საქართველოს ადგილი მსოფლიოში საინვესტიციო რეიტინგების მიხედვით
რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება:
– იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა გავმდიდრდეთ, საჭიროა, რომ “ვიღაცამ”, “ბევრმა ვიღაცამ”, საკუთარი ფული აიღოს და აქ რაიმე სფეროში დააბანდოს, ბიზნესი დაიწყოს – ინვესტიცია განახორციელოს;
– ინვესტიცია არსებობს ორი სახის: შიდა (ჩვენი დანაზოგები) და გარე (უცხოელების დანაზოგები);
– იმის გამო, რომ ღარიბები ვართ, შიდა ინვესტიციებისთვის ძალიან ცოტა ფული გვაქვს – ვერ ვზოგავთ;
გვრჩება ერთადერთი გზა – როგორმე უცხოელ ინვესტორებს “თავი მოვაწონოთ”, რათა ამ ადამიანებმა თუ კომპანიებმა სხვაგან კი არ დააბანდონ თავიანთი ფული, არამედ ჩვენთან შემოვიდნენ და აქ დაიწყონ ბიზნესის წარმოება.
როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები:
როდესაც ინვესტორი თავისი მომავალი ინვესტიციის სამიზნეს ირჩევს, ამა თუ იმ ქვეყნებს მიკროსკოპის ქვეშ აკვირდება – მას აინტერესებს ყველაფერი, დაწყებული საგადასახადო წნეხითა და ბიუროკრატიის მასშტაბით, დამთავრებული სხვადასხვა ინსტიტუციების მუშაობის ეფექტიანობით.
ინვესტორს სამიზნე ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ორი გზა აქვს:
1. მას შეუძლია საკუთარი ძალებით გაარკვიოს, თუ რა მდგომარეობაა ჩვენთან
2. ან შეუძლია ენდოს რომელიმე საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოს.
საკრედიტო სააგენტოების საერთაშორისო ბაზარზე კი სულ სამი დიდი მოთამაშეა – Moody’s, Standard & Poor და Fetch Group. ის, თუ რა რეიტინგს მოგვანიჭებს ეს სამეული, დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ რამდენი ინვესტორი შემოდგამს ფეხს საქართველოში.
ასე გამოიყურება საერთაშორისო რეიტინგების გაერთიანებული ცხრილი – სულ ზემოთ “ყველაზე სანდრო ქვეყნებიდან” “ზედმიწევნით სათუო ქვეყნებამდე”
ამის ქვემოთ კი მოდის “წყალწაღებული ქვეყნების” სია
ამ სამეულიდან ყველაზე დიდი, Moody’s სააგენტო 2010 წლიდან გვაკვირდება და საკმაოდ არასახარბიელო რეიტინგიც ჰქონდა ჩვენთვის მონიჭებული Ba3 – ანუ, ჩვენთან ინვესტიციის ჩადებას ნაკლებად თუ ურჩევდნენ ვინმეს.
რით იყო ეს შეფასება გამოწვეული:
ალბათ, უპირველეს ყოვლისა, რეგიონის არასტაბილურობით, სხვადასხვა ინსტიტუციების გაუმართაობით, ოკუპირებული რეგიონებით.
2017 წლის 18 სექტემბერს კი, ჩვენი რეიტინგი Moody’s სპეციალისტებმა Ba3-დან Ba2-მდე, ერთი საფეხურით ასწიეს.
რას ნიშნავს ეს:
1. ხვალ ინვესტორები საქართველოს არ მოაწყდებიან – ჩვენი ჯერ კიდევ ვრჩებით გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის არარეკომენდებულ Non Investment Grade ქვეჯგუფში, რაც ნიშნავს, რომ Moody’s სპეციალისტები ისევ არ ურჩევენ პოტენციურ ინვესტორებს აქ ფულის დაბანდებას, მაგრამ Investment Grade-ში მოსახვედრად ეს საფეხურები აუცილებლად უნდა გავიაროთ.
