta
ამაღლების ქ. N16
გაგვაცანით თქვენი სტუდია
სტუდიას წარმოვადგენთ – ჟურნალისტი ნანა ლომიძე და, ხელოვნებათმცოდნე მაკა სახეჩიძე. ჩვენი შვილები მეგობრები არიან, ჩვენც დავმეგობრდით. მაკა 22 წელი ესტონეთში, ტალინში ცხოვრობდა. იქ, ძველი ქალაქის უბანში, მთლიანად ქუჩის ჩაყოლებაზე, კერამიკული სახელოსნოებია. ესტონური გრძელი ზამთრების პერიოდში მაკა ხშირად სტუმრობდა კერამიკულ სახელოსნოებს, სადაც სულ რაღაც საინტერესო ხდება.
როცა დაბრუნდა, თავისთავად გაჩნდა სურვილი, საამისო სივრცეც უცებ გამოჩნდა და დავიწყეთ. სიყვარულით შევიკრიბეთ, სიყვარულით დავიწყეთ, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა. ზოგჯერ ყველაზე ბანალურ სიტყვებს და სიტუაციასაც აქვს თავის ინტიმი, ინტიმი თქვენთვის… ყველასთვის, ვისთვისაც ეს გარემო რაღაცნაირად მყუდრო და კომფორტული აღმოჩნდა.
თითოეულმა აქ რაღაც ნაცნობი და ახლობელი აღმოაჩინა. აქ მოსული აღფრთოვანებული სტუმარი ჩვენთვის დიდი სიხარული და ენერგიის წყაროა. სტუმარიც ჩვენი ნაწილია, რაღაც ემოცია მიაქვს და ტოვებს რაღაც ნაწილსაც, თავის ამბავს… რომლითაც სუნთქავს მერე სახელოსნო და უფრო ცოცხალი ხდება.
ერთი წელია, რაც სტუდია არსებობს. ერთი წლის განმავლობაში დღითი დღე იხვეწებოდა – რჩევებს ვეკითხებოდით, რასაკვირველია, პროფესიონალ კერამიკოსებს. თავიდან ღუმელი არ გვქონდა. ვწვალობდით, გამოწვაზე ხან სად დავდიოდით, ხან – სად… სახელოსნოში კერამიკოსი გოგონები მუშაობენ – სალომე გავაშელი, ნინო ჭედია სახელოსნოს დაარსებიდან ჩვენთან არიან. სამხატვრო აკადემიაში მალე დიპლომს დაიცავენ. მოგვიანებით შემოგვიერთდა მედეა ქოქიაშვილი (სამხატვრო აკადემია დაამთავრა, კერამიკის ფაკულტეტი), რომელიც პარალელურად მუშაობს ქანდაკებაზეც. მედეამ არაჩვეულებრივი კოლექციები შექმნა ტერაკოტაში. მე და მაკა არ ვართ პროფესიონალები. უბრალოდ, მაგნიტივით გვიზიდავს თიხა.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს
მრავალი სახეობის პროდუქცია გვაქვს. ჭურჭლიდან დაწყებული, საბაღო კერამიკით დამთავრებული, გვაქვს დიდი ზომის დეკორატიული ობიექტები, მცირე ზომის ქანდაკებები. ვამზადებთ სანათებს, მოხატულ ფილებს, სარკის ჩარჩოებს, ნიჟარებს, სახლის დეკორატიულ და გამოსაყენებელ ნივთებს, მოკლედ – ყველაფერს. კერამიკა მხოლოდ აბაზანისთვის და სამზარეულოსთვის არაა. ის ნებისმიერი ოთახის თუ შენობის ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინში შეიძლება გამოვიყენოთ. ვიღებთ შეკვეთებს ინტერიერისთვის, ექსტერიერისთვის. გვაქვს ასევე კახი ერაძის გაკეთებული ფიროსმანის ფიგურები, რომელიც ყალიბით მზადდება და საკმაო პოპულარობით სარგებლობს, მიაქვთ ტურისტებს, როგორც სუვენირი, ყიდულობენ ქართველებიც სასაჩუქრედ.
რითაა გამორჩეული თქვენი პროდუქცია
ასე დაზუსტებით ვერ გეტყვით. ამ ბოლო პერიოდში რაღაც უცებ აიტაცა ხალხმა კერამიკა, შეიძლება ითქვას, კერამიკული ბუმია. დღესდღეობით ბევრი სახელოსნო იხსნება. ეს დაინტერესება კარგია, რასაკვირველია. რით ვართ გამორჩეულები?.. იმით, რომ რეკლამას ხშირად არ ვაკეთებთ, ვინც გვიპოვის, გვიპოვის, და გვპოულობენ კიდეც. ისეთი გამორჩეულად ლამაზი ნივთები იქმნება სახელოსნოში, რთულია გამოვყო რომელიმე. თუმცა, ბოლო განსაკუთრებული ნივთი ჩემთვის მედეა ქოქიაშვილის გაკეთებული დიდი მოხატული ვაზაა, ასევე განსაკუთრებული ნივთია კახი ერაძის ბადის ინოვაციური ქანდაკება, კერამიკის ქანდაკება ახალი მეთოდით, რომლის არმირება მოხდა რკინის ბადით. კერამიკასთან სინთეზში ხშირად ვიყენებთ მეტალს, ხეს. ჭიქურები სხვადასხვა ქვეყნიდან გვაქვს გამოწერილი.
სახელოსნო მუშაობს სხვადასხვა არტისტებთან, შარშან შობაზე მხატვარ ქეთი დავლიანიძის გამოფენა მოვაწყვეთ. მხატვარმა პირველად მოხატა თიხით თეფშები, ფილები, რაც მისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.
ახლა ვმუშაობთ გუგა კოტეტიშვილთან, რომელიც მოხატავს დიდ ჯამებს და ფილებს, და მალე გავმართავთ გამოფენას.
ხშირად ვაწყობთ თემატურ ღონისძიებებს , თუმცა ყველაფერი თიხას უკავშირდება. დავიწყეთ ლექციების კურსი სხვადასხვა თემაზე. ჩატარდა რატი ერაძის ლექცია “ცხენები და ადამიანები”, ასევე გიგი თევზაძის ლექცია. სულ ახლახან ჩატარდა თამუნა მელიქიშვილის არაჩვეულებრივი ლექცია “თიხა – ფორმიდან უფორმობამდე”. ლექციებს დავარქვით “ტერაბლოგები”. ამავდროულად გვაქვს მასტერკლასები, გაკვეთილები. მსურველებიც არიან, მოდიან, სწავლობენ და შემდეგ თავიანთი გაკეთებული ნივთები სიამოვნებით მიაქვთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ექსპერიმენტების ჩატარებაა, თიხასთან ერთად ახალი ფაქტურის შექმნა.
ეს სახელოსნო-კაფეც არის, სადაც შეგიძლია შემოქმედებითად იმუშაო, შემდეგ კი გემრიელად მიირთვა. რადგან უკვე ზამთარია, გვაქვს უგემრიელესი გლინტვეინი კერამიკის სპეციალურ ჭიქებში. ჩვენი ”სუფრა” კი იშლება აქ დამზადებული სერვიზებით.
საორიენტაციო ფასი – მაგალითად, ჭურჭლის კომპლექტი 6 ადამიანზე
200 ლარიდან, 6 კაცზე, თუმცა გააჩნია კომპლექტს… ზომებს, ფორმებს, მოხატვას, ფერს.
კერამიკ სტუდია 1300
ნინოშვილის ქ.8, ფაბრიკის ეზო
გაგვაცანით თქვენი სტუდია
მე ვარ ტასო გომელაური, კერამიკოსი. სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე დიზაინის ფაკულტეტზე და შემდეგ ავირჩიე კერამიკის ფაკულტეტი. ბოლომდე არ მქონდა ჩემი გადაწყვეტილება გაანალიზებული, თუმცა სწორი არჩევანი გამიკეთებია. სტუდია გავხსენით 2015 წელს მე და ირინა ჯიბუტმა. ირინა პროფესიით კერამიკოსია, ორივეს გვინდოდა და გვჭირდებოდა სამუშაო სივრცე, სწორედ ამ სურვილმა გაგვაერთიანა და დღეს ძალიან წარმატებული, შემოქმედებითი კომპანია გვაქვს.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს
ჩვენთან, მაღაზია-სახელოსნოში შეგიძლიათ როგორც ჭურჭლის, ასევე არტ ნივთების შეძენა და რაც მთავარია, თქვენთვის სასურველი ნივთის შეკვეთა. ყველაფერი არის ხელნაკეთი. ვიღებთ კორპორაციულ შეკვეთებსაც.
რითაა გამორჩეული თქვენი პროდუქცია
ჩვენმა სახელოსნომ ითანამშრომლა ქართველ მხატვრებთან – “თანამედროვე ქართველი ხელოვანები სხვა მედიაში” პროექტის ფარგლებში – ნინო ჩუბინიშვილთან, ანკა ბოჭორიშვილთან, თითიშკასთან და მაია სუმბაძესთან. პროექტი კვლავ გრძელდება. ვმუშაობთ ქართული წითელი თიხით და თურქული თეთრი თიხით.
საორიენტაციო ფასი – მაგალითად, ჭურჭლის კომპლექტი 6 ადამიანზე
ფასები სხვადასხვაა, იწყება 10 ლარიდან. მაგ. 6 კაცზე ჭურჭლის კომპლექტი დაახლოებით 450 ლარი ღირს. პირველი დეკემბრიდან კერამიკ სტუდია 1300-ში გვექნება საახალწლო, თვალისმომჭრელი კოლექცია – როგორც საახალწლოდ მოხატული ჭურჭელი, ასევე ნაძვის ხის სათამაშოები და კიდევ უამრავი საინტერესო ნივთი.
Unicorn Ceramics
ასათიანის 14
ვინ ხართ, რატომ აირჩიეთ კერამიკის სფერო (პროფესია, ინტერესი) და როგორ დაიწყეთ
მე გახლავართ მაია ბარათაშვილი, მხატვარი. პროფესიას რაც შეეხება, ჯერ კიდევ ბავშვობაში ვიცოდი, რომ ვიქნებოდი მხატვარი და იგივეს ვფიქრობ ახლაც. კერამიკით სულ რაღაც 2-3 წლის წინ დავინტერესდი, თერაპიის კუთხით და ძალიან მალე მივხვდი, რომ ამ საქმემ დაიკავა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს ბუნებრივად მოხდა, რადგან ძიება ხშირად ცდებოდა ტილოს შესაძლებლობებს და მქონდა სურვილი, სამ განზომილებაში მემუშავა, სადაც შეუზღუდავად განვახორციელებდი ჩემს ფანტაზიებს.
რა პროდუქცია გაქვთ
სიმართლე რომ ვთქვა, ერთ წინადადებაში ან კონცეფციაში ძნელი იქნება ჩემი ნამუშევრების გაერთიანება. თავიდანვე მივხვდი, რომ თიხა ეს არის ულევი რესურსი და დავიწყე ექსპერიმენტები. ასე რომ, ყველა ჩემი პროდუქტი არის ექსპერიმენტული, როგორც მზადება რაღაც უფრო სიღრმისეულისთვის.
რა გამოარჩევს თქვენს პროდუქციას სხვა სტუდიების პროდუქციისგან (განსაკუთრებული ნივთი, მასალა, კოლაბორაცია მხატვრებთან)
მე როგორც პირველ რიგში მხატვარი, განსხვავებული კუთხით აღვიქვამ ობიექტს. ვცდილობ პროზაულ საგანშიც დავინახო სრულფასოვანი მხატვრული იდეის ფორმა.
კერამიკა არის ყოველდღიური ფიქრისა და ძიების სამყარო, ბევრი სხვადასხვა პროექტი მაქვს, მაგრამ ამ ეტაპისთვის ყველაზე ცნობილი ალბათ “მონსტრების” სერიაა (პირველი ნიმუში მონსტრებით მოხატული ტრადიციული ქართული დოქი იყო), რომელშიც ვეცადე ბავშვების თვალით დანახულ სამყაროში შეღწევას და მგონი, გამომივიდა.
სიმართლე გითხრათ, კოლაბორაციაზე ჯერ არ მიფიქრია, რადგან მთლიანი პროცესი, დაწყებული ჩარხზე ამოყვანიდან მოხატვამდე – ერთნაირად საპასუხისმგებლოდ მიმაჩნია და ამიტომ ვცდილობ ჩემით გავართვა თავი.
საორიენტაციო ფასი – მაგალითად, ჭურჭლის კომპლექტი 6 ადამიანზე
ჯერჯერობით კომპლექტებს არ ვაკეთებ.