2. თუმცა, კარგ საინვესტიციო გარემოდ დასახელებასთან ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ – კიდევ ორი ასეთი ნაბიჯი და Moody’s ეკონომისტები საერთაშორისო ინვესტორებს ჩვენთან ფულის ჩადებას თამამად ურჩევენ.
კარგ საინვესტიციო გარემოდ აღიარებამდე კიდევ ორი საფეხური გვრჩება: Ba1 და Baa3. ამ უკანასკნელის მიღების შემდეგ კი ჩვენი ეკონომიკა გაიზრდება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე აქამდე იზრდებოდა, რადგან აქ ფულის ჩადებით მსხვილი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები დაინტერესდებიან.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ Moody’s რეიტინგს არცერთი სერიოზული ინვესტორი არ უყურებს. ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია სამივე სარეიტინგო სააგენტოს შეფასება. Standard & Poor და Fitch Group კი, როგორც ჩანს, ჯერ არ აპირებენ ჩვენთვის რეიტინგის გაუმჯობესებას.
ჩვენს მთავარ პრობლემებად ისევ რჩება ოკუპირებული ტერიტორიები, ინტერვენციის საფრთხე რუსეთიდან, გაუმჭვირვალე და გაუმართავი სასამართლო და ბიუროკრატიული ბარიერები.
ჩვენს საინვესტიციო რეიტინგზე, სავარაუდოდ, უარყოფითად აისახება ჩანაწერი კონსტიტუციაში უცხოელებისთვის სასოფლო მიწების მიყიდვის აკრძალვის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეზღუდვა მხოლოდ კერძო პირებს ეხება და მთავრობას ისევ რჩება უფლება, რომ ინვესტორს მიწა მიყიდოს, საზოგადოების შოვინისტური განწყობების კონსტიტუციაში ასახვა მკვეთრი სიგნალია ნებისმიერი პოტენციური ინვესტორისთვის.
რით დავიმსახურეთ წინსვლა Moody’s რეიტინგში:
როგორც Moody’s საჯარო ანგარიშში წერია, რეიტინგის ეს გაუმჯობესება საქართველომ 2014 წლის შემდეგ რეგიონში მიმდინარე ფინანსური კრიზისის პირობებში ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების გამო დაიმსახურა.
“საქართველოს ეკონომიკამ 2014-16 წლებში რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური, ფინანსური და სავალუტო შოკების მიმართ მედეგობა გამოავლინა. საქართველოს მშპ-ს ზრდა ამ პერიოდში საშუალოდ 3,4% იყო, მაშინ როდესაც მისი მეზობლები თითქმის რეცესიას განიცდიდნენ. ჩვენი აზრით, საქართველოს ეკონომიკის ამგვარი მოქნილობა უკავშირდება მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიან მენეჯმენტსა და საბანკო სისტემის მკაცრ ზედამხედველობას, რამაც საშუალება მისცა ბანკებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის დაფინანსება გაეგრძელებინა.” – ვკითხულობთ პრესრელიზში.
მართლაც, თუ საქართველოს ეკონომიკუარ ზრდას რეგიონის სხვა ქვეყნების ზრდასთან შევადარებთ, განსხვავება ნათლად ჩანს:
Moody’s იმედოვნებს, რომ ევროპასთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, და ასევე ამდაგვარი შეთანხმების ინდოეთთან დადების პერსპექტივიდან გამომდინარე, საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი მომავალში კვლავაც გაუმჯობესდება.
ქვემოთ კი შეგიძლიათ თავი შეიქციოთ ვიკიპედიის ცხრილებით, რომელშიც შეიძლება საერთაშორისო რეიტინგების მონაცემების დათვალიერება და სურვილისამებრ გადაჯგუფება სხვადასხვა ქვეყნების მონაცემების სანახავად.
მაგალითად, “რა სასტავში” ვიმყოფებით ამჟამად Moody’s რეიტინგებში:
ყველაზე სანდო ქვეყნები Moody’s რეიტინგების მიხედვით: